ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„პოეზია საგნებისთვის ადგილის შეცვლაა“

სერიიდან: (არ)შემდგარი დიალოგი პაატა შამუგიასთან

პოეზიის სწავლება ადვილი არ არის… ერთია, რომ ლექსი კარგია, მხატვრულია და მეორე, ამ ტექსტით გამოხატული აზრი, გრძნობა ან ემოცია, რამდენად შეიძლება შენი იყოს ან როგორ შეიძლება აქციო „შენად”.

ამიტომ მასწავლებელებს ვთავაზობ საინტერესო პოსტმოდერნისტულ ლიტერატურულ თამაშს, როგორ უნდა შექმნან მოსწავლეებმა ტექსტებთან დიალოგი… ეძებონ კითხვები და არა პასუხები…

რაღაც კითხვებზე პასუხები უკვე არსებობს ყველა პოეტის შემოქმედებაში, ამიტომ მოსწავლეები ჯერ კითხულობენ რომელიმე პოეტის პოეზიას, მერე მათთვის საინტერესო ციტატებს მონიშნავენ და ამის შემდეგ იწყებენ არსებულ პასუხებზე კითხვების შედგენას, თან შეუძლიათ, რომ ამ კითხვებს გარკვეული სიუჟეტი გამოუძებნონ.

ამ გზით მოსწავლეები უკეთ ეცნობიან და იმახსოვრებენ პოეტის შემოქმედებას, ავარჯიშებენ აზროვნების განსხვავებულ ფოკუსს, ორიენტირებულები არიან საკუთარ შინაგან კითხვებზე და უფრო მეტს ფიქრობენ პოეტის „პასუხებზე”, რადგან ხდებიან თანაშემოქმედები.

ვითარდება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები, ისინი ეძებენ და ქმნიან კითხვებით სიუჟეტებს, ამონტაჟებენ პოეტურ ტექსტებს და ქმნიან მოდელირებულ დიალოგს.

ამგვარი დამონტაჟებით ტექსტები იძენენ ახალ სემიოტიკურ განზომილებას, როცა ერთი წიგნიდან 20 მოსწავლე 20 განსხვავებულ დიალოგს შექმნის.

მოკლედ, საინტერესო სემიოტიკური თამაშია: ვამონტაჟებთ პოეტებს!
_ პაატა, ბოლოს გივი ალხაზიშვილის პოეზიის საღამოზე გნახე როკ-კლუბში, მახსოვს, იყო პოეზიისა და მუსიკის შეერთების მცდელობა, მერე ამაზე ვეღარ ვილაპარაკეთ… ახლა კი შეგხვდი ამ ტექსტში, რომელშიც გადავწყვიტე შენი ”პოეტური მონტაჟი”, მაგრამ რაღაც შენი თვალები არ მომწონს და არ ვიცი, შეძლებ თუ არა დიალოგს… როგორ ხარ?

_ რა ვიცი, არა მიშავს, ბოლო დროს სიცხე მქონდა,

ამიტომ მაქვს თვალები ჩაშავებული,
თორემ, საერთოდ, ცისფერი თვალები მაქვს.
მგონი, ვირუსი ავიკიდე,
მაგრამ ნუ გეშინია,
გადამდები არ უნდა იყოს.

_ პაატა, მე არ მეშინია ვირუსების, მაგრამ შენზე ქალაქში უცნაური ხმები დადის… თურმე შეგიძლია, გაჩერებაზე მიატოვო შენი თავი, ჩაუსახლდე ნებისმიერ სიტყვას და იქცე: პრეზიდენტად, მეძავად, პატრიაქრად, ჯეიმს ბონდად, ტერორისტად… მაინც, რამდენი ხარ, თუ საიდუმლო არ არის, გაგვიმხილე და რას აკეთებ ასეთ დროს:

_ … ძილის წინ უკვე იმდენი ვარ,
ყველაფერს აზრი ეკარგება,
თვლას _ მით უმეტეს,
და მოფრინავენ თბილი ქვეყნიდან
გაუქმებული სიტყვები და ფრთებს აცეცებენ
და ყოველ ჩემგანს შეწუხებულ სახით ნომრავენ,
აღმრიცხავენ, მსინჯავენ და მარკას მაკრავენ.
და მაქცევენ საიმიჯო პროდუქტად და
ბრენდად და ფეისად
და პორნოსტარად
და სპილბერგად და ფარაჯანოვად
და ლუდ “ჰაინეკენად”
და მოდის უკანასკნელ წივილ-კივილად
და ”ვინდოუს ვისტად” და გალაკტიონად
და ვზივარ ქარში
და ვკერავ სიზმრებს გადამფრენი სიტყვებისაგან.

_ ამას წინათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოეზიის კლუბის შეხვედრაზე “ლიგამუსში” თქვენ გააკეთეთ სკანდალური განცხადება, დამსწრეებს გამოუცხადეთ, რომ ისინი ღმერთები გახდებიან, თუკი შესაბამის ხელშეკრულებას გააფორმებენ უფალთან. ამ ამბავმა უხერხული სიჩუმე გამოიწვია… ერთი-ორმა გააპროტესტა კიდეც… თქვენ კი ღმერთთან დადეთ ხელშეკრულება და გაცვალეთ როლები. იმედია, ახლა ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, ისევ ადამიანი ხართ და ანგელოზებთან აღარ ნებივრობთ… მაინც რა ურჩიეთ ღმერთს, როგორ უნდა გამხდარიყო პაატა შამუგია?

_ უბრალოდ, ცოტა უნდა გახდე, ღმერთო,
თმა დაიგრძელო,
კედები ამოიცვა და სამი კოლოფი სიგარეტი
ჩაკლა ერთ ღამეში.
ცოტა მოსაწყენია, ღმერთო, მაგრამ
თავი ყოველთვის
ჭკვიანად უნდა მოაჩვენო გარშემო მყოფებს
(ამდენი ხნის ნალოლიავებ იმიჯს წყალში ნუ ჩამიყრი).
_ როგორია ღმერთყოფილი პაატა შამუგია…? როდის იღვიძებს უფლის ხსოვნა შენში?
_როცა ჩემი შიში ჩემზე დიდი ხდება
და სანქცირებულ სიზმრებს ვხედავ,
და ქარს ვხედავ ხეების თავზე,
ისინი მოდიან და მათი მრავალი სახიდან
გადმოსული მრავალი ღიმილი
სახეზე მეყრება
და აღვიძებს ჩემს ხსოვნას ღმერთზე…

_ თანამედროვე ქართულ რეალობაში ღმერთად გახდომა ისეთივე მარტივია, როგორც გმირობის ჩადენა. მაგალითად, გმირი ხარ, თუ დილით 10 საათზე იღვიძებ და 12-ზე სამსახურში მიდიხარ, გმირი ხარ, თუ საარჩევნო ყუთში 100 ბიულეტენს ჩააგდებენ და იქიდან 200-სს ამოიღებ, გმირი ხარ, თუ ხელებს იბან (სარეკლამო შეხსენების გარეშე), სანამ ისადილებდე და საერთოდაც, თუ ყველა საქმეში ”ხელები დაგიბანია”… მაგრამ თქვენ გმირობის სხვა რეცეპტი გქონიათ… როგორ გავხდეთ გმირები შამუგიასებურად?

_ ძალა, რომელიც მკლავებში ცხოვრობს,
დაცალე ქმედებისგან,
ბრაზი გამოკიდე ქარების კუდზე,
იყავი დრეკადი სიზმრის მიმართ
და მყიფე და უხერხული _ სინამდვილის წინაშე.
დათესე გვალვა მწიფე ხახაში
და მოიმკე წყალი, ღვინო, კოკა-კოლა,
სულერთია, რამე თხევადი.
ამოგზაურე მუხლისთავები
ლოგინიდან ლოგინში,
გააყალბე სიზმარი,
გახდი გმირი!
_ საით მიდის ასეთი გმირი პაატა შამუგია? შენი ორიენტირი გვინდა, რომ ვიცოდეთ…
_ სადაც სიყვარული ისეთივე სახიფათოა, როგორც კონტრაბანდა
და ღიმილი პირდაპირი, როგორც ვარდნა.

_ახლა დროულია, პრაგმატულ საკითხებსაც შევეხოთ: საქართველოში გვაქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია: საბა, წერო, პენ-მარათონი და კიდევ წვრილ-წვრილები, აღარც მახსოვს… მსხვილიც გამოჩნდა ამ ბოლო დროს ილიაუნის ლიტერატურული პრემია, მაგრამ რად გინდა, პოეზიას არ წყალობენ, პროზას აქვს წყალი შემდგარი და ის უნდა გავათავისუფლოთო… მოკლედ, როგორც არის..! ჩემი კითხვა ბანალურია: თქვენ რომელ პრემიას ისურვებდით და რაში დახარჯავდით აღებულ თანხას?

_ მინდა გონკურების პრემია,
მერე ბუკერის პრემია,
მერე ნობელის პრემია,
რომ ვიყიდო სახლი ,
რომ ვიყიდო თოჯინები ჩემი ცოლისთვის,
რომ ვიყიდო მშვიდი სიკვდილი,
რომ ვიყიდო სამოთხეში პატარა ფართი,
სადაც კარგად გამოვიძინებ.

_ პაატა, როგორ ფიქრობ, სამოთხეში სანამ შენ ”გეძინება”, შენს ადგილს სამყაროში ვინ დაიკავებს, ან რა გაჩნდება?

_ დიდი ხნის მერე, დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას გაჩნდება ცრემლი
და ყველა უიღბლოს თვალებიდან გადმოვუხტები.
დიდი ხნის მერე, კიდევ უფრო დიდი ხნის მერე,
ჩემს ადგილას მევე გავჩნდები.
და არ გამოტოვო _ სხვა დროს ასე არ მოვიქცევი.
_ და მაინც… შენი ვერაფერი გავიგე, ვინ არის პაატა შამუგია?
_ ხედავ, როგორი სიმპათიური ვარ?
გოგოები დომინოს პრინციპით ეცემიან ჩემზე,
და საერთოდაც, ნიჭიერიც ვარ,
დღეს ისეთი ლექსი დავწერე,
უეჭველად ნობელს ავიღებ.”
_ კიდევ ვინ ხარ?
_ ის, ვინც დუმილი აქცია უპირატესობად,
ის, ვინც დუმილი გაიხადა საუბრის თემად,
ის, ვინც დუმილი გაიხადა
და მეტყველი სიბრძნე შეიმოსა,
ის, ვინც დუმილი აქცია იარაღად
და გადაცხრილა მოსაუბრეები…

_ პაატა, სანამ ახლა მეც ”გადამცხრილე” შენი დუმილით, მინდა გკითხო: შენი პოეტური გადმოსახედიდან, როგორია რეალობა და რას ურჩევდი ახალგაზრდა ავტორებს?

_ რეალობა ანონიმურია
და მისი გასაღები დევს ვეშაპის ხახაში,
ჩაყავი ხელი,
ამოიღე ის, რაც გეკუთვნის…
_ პაატა, გისმენ და მეჩვენება, რომ ძალიან საშიში ხარ… ასეა?
_ მე გავაუქმე ყველა ჩემი მნიშვნელობა
და არც ერთი ჩემგანი აღარ არის ასე საშიში.
დღეს უსაფრთხო ვარ,
როგორც მკვდარი მოწმე,
როგორც უშნო შედარება.

_ შენ პოეზიასაც მოუძებნიდი განმარტებას… რა არის პოეზია? “ჭრილობიდან სისხლის შეუწყვეტელი დენა?”, “საღვთო საღვთოდ გასაგონი?”, “პოეზია _ უპირველეს ყოვლისა?” თუ…?

_ უნდა გვესმოდეს,
რომ პოეზია
საგნებისთვის ადგილის შეცვლაა
და მეტი არაფერი მოეთხოვება.
და როცა მეტს ვთხოვთ,
ხდება კიდეც უფრო მეტი,
მაგრამ _ უფრო ნაკლები, ვიდრე პოეზია.
_ როგორ განმარტავდით ცნობილ ფრაზეოლოგიზმს: “მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება”-ო…
_ უნდა გვესმოდეს, რომ
ვინც მადლი ქნა და ქვაზე დადო,
გამოიარა და წინ დახვდა… ქვა.
და არა ერთი,
და არა ორი,
და, მით უმეტეს, ღმერთო ჩემო, არა ასი ქვა,
არამედ დახვდა, რომ იტყვიან, ქვების გორები,
მისი სახისკენ ოსტატურად დამიზნებული…
ბოლოს ერთ-ერთმა ხელებიც კი გადაიბანა.
_ რა არის ბედნიერება და როგორ უყურებთ ხვალინდელ დღეს?
_ საერთოდ, ბედნიერება
ჩემი ხალხის პროფესიაა.
მაგრამ რას ცვლის ალეგორია?
სიზმარსაც კი _ ვერ.
ხვალინდელი დღე კი ისევე განიმარტება,
როგორც დანარჩენი.
ეგზეგეტიკოსები კალამს ალესავენ
და ყველაფერს ვნახავთ ტელევიზორში.
_ ვისზე წერს პაატა შამუგია?
_ მე ვწერ მათზე,
ვინც სიცოცხლე გახადა
საგზაო ნიშნებივით აუცილებელი და თვალშისაცემი…

_ პაატა, შენი პოეზიით შენ ქმნი ახალ სამყაროს, როგორია ეს სამყარო და როგორ ცხოვრობ მასში?

_ უფრო ადვილია სამყაროს შექმნა,
ვიდრე მასში ცხოვრება…
_ რამეს ხომ არ დაამატებდით? იქნებ გაქვთ კითხვა მკითხველებისთვის?
_ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
აი, ღამეა,
პენსიონერი ღმერთი გამოდის
და ვარსკვლავებს სათითაოდ აჭედებს ცაზე.
და მოლოდინი ხდება უფრო დაძაბული
და ისტერია _ შესამჩნევი.
მდინარეს კი მხოლოდ მტრების გვამები მოაქვს,
სად არიან ოქროს თევზები?!
P.S. პაატა შამუგიას პასუხები ჩემს კითხვებზე გადაამოწმეთ მისივე წიგნში ”უპირატესობა” (გამომცემლობა ”დიოგენე”, 2010).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი