ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სასჯელი და მისი გამოყენების ფსიქოლოგიური კანონზომიერებები

ალბათ ძნელია მოიძებნოს აღმზრდელი, რომელსაც ბავშვთან ურთიერთობის პროცესში, ამა თუ იმ მიზეზის გამო, სასჯელი არ გამოუყენებია. თუმცა, არსებობენ მშობლები, რომლებიც თამამად აცხადებენ, რომ შვილები ისე აღზარდეს, ერთხელაც არ დაუსჯიათ. „ჩემს შვილს განაწყენებული და უკმაყოფილო სახით, რომ შევხედავდი, თვალებზე ცრემლი ადგებოდა და როგორ დამესაჯა?!” – განაცხადა შვილთან დამოკიდებულების ხასიათზე საუბრისას ერთ-ერთი გოგონას დედამ. უნდა აღინიშნოს, რომ უფროსის კეთილგანწყობის დაკარგვის საფრთხე ბავშვისთვის შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელი აღმოჩნდეს, ვიდრე სასჯელის ნებისმიერი სხვა, ბევრად უფრი მკაცრი ფორმა. ბავშვთან ურთიერთობის პროცესში გართულებების თავიდან აცილება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად იყენებს აღმზრდელი სასჯელს მის მიმართ. სასჯელის გამოყენება მეტად რთული საქმეა. ის უდიდეს ტაქტსა და სიფრთხილეს მოითხოვს. სწორად გამოყენებული სასჯელი ხსნის კონფლიქტს აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის და მომავალში ბავშვისთვის მიუღებელი ქცევისაგან თავის შეკავების სტიმული ხდება. სასჯელის არასწორად გამოყენება კი არავითარ აღმზრდელობით ეფექტს არ იძლევა, პირიქით, ის შეიძლება ახალი კონფლიქტებისა და ურთიერთობის გართულების მიზეზი გახდეს.

ცხადია, შეუძლებელია სასჯელის სპეციფიკური რეცეპტის გამოწერა, შეუძლებელია გარკვეულ მიუღებელ ქცევას ყოველთვის ესა თუ ის სასჯელი დაედოს. თუმცა, შეიძლება გარკვეული პირობების გამოყოფა, რომელთა დაცვა ნებისმიერი სახის სასჯელის გამოყენების დროს აუცილებელია იმისათვის, რომ მან საურველი შედეგი გამოიღოს:

·უპირველეს ყოვლისა, ბავშვის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი. უსამართლოდ გამოყენებულ სასჯელს მივყავართ ბავშვის აღშფოთება-გაბოროტებამდე და უფროსის მიმართ მტრული განწყობილების შექმნამდე;

·იმისათვის, რომ სასჯელმა სასურველი შედეგი გამოიღოს, საკმარისი არ არის მისი ობიექტური სამართლიანობა. აუცილებელია აგრეთვე, რომ ის სუბიექტურადაც სამართლიანად განიცდებოდეს, ბავშვსაც უნდა სჯეროდეს მისი სამართლიანობა. დასჯის დროს მნიშვნელოვანია ის, თუ ფსიქოლოგიურად რას ნიშნავს სასჯელი მისთვის – შეურაცხყოფას, სამაგიეროს გადახდას, თუ მასზე, მის კეთილდღეობაზე ზრუნვას;

·სასჯელის გამოყენებისას აუცილებელია გარკვეული თანმიმდევრობის დაცვა. თუ პირველსავე შემთხვევაში, ჩვენთვის მიუღებელი ქცევის გამო ბავშვის მიმართ მკაცრ სასჯელს გამოვიყენებთ, მომავალში, უფრო მნიშვნელოვან სიტუაციაში ჩვენ შეიძლება სრულიად განიარაღებული აღმოვჩნდეთ. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც პირველ სასკოლო პერიოდში უფროსები სასჯელის ყველანაირ ფორმას იყენებენ. მოგვიანებით კი, როცა ბავშვის ქცევა ბევრად უფრო რთულდება, არანაირი სასჯელი აღარ იწვევს სასურველ ეფექტს;

·სასჯელის გამოყენებისას აუცილებელია დავიცვათ ტაქტი. დაუშვებელია ბავშვის მიუღებელი ქცევის გამო მისი პიროვნების შეურაცხყოფა, მისი ღირსების შელახვა, მისდამი უხეში მიმართვა, ისტერიული გულმოსულობა. უფროსის მხრიდან გაუმართლებელია გაბრაზების მომენტში ბავშვის დასჯა, რაც ხშირად მისი უსამართლოდ გაკიცხვის მიზეზი ხდება;

· დასჯის დროს არ არის სასურველი დაგვიანება. ფსიქოლოგიურად გაუმართლებელია ჩადენილ დანაშაულსა და დასჯას შორის დიდი შუალედის არსებობა. სასჯელის დაგვიანების შემთხვევაში კავშირი დანაშაულსა და სასჯელს შორის ბავშვის ცნობიერებაში მკრთალდება და მას ზეგავლენის ძალას უკარგავს;

·გაუმართლებელია, რომ ბავშვს ერთხელ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ხშირად შევახსენოთ. თუ მის მიმართ სასჯელი გამოყენებული იქნა და მასში სინანულის გრძნობა აღიძრა, საქმე დამთავრებულად და ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ;

·სასჯელი სასურველ შედეგს იძლევა მაშინ, როცა მას ავტორიტეტული პიროვნება იყენებს, რადგან ბავშვი სასჯელს შინაგანად მხოლოდ იმისგან იღებს, ვისაც ენდობა და ვისი შეფასების სამართლიანობა სწამს;

·არ არის სასურველი სასჯელის ხშირად გამოყენება, ვინაიდან ასეთ დროს ბავშვი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ბოროტდება, აგრესიული ხდება და სისტემატიურად იმეორებს იმ არასასურველ მოქმედებას, რომლის გამოც მას სჯიან;

·ფსიქოლოგიურად გაუმართლებელია ბავშვის მიმართ ფიზიკური სასჯელის გამოყენება, ვინაიდან ის ამცირებს მას, ხდის დამოკიდებულს, მხდალს, ან პირიქით, იწვევს აგრესიას დამსჯელის, შემდეგ კი უფროსთა მთელი სამყაროს მიმართ, ბადებს სამართალსაწინააღმდეგო ქცევას. ცემით ბავშვი მხოლოდ ცემას სწავლობს და არა მიუღებელი ქცევისაგან თავის შეკავებას. დროთა განმავლობაში კი ის თავად იწყებს საკუთარი ფიზიკური ძალის გამოყენებას თავისზე სუსტების წინააღმდეგ;

·ბავშვის მიმართ ამა თუ იმ სასჯელის გამოყენების დროს ანგარიში უნდა გავუწიოთ მის ასაკს, პიროვნულ თავისებურებებს; ასევე იმას, თუ როგორ აფასებს თვითონ ბავშვი თავის ქცევას;

·განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს გარდამავალ ასაკში მოზარდის მიმართ სასჯელის გამოყენების დროს. ამ პერიოდში ის იწყებს უფროსებისამი ბავშვური მორჩილების წინააღმდეგ გამოსვლას, მას უჩნდება დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნილება, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ის ხშირად ამაყობს და ყოყოჩობს კიდეც იმით, რომ სხვების დარიგებებს ყურს არ უგდებს და თავისას აკეთებს. ხშირად უფროსებს მოზარდის ეს მისწრაფებები საგანგაშოდ, სახიფათოდ მიაჩნიათ და მას საგანგებოდ უპირისპირდებიან, მის მიმართ სასჯელის უმკაცრეს ფორმებს იყენებენ. ამით ისინი კიდევ უფრო ირთულებენ მოზარდთან დამოკიდებულებას და დაუმორჩილებლობისაკენ უბიძგებენ მას. ამ პერიოდში მოზარდი ხშირად უბრალო შენიშვნასაც კი მტკივნეულად განიცდის. ამიტომ, მასთან ურთიერთობის მოგვარებისთვის ყველაზე ეფექტურია რჩევა-დარიგება და ახსნა-განმარტება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ზომიერებაა საჭირო, რადგან გადამეტებული დარიგება ღირებულებას კარგავს და ზოგჯერ უარყოფითადაც კი მოქმედებს;

·ბავშვის მიმართ ამა თუ იმ სასჯელის გამოყენების დროს არ უნდა უგულებელვჰყოთ მისი პიროვნება. მოვუსმინოთ მას, მხედველოვაში მივიღოთ მისი ქცევის მოტივები, წინასწარ გავარკვიოთ ბავშვის მიერ ჩადენილი საქციელის ნამდვილი ვითარება და მასთან ერთად შევაფასოთ ის. მივცეთ მას იმის საშუალება, რომ მომხდართან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვას;

·ბავშვის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიების გატარების დროს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ისინი ცხოვრობენ არა მხოლოდ უფროსების ნორმების შესატვისად, არამედ თანატოლთა ჯგუფის შიგნით ჩამოყალიბებული ნორმების შესაბამისადაც. ამასთან, ეს ნორმები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე უფროსების ნორმების სამყარო. ალბათ ამიტომ, როცა ისინი არჩევანის წინაშე დგებიან, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ თანატოლთა ჯგუფში დამკვიდრებულ ნორმებს, მაშინაც კი, როცა იციან, რომ გაკიცხული იქნებიან მშობლებისა და მასწავლებლების მიერ. ყოველივე აღნიშნულის გამო, ბავშვის დასჯისას აუცილებლად მხედველობაში უნდა მივიღოთ და გავითვალისწინოთ იმ ჯგუფის ნორმები, რომელშიც ბავშვს უხდება ცხოვრება;

·ბავშვის დასჯის დროს დაუშვებელია მისი პიროვნების გლობალური შეფასება. როცა ბავშვს ვსჯით და ვკიცხავთ ცუდი საქციელისათვის, მსჯელობის საგნად უნდა იქცეს ქცევის ეს გამოვლინება და არა მთლიანად პიროვნება. უარყოფითი გლობალური შეფასების დროს ბავშვს ეკარგება საკუთარი ძალების და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა;

· დასჯის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სასჯელის აღქმას. ასე მაგ. ბავშვი სხვადასხვანაირად რეაგირებს გაკიცხვაზე იმის მიხედვით, აღგზნებულ თუ მშვიდ მდგომარეობაში იმყოფება ის. გაკიცხვა მაშინ, როდესაც ბავშვი მშვიდ, წონასწორობის მდგომარეობაშია, ბევრად უფრო ეფექტურია;

·ამა თუ იმ საქციელისათვის ბავშვის გაკიცხვისა და დასჯის დროს დაუშვებელია მისი მშობლების აუგად მოხსენიება და მათი გაკიცხვა ცუდი შვილის აღზრდისათვის. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს გახდეს ახალი კონფლიქტების აღმოცენების მიზეზი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ბავშვები მტკივნეულად განიცდიან მშობლების მიმართ სხვების უარყოფით დამოკიდებულებას. მშობელი, როგორიც არ უნდა იყოს ის, ბავშვისათვის ყველაზე საყვარელი არსებაა და მის შეურაცხყოფას და გაკიცხვას ის არავის აპატიებს. დაუშვებელია, რომ ანგარიში არ გავუწიოთ ამ გარემოებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ სასჯელმა სასურველი შედეგი გამოიღოს – ბავშვს ჩვენთვის მიუღებელი ქცევისაგან თავის შეკავების სურვილი გაუჩინოს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სასჯელის გამოყენების ფსიქოლოგიური კანონზომიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია გამოყენებული სასჯელი ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს და კიდევ უფრო გაართულოს ბავშვთან ჩვენი ურთიერთობა.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი