ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგებთან გამკლავება 

გუშინ საღამოს 51-ე სკოლის წინ შეიკრიბა ხალხი ორი დაღუპული მოზარდის მიმართ გლოვის გამოსახატავად. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი გაკეთებაც შეუძლია დღეს საზოგადოებას – გვერდში დაუდგეს ბავშვების ოჯახებს, კლასელებს, სკოლას, ამ დიდი გამოუსწორებელი დანაკლისის გამოგლოვებაში.

მნიშვნელოვანია, რომ დაღუპულთა ოჯახებს, კლასელებს, პედაგოგებს, ახლობლებს, ჰქონდეთ იმის იმედი და რწმენა, რომ მკვლელობაში დამნაშავე ყველა მოზარდი პასუხს აგებს კანონის წინაშე. დაუსჯელობა დაღუპავს დანაშაულის ჩამდენებს, და არც საზოგადოებას დაიცავს ამგვარი უბედურების მომავალში განმეორებისაგან.
მაგრამ, არც მხოლოდ დასჯაა გამოსავალი. სასურველია დანაშაულის ჩამდენი მოზარდების მიმართ, დასჯასთან ერთად, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომა იყოს გამოყენებული, რომელიც მათ საკუთარი დანაშაულის გაცნობიერებისა და მონანიების პირობებს შეუქმნის.
მნიშვნელოვანია გააცნობიერონ თავისი წილი პასუხისმგებლობა სკოლებმა, რომელშიც როგორც მკვლელობის ჩამდენი, ასევე მოკლული მოზარდები სწავლობდნენ – რა რგოლში მოხდა შეცდომა, სად მოდუნდა ყურადღება, როგორ ვერ შეამჩნიეს რომ მათ მოსწავლეებს, ფაქტობრივად, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდათ. ის, რაც მოხდა, არ არის სპონტანური ან აფექტში ჩადენილი დანაშაული. ამ დანაშაულს, უდავოდ, გარკვეული პრეისტორია ჰქონდა, რომლის საგანგაშოობა გარშემომყოფებმა ვერ შეაფასეს, ვერ დაინახეს, გამოეპარათ.
ასევე, მნიშვნელოვანია მომხდარში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა დავინახოთ, გამომდინარე ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული ისეთი პრობლემებიდან, როგორიცაა: დაბალი მგრძნობიარობა ძალადობის მიმართ, დადუმება იქ სადაც რეაგირებაა საჭირო, პრობლმების მოგვარების ნაცვლად დამნაშავის ძიება (ხშირად საკუთარი შეცდომების არ-აღიარების ფონზე), კანონის უზენაესობის არასაკმარისი პატივისცემა და ა.შ. ბევრი მიზეზია, რის გამოც მომხდარის პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა და არა მხოლოდ ცალკეული სკოლებისა თუ ოჯახების.
დღეს ტელევიზიიდან შევიტყვეთ, რომ შსს მინისტრის ინფორმაციით, გამოძიებასთან მოსწავლეების უმრავლეობა არ თანამშრომლობს. ეს, შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ მათ მართლმსაჯულების იმედი არ აქვთ. ის, რომ უფროსკლასელებმა თავისი დავის გადაწყვეტაში არც მშობლები, არც სკოლა ჩართეს და სასიკვდილო საფრთხის სიტუაციაშიც კი პოლიცია არ გამოიძახეს – შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ მათ არ ჰქონდათ იმის იმედი, რომ უფროსების სამყარო შეძლებდა მათ დახმარებას, დაცვას. ან, შესაძლოა, უბრალოდ არ იცოდნენ სასიკვდილო საფრთხის შემცველი სიტუაციების ამოცნობა; ან, არ იცოდნენ როგორ უნდა ემოქმედათ კრიზისულ ვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ აქედან გაკვეთილები გამოვიტანოთ და გადავსინჯოთ აღზრდის სტრატეგიები, ასევე, ჩვენი ქცევაც, რომელსაც მოზარდები სოციალურად დაისწავლიან.
ამ დღეებში ხშირად გაიჟღერა, რომ ფსიქოლოგებმა უნდა ახსნან, თუ რა მოხდა. მინდა ვთქვა, რომ არც ერთ პროფესიულ ჯგუფს – არც ფსიქოლოგებს, არც იურისტებს, არც ფსიქიატრებს, არც განათლების მუშაკებს და ა.შ. – არა აქვს ამაზე მზა პასუხები. პასუხები მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ კითხვებზე ყველამ ერთად უნდა ვეძიოთ – პოლიტიზირების, განტევების ვაცის ძიებისა და უერთიერთბრალდებების გარეშე.
ქვემოთ შემოგთავაზებთ გარკვეულ რეკომენდაციებს პედაგოგებისათვის/სკოლებისათვის, ფსიქოტრავმატოლოგიის პერსპექტივიდან:
– სკოლებმა, სასურველია, ხელი შეუწყონ დაღუპულ მოსწავლეთა კლასელებს, მეგობრებსა და პედაგოგებს მომხდარი ტრაგედიის გამოგლოვებაში. ეს, შესაძლოა, იყოს დაღუპული მოზარდების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ეს პროცესი დღეს სპონტანურად უკვე დაიწყო 51-ე სკოლაში;
– სასურველია სკოლა დაეხმაროს მოსწავლეებს საქმის ობიექტური გამოძიების მნიშვნელობის გაცნობიერებაში, და იმის გააზრებაში, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა ამგვარი ტრაგედიის მომავალში თავიდან არიდების აუცილებელი პირობა და სამოქალაქო ვალია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თავად ჩვენი, ზრდასრულთა განწყობები – იმისათვის, რათა მოსწავლე თუ შვილი დაარწმუნო გამოძიებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაში, თავად უნდა გქონდეს მართლმსაჯულების სისტემის ნდობა, რწმენა და იმედი, რაც, სამწუხაროდ, დეიფიციტია ჩვენს ქვეყანაში;
– პედაგოგებმა, კლასების დამრიგებლებმა, სასურველია შეუწყონ ხელი მოსწავლეებს მომხდარის გააზრებაში, ახსნაში, იმის გაცნობიერებაში, თუ რა შეიცვალა მომხდარი ტრაგედიის მერე, რას ვეღარ დაიბრუნებენ ვერასდროს, მაგრამ, ამავე დროს – რა შეუძლიათ მათ გააკეთონ თავად, იმისთვის, რომ მსგავსი უბედურება მომავალში აღარ დატრიალდეს, და დაღუპული მეგობრების ხსოვნა უკვდავყონ. ეს შესაძლოა იყოს სკოლაში ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამის დანერგვა, არაძალადობრივი კლიმატის განვითარებაზე ზრუნვა ამა თუ იმ მეთოდით და სხვა;
– მიუხედავად ტრაგედიისა, სასურველია, რომ სასწავლო პროცესი არ შეწყდეს: ყოველდღიურ რუტინულ სასწავლო აქტივობებში ჩართვა ხელს შეუწყობს სიტუაციის ნორმალიზებას, ბავშვებისა და მოზარდების (და ასევე, პედკოლექტივის) შფოთვის დაქვეითებას, ტრაგედიასთან გამკლავებაზე ერთობლივ ზრუნვას და ურთიერთის თანადგომას, დაღუპული მოზარდების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვას;
– მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანად გამოიძიებს მომხდარს, დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის წინაშე, და რომ ზოგადად სახელმწიფოს, სკოლას, ოჯახს შეუძლიათ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
– სავარაუდოდ, ბავშვების ერთერთი ძლიერი სტრესორი შექმნილ ვითარებაში სწორედ უსაფრთხოების დეფიციტის განცდაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამ, როდესაც ეს პირველი შოკური პერიოდი გაივლის, სკოლის ყველა სუბიექტთან (მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან) ერთად იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ რთულ ვითარებაში, როგორ ამოიცნონ ავთისებიანი კონფლიქტისა თუ სხვა მომწიფებადი კრიზისის ნიშნები, თუ საჭიროა ამისათვის შესაბამისი პროფესიონალები მოიწვიონ, დაგეგმონ ამა თუ იმ კრიზისის დროს ინფორმირების, რეაგირების, ძალადობის პრევენციის სტრატეგია და ქცევის შესაბამისი ალგორითმები;
– შესაძლოა, ბავშვებს დაეწყოთ გარკვეული სიმპტომები – განმეორებადი უნებლიე მოგონებები გადატანილ სტრესულ სიტუაციაზე, მაღალი შფოთვა, ძილის დარღვევები, ე.წ. „გადარჩენილის ბრალეულობის განცდა“ (უმიზეზო, ირაციონალური დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მეგობარი დაიღუპა თავად კი ცოცხალია), ან ბრალეულობის განცდა რომ ვერ შეაჩერა ის რაც მოხდა (და რისი შეჩერებაც არ იყო მის შესაძლებლობების ფარგლებში), ჭარბი ემოციურობა, ადვილად გაბრაზება და წონასწორობიდან გამოსვლა, იზოლაცია და სხვებისგან განაპირებულად ყოფნა, და ა.შ. ამას ვუწოდებთ „ნორმალურ რეაქციებს არანორმალურ სიტუაციაზე“;
– გარდა ამგვარი ტრავმული სიმპტომებისა, შესაძლოა ბავშვს ტრავმული გამოცდილების საპასუხოდ მწვავე სტრესული რეაქცია განუვითარდეს – რომლის დროსაც ამ სიმპტომების სიმწვავე ისეთია, რომ იგი ყოველდღიური რუტინული საქმიანობის გაწევას ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში იგი პროფესიულ დახმარებას საჭიროებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის მხრიდან;
– სხვა შემთხვევათა უმრავლესობაში, ტრავმული სიმტპომების ინტენსივობა და სიხშირე ერთი თვის მანძილზე ალაგდება. ამ სიმპტომების გასამკლავებლად ბავშვს/მოზარდს ესაჭიროება პოზიტიური ყურადღება უფროსების (მშობლების, პედაგოგების) მხრიდან, იმის ცოდნა, რომ უფროსი მას მხარში უდგას, მისი ესმის, მას მოუსმენს, თანაუგრძნობს, გაიგებს, გაუგებს და მიიღებს მის ემოციებს, აზრებს, დაელაპარაკება, დაეხმარება გარკვეულ შეკითხვებზე პასუხების მოძიებაში;
– მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში დავაკვირდეთ ამ სიმპტომების დინამიკას: მიდის თუ არა კლებაზე მათი ინტენსივობა და სიხშირე. თუ არ მიდის, მაშინ სასურველია რომ ბავშვს პროფესიული დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა გაუწიოს. განათლების სამინისტროში უფასო ფსიქოლოგიური სამსახურია, რომელიც, რამდენადაც ვიცი, მზადაა მომსახურების გასაწევად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი