ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მებიუსის ლენტი ანუ „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა“

გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც ტექსტს კითხულობთ და ზღვარი გეკარგებათ საკუთარ თავსა და ტექსტს შორის? თითქოს თავად ხდებით ის ცნობიერება, რომელსაც ტექსტით შეიცნობთ… უფრო სწორად, ერთგვარი სინერგია ხდება… როცა ორი ელემენტი ერევა ერთმანეთს და ასეთ დროს რაღაც საერთოს და საზიაროს ეხები, რაღაც სხვას… როგორც მესამე გზას. ეს არ არის უბრალოდ იდენტიფიკაცია – ეს „შერევა“ და ახლის დაბადებაა.

თუ სამყარო მუდმივი დიალოგია, მაშინ ამგვარი პროცესი ყოველთვის მიმდინარეობს: როცა წიგნს კითხულობ, როცა ფილმს უყურებ, როცა ხელოვნების ნიმუშს აკვირდები, როცა საკუთარ თავს ელაპარაკები… ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ცნობიერება მეორე ცნობიერებასთან დიალოგისას იცვლება, სხვა ხდება… დიახ, ჩვენ ყოველთვის ვიცვლებით და ყოველგვარი „კარის გამოხურვა“ ამ ცვლილებების მიმართ მხოლოდ „თავის დამარხვაა“, ცნობიერების „დაკონსერვებაა“, სივრცეების შემცირებაა. ასეთ დროს რამის საბოლოოდ დაუფლება და საკუთრების ფორმად ქცევა, რეესტრში გატარება – უბრალოდ, სულიერი სუიციდია.

მუდმივი ურთიერთგავლენისა და ცვლილებების რეჟიმში ყოფნა ფიზიკური ადამიანისთვის შეიძლება შფოთვის წყაროდაც იქცეს, რადგან ადამიანს უყვარს, თავის საზღვრებში მოაქციოს ის, რაც მას „ეკუთვნის“ – საგნები, ადამიანები (როგორც საგნები)… და, ამ საგნების გამრავლებით შეპყრობილი, კარგავს მთავარს – თავისუფლებას და „დაკარგვის“ უნარს, საგნების „ხელიდან გაშვების“ უნარს, ურომლისოდაც გადავსებულ ცნობიერებაში ვეღარაფერი შემოაღწევს.

სწორედ ასეთი „გადავსებული ცნობიერება“ კარგავს დიალოგის უნარს სხვა ცნობიერებასთან, რომლის გარეშეც ადამიანური ცნობიერების მიღმა გაღწევაც გაუჭირდება; არადა, სწორედ ეს არის ის, რაც უნდა განიცადოს და შეძლოს ადამიანმა, ეს არის – ერთგვარი ექსტაზი, თავდავიწყება, შთაგონება, სხვა ცნობიერება, რომელმაც დაკარგა ჩვეული მდგომარეობა. სწორედ ამიტომ ხშირად ამ მდგომარეობის მეტაფორად ვიყენებთ: თავდავიწყებას, – როცა ხდება დეპერსონალიზაცია, ეს ინტერპერსონალური მდგომარეობაა და ამ გამოცდილებიდან სრულიად სხვაგვარი ბრუნდები.

სამყარო დიალოგია, სამყარო მუდმივი ურთიერთგავლენაა, სამყარო დუალიზმის დაძლევაა – ამ ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ზედმიწევნით აღწერს ისეთი კონცეპტუალური მეტაფორა, როგორიცაა მებიუსის ლენტი.

მებიუსის ლენტი გერმანელმა მათემატიკოსებმა: ავგუსტ ფერდინანდ მებიუსმა და იოჰან ბენედიქტ ლისტინგმა აღმოაჩინეს. მისი საიდუმლო ის არის, რომ წრეს, რომელსაც ქმნის ამოტრიალებული ბოლოების შეერთება, მხოლოდ ერთი მხარე აქვს. მებიუსის ლენტს არ აქვს შიგნითა და გარეთა მხარეები – ორივე ერთდროულადაა და თუ მასზე მოძრაობ, ერთდროულად შიგნითაც ხარ და გარეთაც. თუ ეს მოვლენა ჯერ არ გინახავთ, ჩართეთ ვიდეო – აქ გაჩვენებენ, როგორ მზადდება მებიუსის ლენტი.:

 

მებიუსის ლენტის მეტაფორით შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს ჩვენი აღქმისა და ცნობიერების რაკურსი. მაგალითად,  რას მივიღებთ, თუ ამ მეტაფორას ჩვენს შინაგან ბუნებასა და გარე სამყაროზე გადავიტანთ? – რომ არავითარი შინაგანი და გარეგანი არ არსებობს და არც საზღვარი არსებობს ჩვენს შინაგან და გარეგან ბუნებას შორის? გამოდის, რომ ჩვენი სხეული მხოლოდ პირობითი საზღვარია და ცნობიერება ამ ორ პარამეტრში ერთდროულად მოძრაობს. არის ამ მოძრაობაში რაღაც მოუხელთებელი და ამ მოუხელთებლობას მხოლოდ ფიზიკური ცნობიერების საზღვრები ქმნის. ეს პროცესი ძალიან ჰგავს მუდმივ სემიოზისს, როდესაც ნიშნის მუდმივი და მყარი მნიშვნელობები კი არ ყალიბდება, არამედ გამუდმებით ცვალებადი. თითქოს აღმნიშვნელი და აღსანიშნი ერთდროულად არსებობს, ან აზრი და შინაარსი, რომლითაც ეს აზრი გამოითქმის. ანუ ის, რაც ორობითია, გადადის სხვა განზომილებაში: კეთილისა და ბოროტის, სინათლისა და სიბნელის, შინაგანისა და გარეგანის მიღმა… რამდენი რამ შეიძლება გაგახსენოთ ამ მეტაფორამ და თუ მას მებიუსის ლენტის მოდელში გადაიტანთ, სულ მცირე, საინტერესო თამაშს მიიღებთ.

თამაში ვახსენე და აქვე ვიტყვი, რომ არც ლიტერატურა დარჩენილა გულგრილი ამ მოვლენის მიმართ – პოსტმოდერნმა ლიტერატურულ ფორმებად შემოიტანა ასეთი თამაშები.

როგორც ლიტერატურათმცოდნე თამარ ბარბაქაძე წერს: „უკვე XX ს-ის 80-90-იან წლებში გამოჩნდა ქართულ პერიოდიკაში მებიუსის ლენტისა და მათემატიკური სტრუქტურების პოეზიაში დამკვიდრების პირველი ცდები. მწერლობაში მებიუსის ლენტი გვხვდება ართურ კლარკის და ურალელი მწერლის ვლადიმირ კრაპავინის მოთხრობებში. ქართულ მწერლობაში კი მებიუსის ლენტი პირველად 1994 წელს ჟურნალ „პოლილოგში“ ახსენეს. მიხეილ გოგუაძე გვთავაზობს ამგვარ ტექსტს: „თუ მებიუსის ლენტის ზედაპირზე ცალ-ცალკე წარმოვიდგენთ ლომს და ფარაონს, მაშინ, როცა ორი ზედაპირი ერთ ზედაპირად იქცევა, იოლი წარმოსადგენია სფინქსიც. იგივე ხდება ენაშიც, სადაც ერთმანეთს ერწყმის ბგერითი რეალობა და შინაარსობრივი კომპონენტები“.

თანამედროვე ფოტოხელოვანი ჟილბერ გარსენი თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს მებიუსის ლენტის მეტაფორას.

წყვილი, რომელიც მებიუსის ლენტის მსგავს გზაზე შიგნითა და გარეთა ზედაპირებზე იწყებს მოძრაობას, ერთმანეთს შეხვდება, რადგან ამ ლენტზე შიგნითა ზედაპირი გარეთაში გადადის და პირიქით… ორი ზედაპირი ხდება ერთი, რომელიც ორივეს მოიცავს.

ტერენტი გრანელის ეს ფრაზა კი თითქოს მებიუსზე დაიწერა: „არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, რამედ რაღაც სხვა…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი