პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მხიარულ რეცეპტებს საბავშვო მწერლები წერენ

ბავშვობაში სიტყვა რეცეპტი ჩემთვის „სურნელოვან“ პერტუსინთან და მწახე კალცთან ასოცირდებოდა. ექიმის შევსებული უფერო და უსახური ბლანკები მშობლებს თავისუფლების მოედანზე (მაშინ ლენინის მოედანი ერქვა), აფთიაქში მიჰქონდათ, იქ ფარმაცევტი დოზების მკაცრი დაცვით წამლებს დაამზადებდა, ბოთლებში ჩაასხამდა, რეცეპტს ზედვე მიაწებებდა და მერე…  ყველაფერი ჩემს გამბედაობაზე იყო დამოკიდებული. გაურკვევლი კალიგრაფიის მიუხედავად, უფერო და უსახურ ბლანკზე მშვენივრად ვარჩევდი სამიანს, ჰოდა, დღეში სამჯერ ნესტოებზე თითებმოჭერილს, თვალებდახუჭულსა და სუნთქვაშეკრულს დანიშნულების შესრულება მიწევდა. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, სიტყვა „მხიარულს“ ოდესმე რეცეპტის განსაზღვრებად თუ გამოვიყენებდი!

ახლა რომ ვუფიქრდები, რამდენ ნერვიულობას აგვაცილებდნენ რეცეპტი ფერად და სურნელოვან ფურცელზე რომ გამოეწერათ, გაუგებარი ლათინურის ნაცვლად კი „აჩი-პიპი, იო-უგი, მამა-ტატუ-თათა-ნუკი…“ ჩამოეწიკწიკებინათ, მერე კი ექიმს მომღიმარი სახით (მუსიკის თანხლებითაც არ იქნებოდა ურიგო) ასეთი დარიგება მოეცა:

„როცა იგრძნობთ რომ ტანში გახურებთ,

ნუ შემოიწყობთ თავზე აგურებს.

სჯობს აბაზანა აავსეთ ბორშჩით,

შიგ ჩაწექით და უმალვე მორჩით!

ოღონდ არ ჩაწვეთ ბორშჩში მარტონი,

თავზე მოისხით კოვზით მაწონი…“

იმდენს ვიცინებდით, ოფლს ასკოფეინზე არანკლებ ეფექტურად მოვიდენდით, სიცხეც დაგვიწევდა და ყელის ტკივილიც სტრეპტოციდის ჩაღეჭვის გარეშე გაგვივლიდა. ასეთ მკურნალობაზე ბავშვები კი არა, უფროსებიც არ იტყოდნენ უარს.

და თუ ამგვარი მიდგომა თქვენთვისაც მისაღებია, მომღიმარი ექიმების, მოსიყვარულე ბებია-ბაბუების, ჭკუამხიარული მამიდებისა და ბიძა-ბიცოლების, ინიციატივიანი მასწავლებლების კლუბის წევრი ყოფილხართ და გაგმართლებიათ! რატომ? იმიტომ რომ იდეას მარტივად განახორციელებთ, მარიამ წიკლაურის საბავშვო ლექსების კრებულს წიგნის მაღაზიებში თუ მოიკითხავთ.

მასწავლებლებლებო, იცით, „მხიარული რეცეპტების“ დახმარებით თქვენს მოსწავლეებთან ერთად რამდენი თანამედროვე მონო-სპექტაკლის დადგმას შეძლებთ?! სტანდარტულ ზეიმებსაც გადაახალისებთ, ბავშვებს კი ახალ ავტორს აღმოაჩენინებთ. ხოლო ვისაც ზამთარში იოლად ერევა ვირუსები, მათთან ბრძოლის პოეტური მეთოდები  ოჯახის ნებისმიერი ასაკის წევრისთვის ნამდვილად მიგნება იქნება.

თავდაყირა პეპი და რეცეპტების ისტორია

გახსოვთ, ტომსა და ანიკას წითელა რომ შეეყრებათ და ექიმი პეპი გრძელწინდას მათთან ოთახში შესვლას აუკრძალავს? როგორ მოიწყენენ ბავშვები, ავადმყოფობა ხომ სადარდებელი აქვთ, მაგრამ პეპის გარეშე დღეების გატარება არანაკლებ უბედურებად მიაჩნიათ. თუმცა გამჭრიახი პეპი ასე იოლად როდი დანებდება: ტომის და ანიკას საწოლი ოთახის ფანჯარას ყოველდღე კიბეს ადგამს, ახალ-ახალ კოსტუმში გამოწყობილი საოცარ წარმოდგენებს მართავს, დასასრულს კი კიბეზე თავდაყირა ჩადის.

სწორედ პატარების გასამხიარულებლად თავდაყირა დამდგარი პაპეპი იქცა „მხიარული რეცეპტების“ ერთგვარ სიმბოლოდ. ვინც სოციალურ ქსელში მარიამ წიკლაურის ახალი ლექსების კრებულის გამოცემის პროცესს თვალყურს ადევნებდა, ემახსოვრება, რომ „უკუღმართი“ პეპი გამოცემამდე წიგნის გაყიდვას გულისხმობდა. დიახ, ასეთი ორიგინალური იდეა გაუჩნდა ავტორს: თავისი მეთხუთმეტე წიგნი წინასწარ შეგროვილი თანხით გამოსცა, ბევრი საინტერესო ტერმინი თუ წოდება გამოიგონა, ღონისძიებები დაგეგმა, წარდგენა ნამდვილ ზეიმად აქცია და ქველმოქმედებაც არ დაივიწყა (წიგნების ნაწილი ფერეიდნელ ქართველ ბავშვებს სჩუქრად გადასცა). იმასაც დავამატებ, რომ სანამ ამ წერილს ვამზადებდი, „მხიარული რეცეპტები“ იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი გახდა წლის საუკეთესო საბავშვო პოეტური კრებულის ნომინაციაში.

ფერადი თავები

მარიამ წიკლაურის ლექსები ცხრა ფერად თავში გადანაწილდა და დავით ჯამრიშვილის მხიარული ილუსტრაციები მოირგო:

ამბები ყველაზე პატარებისთვის მზის ამოსვლით და წია-წია-წიპონიას“ გათვლით იწყება… ჩიტი ბუდეს აშენებს, ორი ბარტყი ოთხ ცალ წიწიბურას ძმურად იყოფს, მოცეკვავე კალიას რეპის უზომოდ ბევრი ცეკვით თავს რეტი ესხმის, ინტერნეტში შემძვრალი კოღო უკან ვეღარ გამოდის, ჭია შვილიშვილებისთვის ჯემებსა და მურაბებს ხარშავს, ბეღურები ყურძნის აკიდოს ხეზე კიდებენ (ახალ წელს ქიშმიში რომ მირთვან), თოვლის ვახშმის მენიუც აქვეა: თოვლის რძე, თოვლის ყველი, თოვლის მაწონი და ცომის გუნდა (მხოლოდ მოზელვა, გამოცხობა რომ არ უნდა);

ზღაპრების, დევების და დევების შვილების ამბები არა მხოლოდ მოსმენის და სწავლის, ხატვის ხასიათზეც მოიყვანს პატარა მკითხველს, აქ დასახელებული ციფრები კი სასიამოვნოდ გააოცებთ. აგერ, დევის ქალი ელამი მელანია შვილებისთვის სარეცხი რომ გაფინოს, თოკს მყინვარიდან ილაბუზამდე ჭიმავს (რამდენი კილომეტრია, თავად გამოთვალეთ), 9 დევუკას ერბოკვერცხი რომ შეუწვას, 100 ქილა ერბო და 1000 ცალი კვერხი უნდა მოიმარაგოს, ფაფის მოხარშვას კი 3 სოფლის სამყოფი შვრია და 3 წყაროს დაშრობა სჭირდება!!! პატარა დევებისთვის წიგნების ყიდვასაც ვერ აუდიან – რას აღარ სწავლობენ სკოლაში: დევთა ლეგენდებს, ეშვების ლესვას, ირმის წველას, ფარდაგების ქსოვას, მატყლის დართვას, პურის ცხობას, ავისა და კარგის ცნობას, ფოლადის წრთობას, გერმანულს, ინგლისურს, კომპიუტერსა და ხაზვას. ეს მართლაც ზღაპრული თავი, რომელშიც უამრავ თავისებურ და საოცარსახელებიან დევებს შეხვდებით, ბაბუდას შელოცვით მთავრდება:

ბრანდი-ბრუნდი,

ბრანდი-ბრუნდი,

კვერცხო, სამჯერ გადაბრუნდი!

გამოჩეკე ასი ფრთა,

ბრანდი-ბრუნდი,

ბრა-ბრა-ბრა!..

რა შედეგი მოჰყვება ამ ჯადოსნურ შელოცვას, აჯობებს თავად წაიკითხოთ.

ტყეების, მინდვრების, მდინარეების და ზღვების ამბები ნადირის მწყემსი ბიჭუნა ოჩოპინტრესა და მის დაიკო ოჩოდალზე შეთხზული ლექსით იწყება. ოჩოდალი ჭოტვით მუდამ ფეხზეა და მონადირეებს აფრთხობს, სანამ მისი ძმა ძილს ქირას უხდის და ტკბილ სიზმრებს ხედავს. აქვე შეიტყობთ, რა შედეგს მოუტანს გვრიტს მოცვით მკურნალობა,  რა უფრო მოსწონს რეცხვის დიდოსტატ კუს –  ბახის, მოცარტის მოსმენა თუ კომბლეს შესახებ ზღაპრების კითხვა. გაიცნობთ პატარა პინგვინს (ლაპარაკს სიმღერის დახმარებით რომ სწავლობს), ზღვის გვერდით მცხოვრებ კენჭს, მოლაღურ თალიკოს, ბუს ბახალა ბუკას (ფლეიტაზე რომ უკრავს), ზურგჩანთიან, ხელჩანთიან, ჩემოდნიან და ქისიან ჭიანჭველას, ასევე ჯიპებიან და მობილურებიან ციცას ნათესაობას. თუმცა ტყეებსა და მინდვრებში ხეტიალს, ზღვებსა და მდინარეებში ცურვას ტრავმებიც ახლავს. ამის მაგალითია გულმავიწყი ყანჩა, მუდამ ფეხს რომ კარგავს და ხილის მკრეფავი ელფი, ექიმთან და ხარაზთან ვიზიტი ერთდროულად რომ დასჭირდება (რატომ? მიზეზი აჯობებს თავად გამოიკვლიოთ).

ქალაქების, სოფლების, სახლებისა და ქუჩების ამბები მაშინ არის სასიამოვნო მოსასმენი, გზის ბოლოს ყველას საკუთარი სახლი თუ ელოდება, – ასე თვლის ავტორი და ალბათ თქვენც დაეთანხმებით. იმაშიც იოლად დარწმუნდებით, რომ მელაკუდას რეპუტაცია ზღაპრების დამსახურებით გახლავთ კომპრომეტირებული, დიახ, დიახ, წუწკობას სულ ტყუილად აბრალებენ, სინამდვილეში საბრალოს ბიბლიოთეკა აქვს სახლში გახსნილი და წიგნიერებაზე ზრუნავს. რაც შეეხებათ გაუმაძღარ თაგუნებს, მათი რეპუტაცია ნამდვილად დასაფიქრებელია: სოფლელს, მარანს, სხვენს, ქალაქს, ძველ ბორბალს, კალოშს, კარადებს, ქაღალდებს, ნოხს, პალტოს, რკოს, ხმელ კურკას გადაჭამენ, გადახრავენ და ძილის წინ მაინც კატის კოტლეტზე ოცნებობენ.

წელიწადის დროების, დღეებისა და საათების ამბები გაზაფხულით იწყება და საათის შესახებ ლექსით მთავრდება. მათ შორის კი შვიდი ტყუპისცალი და-ძმა ანუ კვირის დღეები დაუღალავად შრომობენ;

სხვა ქვეყნებისა და სხვა ბავშვების ამბები თრგმანებს აერთიანებს. მარიამ წიკლაური ვანდა ხოტომსკას, ვლადიმირ პრიხოდკოს, სპაიკ მილიგანის, დანიუტა ვავილოვის, ვერა პროვაჟნიკოვას, აგნია ბარტოს და სხვათა მიხედვით გადმოქართულებულ ლექსებს გვთავაზობს. უცხოური და ამავე დროს ახლობელი პერსონაჟები საინტერესო თავგადასავლებში ჩაითრევენ პატარებს: ხან ბეკეკეას დაეხმარებიან დაკარგული ეჟვანის ძებნაში, ხან გიოს ოცნებებში შეეცდებიან გარკვევას, თევზებს სიმღერაში, კოღოს კი ლექსის თქმაში აჰყვებიან, წუწუნა წრუწუნას და გველეშაპ ტეტიას ღორმუცელობის ამბებს ერთმანეთს შეადარებენ, საბოლოოდ კი შესაძლოა წიკო-მიკოს ენის კოდიც ამოხსნან და გადმოთარგმნონ რას ნიშნავს: „ბადი-ბუდი, მამე-ლაო, ბაჩი-ჩიკო, ჭიჭი-ფაო…“

მხიარული რეცეპტების ამბები განძის სკივრივითაა, რომელიც ერთნაირად გამოადგება „ჭკვიანს და რეგვენს, ღარიბს და მდიდარს, მტყუანს და მართალს, გამხდარს და მსუქანს, მაღალს და დაბალს, ტილიონერებს, მილიონერებს, უმუშევრებს და წილიონერებს.“ გვასწავლის ვის რა გადავულოცოთ ავადმყოფობის დროს: თურმე ჩვენი ხველა მისწრებაა ყვავისთვის (აღარ მღერის და გარშემო ყველა ისვენებს), სიცხე თაგვისთვის (სოროს ათბობს  საბრალო), ფერადი აბები ჩიტისთვის (საჭიკჭიკოდ) და ვინ მოთვლის რამდენ რეცეპტს გთავაზობთ თეთრებში გამოწყობილი ბაჭია, საკბლეთის დარაჯი, ბებო-ბუ თუ იუმორით გუდაგამოტენილი ავტორი.

ამბები შობისა და ანგელოზებისა და ამბები დედიკოებისა და ტკბილი ძილისა – ამ თავში საალილოების უდიდესი არჩევანია (ნამდვილი მისწრებაა მოახლოებული საახალწლო დღესასწაულებისთვის). აქვეა სააღდგომო, საბარბარობო, ხალხურ მოტივებზე აკინძული ლექსები, კოცნის აკიდოები, ძილისპირულ-ნანინები – რიხით სათქმელები თუ სამღერი. და რაც მთავრაია, წიგნის გვერდებზე განმარტებულია უამრავი ძველი ქართული სიტყვა, რომელიც ლექსებში გვხვდება და ჩვენი პატარების ლექსიკას გაამდიდრებს.

იცოდით, კიწაწი ხმელი წიწვი რომ იყო, ხალა – კაკლის საბერტყი ჯოხი, ფაფხაჭელა – თხელი ხრატუნა პური, ჭიჭიტა – რგოლის ფორმის პური, ფლასები – ძველმანები, პინი – დიდი ჯამი, ჭერხო – სახლის ზედა სართული, ხარო – ორმო, ბობორიკა – ობობა, კოჭობი – პატარა ქოთანი. და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ ძველ სიტყვას გამოამზეურებს და დაგვიბრუნებს ეს ფერადი კრებული. იკითხეთ – განა ყველა ქვეყანაში წერენ საბავშვო მწერლები „მხიარულ რეცეპტებს!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი