პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

   მთხრობელის ნიღბები

XX საუკუნის 10_იანი წლებიდან დაწყებული ქართული ლიტერატურის განახლების პროცესი, რომელშიც ნიკო ლორთქიფანიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა, გამოირჩეოდა თხრობის, როგორც მხატვრული სისტემის ყველაზე ძლიერი კომპონენტის, მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლები აღარ სჯერდებოდნენ ტრადიციული თხრობის ფორმებს, XIX საუკუნის კლასიკოსი მწერლების მიერ თითქმის სრულყოფილების რანგში აყვანილს, და დაეძებდნენ რაღაც ახალს, რასაც თან ახლდა ძიებანი მხატვრული გამოსახვის სხვა სფეროებშიც.

ნიკო ლორთქიფანიძე შესანიშნავად ფლობდა თხრობის ტრადიციულ ხერხებს, მაგრამ ავსტრიულ იმპრესიონისტულ სკოლასთან ზიარებამ (უპირველესად, არტურ შნიცლერისა და პიტერ ალტენბერგის შემოქმედებასთან დაახლოებამ) დიდწილად განსაზღვრა მისი მხატვრული ხელწერა. რა თქმა უნდა, მალე ჩაიარა მიბაძვისა და გავლენის წლებმა და დიდმა ნიჭმა მწერალს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი სტილი ჩამოეყალიბებინა, რაც წარმოგვიდგება, როგორც ერთგვარი სინთეზი ტრადიციისა და ნოვაციისა, მშობლიურისა და უცხოსი. აღმოსავლურისა და დასავლურისა. საზოგადოდ, ქართული ლიტერატურისთვის (და კულტურისთვის) ყოველთვის დამახასიათებელი იყო ერთგვარი სიჭრელე და მრავალფეროვნება, რასაც განაპირობებდა მისი ყოფნა გზაჯვარედინზე, სადაც სხვადასხვა თვითმყოფადი კულტურა კვეთდა ერთმანეთს, აქ აღმოსავლეთი და დასავლეთი, მართლაც, ხვდებოდნენ ერთმანეთს, მიუხედავად კიპლინგისეული სკეფსისისა. ეს, რა თქმა უნდა, აისახა, ქართველი ერის მსოფლმხედველობაში, მის რელიგიურ_მითოლოგიურსა თუ ლიტერატურულ პარადიგმებში.

ამჯერად ჩვენი ყურადღება შევაჩერეთ ნიკო ლორთქიფანიძის მხოლოდ ერთ მოთხრობაზე _ “დანგრეულ ბუდეებზე”, რომელიც როგორც ზღვის წვეთი მთელ ზღვას, ისე ირეკლავს ნიკო ლორთქიფანიძის თხრობის ტიპოლოგიის თავისებურებებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის მაინც ყოვლისმომცველი, რადგან ყოველი მხატვრული ტექსტი ახალი სამყაროა თავისი ამოუწურავი თავისებურებებით.

“დანგრეული ბუდეები” ეკლესიასტეს თემის ვარიაციებზეა აგებული, კონკრეტულისა და ზოგადის ნაზავია, ეროვნულისა და ზოგადსაკაცობრიოს ერთგვარი მხატვრული სინთეზი. მასში ისმის  როგორც ქართველი კაცის გოდება, ასევე, ზოგადად, ადამიანის ტანჯვა და ტკივილი იხატება წარმავლობის გამო.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ მწერალი მოთხრობის მთავარ მთხრობელად, ნიღბად, ირჩევს ანონიმ ავტორს, რომელიც მწერალი არც არის, არამედ მისი “ერთი კარგი ნაცნობია”, ამგვარად ის ერთგვარ დოკუმენტალობას ანიჭებს მოთხრობილ ამბავს, რადგან ეს სწორედ იმ ნაცნობის დღიურებია, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნავს,  არც კი დაუმუშავებია, ისე გამოიტანა მკითხველის სამსჯავროზე. დამუშავება, მწერლის ჩარევა შეცვლიდა მთხრობელის სტილს და მკითხველის თვალში, ალბათ, დამაჯერებლობასაც დაუკარგავდა. ამავე დროს, მწერალი ქმნის ერთგვარ დაძაბულობას, რადგან დღიურის ავტორს, მიუხედავად ანონიმურობისა, მაინც უქმნის რაღაც ისტორიას, რითაც მკითხველს მის მიმართ თანაგრძნობითა და სიბრალულით განაწყობს. დღიურების უცნობი ავტორი  გარდაიცვალა ომში (დრო ზუსტად მინიშნებული არაა, მაგრამ იგულისხმება I მსოფლიო ომი). ამგვარად, მოხაზულია ის დროითი არეალი, რომელშიც დღიურის შთაბეჭდილებები უნდა გაიშალოს. თავიდანვე თხრობის სადავეების გადაცემა “სხვისთის” პასუხისმგებლობის თავიდან ერთგვარი აცილებაა, მაგრამ, იმავე დროს, მოთხრობაში კიდევ ერთი პერსონაჟის შემოყვანის თავისებური ხერხია. მართალია, ამ პერსონაჟს არც სახელი აქვს და არც გვარი, მაგრამ იგი მთავარი გმირია, რადგან საკუთარ განცდებზე გვესაუბრება. სწორედ მას, მის გზას მიჰყვება მკითხველი და მის განცდებს აკვირდება. თვითონ მწერალი მიანიშნებს მკითხველს, რომ თვითონ ეს “სხვისი” დღიურები მოსწონს, ამიტომაც არ ჩაასწორა და ერთგვარად მოიბოდიშა: “თუ მკითხველს რამე მოეწონება, პატიება გაუგზავნოს განსვენებულს, უსახელო ავტორს; ნაკლულევანებანი_ ჩემი დანაშაულია”. მწერალი ამ ჩვეულებრივი, მკითხველთან გასაუბრების ტონით ქმნის თავისებურ ინტიმს და შექმნილ დრამატიზმს კიდევ უფრო ამძაფრებს იმის აღნიშვნითაც, რომ “ამ დღიურის სათაურად უკეთესი ვერ მოვნახე: „დანგრეული ბუდეები”. აქ მთავრდება მისი, როგორც მწერლის “მისია”, ასე რომ, ეს არის მოთხრობის სამყაროდან სრულიად გამოყოფილი პატარა ველი, სადაც მთხრობელი არის მწერალი, ხოლო თვით მოთხრობაში იგი აღარ ჩანს არანაირი ჩანართებითა თუ კომენტარებით, რითაც მკითხველს დანაპირებს უსრულებს და სრულ თავისუფლებას აძლევს, თვითონ გაერკვეს ყველაფერში.

მკითხველის თანამონაწილეობა  მოთხრობის სივრცეში ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების დამახასიათებელი ასპექტია. იგი, როგორც იმპრესიონისტი მწერალი, ფიქრობს, რომ მკითხველმა მონაწილეობა უნდა მიიღოს აღწერილ ამბებში თავისი განწყობილების გამოხატვით და ფანტაზიის ჩართვით. ის, რაც სტრიქონებს მიღმა იგულისხმება (და მწერალი ამ ნაგულისხმევს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს), მხოლოდ მკითხველის გონიერებასა  და გუნება_განწყობილებაზეა დამოკიდებული. თხრობის მდინარებაში აქტიურად ჩართული მკითხველი უფრო მეტს გაიგებს და დაინახავს, ვიდრე ის, რომელიც მხოლოდ გარეგან და უგულისყურო მაყურებლად თუ გადამკითხველად დარჩება.

მოთხრობაში თხრობის მრავალფეროვნება გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა პერსონაჟის ნაამბობი, მთხრობელის სხვადასხვა ნიღაბი, არამედ იმითაც, რომ მთავარი მთხრობელის თხრობის სტილიც იცვლება აღწერილი ამბების შესაბამისად. იგი ხან ლირიკულ_პოეტურია, ხან იმპრესიონისტული, ხან ექსპრესიულ_დამუხტული, ხან კი მდორე და პროზაული.

მოთხრობის მთავარი გმირი პირველ პირში საუბრობს თავის განცდებზე  და თავისი შთაბეჭდილების ფოკუსში გარდატეხს გარკვეულ ეპოქას, იმ დრო_სივრცეს, რომელშიც ხან თვითონ მოგზაურობს რეალურ _ისტორიულ დროში, ხან სხვათა ნაამბობში მოგზაურობს ვირტუალურად. ორსავე შემთხვევაში მკითხველს შეეთავაზება მისი შთაბეჭდილებანი და განცდანი. მწერლის მიზანი ნათელია, მაქსიმალურად დაძაბოს მკითხველი და მუდმივი ყურადღების ცენტრში ამყოფოს, ამიტომაცაა, რომ არც ისე ვრცელი მოთხრობა იტევს რამდენიმე მცირე სიუჟეტს, რომლებიც შეიძლება რომანის დიდ სივრცეშიც კი გაშლილიყო და დამუშავებულიყო, თუმცა,  ნიკო ლორთქიფანიძის  სიყვარული მცირე ფორმისადმი ამ შემთხვევაშიც წარმმართველი აღმოჩნდა. შეიძლება მწერალი შეუცნობლად გრძნობდა, რომ ხანგრძლივად დაძაბულ სიტუაციაში ყოფნა მკითხველს გაუჭირდებოდა და დრამატიზმიც განელდებოდა, ამიტომ აირჩია დაძაბულობის ხანგრძლივობის შემცირება და, სამაგიეროდ, მისი ინტენსივობის გაძლიერება სწორედაც  რომ ნოველისა თუ მოთხრობის ფორმით.

მოთხრობა აგებულია ძველი და ახალი დროის კონტრასტებზე. ეს კონტრასტი კი ისეთი მკვეთრია, როგორც შავისა და თეთრის დაპირისპირება. რაც იყო, აღარ არის. ამ “იყოში” კი იგულისხმება და იხატება ძველი დროის თავადიშვილთა მატერიალური სიმდიდრე_უხვი შემოსავალი, ხელგაშლილი ცხოვრება, მაგრამ, იმავე დროს, ძველთა ზენობრივი სიმდიდრეც, ქრისტიანული_რაინდული იდეალები. კონტრასტულ ფერთა ეს მონაცვლეობა ქმნის თავისებურ რიტმს და თხრობაც შესაბამისად იცვლება, ხან აღმავალია ტონი და რიტმი, ხან შენელებული, მაგრამ მთლიანობაში მაინც ექსპრესია ჭარბობს, რადგან მთავარი მთხრობელი გამუდმებით მოძრაობს სივრცის ჰორიზონტალსა თუ დროის ვერტიკალზე. თუ სივრცული ჰორიზონტალი ერთგვარ სწორ ხაზად წარმოდგება, საქართველო, იმერეთის რამდენიმე სოფელი, დროითი ვერტიკალი არ არის ასეთი სწორხაზობრივი. სხვადასხვა პერსონაჟი “ხსნის” დროის თავის და თავისებურ “ჩაღრმავებას”, ასე რომ, სივრცის ერთგვაროვან მონაკვეთზე ხანდახან რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დროითი ვერტიკალი ჩნდება.

მწერალი თავიდანვე გამოკვეთს სამყაროს ერთგვარ კანონზომიერებას. დღევანდელი დღე განსაზღვრავს ხვალინდელს, დღეს ჩადენილი ქმედება  იწვევს სამომავლო ისეთ ქმედებებს, რომლებსაც ადამიანი ხშირად კანონზომიერებად კი არა, შემთხვევითობად აღიქვამს. მოთხრობაში ეს ასეა წარმოჩენილი. გმირი ანგრევს მერცხალთა ბუდეებს, როგორც უსარგებლოს და მერე მოფრენილ მერცხლებს სინანულითა და თანაგრძნობით უცქერის,  მაგრამ ბუდე უკვე დანგრეულია, ამიტომაც სწორედ მას, ბუდეთა ამ დამანგრეველს დაეკისრება მისია, მოინახულოს უკვე ადამიანთა დანგრეული ბუდეები, განიცადოს ახლობელ_ნათესავ_მეგობართა ოჯახების დანგრევა, გაცამტვერება და მიწასთან გასწორება. მწერალს არ აინტერესებს სოციალური პრობლემები, მას უფრო სულიერ_ზნეობრივი საკითხები გამოაქვს წინა რიგში.

მთავარი მთხრობელი პოეტური ბუნებისაა და ამიტომაც  ყოველ ნიუანსს მძაფრად აღიქვამს და გამოთქვამს.  ძველი დრო პირდაპირ მასთან, მის ბავშვობასთან არის დაკავშირებული და ამიტომაც დანგრეული და დაკარგული უფრო მეტი რომანტიკულობითა და ლირიზმით იმოსება. ბავშვობა, იგივე სამოთხე, როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული სამყაროს მშვენიერებისა და სიკეთის პირველყოფილი განცდა, როდესაც რეალურია (თუმცა, გაუცნობიერებელი) ღვთაებრივ ძალებთან კავშირი, მთხრობელს ინტუიციურად უბიძგებს წარმოსახვის უფრო მეტი ინტენსივობით გაშლისკენ, ამიტომაც გარდასული რაღაც შარავანდედითაც იმოსება. შეიძლება წარსულში, მართლაც, ასე იდეალურად არ იყო ყველაფერი, მაგრამ ბავშვობის გადასახედიდან სამყარო უხინჯო და უმტვერო ჩანდა. მწერალი ახერხებს  მოზრდილი, მრავალნანახი ადამიანის გამოცდილების გვერდზე “გადადებას” და იმ შთაბეჭდილებების უშუალოდ განახლებას. ეს განსაკუთრებით მძაფრად მჟღავნდება პეიზაჟების ხატვისას. მთხრობელი იხსენებს ადგილებს, ხეებს არა მხოლოდ გონებით, არამედ, უპირველესად თვალით და იხატება უმშვენიერესი ფერწერული პეიზაჟები, სწორედაც რომ იმპერსიონისტი მხატვრის თვალით აღქმული, სინათლითა და ჰაერით გაჯერებული. მაგალითად: “ეზო მოკრიალებულია… ჩალის ფოთოლი აბრეშუმის არშიად აგერ_აგერ  აგდია… მაგიერად სდგას ერთი დიდი_დიდი ქარვის ბოხოხი…”. ეს “ქარვის ბოხოხი” კი თივის ზვინია. ამ მეტაფორით მწერალმა წარსულის დაუვიწყარი სურათი გააცოცხლა, თანაც ბავშვის თვალით დანახული. ან კიდევ: “ღამეები საოცნებოდ რთავდა ჩვენს დიდ ეზოს. ხეთა ჩრდილს გააწვენდა მთვარე, თვით ხეებს უკარგავდა ფერს და თეთრის, მკრთალის სიანათლით გააბრწყინვებდა მთელს არეს”. ეს არის პოეტური ნარატივი, რომელიც იქმნება  თხრობაში ჩართული ისეთი მხატვრული ხერხების გამოყენებით, როგორებცაა: შედარება, ეპითეტი თუ მეტაფორა.

თხრობის მრავალფეროვნებას ქმნის ისიც, რომ მოთხრობა დაყოფილია პატარა ნოველებად, რომლებშიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ამბები ვითარდება, საერთო მხოლოდ პათოსია_სევდიანი და ნოსტალგიური. ამ შემთხვევაში ერთ უხილავ პერსონაჟად თვითონ წარმავლობა გვევლინება, რომელიც თვითონ არ ჩანს, მაგრამ მისი კვალი თვალნათელია, მის გავლილ გზას მიუყვება მთავარი მთხრობელი და მისი გოლიათური ნაბიჯებით გადათელილ და გაცამტვერებულ ცხოვრებაზე გვიყვება. ამ ნაბიჯებს განურჩეველი გულგრილობით გაუთელავს ადამიანიცა და ბუნებაც, ლამაზიცა და მახინჯიც, დროცა და სივრცეც, მხოლოდ ადამიანის მეხსიერებისთვის ვერ დაუკლია ვერაფერი, პირიქით, გახსენება, მონატრების გრძნობით გაჯერებული, უფრო მეტი ფერით, სურნელითა და ხმით იმოსება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოთხრობაში პირველი ნარატივი შესავალში გვხვდება, პუბლიცისტურ_კანცელარიული სტილისა, შემდგომ მოდის “წინასიტყვაობასავით” ნარატივი, რომლის სტილი უფრო თბილი ტონითაა გაჯერებული და თხრობაც გამხატვრულებულია, ერთგვარად სტილიზებულია. ამის შემდეგ მოდის მოთხრობაში ჩართული პირველი ნოველა “მოხუცი იმ ქვეყნიდან”, რასაც მოჰყვება სხვა ნოველები: “უტყვთა ცრემლები”, “ჯიუტები”, “ალბუმი”,  “ბიუსტი”. ყველა ამ ნოველას აერთიანებს მთხრობელი, რომელიც ხან აღწერილი ამბების თვითმხილველია მხოლოდ, ხან კი, უბრალოდ, მსმენელი, ამ შემთხვევაში ის, ერთგვარად, მკითხველის პოზიციაზე გადადის.

ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე პ. ლაბოკი თხრობის ორი ძირითადი კატეგორიის_”ჩვენებისა” (I) და “თხრობის” (II)_ საფუძველზე ასხვავებდა “ისტორიის” პრეზენტაციის ორ მოდუსს: სცენასა და პანორამას. ნიკო ლორთქიფანიძე ამ მოთხრობაში ორივე ამ მოდუსს წარმატებით იყენებს. მაგალითად, ჩართულ ნოველაში “უტყვთა ცრემლები” ძირითადად, სცენებია, სადაც “პერსონაჟებად” გვევლინება ბუნება, ოღონდ უტყვად და უმოძრაოდ. მხოლოდ მთხრობელის შთაბეჭდილებაში ხდება მათი ახლანდელი და ძველი სახეების ჩანაცვლება, ამგვარად, ხაზი ესმება რეალურ დროში მათ გაპარტახებას და განადგურებას. პანორამულია თხრობა ნოველებში “ჯიუტები” და “ალბუმი”, რომლებშიც მთხრობელის მზერა არა მხოლოდ სიბრტყეზე მოძრაობს, არამედ სიღრმეებშიც და ამბავი მრავალგანზომილებიან სივრცეში წარმოჩნდება.

პ. ლაბოკი, აგრეთვე, განასხვავებდა “სურათობრივსა” და “დრამატულ” ნარატივს. სურათობრივი თხრობის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ ეპიზოდები “მოხუცი იმ ქვეყნიდან”, ან  “უტყვთა ცრემლებიდან”. ეს ძირითადად ის ადგილებია, სადაც გმირისა თუ გარემოს აღწერაა. მაგალითად: “ფანჯარაში მოდიოდა ნაზი შუქი მთვარისა და აქაურ უბადრუკობას პოეტურად აფერადებდა”, ან კიდევ: „წითელი კუკური ბროწეულისა და შავი მარცვლები მაყვალისა უნებლიეთ მაგონებენ მარგალიტ-ცრემლებს მოწყენილ ლამაზ ლოყებზე და წითელ ტუჩებს ძაძებში გამოხვეულ ჭირისუფლისას”. ერთი შეხედვით, ეს სტატიკური სურათებია, ერთგვარად დისტანცირებული მკითხველისაგან, მაგრამ მთხრობელი, მკითხველისკენ შემობრუნებული, არღვევს ამ სევდიან სიმშვიდეს, და ტკივილს უფრო ამძაფრებს, თითქოს მკითხველსაც უშუალოდ ჩართავს მოთხრობაში ერთი მცირე მიმართვით “ნუ უყურებთ მათ”. ეს “აკრძალვა” პირიქით მოქმედებს, მკითხველი გრძნობს, რომ ის შორიდან მაყურებლად ვერ დარჩება და ამიტომაც აღწერილი სურათები უფრო მეტი ტკივილით განიცდება. „დრამატული” თხრობის ნიმუშად შეიძლება განვიხილოთ ეპიზოდები ნოველიდან “ჯიუტები”. მაგალითად, როდესაც ვამეხი დაღუპული სიძის ოჯახში ისე მიდის, როგორც ქორწილში, რათა მომხდარი ტრაგედია არა უკვე ჩავლილად, არამედ სწორედ ახლა მიმდინარედ, ე.ი. ცოცხლად და უშუალოდ განაცდევინოს როგორც თანადამსწრე პერსონაჟებს, ასევე, მკითხველსაც.

თხრობის ტიპოლოგიის კლასიფიკაციისას ამერიკელი მკვლევარი ნ. ფრიდმანი გამოყოფდა მთხრობელს_ “მე, როგორც მოწმე”. მოთხრობის ისტორიაში ეს არის ავტონომიური პერსონაჟი, რომელიც მეტ_ნაკლებად ჩართულია მოქმედებაში და მკითხველს პირველ პირში ესაუბრება. ამ შემთხვევაში ავტორი უარს ამბობს თავის “ყოვლისმცოდნეობაზე”, რადგან “მე, როგორც მოწმეს” მხოლოდ იმ ისტორიის მოყოლა შეუძლია, რაც იცის, როგორც მიმდინარე მოვლენების მონაწილემ თუ უბრალო დამკვირვებელმა. “მე, როგორც მოწმე” მოთხრობაში რამდენიმეა, რადგან მთხრობელის პოზიციაში რამდენიმე სრულიად სხვადასხვა პერსონაჟი გვევლინება. მაგალითად, ნოველაში “ჯიუტები” მთხრობელად შემოდის ახალი პერსონაჟი, თხრობის დამახასიათებელი სტილით, რაც ერთი, მხრივ ამრავალფეროვნებს მოთხრობის ნარატივს და, მეორე მხრივ, დრამატიზმს სძენს მთელ ამბავს.

მთელ მოთხრობაში გამოირჩევა ჩართული ნოველა “ბიუსტი”, რომელშიც მთხრობელად გვევლინება “ბიუსტი”, უფრო სწორედ ბიუსტიდან ამოღებული  წერილი, რომლის ადრესატი, სავარაუდოდ, სწორედ ბიუსტზე გამოსახული ქალია. ძველ წერილს  უბრალოდ კი არ კითხულობენ, არამედ ცოცხლდება წერილის ავტორი და ის გარემო, რომელშიც ის წერილს წერდა. ამ წერილში კიდევ სხვა წერილია ჩართული, სხვა ავტორის დაწერილი, ასე რომ, კიდევ ერთი პერსონაჟი შემოდის, თავისი მეტყველების სტილით და, საერთოდ, ტკივილითა და სიხარულით.

ნარატორსა და პერსონაჟებს რ. ბარტი “ქაღალდის არსებებად” მიიჩნევდა. ნიკო ლორთქიფანიძე კი მათ თითქოს ათავისუფლებს ქაღალდზე მიჯაჭვულობის ჯადოსაგან და იმ ცოცხალ არსებებად აქცევს, რომელსაც მკითხველი ყოველდღიურობაში ხვდება, ამას კი მწერალი ახერხებს თხრობის ოსტატური ვარიაციების წყალობით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი