პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რენე მაგრიტის სარკე

მადრიდიში, ტისენის მუზეუმში, რენე მაგრიტის ტილო „La Clef des champs“ („მდელოების გასაღები“) ინახება.

მადლიერმა ბელგიელებმა ბატონი რენეს პორტრეტი 500-ფრანკიან კუპიურაზეც გამოსახეს და მისი პოპ-არტის, მინიმალიზმისა და ფილოსოფიური კონცეპტუალიზმის ჟანრში შესრულებული ტილოები მსოფლიოს არაერთ მუზეუმშია დაცული.

ტისენი კი ბედმა დაჩაგრა პრადოსთან სიახლოვით – თითქოს მის ჩრდილში ჩაიკარგა. არადა აქ ბევრი სხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრებიც არის გამოფენილი. თუმცა მაგრიტთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

როდესაც ნახატს, მით უფრო – ამ ჟანრში შესრულებულს, უყურებ, სურვილი გეუფლება, ჩასწვდე ავტორის ფიქრებსა და განცდებს, ამოიკითხო ის, რაც ტილოზე ერთი შეხედვით არ ჩანს…

სად არის გასაღები „La Clef des champs-ზე“? ან რომელ გასაღებს გულისხმობს რენე? ჩამტვრეულ ფანჯარას? მდელოში ხომ კარიდან გასვლაც შეიძლება… ვინ იცის… იქნებ ეს უფრო მოკლე გზაა…

 

მაგრამ ვინ ან რატომ ჩატეხა მინა? სახლი ქუჩის პირას არ დგას. არც ეზოში მოთამაშე ანცი ბავშვები ჩანან… ოთახიც ცარიელია… მოკლედ, კითხვებს რა დალევს – სიურეალიზმში ხომ იმდენი რეალიზმია, რამდენი ადამიანიც ნახატს შეხედავს.

ამიტომ ჩემდა უნებურად ფიქრი ქიმიისკენ გამირბის. ნუთუ რენე იცნობდა მინის სტრუქტურას? ამ ამორფულ, კრისტალთან შედარებით მოუწესრიგებელ, მაგრამ „მეზობლის მსგავსების“ პრინციპით დალაგებულ მდგრად სისტემას, რომელშიც ნაწილაკების მოწესრიგებას საუკუნეები სჭირდება? მინაც ბერდება… ან, თუ ბზარი შეეპარა, შეიძლება თავისთავადაც დაიშალოს მყისიერად. მაგრამ ამ შემთხვევაში ის მცირე ზომის მარცვლებად იშლება, ნახატზე კი აშკარად ჩატეხილი მინაა…

ცხადია, ეს მინა სხვაგვარია. რატომ? დააკვირდით ნატეხებს. ოთახში ჩამოცვენილებს ისევ „ახსოვთ“ პეიზაჟი. ეს რაღაა? ნუთუ რენე ერთი მათგანი იყო, ვისაც სჯერა, რომ მინასა და სარკეს მეხსიერება აქვს? რატომ მიიქცია მან ჩემი განსაკუთრებული ყურადღება? არაერხელ გამიგონია, რომ „სარკე ადამიანის ანარეკლს ინახავს“. შევსწრებივარ, რა საგულდაგულოდ ფუთავენ სარკეს სახლში, სადაც მიცვალებული ასვენია, ან რა რიტუალების დაცვით აგდებენ გატეხილს.

რაიმე მასალის ზედაპირზე სურათის დამახსოვრება ინფორმაციის ჩაწერის ერთგვარი მეთოდია. დიახ, ის, რასაც ჩვენ სურათის გადაღებას ვეძახით, სინამდვილეში ოპტიკური ინფორმაციის ჩაწერაა. ოპტიკური ინფორმაცია კი სუფთა ზედაპირზე არ იწერება – ის წინასწარ საგანგებოდ უნდა დამუშავდეს.

ეს მეცნიერული მიგნება იმდენად საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ უმალ შეიქმნა ისეთი დარგები, როგორებიცაა ფოტოგრაფია (შავ-თეთრი) და კინემატოგრაფია.

მაინც როგორ ხდება ინფორმაციის ჩაწერა გამჭვირვალე ზედაპირზე?

მინა ამ კუთხით არცთუ მოხერხებული იყო, ამიტომ ის მალე შეცვალა პოლიმერის (ჟელატინის) ფირმა და ქაღალდმა.

გამჭვირვალე ფირის ზედაპირზე თხელ ფენად უსვამენ ვერცხლის ჰალოგენიდს (ძირითადად – ბრომიდს), რომელსაც კრისტალური სტრუქტურა აქვს:

 

ტეტრაედრული კრისტალის წვეროებზე მორიგეობით განლაგდება Ar+ და Brიონები. მათ შორის ექვსივე მხრიდან ტოლქმედი მიზიდვა-განზიდვის ძალების აღძვრით კრისტალი დიდ სტაბილურობას იძენს. მაგრამ სინათლის დასხივებისას ბრომის ანიონი შთანთქავს ფოტონს, რაც ელექტრონის ამოტყორცნას იწვევს. ელექტრონს დანატრებული ვერცხლის კატიონი უმალ მისკენ იწყებს სწრაფვას და მიაღწევს თუ არა, მაშინვე აღდგება თავისუფალ ვერცხლად. შედეგად მიიღება ე.წ. ფარული გამოსახულება, რომელიც ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია:

 

როგორ გავხადოთ ის ხილული?

გადაღებულ ფირს ქიმიური დამუშავება სჭირდება, ამიტომ ყველა ფოტოგრაფს წინათ ფოტოატელიეში საკუთარი მცირე ქიმიური ლაბორატორია ჰქონდა.

ფარული გამოსახულების ფირის პირველად დამუშავებას გამჟღავნება ჰქვია – თვალით უხილავის ხილულად ქცევა. ქიმიურად კი ეს აღდგენის რეაქციაა. ფირი უნდა მოთავსდეს სპეციალურ ხსნარში, რომელშიც აღმდგენის როლს ჰიდროქინონი ასრულებს. ჰიდროქინონი ვერცხლს აღადგენს ელემენტურ ვერცხლამდე, რომელიც წვრილდისპერსიული ფორმით შავი ფერისაა. შესაბამისად, ფირზე, იმ ადგილას, რომელმაც სინათლის დასხივება განიცადა, შავი წერტილები ჩნდება, მათი ერთობლიობა კი იმ სურათს იძლევა, რომლისკენაც იყო ობიექტივი მიმართული დასხივების მომენტში. მთელი ეს პროცესი სიბნელეში ან სუსტი ენერგიის წითელი შუქის პირობებში უნდა წარიმართოს, რადგან თუ ფირს დღის სინათლეზე გამოვიტანთ, სინათლე მის დაუსხივებელი ნაწილებზეც იმოქმედებს და გამოსახულება წაიშლება. ამიტომ გამჟღავნებული ფირის დამუშავების მეორე საფეხური დაუსხივებელი ვერცხლის ნაწილაკების გამორეცხვას ემსახურება. ამისთვის კი ძირითადად ნატრიუმის თიოსულფატს (Na2S2O3) იყენებენ.

ამ მეთოდით მიღებულ სურათს ნეგატივს უწოდებენ, რადგან მასზე მუქად ჩანს ის, რაც სინამდვილეში ნათელი ფერისაა და პირიქით – ნათელი რჩება გადაღებული ობიექტის ბნელი მხარეები.

როგორ მივუახლოოთ ნეგატივი რეალურ სურათს? მარტივად. იმავე მეთოდით ნეგატივიდან ხელახლა ჩავწეროთ ინფორმაცია ახალ ფირზე ან ფოტოქაღალდზე. ფერები „შებრუნდება“ და პოზიტიურ გამოსახულებას მივიღებთ.

ასე ჩაუყარა საფუძველი საინტერესო ქიმიურმა მიგნებამ შავ-თეთრ ფოტოგრაფიასა და კინემატოგრაფიას, რომლებმაც არაერთი ფოტო- თუ კინოშედევრი შესძინა კაცობრიობის კულტურას.

 

რენე მაგრიტის გატეხილ სარკეზე აღბეჭდილი გამოსახულება ფილოსოფიურ-კონცეპტუალურად მოაზროვნე ადამიანის ფიქრის სიურეალისტური გამოხატულებაა და თუ მას ცოტა „ფილოსოფიური“ თვალით შევხედავთ, გასაგები გახდება, რატომ არის მასში იმდენი რეალიზმი, რამდენი ადამიანიც შეხედავს მას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი