პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებელი როგორც მსხვერპლი

ბავშვები რომ ყველაზე მოწყვლადები არიან, საკამათოც არ არის. თანამედროვე ტექნოლოგიებმა გააადვილა მათზე ძალადობის გამოაშკარავება და, ალბათ, რეაგირებაც. მოზარდების ერთმანეთზე ძალადობის ამბავიც უამრავია. ბულინგი ის უკურნებელი სენია, რომელიც ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი სტკივათ და აწუხებთ.

 

* * *

90-იანებში პრესტიჟული სკოლის მოსწავლე ვიყავი, ახალგახსნილი ფასიანი სექტორის. ასეთ სკოლებში, ხომ იცით, როგორცაა – მასწავლებელმა ცალკე ხარისხი უნდა შეინარჩუნოს, ცალკე მშობელს უგოროს კოჭი, რადგან მშობელი „დამკვეთია“.

ფიზიკის ახალი მასწავლებელი წლის დასაწყისში მოვიდა სკოლაში. ახალგაზრდა კაცი იყო, ჩვენზე, ალბათ, ათი–თორმეტი წლით უფროსი. რაღაცნაირი ჩაკეტილი. ახლა ალბათ მის სახესაც ვერ გავიხსენებ. წვერი რომ არა, იქნებ სქესიც ვერ გამეხსენებინა.

უცნაური წესი ჰქონდა: ფიზიკის კაბინეტში იკეტებოდა და ზარის დარეკვამდე ერთი წუთით ადრე აღებდა კარს. ჩვენ გაბრაზებულები ვყურყუტებდით დერეფანში და ვილანძღებოდით.

აღარ მახსოვს, პირველად ვინ გაუბედა, ან იმან როგორ მოუთმინა, მაგრამ მალე სკოლაში ხმა გავარდა, რომ ფიზიკის მასწავლებელი შესვენებიდან შესვენებამდე ჩუკენობდა. ცხადია, გამოჩნდნენ გოგოები, რომლებმაც „საკუთარი თვალით დაინახეს“, ბიჭები, რომლებმაც ამის გამო „აგინეს“, მასწავლებლები, ამრეზით ყურება რომ დაუწყეს… ბოლოს ისე გავთავხედდით, ნიშნებსაც აღარ დაგიდევდით, აქაოდა, „ამ ავადმყოფის“ დაწერილ ან მაღალ, ან დაბალ ნიშანს რა აზრი აქვსო.

მასწავლებლების ამოჩემება, დაცინვა, წყობილებიდან გამოყვანა, თანამედროვე და პოპულარული ენით – ბულინგი, დიდი პრობლემაა სკოლებში. პედაგოგები თუ ძალადობენ მოსწავლეებზე, არც მოსწავლეები აკლებენ და საკმარისია, მასწავლებელი ერთხელ აიგდონ, რომ ვითარება შეუქცევადი ხდება.

რამდენი ასეთი „დაგვიბულინგებია“… ქიმიის მასწავლებელს, ვისი დაწერილი წიგნითაც ქიმიას ვსწავლობდით, ხმამაღლა ვუთხარი, გადაწერილი გექნებათ – თქვენ ხომ ქიმიისა იმდენივე გაგეგებათ, რამდენიც მე – კვანტური ფიზიკისა–მეთქი. ფიზკულტურის მასწავლებელს პერმანენტულად სცემდნენ ხოლმე უფროსკლასელები, თუ ის რამე „ზედმეტს“ იტყოდა. ქართულის ასაკოვან მასწავლებლებს დაფაზე კუბოს ვუხატავდით, ახალგაზრდებს – მზეს. გეოგრაფიისას ერთხმად ვაგინებდით (ხმაზე რომ არ ეცნო მაგინებელი), რუსულისას კი სომხურ ენაზე უხამსობებს ვეუბნებოდით.

სხვადასხვა სკოლის ამბებია, ცხადია, მაგრამ ნამდვილი.

მეც ვმუშაობდი სკოლაში და მინახავს, როგორ უტირიათ მასწავლებლებს სამასწავლებლოში. ამ ცრემლებს ისინი არც მოსწავლეებს და არც კოლეგებს არ აჩვენებენ ხოლმე, მაგრამ რაკი ადამიანები არიან, ტირიან. გული სტკივათ და ტირიან.

ზოგი ბავშვების ჩაგვრით „იცავს თავს“, ზოგი ამას ვერ ახერხებს და „მეგობრული“ უჭირავს, ბევრი კი მაინც იჩაგრება. ეს ბევრი ვიღაცის დედა, ცოლი, მამა, ძმაა. შინ ალბათ არ ჰყვებიან სკოლის ამბებს. იქნებ რცხვენიათ კიდეც.

 

ბავშვები დაუნდობლებიც არიან, რადგან მათი მორალური ფილტრი არაცნობიერ აგრესიას ვერ ფილტრავს.

მასწავლებლებისადმი აგრესია მეტწილად ოჯახში, მშობლების მიმართ არსებული სუბლიმირებული შიშის ან პროტესტის გამოხატულებაა. სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ცხადია, ოჯახებში დამალულ ნაღმებს ვერ გაანეიტრალებენ. ვერც მშობლებს აღზრდიან, რომლებსაც სკოლასთან თანამშრომლობაზე მეტად დაპირისპირება უყვართ. მასწავლებელი კი ხშირად სრულიად დაუცველია: ერთი მხრივ, მასზე ბავშვები ძალადობენ, მეორე მხრივ – კოლექტივი, რომელიც პედაგოგს სისუსტედ უთვლის ბავშვის „ვერდამორჩილებას“. კანონი კი იმდენად ბუნდოვანია, რომ მოსწავლის ხელაღებით გაგდებას კრძალავს და ისედაც, რომელ მასწავლებელს მოუბრუნდება ხელი, თუნდაც ყველაზე უზრდელი ბავშვი „გადასაგდებად“ გაიმეტოს?

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. შესაძლოა, დღეს ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქეებიც კი ოდესღაც ცელქი, დაუმორჩილებელი მოსწავლეები ყოფილიყვნენ. უფროსებისთვის თვალის ახვევას ბავშვები ადვილად ახერხებენ, განსაკუთრებით – როდესაც საქმე შვილსა და მასწავლებელს შორის არჩევანს ეხება. მაგრამ ბავშვი ყოველთვის არ არის ჩაგრული და, რა მძიმედაც უნდა ჟღერდეს, ხშირად სწორედ მასწავლებელს სჭირდება მისგან დაცვა (ამაზე ძალიან საინტერესო ფილმი – „ნადირობა“ – გადაიღო ტომას ვინტერბერგმა).

ერთ-ერთი ასეთი „დამბულინგებელი“ ვწერ და დამეჯერება.

 

…ჩემი ფიზიკის მასწავლებელი იმ სკოლიდან გადავიდა. რაღაცნაირად უხმოდ, უპრეტენზიოდ წავიდა. კლასის ჩაკეტვის მიზეზი კი ბანალური ყოფილა: როგორც გაირკვა, შესვენებიდან შესვენებამდე ლოცვანს კითხულობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი