პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ასაკი

დემეტრემ ამ ზაფხულს ერთი უცნაური ჩვევა შემოიჩვია: შინ თუ გარეთ, ნაცნობებსა და უცნობებს ერთი, ერთადერთი შეკითხვით აწუხებდა ხოლმე: „რამდენი წლის ხარ?“. თავიდან მეგონა – სხვებსაც ასე ეგონათ – ეს უბრალო ცნობისმოყვარეობის ამბავი იყო, მაგრამ დრომ გამოაჩინა, რომ დემეტრესთვის ეს ხერხი მხოლოდ გამოცნაურების ან სიმორცხვის დაძლევის საშუალება არ ყოფილა. შეიძლება თვითონ ვერ ხვდება და ალბათ არც სჭირდება ამაში ჩაღრმავება, მაგრამ მან ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერა შეძლო:

  1. თავისი თამაში იპოვა, რომლის გაყოფა-განაწილება სხვებისთვის (ძმებისთვის, მეგობრებისთვის) არ მოუწევდა;
  2. იმ რიცხვების გააქტიურების საშუალება მიეცა, რომელსაც თვეების განმავლობაში ხარბად ისრუტავდა და ყოველდღიური მარტივი მიმატება-გამოკლება და ამით უფროსებთან თავმოწონება უკვე ყელში ჰქონდა ამოსული;
  3. ნათესავ-მეზობელთა ასაკობრივი ბაზის შექმნის შემდეგ ისეთი რთული მოვლენების თავისებური ახსნა სცადა, როგორიც სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოა. ჩვენს სანათესაოში უხუცესი ადამიანის გარდაცვალებისთანავე – მისი სოლიდური ასაკი უკვე იცოდა – თავის დიდ ბებიას მიადგა და გადაწყვეტილად უთხრა, – მე მგონი ახლა შენი ჯერიაო.
  4. რამდენიმე ქალი და, სხვათა შორის, რამდენიმე მამაკაციც სახალხოდ შეარცხინა და გააწითლა, ვინაიდან მათ მყიფე საიდუმლოებას (ასაკის გაუმხელობის სურვილი) საქვეყნოდ მოჰფინა ნათელი.
  5. ის იშვიათი შემთხვევაც აღმოაჩინა, რომ ცოლ-ქმრის წყვილში ეს უკანასკნელი შეიძლება ყოველთვის არ იყოს ასაკით უფროსი, ზოგჯერ პირიქითაც შეიძლება მოხდეს. თუმცა რაღა აღმოჩენა ამას უნდოდა (დემეტრესთვის), ეს ისედაც პირველივე დღესვე შეიტყო დედ-მამის მაგალითზე.

ასაკის შეტყობისა და თარიღებისადმი მიძალება ჩემს ბავშვობასაც რეფრენივით გასდევს, მაგრამ მე ადამიანებთან კონტაქტს გავექეცი და შეიძლება ითქვას, ედგარ ლი მასტერსისეული გზა ავირჩიე – სოფელ ურთის სასაფლაოს ძეგლ-მემორიალების შესწავლა. ხელს ისიც მიწყობდა, რომ ჩვენს სოფელში მცხოვრებთა ძვალშესალაგი ახლოს იყო, უფრო სწორად, ჩვენს სახლთანაც ახლოს იყო და საფეხბურთო სტადიონთანაც, თორემ აბა რანაირად გავამართლებდი შინიდან გახშირებულ გამოსვლებს. ბებიაჩემი განათლებული ქალი იყო – „სტუმარ-მასპინძლის“ ის დრამატული ეპიზოდები ხომ იცოდა და დიდი ალბათობით „სფუნ რივერის ანთოლოგიის“ ქართულად თარგმნილი ფრაგმენტებიც წაკითხული ექნებოდა, მაგრამ არც მთლად მაგ ჭკუაზე გახლდათ, უფროსი შვილიშვილისთვის (მეგრულში მაკუჩხურ მოთა ჰქვია) სასაფლაოზე ხეტიალი დაენებებინა.

ჩემი კონსპირაცია ამართლებდა: არავის, მათ შორის არც ჩემს ძმას არ ვეუბნებოდი ამოჩემებული ვიზიტების ამბავს, სამაგიეროდ ცოტა ხანში სრულად შევისწავლე ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში გარდაცვლილი ჩემი თანასოფლელების პირადი ქრონოლოგია; დაბადება-გარდაცვალების თარიღების შემეცნებას მალევე მოჰყვა ამა თუ იმ ადამიანის გარდაცვალების მიზეზთა მოკვლევა, და ამის გამო შეფარული გამოძიების ჩატარება – ჩემი სოფლის მცოდნე ხალხს სახელდახელოდ ჩამოვუგდებდი სიტყვას და რადგან ისედაც ცნობისმოყვარე ბიჭის სახელი მქონდა დაგდებული, არც არავის შეუტანია ეჭვი, საბოლოოდ რისთვის მჭირდებოდა ეს ყველაფერი. ბევრი რამ მეხსიერებაში დალექილი ამ ამბებიდან მოთხრობებსა და რომანებში გამოვიყენე – ადვილი არ ყოფილა მათგან გათავისუფლება, მინდოდა დამაჯერებლად მომეყოლა ის, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინახავდი და არც არავისთან ვყვებოდი პირად საუბარში, რადგან ზეპირად გამხელილის დაწერა, დამეთანხმება საქმეში ჩახედული ხალხი, კაიძალი ტვირთია და შრომასაც მეტს მოითხოვს. ზოგჯერ კი ის უცნაურობაც შეიძლება მოხდეს, რომ შენმა მოყოლილმა აჯობოს შენს დაწერილს.

მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია და სხვაგანაც წაგვიყვანს. ამას არც ვეპირებოდი თავიდან – უფრო იმის თქმა მინდოდა, რომ უცნაური შეკითხვებისა და ამ შეკითხვებს აყოლილი ბავშვებისა ნუ შეგვეშინდება. არც მშობლებს, არც მასწავლებლებს, არც… არც… ჰო, მოთხოვნებივით ჟღერს ეს შეკითხვები, რომელსაც მოუსვენარი, აზარტით დაქოქილი ბავშვები წარმოსთქვამენ, მაგრამ მათგან თავის დაღწევა და იგნორირება ნამდვილად არ იქნებოდა ღირსეული საქციელი. მით უმეტეს, საჩვენო ვარიანტით ჩანაცვლება, როგორსაც ერთხელ მეც შევესწარი – თბილისის წიგნის ფესტივალზე ერთ ცელქ ბიჭს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნი უნდოდა, ცრემლებამდე მისული ხვეწნით არწმუნებდა დედას, დედა-მშობელი კი რომელიღაც მისი ბავშვობისდროინდელი კლასიკოსის წიგნს ტენიდა.

P.S. ცარიელი ასანთის კოლოფებს რომ ვაგროვებ და შენ გეცინება, რა იცი რისთვის ვაგროვებ და რა იცი, რომ ისინი ცარიელია, – ამბობდა ჩემი მეგობარი ტუსკია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი