საკონდიტრო „რუსზვურმი”

ბუდაპეშტში ცივა, საღამოს ხუთ საათზე ბნელდება და საახალწლო ბაზრობაც უკვე გაშლილია. ნაძვის ხის გარშემო ტკბილ კრედელებს ყიდიან, თუმცა მე ტკბილი კრედელები არ მეჭმევა, სამი თვეა ჯანსაღად ვიკვებები და მხოლოდ ერთი გამონაკლისის დაშვების უფლება მაქვს. უნგრეთში სამწლიანი შესვენების შემდეგ ორი მიზეზით დავბრუნდი: ბავშვობის საყვარელი ბენდის, Gorillaz-ის კონცერტს უნდა დავესწრო და ბუდაში, მეთევზეების ბასტიონთან რომ მეცხრამეტე საუკუნის საკონდიტროა და „რუსზვურმი” ჰქვია, იმ საკონდიტროში უნდა ვჭამო შუ. მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტის მოგზაურობა დავგეგმეთ, თავს სწორედ ამისთვის ვინახავ. თან, ოცდაშვიდი წელი აქ შემისრულდა და ჩემს ჭაღარას ეს მოკრძალებული საჩუქარი ნამდვილად ეკუთვნის.

 

ვინც ვეს ანდერსონის „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” ნახა და მისი ესთეტიკით ჩემსავით მოიხიბლა, ბუდა უსათუოდ უნდა ნახოს. მას შეუძლია თავს გულუბრყვილობის უფლებაც მისცეს და აქაურების მიერ ტურისტებისთვის დაგებულ ზოგიერთ მახეში განგებ გაეხვეს. მაგალითად, ბუდაში ფეხით ასვლის ნაცვლად, რაც სულ არაა რთული, ათას რვაასი ფორინტი ფუნიკულიორის ბილეთში გადაიხადოს.

 

სიცივისა და ქარის გამო, პეშტისა და ბუდას დამაკავშირებელ ხიდზე გადასვლა, ანუ დუნაის მეორე ნაპირზე მოხვედრა სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს. სიარულის დროს მოვარდნილი ქარი დროდადრო გონებიდან ფიქრებს გტაცებს და წყლის ზედაპირთან თოლიასავით ჩააქროლებს. ეგრე გამოდის, რომ პეშტიდან ბუდაში მოგონებებისგან დაცლილი გადადიხარ და თითქოს ახლიდან იწყებ ცხოვრებას. თუმცა მალევე, როცა ფუნიკულიორის კაბინაში ჩაჯდები და პატარა გორაკს აუყვები, წამიერად გაგახსენდება ის ეპიზოდი, ლობის ბიჭი გაზეთებს რომ მიარბენინებს მუსიე გუსტავთან და შენი ტვინიც წყლის ავზივით ნელ-ნელა ივსება მოგონებებით, რომლებიც თითქოსდა სამუდამოდ გაატანე დუნაის.

 

მაღლა ასული თუკი საპატიო ყარაულის სმენის ცვლილებას შეესწრები, ჩათვალე რომ იღბლიან ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული. ხო ვითომ არაფერი, ფორმაში გამოწყობილი და იარაღასხმული უნგრელები პოზიციებს უთმობენ სხვა იარაღასხმულ უნგრელებს და მათ ნაბიჯებს ბარაბნის ხმა ერთვის, მაგრამ ყარაულის მოძრაობა იმდენად სიმეტრიულია, რომ მომენტალურად ხვდები, როგორ წამოჭიმეს ამ ხალხის წინაპრებმა ისეთი არქიტექტურა, როგორიც მათ გარშემოა.

 

ქვაფენილი, რომლის კიდეებშიც ხასხასა ბალახი ამოწვერილა წარმოგადგენინებთ როგორი იყო აქაურობა უწინ, როცა აქ ჯერ ფოტოაპარატიანი ტურისტები არ მოძრაობდნენ და ეს შენობები ცხენის ნალების ბაკუნის ხმით ივსებოდა. თუმცა, ამის წარმოდგენა რთულდება, როცა გადაუღებლად წვიმს, სახე გაგეთოშა და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ხელებში სისხლი გაიყინა. ასეთ დროს შუა ქუჩაში ჩადგმული პატარა ჯიხურის დანახვა ისეთივე მისწრებაა, როგორც უდაბნოში დაკარგულისთვის ჭის აღმოჩენა. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ჯიხურს დიდი ასოებით აწერია „ცხელი ღვინო“. ერთი ნაკურთხი ჭიქა გლინტვეინი და სისხლი ძარღვებში მოძრაობას იწყებს. მერე უკვე შეგიძლია გზა განაგრძო და მეთევზეების ბასტიონამდე მიაღწიო.

 

როცა თვალს წყალს დაალევინებ, ბასტიონზეც შემოდგები და იქვე მდგომ ტაძარში ლამაზ მელოდიებს მოისმენ, შეგიძლია დამშვიდებული სანდისით ჩაუყვე ქუჩას და მიადგე ბუდაპეშტის უძველეს საკონდიტროს, შეაღო ხის კარი და შეაბიჯო კულინარიულ წარმოდგენარიუმში. არ გაუძალიანდეთ ვანილის სურნელის მაგიას, რომელიც შესვლისთანავე შემოგეფეთებათ სახეში. კაფე ძალიან პატარაა. იმდენად პატარა, რომ სხვისი შეწუხების გარეშე შემოტრიალება გაგიჭირდებათ. სამაგიეროდ, წარსული აქვს დიდი. ამ ადგილმა მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან დღემდე ორი რამ შეინარჩუნა უცვლელად – იერსახე და გემო. ტკბილეულის მრავალფეროვნებას ერთი რამ აერთიანებს – უძველესი რეცეპტები. ვეს ანდერსონი აქაც გაგახსენდებათ და გაფიქრებინებთ, რომ მენდელმა თავისი კულინარიული კარიერა სწორედ აქ დაიწყო.

 

ვიცოდი თუ არა რას შევუკვეთავდი, როცა ჭეშმარიტების მომენტი დადგებოდა? – ჯერ კიდევ სამი თვის წინ. შეკვეთამ არ დაიგვიანა. გემოს რეცეპტორები, რომლებსაც ამ ხნის მანძილზე ცირკის ლომივით ვათვინიერებდი, ინგლისური შავი ჩაით გავახურე და ლიმნით გავაღიზიანე. მალე მთავარი გმირიც მომიყვანეს. შუ ორად იყო გაპობილი. ფაფუკი, თხელი ცომისგან გამომცხვარი ტანი, რომელსაც გეომეტრიული სიზუსტით გამოყვანილი წრის ფორმა ჰქონდა, მყარად იდგა ქათქათა თეფშზე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ცომი აისბერგივით იყო – უფრო ღრმა, ვიდრე ზედაპირზე ჩანდა. მასზე იწვა ოდნავ მოყვითალო კრემი, რომელსაც მართალია ფიზიკური მასა ჰქონდა, მაგრამ თითქოს ღრუბელივით ლივლივებდა ჰაერში, თითქოს მთვარესავით დაჰნათოდა ცომს. კრემს თავზე ცილინდრივით ეხურა გაპობილი ცომის მეორე ნახევარი. ქუდი ჩემგან ოდნავ მარჯვნივ იყო გადახრილი და ეს კარგის ნიშნად ბავშვობაში ვირუსივით აკიდებული ცრურწმენის გამო. შუ სუნთქავდა. ვუყურებდი ხელოვნების ამ ნიმუშს და გული მეწურებოდა იმის გამო, რაც მისთვის უნდა მექნა. ისიც კი ვიფიქრე, სახალხოდ ხომ არ მომეხადა ბოდიში მისთვის. ბოდიში იმის გამო, რომ ეს ცოცხალი არსება რამდენიმე წამში ვერაგულად უნდა მომეკლა. რამდენიმე წამში, როცა მის კისერს ჩანგალი დავუსვი, კრემი ოდნავ გადმოიღვენთა ქვედა ტანზე. ჩვენი ერთმანეთთან მიახლება ჰგავდა ედემის ჩარაზული კარიბჭის ხელახლა გახსნას. წამიერად დავიჯერე, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს, ხოლო სტალინი, ჰიტლერი და მუსოლინი არასოდეს დაბადებულან სამყაროში. მე მომენტალურად დავკარგე კავშირი ჩემ გვერდით მჯდომ ნინიასთან, რომელმაც იგრძნო, რომ სხვაგან დავფრინავდი, თუმცა მისმა გამჭრიახობამ ისიც უკარნახა, რომ ეს შორეული მოგზაურობა ხანგრძლივი ვერ იქნებოდა.

 

გზა ბუდადან პეშტამდე გულჩათხრობილმა გამოვიარე. ვფიქრობდი შუზე, რომელმაც საკუთარი სიკვდილით ახალი სიცოცხლე მაჩუქა და ვფიქრობდი ჩემს საყვარელ ბენდზე, რომელსაც ჩემთვის ახლად ნაჩუქარი სიცოცხლე უნდა გაეხანგრძლივებინა. ჩვენ მოვაბიჯებდით წვიმასა და ყიამეთში. წვეთები სათვალეზე მეხეთქებოდა და სანაპიროს ჩირაღდნების შუქს თხაპნიდა. დუნაის ხედზე უწინდელივით მკაცრი ქარი ქროდა, მაგრამ მას აღარ ჰქონდა იმის ძალა, რომ ჩემთვის წაერთმია მოგონება შუზე.

კომენტარები

comments