პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„არ ვიცი, რა დავკარგე, მაგრამ ვიცი, რომ ვეძებ…“

სერიიდან: ვამონტაჟებთ პოეტებს
პოეზიის სწავლება ადვილი არ არის… ერთია, რომ ლექსი კარგია, მხატვრულია და მეორე, ამ ტექსტით გამოხატული აზრი, გრძნობა ან ემოცია, რამდენად შეიძლება შენი იყოს ან როგორ შეიძლება აქციო „შენად”. 

ამიტომ მასწავლებელებს ვთავაზობ საინტერესო პოსტმოდერნისტულ ლიტერატურულ თამაშს, როგორ უნდა შექმნან მოსწავლეებმა ტექსტებთან დიალოგი… ეძებონ კითხვები და არა პასუხები… 

რაღაც კითხვებზე პასუხები უკვე არსებობს ყველა პოეტის შემოქმედებაში, ამიტომ მოსწავლეები ჯერ კითხულობენ რომელიმე პოეტის პოეზიას, მერე მათთვის საინტერესო ციტატებს მონიშნავენ და ამის შემდეგ იწყებენ არსებულ პასუხებზე კითხვების შედგენას, თან შეუძლიათ, რომ ამ კითხვებს გარკვეული სიუჟეტი გამოუძებნონ. 

ამ გზით მოსწავლეები უკეთ ეცნობიან და იმახსოვრებენ პოეტის შემოქმედებას, ავარჯიშებენ აზროვნების განსხვავებულ ფოკუსს, ორიენტირებულები არიან საკუთარ შინაგან კითხვებზე და უფრო მეტს ფიქრობენ პოეტის „პასუხებზე”, რადგან ხდებიან თანაშემოქმედები.

ვითარდება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები, ისინი ეძებენ და ქმნიან კითხვებით სიუჟეტებს, ამონტაჟებენ პოეტურ ტექსტებს და ქმნიან მოდელირებულ დიალოგს.

ამგვარი დამონტაჟებით ტექსტები იძენენ ახალ სემიოტიკურ განზომილებას, როცა ერთი წიგნიდან 20 მოსწავლე 20 განსხვავებულ დიალოგს შექმნის.

მოკლედ, საინტერესო სემიოტიკური თამაშია: ვამონტაჟებთ პოეტებს!
– ქალბატონო გუჩა, გამოდის, რომ ვატყუებ მკითხველს, რადგან ვთავაზობ არშემდგარ დიალოგს… რას მირჩევდით?

– ადვილად გადააქცევ ტყუილს სიმართლედ, ოღონდ უნდა შეულოცო…
(,,ღამის ფიქრები”, გვ. 108)

– მაშინ ინტერვიუს ბოლოს შევულოცავ, ყველა ტყუილი რომ სიმართლედ გადავაქციო…

ახლა კი მაინტერესებს, საით მიდის პოეტი გუჩა კვარაცხელია?

– ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გასაცვეთი ჩვენი ნაბიჯით, დამღუპველიც რომ იყოს ეს გზა, ამ გორაკებზე მაინც მივდივართ…

(,,ეკოლოგიური სტრიქონები”, გვ. 99)

– ყველაფერი ისე ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, როგორც გეგმავდით?

– სულყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ ვგეგმავდით. ჩვენი ხომალდი სახიფათო მარშრუტს ირჩევს მოულოდნელად…

(,,ბნელი კვამლი”, გვ. 92)

რა ვქნათ, როცა ,,ჩვენი ხომალდი სახიფათო მარშრუტს ირჩევს მოულოდნელად…” როცა რაღაც გვაწუხებს, როცა პრობლემები გვაქვს?
– დავიძინოთ. ძილში მოკვდება ჩვენი პრობლემები და ჩვენი ოცნებები.
(,,ბნელი კვამლი”, გვ. 95)

– ბევრის მნახველს კიდევ გიკვირთ რამე?

– მხოლოდ უღიმღამოებს არ უკვირთ არაფერი…

(,,წუხელ წყვდიადი ღამე იყო”, გვ. 88)

– და მაინც… რა არ უნდა გაგიკვირდეს?

– არ უნდა გაგიკვირდეს, როცა ერთ მშვენიერ დღეს გეტყვიან, შენ ვინა ხარ, საიდან მოხვედიო?
(,,შენ და ისინი”, გვ. 81)

– მართალია, რომ თქვენ ამბობთ: წარსული განვლილი არ არისო?
– ვისაც წარსული განვლილი ჰგონია, ის არც წარსულში არსებობს, არც მყოფადში… ბედი ქარებისთვის მიუნდვია…
(,,ქალაქის ერთ უბანში”, გვ. 153)

– რას გვასწავლის ბუნება?

– ფოთლები თურმე იმდაგვარად მსხდარან ტოტებზე, მზე რომ ერთმანეთს არ დაუჩრდილონ. ამას რქმევია მოზაიკური განლაგება. ბუნება მარტო ზომიერებას არ გვასწავლის, შეწყალებასაც.
(,,ორი მოზაიკა”, გვ. 29)

– კი, მაგრამ როდის გაიგებს ამას ადამიანი?

– ზემოთქმულს კარგად გაიგებს, როცა ხის ყოვლისმიმტევებელ ჩეროში, უმატერიოდ რომ გვეფინება, დაძინებულს გაეღვიძება.
(,,ორი მოზაიკა”, გვ. 29)

– გეშინიათ სიკვდილის?

– მარტო მკვდრებს არ ეშინიათ სიკვდილის, შიშის ქვევრს ძირს ვერავინ გამოაცლის.
(,,წუხელ წყვდიადი ღამე იყო”, გვ. 87)

– რას გამიმხელთ ისეთს, სხვა რომ ვერ მეტყვის?

– იმასაც არავინ გაგიმხელს ჩემ მეტი, რომ დრო ფული არ არის… (აბა, გამოიტანე ბანკიდან…)…
(,,ნაწყვეტი მეგობრის წერილიდან”, გვ. 7)

– მაინც რა არის ცხოვრება?

– უკანმოუხედავი სიყვარულის სიშლეგე…
(,,შემთხვევითი მძღოლი”, გვ. 18)

– მდინარის გარდა კიდევ სად ირეკლება ღრუბელი და ბარემ ისიც გვითხარით, როგორი ამინდი იქნება ხვალ?
– მარტო მდინარეში კი არა, გახელილ თვალებშიც ირეკლება საღამოს ღრუბელი, რომელიც ხვალ დილით უსათუოდ წვიმად წამოვა…
(,,შემთხვევითი მძღოლი”, გვ. 23)

– რისთვის მადლობთ უფალს?

– გმადლობ, უფალო (რეჟისორო), რომ მათქმევინე სატრფოსათვის, სანამ სულს გამაფრთხობინებდა, ლამაზი ფრაზა: დე, ნიაღვრებმა შენთან ერთად გადამიარონ!

(,,პიროვნების გაორება”, გვ. 52)

– რას ეტყოდით სატრფოს?

– ვგრძნობ, რომ აღარსად აღარა ვარ, მინდა, შენი დუმილი ვიყო!
(,,ნელი დავიწყება”, გვ. 58)

– რა დაკარგეთ?
– არ ვიცი, რა დავკარგე, მაგრამ ვიცი, რომ ვეძებ…
(,,ზღვაზე”, გვ. 67)

– როგორ გამოხატავდით თქვენს რწმენას?
– თავით ფეხამდე ყოფაში ჩაფლული, კისერს ვიგრძელებ, რომ დავინახო უკეთესი სამყარო, რომელიც სადღაც უსათუოდ უნდა არსებობდეს…
(,,რწმენა”, გვ. 105)

– სად წახვიდოდით და რა შემთხვევაში?

– წავიდოდი ქვიშის სათესად შორეული ზღვის შორ ნაპირზე, თუკი იქ ვინმე დამიძახებდა, თუნდაც ისეთი, ვინც კვდება და ვერ მომკვდარა. ვაპოვნინებდი ბუნებრივსა და უტანჯველ გარდაცვალებას.
(,,ნუ დაყნოსავ ყაყაჩორას”, გვ. 71)

– მინდა ვიცოდე თქვენი მიზანი….

– ყველა სიტყვა გამოვიყენო, ჩემს ფიქრსაცავში უპატრონოდ რომ მელოდება.
(,,წუხელ წყვდიადი ღამე იყო”, გვ. 90)

– როდის უნდა გაჩერდეს ადამიანი?

– ….როდესაც შენივე ნაკვალევი შემოგხვდება გზაზე, ხომ უნდა გაჩერდე?
(,,სიტუაციური სამყაროს დაძლევა”, გვ. 137)

– დიახ, როცა ნაკვალევი შემოგხვდება, უნდა გაჩერდე და მერე გაჰყვე ნაკვალევს, საკუთარ თავთან შესახვედრად და… რას ეძებს გუჩა კვარაცხელია?

– გაშიშვლებული სტეპებიდან მოსულივით
იღბალს არ ვეძებ,
აქაური ვარ.
არც იმ ფილმში ვმონაწილეობ,
სადაც შემოდიან და გადიან გმირები
უბიოგრაფიოდ.
მკვიდრი მოსახლის შიშნარევი სიფრთხილით
თვალს ვადევნებ
ისტორიის ავანგარდულ დამონტაჟებას
და ვეძებ აწმყოში ჩამალულ მომავალს.
(,,ღამის ფიქრები”, გვ. 111)

P.S. დიდი მადლობა, ქალბატონო გუჩა, და მე ახლა შავტარიან დანას მოვიმარჯვებ, ამ ყველაფერს რომ შევულოცო და სიმართლედ ვაქციო, თორემ არავინ დამიჯერებს…

და მაინც, თუ აღმოჩნდება ასეთი მკითხველი, ვთხოვ, თქვენი პასუხები ჩემს შეკითხვებზე გადაამოწმოს თქვენს  წიგნში – ,,ქალაქი ქალაქში”, რა თქმა უნდა, მითითებული გვერდების მიხედვით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი