ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

თეატრი მოზარდებისთვის, რომელიც 90 წლისაა

ჩემს მოსწავლეობაში ასე იყო: შემოაღებდა უცხო სტუმარი საკლასო ოთახის კარს, შემოაფრიალებდა ბანქოსხელა ქაღალდებს და მხიარული სახით მოგვახარებდა:

  • თეატრის აბონიმენტები! ახალი სეზონი და ახალი სპექტაკლები! შეიძინეთ!

ეს „აბონიმენტი“ პირადად ჩემთვის ფასდაუდებელი ბილეთი იყო ჯადოსნურ სამყაროში მოსახვედრად.

ჯადოსნური სამყარო კი პირველივე დღეს დავინახე, რა წამსაც თეატრი თეატრად და მაყურებლობა მაყურებლობად აღმოვაჩინე. მას მერე ეს ჩემი გაუნელებელი ვნებაა და არც ეს ჯადოსნობა ხუნდება, საბედნიეროდ.

ხოლო, რაც შეეხება „აბონიმენტს“ – ის ჩვენ მოზარდ მაყურებელთა თეატრში გვეპატიჟებოდა! ალბათ ჩემს წინა თაობაშიც ასე იყო და მგონი დღესაც ასეა, ამ წესით და ფორმით ურთიერთობენ სკოლები და თეატრი და დღესაც დადიან მოსწავლეები თვეში ერთხელ ან ორჯერ, ან რამდენჯერაც მოესურვებათ, სპექტაკლებზე. დიახ, პირველ რიგში მოსწავლეები, რადგან ამ თეატრის დაარსებაც სწორედ მათთვის მოიფიქრეს, როცა მოიფიქრეს და რა მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ეს ჩანაფიქრი სულაც პირველი დიდი იდეა გახლდათ გასული საუკუნის დასაწყისის სრულიად ამიერკავკასიაში!

დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, მოზარდებო და მასწავლებლებო! – ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი დღეს 90 წლისაა!

ჩვენ თეატრების მრავალწლოვანი ტრადიციებით განებივრებული ხალხი ვართ. თეატრალური კულტურა ჩვენი ყოფის ნაწილია დღესაც და, იყო დრო, რომ ეს ურთიერთობა – საზოგადოებისა და თეატრის – უფრო მჭიდრო იყო, უფრო ღრმა და საინტერესო. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, კონკრეტულად კი 1928 წელს, სწორედ თბილისში დაარსებულიყო ისეთი სპეციფიკისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის თეატრი, როგორიც მოზარდ მაყურებელთა თეატრია, შინაურულად და „ხალხურად“ – „მოზარდი“, როგორც ვეძახით. მისი პირველი მაყურებლები ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ. რეპერტუარიც მათთვის იქმნებოდა, მსახიობები და რეჟისორები კი სწორედ აქ, „მოზარდში“ იწყებდნენ თავიანთ პროფესიულ კარიერას.

თეატრის დაარსება ცნობილ ქართველ რეჟისორს, ალექსანდრე თაყაიშვილს უკავშირდება. პირველი სპექტაკლი კი ნ.საცის „ფრიც ბაუერი“ იყო. თეატრთან, სხვადასხვა დროს, აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი მხატვრები: ე.ახვლედიანი, ს.ვირსალაძე, პ.ოცხელი, ი.სუმბათაშვილი, ნ.ყაზბეგი, დ.თაყაიშვილი, ფ.ლაპიაშვილი, მ.მალაზონია, მ.ჭავჭავაძე, ა.რამიშვილი, მ.მურვანიძე, გ.ალექსი-მესხიშვილი…   მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში რეჟისორებმა – თ.მაღალაშვილმა, ნ.ხატისკაცმა და თ.ჩხეიძემ თავიანთი სპექტაკლებით: ,,სადა ხარ, სოფიკო?” ,,მერი პოპინსი,” ,,უბედურება,” ,,დარისპანის გასაჭირი,” ,,კიკვიძე,” ,,დონ სეზარ დე ბაზანი”.

თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რეჟისორ შალვა გაწერელიას შემოქმედებას. მან წარმატებულ მსახიობთა არაერთი თაობა აღზარდა  და 70-90-იან წლებში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სპექტაკლი დადგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში: კ.გუდრიჩისა და ა.ჰაკეტის ,,ანა ფრანკის დღიური”, ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილი,” დავით კლდიაშვის „დარისპანის გასაჭირი“…

თავდაპირველად საქართველოში ორი მოზარდ მაყურებელთა თეატრი იყო – ქართული და რუსული. გასული საუკუნის 90-იან წლებში თეატრი სერიოზული ორგანიზაციული და შემოქმედებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მას აღარ ჰქონდა საკუთარი შენობა (რუსთაველის გამზირზე მდებარე  ნაგებობა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეეწირა). ეს კი არ იძლეოდა სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას. ეს პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა.

1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები გაერთიანდა და მათ საერთო სახელი – ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური  საბავშვო თეატრი – ეწოდა. მან ბინა დაიდო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ყოფილ შენობაში, რომელსაც საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

დღეს სპექტაკლები იდგმება როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე.

თეატრს საკმაოდ დიდი დასი ჰყავს – ასზე მეტი მსახიობი. აქვს ორი სცენა – დიდი და მცირე, ანუ ექსპერიმენტული. სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი გულღიად მასპინძლობს ყველა ხელოვანს, ვისაც ექსპერიმენტული იდეები აქვს და მათი სწორედ ამ თეატრში განხორციელება სურს.

თანამედროვეობამ უამრავი რამ შეცვალა სახელოვნებო სფეროში – აღქმის, შემეცნების, გამოხატვის თვალსაზრისით. თეატრი ამ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, მით უფრო, თუ ის „მოზარდია“. მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორები და დასი ამ ამოცანებს ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდებიან.

ბევრი იდეა აქვთ. ერთ-ერთია „ზღაპრის თეატრის“ შექმნა, სადაც ბავშვებს (დაწყებითი კლასების და უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებს) მხოლოდ წარმოდგენებს კი არ შესთავაზებენ, არამედ შეასწავლიან თეატრში ქცევის წესებს, ელემენტარულ თეატრალურ ტერმინებს. მოკლედ, მიაჩვევენ მაყურებლობას. ეს კი, მოგეხსენებათ, მართლაც ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს, თორემ მერე, უკვე დიდ დარბაზში, შუა სპექტაკლის დროს  აწკრიალებულ-მობილურიან ან გაუჩერებლად მოლაპარაკე მაყურებელს, ძალიანაც რომ მოინდომო, ბოლომდე მსგავს წესებზე ვეღარ დაიყოლიებ.

თეატრი აქტიურად დადის გასტროლებზე, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში.

რეპერტუარი მრავალფეროვანია – ქორეოგრაფიული, ვიზუალური ექსპერიმენტებით დატვირთული.

იმედია, ის დღესაც რჩება მოზარდების საყვარელ სივრცედ ქალაქში. იმედია, ისევ სიხარული მოაქვს ახალი სპექტაკლების მაუწყებელ აბონიმენტებს!

ვულოცავ დაბადებიდან  90 წლის იუბილეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს და ჭკვიან, საინტერესო, ერთგულ და აქტიურ მაყურებელს ვუსურვებ!

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი