ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რა იზიდავს ბავშვებს ინტერნეტში და რას ვერ ხვდებიან მშობლები

მშობლებს სწავლების დროს ინტერნეტის გამოყენების მიმართ უმეტესწილად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, ხოლო ბავშვებს – დადებითი.

 

სტატიის ავტორი მიმი იტო, კალიფორნიის (ირვინის) უნივერსიტეტის პროფესორი, მაკ-არტურის ფონდის ციფრული მედიისა და სწავლების სექციის თავმჯდომარე,

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) წამყვანი მეცნიერის, იაპონური წარმოშობის ამერიკელი ქალის, მკვლევრისა და მოზარდი ქალიშვილის დედის, პროფესორ მიზუკო იტოს დამაფიქრებელ წერილს ინტერნეტის, თანამედროვე განათლების სიტემისა და ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის, ურთიერთქმედებაზე. მიზუკო (მიმი) იტო ცნობილია თავისი მრავალფეროვანი გამოკვლევებითტექნოლოგიის გამოყენების კულტურულ ანთროპოლოგიაში, რომლებიც ძირითადად ბავშვებისა და მოზარდების და მედიისა და კომუნიკაციის საშუალებების ურთიერთობებს ეხება. ცოტა ხნის წინათ მან დაასრულა მაკ-არტურის ფონდის მიერ დაკვეთილი გამოკვლევა, ბავშვების მიერ ინიცირებული და სამეგობროზე დამყარებული ონლაინჩართულობის ფორმების შესახებ ახალ მედიაში. 2008 წელს მიმი იტოს ჰუმანიტარულ კვლევისთვის ამერიკის საგანმანათლებლო გამოკვლევების ასოციაციის, ჯენ ჰოქინსის სახელობის პრიზი გადაეცა.


მიმი იტო: ჩემი ქალიშვილი სკოლის მეოთხე კლასიდან ალტზე უკრავს. მუსიკის მასწავლებლის თხოვნით, იგი სხვა საქმეებთან ერთად მუსიკის გაკვეთილებს კვლავ აგრძელებს, რადგან მუსიკოსობა დაეხმარება მას კოლეჯში სწავლისას. ჩემი შვილი ასევე ფიქრობს გიტარის შესწავლაზეც, რომელიც მას უფრო ხიბლავს და რომელსაც იგი მეგობრებთან ერთად ხშირად უსმენს.


აი როგორ მიმდინარეობდა ჩვენი საუბარი გიტარის შესახებ: ”შენ რა, მართლა ფიქრობ დაიმატო ახალი საქმე?” – ვეკითხები მე. ”ჩვენ უკვე გვაქვს გიტარა. მასზე დაკვრას ჩემით შევისწავლი, ჩემს მეგობრებთან ერთად”, – მპასუხობს ქალიშვილი. მე კვლავ ვეკითხები: ”ალბათ საბაზო გაკვეთილებზე მაინც დაგჭირდება სიარული”. იგი: ”დედა, ზუსტად ამისთვის არსებობს ინტერნეტი”. აღმოჩნდა, რომ ჩემი გოგონა უკვე დიდი ხანია ინტერნეტის მეშვეობით სწავლობს გიტარაზე დაკვრას ”You Tube/იუ-თუბის” დამხმარე ვიდეოების მეშვეობით.


ჩემი ქალიშვილის კომენტარი აშკარად ირონიულია: მან იცის, რომ მე უკვე დეკადაზე მეტია ვიკვლევ დღევანდელი ახალგაზრდობის სწავლის პროცესებს და ამ პროცესების განსხვავებულობას, მსოფლიოში დაგროვილი ცოდნისა და სოციალური კავშირების მრავალფეროვნების პირობებში.


მაგრამ მე იმასაც ვაცნობიერებ, რომ ჩემი და ჩემი ქალიშვილის ასეთი ურთიერთობა ტიპურია და ასახავს იმ ბრძოლას, რომელიც მრავალ ოჯახში მიმდინარეობს. მშობლები ცდილობენ თავიანთი ბავშვები უზრუნველყონ საუნივერსიტეტო კონკურენციისათვის საჭირო კომპეტენციებით, გააცნობიერონ არასტრუქტურირებული სწავლისა და სოციალიზაციის აუცილებლობა და ამ ყველაფერში ინტერნეტის რეალური როლი დაინახონ.


დღევანდელ ახალგაზრდებს ალბათ ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება. მათ წინ კი დამთრგუნველი შრომის ბაზარი დგას. სწავლების საფასური მატულობს და სტუდენტური სესხების რაოდენობა თავის ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული. როგორც ფილიპ ბრაუნი, ჰიუ ლაუდერი და დევიდ ეშტონი ამბობენ თავიან წიგნში ”გლობალური აუქციონი”/ The Global Auction [i] , გლობალიზაცია ნიშნავს სამუშაო ადგილებისათვის გაზრდილ კონკურენციას და ამავე დროს, გაზრდილ კონკურენციას კარგ სკოლაში მოხვედრისათვის. ჩვენ უკვე ვეღარ დავეყრდნობით საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს, რომ თუ ბავშვი სკოლაში ბევრს იმუშავებს, კარგად ისწავლის, ექნება კარგი ნიშნები და შესაბამისად, მოეწყობა უნივერსიტეტში, მას ცხოვრებაში ყველაფერი კარგად ექნება. დღეს საუნივერსიტეტო დიპლომი კარგი სამსახურის მოსაპოვებლად აუცილებელი მოთხოვნაა, მაგრამ არა გარანტია, რომ ასეთ სამსახურს იპოვი. შესაბამისად, ზეწოლას სკოლაში კარგი ნიშნების თაობაზე, ემატება ზეწოლა მათ არასასკოლო აქტივობების დროსაც. ტენდენციები აჩვენებენ რომ ოჯახები, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი ბავშვების მომავალზე, სულ უფრო მეტ ინვესტიციას აკეთებენ ბავშვების განათლებისათვის საჭირო დამატებით აქტივობებში, რათა გააძლიერონ მათი განათლებისა და უნარების სტატუსი. ეს შეიძლება იყოს რობოტტექნიკის წრე, ვიოლინოს გაკვეთილები, თუ ათლეტიკა. ხშირად ასეთი დამატებითი აქტივობები უფრო შთამბეჭდავი საუნივერსიტეტო რეზიუმესათვის კეთდება, ვიდრე ბავშვის ბუნებრივი მიდრეკილებების თუ ნიჭის ხელშესაწყობად. ეს გამალებულ შეიარაღებას წააგავს, წარმატების მისაღწევად… და სამწუხაროდ, საფასური მხოლოდ ფინანსური არ არის.


სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურეს, რომ ”გადამწერი” სტუდენტები, როგორც წარსულში, დღესაც მრავლად არიან, როდესაც ეს დიდი მნიშვნელობის გამოცდებსა და ტესტებს ეხება.


სხვა გამოკვლევები აჩვენებს რომ მდიდარი ოჯახების ბავშვებში უფრო მაღალია დეპრესიის, შფოთვისა და წამლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ვიდრე სხვა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფებიდან წამოსულ ახალგაზრდებში.


ზეწოლა ”მიღწევებისკენ” მიმავალ ვიწრო ბილიკზე უზარმაზარ საფასურს ადებს ჩვენი ბავშვების კეთილდღეობას და მათ ღირებულებებს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ჩემს ქალიშვილს გულწრფელად სურს დაუკრას გიტარაზე, ისწავლოს ეს ინტერნეტით და გაერთოს ამ საქმიანობით მეგობრებთან ერთად. ეს ძალიან განსხვავდება სკოლის დავალებებისა და საუნივერსიტეტო მომზადებისთვის საჭირო მკაცრი და მჭიდრო დაგეგმილი გრაფიკისგან.


მისთვის ინტერნეტი არის და ყოველთვის იყო, თვითმართული, ინტერესებზე დამყარებული საგანმანათლებლო და მეგობრებთან სასურველი კავშირის საშუალება. გამოკვლევით[ii]ჩვენ დავადგინეთ,რომ მშობლებს სწავლების დროსინტერნეტის გამოყენების მიმართუმეტესწილადუარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, ხოლო ბავშვებს თითქმის ყოველთვის – დადებითი.


ახალგაზრდებთან ინტერვიუების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მათ მოსწონთ ინტერნეტით ინფორმაცის მოპოვება, ახლის გაგება და უბრალოდ ინტერნეტში დაბალი რისკის პირობებში და მათი თავისუფალი არჩევნით, ყოველგვარი სტრუქტურირების გარეშე ”სერფინგი”.


ზოგი ბავშვი ჩაფლულია ონლაინსახელძღვანელოების კითხვაში, ფორუმებში და საექსპერტო წრეებში, სადაც ისინი იმ საკითხებს ეცნობიან, რომლებიც აინტერესებთ. იქნება ეს მოყვარულთა/თაყვანისმცემელთა ჯგუფები თუ მხატვრული წერის საზოგადოება, ონლაინვიდეოები თუ ქსელური ვიდეო-თამაშები. ისინი ასევე საუბრობენ იმ დროზე, რომელსაც ინტერნეტში მეგობრებთან ”ჩატში” (ონლაინმიმოწერაში) ატარებენ. ეს ზუსტად ის ურთიერთობებია, რომელიც მათ ასე აკლიათ მოსწავლის მკაცრად განსაზღვრულ გრაფიკებში.


ამერიკელი ერისადმი მიმართვის დროს, პრეზიდენტმა ობამამ უნივერსიტეტები და კოლეჯები სწავლის ფასების ზრდის გამო გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ განათლების დაწესებულებები ხელს არ უწყობენ ახალგაზრდებს და არ ახდენენ მათი ნიჭისა და სამუშაო შესაძლებლობების ერთმანეთთან დაკავშირებას. ობამას შენიშვნა კარგად ასახავს დღევანდელი სამყაროს ეკონომიკურ რეალობას და ჩვენს ილუზიას – რომ უნივერსიტეტი ჩვენს კარიერასთან დაკავშირებულ ცოდნას მოგვცემს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ იზრდება ზეწოლა უნივერსიტეტებზეც. მათ სულ უფრო ხშირად სთხოვენ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ ”მასობრივი ღია ონლაინკურსები”, დამატებით ბოლო დროს გავრცელებულ ”დისტანციურ სწავლებასა” თუ ”განვრცობით კურსებზე”.


მე ორივე ხელით ვემხრობი ყველანარი ონლაინკურსების გავრცელებასა და მრავალფეროვნებას, თუმცა საკლასო ოთახში ინსტრუქციის ექსკლუზიურობასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. ახალგზრდებს, როდესაც საკითხი მათ სწავლას ეხება, ნამდვილად სწყურიათ იმის შესწავლა, რაც მათთვის შესაბამისია და რაც მათი სოციალური ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მათ სურთ თავისუფლად აირჩიონ, როგორ, სად და რა ისწავლონ, მათთვის ამის წინასწარ განსაზღვრის გარეშე. 


ინტერნეტში სწავლა ნიშნავს ”პოსტის” დადებას მჭახე შეკითხვით ისეთ პოპულარულ ფორუმებზე, როგორებიცაა Quora ან Stack Exchange-ი, საინტერესო ვიდეოს ატვირთვის პროცესს YouTube-ზეან Vimeo-ზე, ან ისეთი საიტებზე შესვლას, სადაც ახალი წამოწყებებისა და პროექტების განხილვა მიმდინარეობს (Instructables, Skillshare, Mentormob). დღეს ის ხალხი, რომლებსაც ცოდნის გაზიარება შეუძლიათ, მხოლოდ პროფესორები აღარ არიან. ინტერნეტის მეშვეობით ყველას, ვისაც რაიმე აქვს გასაზიარებელი, შეუძლია ეს მთელი მსოფლიოსათვის გააკეთოს.


როდესაც ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტს დაამთავრებს, მსურს რომ მას შეეძლოს საინტერესო შეკითხვების დასმა, გონიერი არჩევნის გაკეთება, თუ საით მიმართოს თავისი დრო და ყურადღება. მსურს მან მას ჰქონდეს ისეთი კარიერა, რომელიც უფრო მეტი იქნება, ვიდრე მხოლოდ თვითგანვითარება.


ვამაყობ ჩემი გოგონათი, რომელიც კარგად ახერხებს სკოლის მკაცრი სწავლებისა და არასასკოლო განვითარების შეთავსებას. მაგრამ განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმით, რომ მას შეუძლია გამონახოს დრო თავისი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, რომელიც მიმართულია თავისი და თავისი მეგობრების განვითარებისკენ.


ინტერნეტმა და მეგობრებმა ჩემს ქალიშვილს შესთავაზეს ცხოვრების ის გზა, რომელიც ახალი საინტერესო თემების გამოკვლევას გულისხმობს და რომელიც მისი რეზიუმეს შესალამაზებლად და სხვების ”საჯობნად” არ არის გამიზნული. დღევანდელი სამყაროს დაძაბულ ყოველდღიურობაში, მოზარდებისათვის ინტერნეტი იმ იშვიათ ნავთსაყუდელად გადაიქცა, რომელშიც მათთვის საჭირო გაკვეთილების სწავლა ჯერ კიდევ შესაძლებელია.


წყარო: https://www.theatlantic.com/technology/archive/2013/03/what-teens-get-about-the-internet-that-parents-dont/273852/


სტატია ინგლისურიდან თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი