პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ ტირიან ბავშვები

რამდენიმე დღის წინ, სამსახურისკენ მიმავალი, ავტობუსში ორი ქალბატონის დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. ერთი მათგანი, საბავშვო ბაღის ახალგაზრდა აღმზრდელი, თავის გასაჭირს უზიარებდა მეგობარს: „არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ჩემს ჯგუფში ყველა ბავშვი ტირის. ბევრის დამშვიდებას და გაჩერებას ვახერხებ, მაგრამ ერთი პატარა ბიჭუნა სერიოზულ პრობლემად მექცა, ვერაფრით დავაწყნარე, გაუთავებლად ტირის. დედამისი დამემუქრა, თუ ჩემს შვილს არ მიხედავთ, დირექციასთან გიჩივლებთ და სამსახურს დაგატოვებინებთო. ნუ შემოიყვანდა ორი წლის ბავშვს ბაღში და პრობლემაც არ იარსებებდა!“ – აღშფოთებას ვერ მალავდა შეწუხებული ქალი. მეგობარმა თანაგრძნობით მოუსმინა და ასეთი რჩევა მისცა: „იცი, რას გეტყვი? იმ მშობელს გადაეცი, რომ ტირილი სასარგებლოა ბავშვისთვის, სწორედ ტირილის დროს უვითარდება მას ფილტვები, ამიტომ დიდად ნუ შეწუხდება, თუ ბავშვი ტირის“.

მაინც, რა არის ტირილი, რას გვეუბნება ბავშვი თავისი ცრემლებით? როგორ მოვიქცეთ, თუ პატარა გამუდმებით ტირის და „ჭკუიდან გადაჰყავს“ უფროსები? სანამ ატირებული ბავშვის დასამშვიდებლად რაიმე სტრატეგიას შევიმუშავებდეთ, აუცილებლად უნდა გავერკვიოთ ტირილის ბუნებაში, მის მიზეზებში. ამასთან, საჭიროა, გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკიც, ვინაიდან სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე ტირილის მიზეზი შეიძლება სრულიად სხვადასხვა რამ იყოს. ვფიქრობ, შეუძლებელია ისეთი ბავშვის პოვნა, რომელსაც არასოდეს უტირია. ტირილი თითოეული მათგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც კი ბავშვი ამ ქვეყანას მოევლინება, ტირილს იწყებს. პირველ ტირილთან ერთად ახალშობილის ფილტვებში ხვდება ჰაერის პირველი ულუფა. ცხადია, ჯანმრთელმა პატარამ უნდა იტიროს. ჩვილს არ შეუძლია, სხვაგვარად გაგვაგებინოს თავისი მოთხოვნილებებისა და უსიამოვნებების შესახებ. ურთიერთობის ერთ-ერთ ძირითად ხერხს მისთვის ტირილი წარმოადგენს. ის საუკეთესო საშუალებაა გარშემო მყოფთა ყურადღების მისაპყრობად. ტირილი ძლიერი ფსიქიკური განცდის გამოხატულებაა, თავისებური ემოციური აფეთქება, რომელიც აღმოცენდება წინმსწრები დაძაბულობის ფონზე. ის შეიძლება იყოს დაძაბულობის განმუხტვის შედეგი. მდგომარეობის შემსუბუქება, რომელსაც განიცდის ბავშვი ტირილის შემდეგ, გარკვეული აზრით, ხელს უწყობს გუნება-განწყობის გაუმჯობესებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ტირილი ემოციური ტონუსის რეგულაციის საშუალებას წარმოადგენს.

 

ტირილის ძირითადი მიზეზები

  • სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვის ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. ამ ასაკში, როგორც წესი, ის ტირის იმიტომ, რომ შია, სწყურია, ეძინება, ჩასველებულია, ძალიან სცხელა ან ძალიან სცივა. ბავშვს ჯერ არ შეუძლია ლაპარაკი და თავის ყველა სურვილს ტირილით გამოხატავს მშობლების ყურადღების მისაპყრობად. მოგვიანებითაც, როცა პატარა ისწავლის პირველი სიტყვების წარმოთქმას და თითქოს უკვე სიტყვიერად უნდა გამოხატოს თავისი სურვილები, ის მაინც ტირის და ჭირვეულობს, როცა რამე სურს. ეს რეფლექტორულად ხდება, ვინაიდან ქვეცნობიერში ჩადებულია ინფორმაცია სურვილების ასეთი ხერხით ასრულებაზე.
  • ხშირად ბავშვები ტირილს იწყებენ უცხო ადამიანების გარემოცვაში მოხვედრისას. თუ ამას თან სდევს დედის მუქარაც: „შეწყვიტე ზლუქუნი, თორემ, აი, იმ დეიდას გავატან შენს თავს“, – ძალიან ძნელი იქნება ბავშვის დამშვიდება. თუ დედის სიტყვებს უცნობი ქალბატონიც გამოეხმაურა: „მომეცით, მომეცით, წავიყვან“, – ბავშვი შეიძლება პანიკაში ჩავარდეს მთელი სიცოცხლის უცხო ადამიანების გარემოცვაში გატარების პერსპექტივის გამო. ვინაიდან პატარა უფროსების ნათქვამს პირდაპირ აღიქვამს, ასეთი „საფრთხე“ მასში ავითარებს უცხო ადამიანების მიუღებლობას და მომავალში თავისუფლად, ლაღად და უსაფრთხოდ თავს მხოლოდ ნაცნობ გარემოში, ნაცნობებისა და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში იგრძნობს.
  • გაღიზიანების, ცრემლებისა და ჭირვეულობის მიზეზი ხანდახან დღის განმავლობაში შთაბეჭდილებებით უზომო გადატვირთვაა. თუ ბავშვი დროის განსაზღვრულ მონაკვეთში წავიყვანეთ მაღაზიებში, სტუმრად, ვასეირნეთ პარკში, მოვატარეთ ზოოპარკი და კარუსელებზეც ვატრიალეთ, მისთვის ძნელი იქნება ამ მოცულობის ინფორმაციის აღქმა, გაგება და გადახარშვა. დიდი ალბათობით, ის ჭირვეულობას და ტირილს დაიწყებს.
  • თუ ბავშვი ვერ პოულობს ვერავითარ გასართობს და განიცდის მშობლებთან უშუალო ურთიერთობის მოთხოვნილებას, უფროსების ყურადღების მისაპყრობად მან შესაძლოა თავისი სურვილი ტირილით, ცრემლების ღვრით და ქვითინით გამოხატოს.
  • ბავშვის ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს საშინელი სიზმრები, კოშმარები. ამასთან, მან შეიძლება ტირილი დაიწყოს არა მხოლოდ საშინელი სიზმრის გამო. სამყაროში არსებობს ბევრი ისეთი რამ, რაც ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის და ვერ ხსნის. აქედან მოდის ძლიერი შიშიც და პატარა იწყებს ტირილს ისტერიკამდე და მტკივნეულ სპაზმებამდე.
  • როდესაც ბავშვი ავად ხდება და არ შეუძლია აგვიხსნას, რა სტკივა, ის იწყებს ტირილს, ჭირვეულობს, უარს ამბობს ჭამაზე, ძილში შფოთავს.
  • ტირილი ბუნებრივი რეაქციაა, თუ პატარა დაეცა და რამე იტკინა. საერთოდ, ბავშვები ძალიან სერიოზულად აღიქვამენ თავიანთ მარცხს. მაშინაც კი, როცა არცთუ ისე ძლიერად ეცემიან – ამისგან მაინც მთელ ტრაგედიას ქმნიან. მათთვის ხომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციონ, თანაუგრძნონ და შეიბრალონ.
  • ხშირად ბავშვი იმიტომ ტირის, რომ არ სურს საბავშვო ბაღში წასვლა. ის მიეჩვია, რომ დედა ყოველთვის მის გვერდითაა. უცხო გარემოში მოხვედრისას და მხედველობის არიდან მშობლის დაკარგვისას ბავშვს ეუფლება შიში, დაუცველობის განცდა, იწყებს დედის ძებნას და როცა ვერ პოულობს, უკმაყოფილებას ტირილით გამოხატავს.
  • ბავშვი ტირილით გამოხატავს უკმაყოფილებას მაშინაც, როცა რამე არ გამოსდის. მაგალითად, წინდების დამოუკიდებლად ჩაცმა. ამ დროს ის იწყებს ნერვიულობას, ტირილს და ამით ცდილობს უფროსების ყურადღების მიპყრობას, რომ დაეხმარონ.

ბავშვის ტირილს უამრავი სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, მკვდარი პეპლის, ძაღლის ან კატის დანახვა, ზღაპრის საყვარელი პერსონაჟის მიმართ თანაგრძნობა.

 

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ტირის – რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • ნუ ევეცდებით ნებისმიერი ხერხით მის გაჩუმებას. ამით სერიოზულად გავრისკავთ და მხოლოდ დისტანციას კი არ გავზრდით ჩვენსა და ბავშვს შორის, არამედ გულგრილობისა და გაუგებრობის ნამდვილ კედელს აღვმართავთ.
  • არც ის შეიძლება, საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ტირილს – ამით შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მივაყენოთ უფროსების მიმართ ბავშვის ნდობას.
  • როდესაც ტირილი აშკარად ისტერიკის ხასიათს ატარებს, ყველაზე უკეთესია, არ განვამტკიცოთ ის გადაჭარბებეული ყურადღებით და შევქმნათ პირობები ნერვული დაძაბულობის გარეთ გამოსასვლელად.
  • შევეცადოთ დასჯის გამოუყენებლობის გარანტიით ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის დამყარებას ბავშვთან ტირილის მიზეზების დასაძლევად.
  • თუ ბავშვი ავადმყოფობის გამო ტირის, ნუ მივყოფთ ხელს თვითმკურნალობას – სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს.
  • ავადმყოფობის დროს, როგორც წესი, ბავშვი მადას კარგავს. ძალით ნუ ვაჭმევთ. ნურც საწოლში გავაჩერებთ ძალით – ბავშვის დიდხანს წოლას, როცა მას ეს არ სურს, თან სდევს ტირილი. გავითვალისწინოთ, რომ პატარა ტირილზე არანაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე სიარულზე. ჩავაცვათ ტემპერატურული რეჟიმის შესაბამისად, მაგრამ კომბოსტოსავით ნუ შევფუთავთ. გავითვალისწინოთ, რომ გადახურება სახიფათოა ბავშვისთვის, განსაკუთრებით – როცა ავად არის.
  • თუ ბავშვი ტირის, ჭირვეულობს და ექიმთან არ მოგვყვება, ავუხსნათ, რატომ მიგვყავს პოლიკნინიკაში და როგორ ჩაივლის ეს ვიზიტი. ექიმისადმი ბავშვის დამოკიდებულება მშობლების საშუალებით ყალიბდება, ამიტომ უნდა ავუხსნათ, რომ ამ ვიზიტში არაფერია სახიფათო, რომ მას იქ არაფერს ატკენენ. ნუ შევაშინებთ ბავშვს ნემსით და საავადმყოფოთი – ამგვარად შესაძლოა, ჩვენდა უნებურად ჩავუნერგოთ მას თეთრხალათიანი ადამიანების შიში და მიუღებლობა, რომელიც, დიდი ალბათობით, მთელი ცხოვრება გაჰყვება.
  • თუ ბავშვი იმიტომ ტირის, რომ არ უნდა საბავშვო ბაღში წასვლა, მოვერიდოთ მის ძალით წაყვანას, ყვირილს და იმით დაშინებას, რომ თუ ტირილს არ შეწყვეტს, აღარ მივაკითხავთ. საბავშვო ბაღში სიარულს ფსიქოლოგიურ ტრავმად ნუ ვაქცევთ. გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს პატარას ნამდვილად აქვს ნერვიულობის და შფოთვის მიზეზი – ის ხვდება უცხო გარემოში საყვარელი, ახლობელი ადამიანების გარეშე. ამასთან, ადაპტაციის პერიოდი სხვადასხვა ბავშვისთვის სრულიად სხვადასხვანაირია – ერთი ბაღს შეიძლება ძალიან სწრაფად შეეგუოს, მეორეს კი გარკვეული დრო დასჭირდეს. კარგი იქნება, თუ პატარას წინასწარ ავუხსნით, რატომ მიგვყავს საბავშვო ბაღში. დავარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტო, რომ მოგვბეზრდა ის ან მისი მოვლით დავიღალეთ, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს და მისი თავიდან მოცილება გვინდა, არამედ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, უფრო საინტერესოდ და შინაარსიანად გაატაროს დრო. საჭიროა ძალისხმევა და მოთმინება, რომ ბავშვი ახალ გარემოს შეეგუოს. ვესაუბროთ საბავშვო ბაღზე, იმაზე, თუ რას გააკეთებს იქ. აუცილებლად ვუთხრათ, რომ უკვე დიდია და ვამაყობთ მისით – ის ხომ ახლა ისევე დადის საბავშვო ბაღში, როგორც ჩვენ – სამსახურში. დავარწმუნოთ, რომ იქ მას არ აწყენინებენ, რომ იქ არიან სხვა ბავშვებიც, არის სათამაშოებიც. დავრთოთ ნება, თან წაიღოს საყვარელი სათამაშო, რათა თავი უფრო მშვიდად იგრძნოს. ამ დროს სათამაშოს სახით სახლის ნაწილია მასთან და ბავშვიც უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ძალიან მზრუნველ მშობლებსაც კი არ შეუძლიათ შვილის დაცვა ცხოვრებისეული უსიამოვნებებისგან. ბავშვი გარე სამყაროსგან მუდმივად იზოლირებული ვერ გვეყოლება და არც უნდა გვყავდეს. ამიტომ მტირალ პატარასთან ურთიერთობისას ყველაზე უბრალო ტაქტიკაა – ნუ გავღიზიანდებით, ვიყოთ მის გვერდით და ვაგრძნობინოთ, რომ მზად ვართ მის დასახმარებლად. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყური მივუგდოთ ბავშვის ტირილს, გავიგოთ მისი აზრი. გავითვალისწინოთ, რომ ტირილი ბავშვისთვის ურთიერთობის ენაა. ნუ ვიქნებით ყრუ მის მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ამ ენაზე საუბარი დაგვავიწყდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი