შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების როლი სწავლა-სწავლების პროცესში

სტატიის შესავალ ნაწილზე ფიქრისას, უეცრად გონებაში ამომიტივტივდა კარლ როჯერსის კითხვები, რომლებსაც იგი საკუთარ თავს დაუსვამდა, მასწავლებელი რომ ყოფილიყო და, გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება, რაც Microsoft-ის საპილოტე პროექტში (სახელწოდებით: „ერთი ერთზე სწავლების კონცეფცია”) თანამონაწილეობამ შემძინა, მჭიდროდ დამეკავშირებინა როჯერსის იდეებთან.

მიუხედავად იმისა, რომ კარლ როჯერსი თავად არასდროს ყოფილა პრაქტიკოსი მასწავლებელი, მისი იდეები დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე განათლების მეთოდებსა და პრაქტიკაზე. მან შექმნა სწავლების საკუთარი კონცეფცია – პიროვნებაზე ცენტრირებული ალტერნატიული პედაგოგიკა, რასაც, ჩემი აზრით,  ჩვენს რეალობაში შეიძლება დავუმატოთ ტერმინი: “ტექნოლოგიური პედაგოგიკა”. როჯერსი გამოდის ტრადიციული პედაგოგიკის ზოგიერთი მიდგომის წინააღმდეგ და ყურადღებას სწავლების პროცესში გააზრებული შესწავლის მიზნით განხორციელებულ ფასილიტაციაზე ამახვილებს. ფასილიტაცია, როჯერსის აზრით, მოსწავლისათვის სწავლის პროცესის შემსუბუქება და სტიმულირებაა. სწორედ ამ ორი ფაქტორის (შემსუბუქება და სტიმულირება) ეფექტურობას ეფუძნება სწავლების მაღალი ხარისხი, იგივე ხარისხიანი განათლება. რა შეიძლება იყოს დღეს უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი, ვიდრე სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაა? ეს საკლასო ოთახში ემოციური და ინტელექტუალური გარემოს შექმნის უზრუნველყოფას, ასევე პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას ნიშნავს. როჯერსი განიხილავს მასწავლებელ-ფასილიტატორის სამ ძირითად მახასიათებელს:

1. მასწავლებლის “კონგრუენტულობა”, ანუ მისი “ნამდვილობა”. იგი გულისხმობს, რომ მოსწავლეებთან დამოკიდებულებაში მასწავლებელი უნდა იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
2. “ნდობა”, “მიღება”, რაც ნიშნავს მასწავლებლის შინაგან თავდაჯერებულობას თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და უნარებში, მათ უპირობო მიღებას;
3. ,ემპათიური გაგება”. ეს არის მასწავლებლის უნარი, დაინახოს თითოეული მოსწავლის შინაგანი სამყარო. 

კარლ როჯერსის აზრით,  თუკი ეს სამი აუცილებელი შემადგენელი ელემენტი ერთობლივად არ არსებობს, მასწავლებელი, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველ გავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნებაზე, მის ფორმირებაზე. ამ კონტექსტში, ჩემი მცირედი პედაგოგიური გამოცდილებით, შევეცდები, პარალელები გავავლო სწავლა-სწავლების პროცესის დასახელებულ სამ ძირითად კომპონენტსა და ტექნოლოგიებით სწავლებით მნიშვნელობაზე.
დამეთანხმებით, რომ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ ზრდასრული ადამიანებიც კი, ხშირ შემთხვევაში, ვირტუალურ სამყაროში გაცილებით უკეთ წარმოაჩენენ საკუთარ “მე”-ს, ვიდრე პირისპირ, ცოცხალ ურთიერთობებში. მიმაჩნია, რომ ეფექტური მასწავლებელი მოსწავლეებთან ჯანსაღ ემოციურ დისტანციაზე ყოფნით ინარჩუნებს მეტ ობიექტურობას, აბალანსებს და განიხილავს ცალკეული მოსწავლის საჭიროებას კლასის საჭიროებებთან შესაბამისობაში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ უკეთ გაერკვეს საჭიროებების არსში, არამედ მიაგნოს რეაგირების ინოვაციურ მეთოდებს და ამით ხელი შეუწყოს მოსწავლეთა სხვადასხვა უნარების განვითარებას, რომელთა შესახებაც დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ.

გთავაზობთ კ.როჯერსის ერთ-ერთი გამოსვლიდან მცირე, მაგრამ ძალიან საინტერესო ნაწილს:
“არასოდეს ვყოფილვარ სკოლის მასწავლებელი და არც უნივერსიტეტის სტუდენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ამრიგად, ჩემთვის უცნობია ის სიტუაცია, რომელსაც თქვენ ყოველდღე საკლასო ოთახში პირისპირ ეჯახებით. ამიტომ, მე ავირჩიე შემდეგი გზა: შევეცადე, წარმომედგინა, თუ რა კითხვებს დავუსვამდი საკუთარ თავს, ნიჭიერი ან სრულიად ჩვეულებრივი ბავშვების მასწავლებელი რომ ვიყო. 

კითხვა პირველი: “რას ნიშნავს იყო ბავშვი, რომელიც “არა პროგრამით”, არამედ თვითონ, დამოუკიდებლად სწავლობს რაიმეს.
 ყველაზე ცოტა, რასაც გავაკეთებდი არის ის, რომ შევეცდებოდი გადამექცია სკოლა მეგობრულ სახლად, რომელშიც თითოეულ ბავშვს შეეძლებოდა საკუთარი სამყაროს შემოტანა”.

მიმაჩნია, რომ, აქ უკვე ტექნოლოგიების როლი და მისია ძალიან პროდუქტიული შეიძლება გახადოს მასწავლებელმა. ვფიქრობ, რომ წარმატებული მასწავლებელი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც შთააგონებს და მოტივაციას მისცემს მოსწავლეებს ძალდაუტანებლად. მასწავლებელს ესაჭიროება უნარი, მოერგოს ყველა სიტუაციას და შეძლოს მოსწავლეთა წახალისება, მხარდაჭერა და, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებმა უნდა მიაღწიონ მანამდე მათთვის წარმოუდგენელ შედეგებს. ამ მხრივ კი, ვფიქრობ, რომ ჩვენი დროების სამყაროში,  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ანალოგი არ აქვს. მოსწავლეთა უნარების განსავითარებლად ტექნიკების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლე ყოველთვის იწვევს დაინტერესებას. ეს ნათლად გამოიკვეთა პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების დროს. მოსწავლეთათვის ახალმა საგანმანათლებლო აპლიკაციების აღმოჩენამ მათ მოტივაციაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა (დეტალურად სტატიის დასასრულს მოგახსენებთ)  და, რაც მთავარია, ეს მოხდა მასწავლებლის დახმარების გარეშე, ანუ მოხდა ტექნოლოგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარის ხელშეწყობა.

როჯერსი, კითხვა მეორე: “გავბედავდი თუ არა ჩავკეტილიყავი ჩემი მოსწავლეებისათვის, თუ ვიქნებოდი მათთვის ის, ვინც ვარ სინამდვილეში – ადამიანი, რომელმაც ხშირად რაღაც არ იცის, რომელიც ხშირად ყოყმანობს, ეშლება და ეძიებს?წავიდოდი თუ არა ასეთ რისკზე და რას მომცემდა ეს?
ყოველთვის ვერ  გავრისკავთ მასწავლებლის კვარცხლბეკიდან ჩამოსვლას და იმ ადამიანად გადაქცევას, რომელიც სწავლობს მათგან, ვისაც ასწავლის. თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოვიქცეოდი. მე წავიდოდი რისკზე და, სამაგიეროდ, მოიგებდა ყველა”.
მეც ასე მოვიქეცი, რადგან მიმაჩნია, რომ მასწავლებელი აუცილებლად გულღია და ჰუმანური უნდა იყოს. მანაც უნდა აღიაროს საკუთარი ნაკლოვანებები და თავისი უშუალობით დაეხმაროს მოსწავლეებს, გამოხატონ საკუთარი ნება, იყვნენ გაბედულები და შეძლონ როგორც საკუთარი უნარებისა და ღირსებების წარმოჩენა, ასევე შეცდომების აღიარება. არ მრცხვენია ვაღიარო, რომ მიუხედავად ტრენინგზე ათვისებული ტექნიკებისა, ჩემმა მოსწავლეებმა ჩემზე უკეთ მოახერხეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საკლასო სივრცეში.
როჯერსი, კითხვა მესამე: “რა აინტერესებთ ჩემს მოსწავლეებს? შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ არც ისე ძნელია გაიგო, რითი არის მოსწავლე დაინტერესებული ყველაზე მეტად. ეს შეიძლება გააკეთო პირდაპირ, უბრალოდ შეეკითხო, მას ან ირიბად. თუმცა, ყველაზე კარგია შექმნა შემოქმედებისა და ნდობის ისეთი ატმოსფერო, რომელშიც ეს ინტერესები გამომჟღავნდება ბუნებრივად”.
სწორედაც რომ მრავალფეროვანი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ბუნებრივად ვლინდება მოსწავლეთა ინდივიდუალური მიდრეკილებები და ინტერესები საკლასო სივრცეში. უფრო მეტიც, ხდება კრეატიული და თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ჩატარებული შვიდივე აქტივობის დროს მოსწავლეები თავად წყვეტდნენ, ვინ რას გააკეთებდა. მათ ჰქონდათ სრული ნდობა ჩემი მხრიდან, რაც ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. ინდივიდუალური უნარებისა და მიდრეკილებების შესაბამისად, თავად მოსწავლეები ინაწილებდნენ შესასრულებელ სამუშაოს: ზოგი მათგანი პოსტერს აფორმებდა შესაბამისი ნახატით, ზოგი – windows-ის მაღაზიაში ეძებდა თემატურ აპლიკაციას, ნაწილი ხატავდა ან წერდა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ფუნქციების მართებულად გადანაწილების შედეგად, მოხდა დროის ეფექტურად გამოყენება და ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, გახლავთ ერთმანეთის აზრისა და ინტერესების პატივისცემა და გათვალისწინება. ასევე, მოსწავლეთა შორის ურთიერთსტიმულირება. მე კი, როგორც მათი მასწავლებელი, ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი თავს ფასილიტატორის როლში. 
როჯერსი, კითხვა მეოთხე: “როგორ დავუჭიროთ მხარი და შევინარჩუნოთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა.
ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ სასკოლო სწავლების პერიოდში ბავშვები კარგავენ ინტერესს სწავლის მიმართ. ეს სასკოლო სწავლების ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელია. 
ერთხელ კალიფორნიის უნივერსიტეტის რექტორმა მითხრა, რომ მის მიერ ბავშვების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი ცნობისმოყვარეობა იქნებოდა. 
აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორი მწერს: “მინდა გაგიზიაროთ ჩემი ექსპერიმენტის გამოცდილება; ჯგუფში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. ეს გახლდათ ყველაზე საუკეთესო კურსი, რომელიც ოდესმე ჩამიტარებია. სტუდენტების მუშაობა ისეთ მაღალ შემოქმედებით დონეზე წარიმართა, როგორსაც აქამდე იშვიათად შევხვედრივარ. დაიწყო აქტიური შემოქმედებითი მუშაობის ტალღა: ანგარიშები, ინფორმაცია, დამოუკიდებელი კვლევები, პროექტები და ა.შ. ეს ამაღლებული განწყობა გადაედოთ სხვა ჯგუფის სტუდენტებსაც. ისინი მოდიოდნენ ჩემს „ცდისპირებთან” და თხოვდნენ გაეზიარებინათ მათთვის ახალი აღმოჩენებით გამოწვეული სიხარული.  და რაც მთავარია, კარლ, არაჩვეულებრივად სასიამოვნო იყო იმ სიტუციაში ყოფნა, რომელშიც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ისე ესწავლათ, როგორც მათ მიაჩნდათ სწორად. და როგორ თავისუფლად ვგრძნობდი მე თვითონ თავს არა მასწავლებლის, არამედ იმ ადამიანის როლში, რომელიც ეხმარება მათ სწავლაში და თვითონაც სწავლობს მათგან!”
სწორედაც რომ მეც ბევრი დეტალი ვისწავლე ჩემი “Smart” მეექვსეკლასელი მოსწავლეებისგან და მეც გაცილებით თავისუფლად ვგრძნობდი თავს იმ გაკვეთილებზე, როდესაც პლანშეტ-ტრანსფორმერებს ვიყენებდით, რადგან ვხედავდი, რომ ყოველგვარი ტრენინგის (რაც საპილოტე პროქტის დაწყებამდე მასწავლებლებს Microsoft-ის ტრენერების მიერ ჩაგვიტარდა) გარეშე როგორ მოხერხებულად ართმევდნენ თავს დავალებებს. ახალი თაობა ტექნოლოგიურად უფრო და უფრო წინ მიდის და ეს შეუქცევადი რეალობაა. მოსწავლეები ახალი ტექნოლოგიების სივრცეში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ. ამ დროს მე ვიყავი საგაკვეთილო პროცესის ფასილიტატორი, მიმართულების მიმცემი და დროის რეგულატორი. მიხაროდა, როცა ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ გუნდურად, წყვილებშიც, სიამოვნებით, სიცილით… ვაკვირდებოდი, როგორ ახერხებდნენ პროცესის დამოუკიდებლად წარმართვას, პერიოდული ადგილობრივი ტექნიკური შეფერხებების დამოუკიდებლად გადალახვას (მაგ: მოსწავლეებმა უცებ შეიმუშავეს ალტერნატიული გზა, როცა ინტერნეტის შეფერხება დაფიქსირდა: მათ სკოლის შენობის გვერდით არსებული კორპუსის ინტერნეტის პაროლით ისარგებლეს. ასევე, გამოიყენეს მობილური ტელეფონები Microsoft-ის მაღაზიაში მოძიებული აპლიკაციების Google-ის საძიებო სისტემაში არსებულ აპლიკაციებთან შედარება-განსხვავებულობის დადგენის მიზნით  და სხვ.); მოსწავლეები გაიტაცა ასეთმა თვითრეგულირებულმა სასწავლო პროცესმა. და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო. ვამჩნევდი, მათ ამ პროცესში (რომელიც შვიდი თვე გაგრძელდა) როგორ უვითარდებოდათ სხვადასხვა სახის ზოგადი უნარები, როგორიცაა: შედარება, ანალიზი, კვლევის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის უნარი, დროის მართვის უნარი და ა.შ. მათ სახეებზე ფიქსირდებოდა ახალი აღმოჩენებით გამოწვეული სიხარული, არ სურდათ გაკვეთილის დასრულების მაუწყებელი ზარის დარეკვა და იყვნენ გამორჩეულად მოტივირებულნი. 

როჯერსი, კითხვა მეხუთე: “როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეთათვის ისეთი მასალის მიწოდება, რომელიც დააინტერესებს და გაიტაცებს მათ, უპასუხებს მათ მიდრეკილებებსა და შესაძლებლობებს, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული მოსწავლისათვის სასურველ თავისუფალ არჩევანს. 
ეს ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომელსაც კარგმა მასწავლებელმა მეცადინეობისთვის გამოყოფილი დროის 90% უნდა დაუთმოს. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელშიც ბავშვს არ შეუძლია არ ისწავლოს და მეტიც, გააკეთოს ეს სიამოვნებით. ერთ-ერთი გზა არის მდიდარი და ფანტაზიის განმავითარებელი მასალის შექმნა”.
მე ვფიქრობ, რომ, თუ ერთი მხრივ, ინტერნეტ-სივრცეში არსებული უკვე მზა აპლიკაციების, ცხრილების, დიაგრამებისა და სხვა საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება აღარ იძლევა მოსწავლეებში ფანტაზიის უნარის განვითარების შესაძლებლობას, მეორე მხრივ, პირიქითაც შეიძლება მოხდეს: უკვე არსებული რესურსის საფუძველზე შეიქმნას ახალი რესურსი. კრეატიულ მიდგომას ხომ  ჩარჩოები არ აქვს. მაგ. როდესაც ჩვენი ერთ-ერთი აქტივობის თემა იყო ინგლისურენოვანი იდიომები, მოსწავლეებმა საკუთარი ნახატებით გააფორმეს იდიომატური გამონათქვამები, მაშინ როცა აპლიკაციებში ამგვარი გაფორმება არ იყო მოცემული. მოსწავლეთა ეს მიდგომა იდიომების უკეთ ათვისების მიზნით ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. მათ ნახატების მიხედვით მოახდინეს გამონათქვამების იდენტიფიცირება და მათი ცოდნა ამ გზით უფრო გამყარდა, განმტკიცდა და გახალისდა (მასალა შეგიძლიათ იხილოთ pilnetwork-ზე).

 

როჯერსი, კითხვა მეექვსე: “მაქვს თუ არა მე საკმარისი მოთმინება და ვაჟკაცობა იმისათვის, რომ მივეხმარო მოსწავლეს მისი შემოქმედებითი იდეების დაბადებაში?”
აქ რა შეიძლება იყოს უკეთესი ინსტრუმენტი, თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ონლაინ-რესურსების განახლებული მასალები ხომ ამოუწურავია, თუმცა ვფიქრობ, მოსწავლეს სჭირდება ორიენტირი, სად ეძებოს შესაბამისი ინტერნეტ-რესურსი. სწორედ ამ მხრივ იყო ძალიან სასარგებლო ამ პროექტში მონაწილეობა. ყოველი ახალი აქტივობა მომდევნო იდეას ქმნიდა, მოსწავლეებს ჰქონდათ არაერთი წინადადება, სურვილი, გეგმა. ზოგი მათგანი შევასრულეთ, ნაწილი კი ვეღარ, ფიზიკურად დრომ აღარ მოგვცა ამის საშუალება.
მე, ჩემი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემს კლასში შექმნილიყო ურთიერთპატივისცემისა და თავისუფალი თვითგამოხატვის ატმოსფერო, რაც აუცილებლად მისცემს შემოქმედებით ადამიანს საშუალებას, შექმნას ნახატი, ილუსტრაცია, პოსტერი, გამოსცადოს ახალი სიტუაციები და არ ეშინოდეს იმისა, რომ ამისათვის გახდება განსჯის საგანი. 

როჯერსი, კითხვა მეშვიდე: “შევძლებ თუ არა ჩემს მოსწავლეებში არა მარტო შემეცნებითი, არამედ გრძნობების სფეროში განვითარების უზრუნველყოფას?
ყველას კარგად გვესმის, რომ სწავლების არსებული სისტემის ტრაგედია ის გახლავთ, რომ წამყვანი და ძირითადი აქცენტი მხოლოდ ინტელექტუალურ განვითარებაზე კეთდება”.
მე ვისურვებდი, თუკი ვიქნებოდი მასწავლებელი, გამეკეთებინა ისე, რომ ჩემს კლასში სწავლება მიმდინარეობდეს ისე, რომ მან მოიცვას მთელი ადამიანი, მთელი მისი პიროვნება. ეს ძნელი, მაგრამ აუცილებელია”. 
ვფიქრობ, ყოველი ახალი თემის/მიდგომის/აქტივობის ჩართვა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა საკითხით დაინტერესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით მუშაობამ, ინგლისურენოვანი მასალის ათვისება უფრო გაამარტივა და გაახალისა. ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, რომ მოსწავლეებს სხვა არასტანდარტული აქტივობებიც გამოეცადათ, რომ გარდა მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებისა, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტების ხელშეწყობა მომხდარიყო. მაგალითისთვის გავიხსენებ “ღიმილების აქციას”. ეს იყო სრულიად განსხვავებული კლასგარეშე აქტივობა, როდესაც მოსწავლეებმა შეარჩიეს ინგლისურენოვანი მასტიმულირებელი ფრაზები (ძირითადად, ღიმილისა და ბედნიერების შესახებ), დაამუშავეს, სათითაოდ დაბეჭდეს, შესაბამისი ნახატებით გააფორმეს და სკოლის მასშტაბით გაავრცელეს. თუ შეიძლება ასე ითქვას,  მათ სასკოლო აუდიტორიას პოზიტივი გადასცეს. ვფიქრობ, ამ აქტივობამ, ძირითადად, ხელი შეუწყო მათი საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, ასევე, კრეატიული აზროვნების ხელშეწყობას, ცოდნის ტრანსფერსა და  თანამშრომლობას, რომ აღარაფერი ვთქვათ წმინდა ენობრივი კუთხით ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობაზე.
დაბოლოს, დასკვნის სახით შევეცდები, ჩემი მცირედი გამოცდილების საფუძველზე შევაჯამო თანამედროვე ტექნოლოგიების ელემენტების გამოყენების ეფექტი სასწავლო პროცესში როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებლის პერსპექტივით/ხედვით.
პოზიტიური ეფექტები, რაც მოსწავლეთა შორის გამოიკვეთა:
  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
  • მრავალფეროვანი, განსხვავებული მეთოდების გამოყენებით თვითრეგულირებადი სასწავლო გარემოს შექმნა;
  • კრეატიული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენების კვალდაკვალ;
  • ჯგუფური, ინდივიდუალური,  თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშეწყობა; 
  • ტექნოლოგიების მულტიფუნქციურობის გააზრება – ისტ-ის სასწავლო პროცესში  აქტიური და ეფექტური გამოყენება;
  • მოსწავლეთა  მხრიდან  ზოგადი ინტერესისა და მაღალი მოლოდინების (ახალი აქტივობების დაგეგმვის სურვილის არსებობა, რაც, ვფიქრობ, მასწავლებლისთვის ერთგვარი გამოწვევაა) არსებობა;
  • ტექნოლოგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარი უკეთესი შედეგების მიღწევის მიზნით;
  • კვლევის უნარის ელემენტების, შედარებისა და ანალიზის უნარების დახვეწის ხელშეწყობა;
  • სხვისი აზრის პატივისცემისა და ფუნქციების გადანაწილების უნარის განვითარების ხელშეწყობა.
 სიახლეები ჩემი, როგორც მასწავლებლის მხრიდან:
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების/მიდრეკილებების  უკეთ წარმოჩენა;
  • სასწავლო პროცესის ფასილიტატორის როლში ყოფნა;
  • საგაკვეთილო დროის გადანაწილებისას ხშირი ცვალებადობა პრიორიტეტული აქტივობების შესაბამისად;
  • განსხვავებული აქტივობების განხორციელების ინიცირება;
  • თავისუფალი, თვითრეგულირებადი ატმოსფეროს შექმნა საკლასო სივრცეში;
  • ისტ-ის გამოყენებით საშინაო დავალებების შესრულების ახალი მიდგომების სასწავლო პრაქტიკაში დანერგვა (მობილური ტელეფონების, ელ-ფოსტისა და პირწიგნაკის ჯგუფების  აქტიურად გამოყენება);
  • მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან მეტი ჩართულობის, ნდობისა და პატივისცემის გამოვლენა მასწავლებლისადმი;
  • კრეატიული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • სიახლეებისადმი მიმღებლობა.
“ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება – ყველაზე კეთილი, მიბაძვა – ყველაზე ადვილი, გამოცდილება – ყველაზე ძნელი”. (კონფუცი)  
ძალიან დიდი მადლობა პროექტის არაჩვეულებრივ გუნდს, მწვანე სკოლის ადმინისტრაციას და თითოეულ ჩემს მოსწავლეს, რომ მათ ყველაზე რთული და ძვირფასი რამ – გამოცდილება შემძინეს.

ქეთევან ტაბატაძე
“თბილისის მწვანე სკოლის” ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სტატიაში გამოყენებულია მასალა: 
მარინე ჯაფარიძე – კარლ როჯერსი – კითხვები, რომლებსაც დავუსვამდი საკუთარ თავს, მასწავლებელი რომ ვიყო, სიახლეების არქივი 13 იანვარი , 2015

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი