პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

შეფასების როლი და მნიშვნელობა ბავშვის სწავლა-აღზრდის პროცესში

შეფასებას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია ბავშვის სწავლა-აღზრდის პროცესში. მისი როლი და მნიშვნელობა სასწავლო პროცესის შემდგომი სრულყოფისა და გაუმჯობესებისთვის განუზომელია. ამასთან ერთად ის სირთულეები, რომლებიც ბავშვის სწავლა-აღზრდის დროს გვხვდება, შეიძლება სწორედ შეფასებას უკავშირდებოდეს. არცთუ ისე იშვიათად გართულებული ურთიერთობა მოსწავლესა და მასწავლებელს, მშობელსა და მასწავლებელს შორის შეფასების პროცესთან არის დაკავშირებული. 

რამდენად იძლევა დღევანდელი შეფასების სისტემა შეფასების პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვის და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილების შესაძლებლობას? არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის პროცესში ყველაზე დიდი ცვლილება სწორედ შეფასების სისტემამ განიცადა. ამასთან ერთად, ქართული პედაგოგიური საზოგადოების დამოკიდებულება აღნიშნული ცვლილებების მიმართ საკმაოდ არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. პედაგოგთა საკმაოდ დიდი ნაწილი უარყოფითად შეხვდა განხორციელებულ ცვლილებებს. თავის დამოკიდებულებას ისინი იმით ხსნიდნენ, რომ, მათი აზრით, გართულებული შეფასების სისტემა უამრავ თავსატეხს გაუჩენდა ისედაც საკმაოდ გადატვირთულ პედაგოგს, რომელიც გამოსავალს იმაში იპოვიდა, რომ არაფორმალურად მაინც ისევ შეფასების ძველ სისტემას დაუბრუნდებოდა. თუ შეფასებასთან დაკავშირებით ჩვენს სკოლებში არსებულ მდგომარეობას გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მოლოდინი ერთგვარად გამართლდა კიდეც. სამწუხაროდ, დღეს შეფასება, თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, სასწავლო პროცესის უბრალო დანამატად არის გადაქცეული და ბავშვები ინფორმაციას საგაკვეთილო პროცესში გამომჟღავნებული ცოდნის შეფასების შესახებ ზარის დარეკვის შემდეგ და მასწავლებლის საკლასო ოთახიდან გასვლის წინ იღებენ. ამასთან, ეს შეფასებები, როგორც წესი, უბრალოდ ქულებით არის გამოხატული. ხშირ შემთხვევაში ბავშვები ამ ქულებს მხოლოდ საკლასო ჟურნალში ჩახედვის შემდეგ იგებენ, რაც მათში უკმაყოფილების და უსამართლობის განცდას ბადებს. ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, ართულებს ურთიერთობას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ერთ-ერთი მეათეკლასელი ბიჭუნა, რომელმაც საკლასო ჟურნალში საკუთარი გვარის გასწვრივ მისთვის არასასურველი ნიშანი დააფიქსირა, უკმაყოფილებას და გაოცებას ვერ მალავდა – „ვერ ვხვდები რატომ დამიწერა დღეს მასწავლებელმა 7, ორი დღის წინ კი – 10. ჩემი დღევანდელი პასუხი ხომ ადრინდელზე გაცილებით უკეთესი იყო”.

მართალია, დღევანდელი შეფასების სისტემა საკმაოდ დიდ შრომას და მომზადებას მოითხოვს პედაგოგისგან, მაგრამ შეფასების პრინციპების (სანდოობა, ვალიდურობა, ობიექტურობა და გამჭვირვალობა) დაცვა ბევრად უფრო უმტკივნეულოს ხდის აღნიშნულ პროცესს და მოსწავლეს საკუთარი შეფასების მიმართ სამართლიანობის გრძნობას უყალიბებს. თუ ბავშვს თავისი ცოდნის შეფასების შემდეგ შეკითხვები უჩნდება და ჩვენგან მიღებული შეფასების დასაბუთებას მოითხოვს, ჩვენ მიერ გამოყენებული შეფასების მეთოდები გადახედვას და შემდგომ სრულყოფას საჭიროებს. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ქულის დაწერა არ არის ხოლმე საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვმა ობიექტურად და სამართლიანად ჩათვალოს შეფასება. სასურველია, რომ დაწერილ ქულას ჩვენი კომენტარები და არგუმენტირებული მსჯელობაც ახლდეს თან. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ბავშვი ჩვენი სახის გამომეტყველებითაც იღებს ინფორმაციას მისი ცოდნისადმი ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. ერთ-ერთი გოგონა აღფრთოვანებული იყო იმით, რომ, როგორც თავად აცხადებდა, მასწავლებელი კმაყოფილებით და ღიმილით ისმენდა მის პასუხს. ყოველივე ამის შემდეგ კი მან გაოცება და სიბრაზე ვერ დამალა, როცა ამ მასწავლებლისგან მისთვის არასასურველი შეფასება მიიღო. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს არავერბალური კომუნიკაციის უნარი საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული და ისინი ხშირად ჩვენი მიმიკით მეტ ინფორმაციას იღებენ, ვიდრე კომენტარებში გამოხატული ჩვენივე სიტყვებით. ამდენად, სასურველია, რომ შეფასების დროს პედაგოგის სახის გამომეტყველება, კომენტარები და დაწერილი ქულები ერთგვარ თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასურველია შეფასებითი ურთიერთობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში მიმდინარეობდეს, გაკვეთილის ყოველ ეტაპზე. ცალკეული აქტივობების შემდეგ შეფასების სახით კომენტარებს მაინც უნდა ვიყენებდეთ. მას გაკვეთილის ბოლოსთვის არ უნდა ვიტოვებდეთ.

რეფორმის შედეგად შეფასების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები განსაკუთრებით მტკივნეული დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის აღმოჩნდა. მათი აზრით, ბავშვებს ძალიან უყვართ მაღალი ნიშნების მიღება და ქულებით შეფასებაზე უარის თქმა უმცროსკლასელთა სასწავლო მოტივაციის დაქვეითების ხელშემწყობი გახდება. თუმცა, დაწყებითი კლასების პედაგოგთა შორის მრავლად არიან ისეთებიც, რომლებიც კმაყოფილებას ვერ მალავენ განხორციელებული ცვლილებების გამო და აცხადებენ, რომ ნიშნებზე უარის თქმა ბავშვებთან ურთიერთობისას ბევრი პრობლემის დაძლევაში დაეხმარა. პედაგოგების ასეთი პოზიცია ჩვენთვის გასაგებია, ვინაიდან დაწყებით კლასებში პატარები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად ამოქმედებით პედაგოგის ყოველი დავალების შესრულებას ცდილობენ. თუმცა, გამომდინარე მათი სასკოლო მზაობის დონიდან და შესაძლებლობებიდან, ზოგი წარმატებით ართმევს დავალებას თავს, ზოგი კი მარცხს განიცდის. ნიშნით შეფასების შემთხვევაში მასწავლებელს უწევს როგორც მაღალი, ასევე დაბალი ქულების დაწერა. დაწყებითი კლასების მოსწავლეს დაბალი ქულების და უარყოფითი შეფასებების მიღება ძალიან ხშირად სასწავლო მოტივაციას უქვეითებს და სკოლისა და სწავლის მიმართაც უარყოფით დამოკიდებულებას უყალიბებს. კომენტარებით კი, თუკი მასში ჩვენს კეთილგანწყობას გამოვავლენთ, ბავშვი წარმატების მიღწევის იმედს არ დაკარგავს. ვფიქრობთ, დაბალი ნიშნის დაწერის ნაცვლად, უკეთესი იქნება, თუ უმცროსკლასელებთან ასეთ კომენტარებს გამოვიყენებთ: „კიდევ ერთხელ სცადე, აუცილებლად გამოგივა”; „გულს ნუ გაიტეხ, შეეცადე დაკვირვებით წაიკითხო და პასუხს ნამდვილად იპოვი”; „ხანდახან ყველა ცდება, გულს ნუ გაიტეხ, შენ აუცილებლად იპოვი სწორ პასუხს”; „ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი ძალების, შენ უფრო მეტი შეგიძლია” და ა.შ. კეთილგანწყობა, სიყვარული, ნდობა, თანადგომა ხშირად ბავშვს შეუძლებელს აკეთებინებს.

დაბოლოს, ნუ დაგვავიწყდება, რომ შეფასების პროცესის სწორად წარმართვა მხოლოდ სასწავლო წარმატებების მისაღწევად არ არის მნიშვნელოვანი. ის თვითშეფასების და შეფასების უნარის ჩამოყალიბების თავისებურ ინსტრუმენტსაც წარმოადგენს, ვინაიდან როგორც ერთი, ისე მეორე მხოლოდ შეფასებითი ურთიერთობის პროცესში ყალიბდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული უნარები განვითარების პიროვნულ დონეზე მდგომი ადამიანის მახასიათებლებად არის მიჩნეული, ადვილი გასაგები იქნება, რაოდენ მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში შეფასებითი ურთიერთობების სწორი მიმართულებით წარმართვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი