პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დადგება ხვალე…?

პოეზიის სწავლება ადვილი არ არის… ერთია, რომ ლექსი კარგია, მხატვრულია და მეორე, ამ ტექსტით გამოხატული აზრი, გრძნობა ან ემოცია, რამდენად შეიძლება შენი იყოს ან როგორ შეიძლება აქციო „შენად”.

ამიტომ მასწავლებელებს ვთავაზობ საინტერესო პოსტმოდერნისტულ ლიტერატურულ თამაშს, როგორ უნდა შექმნან მოსწავლეებმა ტექსტებთან დიალოგი… ეძებონ კითხვები და არა პასუხები…
რაღაც კითხვებზე პასუხები უკვე არსებობს ყველა პოეტის შემოქმედებაში, ამიტომ მოსწავლეები ჯერ კითხულობენ რომელიმე პოეტის პოეზიას, მერე მათთვის საინტერესო ციტატებს მონიშნავენ და ამის შემდეგ იწყებენ არსებულ პასუხებზე კითხვების შედგენას, თან შეუძლიათ, რომ ამ კითხვებს გარკვეული სიუჟეტი გამოუძებნონ.
ამ გზით მოსწავლეები უკეთ ეცნობიან და იმახსოვრებენ პოეტის შემოქმედებას, ავარჯიშებენ აზროვნების განსხვავებულ ფოკუსს, ორიენტირებულები არიან საკუთარ შინაგან კითხვებზე და უფრო მეტს ფიქრობენ პოეტის „პასუხებზე”, რადგან ხდებიან თანაშემოქმედები.
ვითარდება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები, ისინი ეძებენ და ქმნიან კითხვებით სიუჟეტებს, ამონტაჟებენ პოეტურ ტექსტებს და ქმნიან მოდელირებულ დიალოგს.
ამგვარი დამონტაჟებით ტექსტები იძენენ ახალ სემიოტიკურ განზომილებას, როცა ერთი წიგნიდან 20 მოსწავლე 20 განსხვავებულ დიალოგს შექმნის.
მოკლედ, საინტერესო სემიოტიკური თამაშია: ვამონტაჟებთ პოეტებს!

ციკლიდან: ვამონტაჟებთ პოეტებს. დიალოგი დოდონა კიზირიასთან
_ ქალბატონო დოდონა, მოდი, თავიდან დავიწყოთ და გკითხავთ: საიდან მოდიხართ, ვინ იყო თქვენი წინაპარი?
_ „ჩემი წინაპარი იყო ლოყებდაკაწრული კასანდრა,
ნაწნავებდაშლილი და ფეხშიშველი რომ დაიარებოდა.
მისი შეშლილი ყივილი და ქვითინი
უშიშარ მეომრებს ართობდა და ახითხითებდა…” (კასანდრა)
 
_ და მაინც… რა არის თქვენთვის წარსული…რას ელოდით ცხოვრებისგან და რა მიიღეთ, იმედები ხომ არ გაგიცრუვდათ?
_ „რა ლამაზად ირთვებოდა გარემო,
რა კეთილად კამკამებდა მზე!
იღებოდა ფართოდ ოქროს კარები.
მპატიჟებდნენ სასახელო გზები.
არ გამოჩნდა ზღვაზე თეთრი აფრა,
არ აჩქეფდა შადრევნებით ცისკარი.
მერე რა, რომ იმედები გაქრა,
რა ბედნიერ ოცნებებით ვიარე…” (წარსული)
 
_ და სად წავიდნენ აუსრულებელი სურვილები…? თუ იპოვეთ, რასაც ეძებდით ამ ცხოვრებაში?
_ „ღონე აღარ დამრჩა ვიპოვნო,
რასაც დავეძებდი გულმხურვალედ,
დავეხეტებოდი ქარში და ავდარში.
გადაეხურა მარმარილოს მარმაში
იმ სურვილებს… „ (ღონე აღარ დამრჩა ვიპოვნო…)
 
_ სად მიდის წარსული, როდის მთავრდება?
_ „წარსული არასოდეს მთავრდება,
არა იმიტომ რომ გვახსოვს,
არამედ დღევანდელი ავდრები
განვლილს სხვაგვარად გვახსენებენ…” (წარსულის მეტამორფოზები)
_ რა ემართება რწმენდაკარგულ ადამიანს?
_ „როცა გვეკარგება რწმენა, ვკარგავთ უკვდავებას.
სევდა ტყვიისფერი, როგორც წარსულზე ვაება
ცასა და მიწას სუდარასავით ეფარება,
და გულის სურვილებს აღარსად რჩებათ თავშესაფარი…” (უიმედბა)
 
_ქალბატონო დოდონა, თქვენი აზრით, რა დაემართა მსოფლიოს, რატომ გახდა ასეთი „შეშლილი”?
_ „მსოფლიომ დაკარგა ჰორიზონტები,
ის მიუწვდომელი ჰორიზონტალი,
რომელიც ევლო შორეულ საზღვრად
მთებსა და ზღვას,
კანონის სიმკაცრით განასხვავებდა
ყოველ ჩვენიანს და ყველა სხვას…” (ჰორიზონტი)
 
_ შეგიძლიათ, გამიმხილოთ, რა გენატრებათ ახლა?
_ „მე მენატრება არაბული ცხენის ცხელი ფერდი,
რომ მის გრძელ ნახტომს მოვეხვიო
მთრთოლვარე ხელებით,
რომ გამახელოს მისი ხერხემლის რხევამ
და ამაბოლოს მეხდაცემულ ხესავით,
რომ შეუძლებელი გადავლახო
და გავყუჩდე
ორთქლიან კისერში თავჩარგული,
თითქოს უეცრად
ტყვიას დაეტყვევებინოს ჩემი გული.” (მე მენატრება)
 
_ თქვენი პოეზია სავსეა სევდით, ფიქრით, განხჯით…. მაინტერესებს, როდის ხართ უდარდელი?
_ „რა უდარდელი ხარ, როდესაც მიდიხარ გზად,
და არ იცი სად…
ისე, უბრალოდ მიდიხარ
და მშვიდი ხარ,
როგორც ბუღალტერი…” (გაუმარჯოს უდარდელობას!)
_ მთავარი კითხვა, რომელსაც ხშირად სვამს დოდონა კიზირია, რომელია?
_ ამდენი სიავე რას დავაბრალოთ _
ცოდნას თუ ცოდვას?
თუ შეგვიწყალებს მომავალი,
ჩვენზე გამწყრალი?
დადგება ხვალე…? (ადამი)
_ თქვენი აზრით, რა დაგვრჩა საამაყო ქართველებს…?
_ აღარაფერი დაგვრჩა საამაყო და სასიქადულო,
ყველა ის განძი – სიყვარული, ენა, მამული _
ისე დაგვეფლითა და დაგვეცრიცა,
რომ ოცდაათ ვერცხლსაც არავინ მოგვცემს. (მამული)
 
_ პოეტის ფუნქციაზე რას გვეტყვით საერთოდ და დღეს?
_ „ერთ დროს პოეტებს
თვით ღმერთები ესაუბრებოდნენ,
უმხელდნენ მრავლად საიდუმლოებებს
და სთხოვდნენ,
ან ეგებ უბრძანებდნენ კიდეც
ხალხისთვის ემცნოთ ვალდებულებები
უზენაესი და მტკიცე.
ახლა, როგორც სჩანს, გაწყდა ეს კავშირი
და გვეწვია შიმშილი
სიტყვამრავალი.
ვაი, საბრალონი!” (ერთ დროს…)
 
_ ბოლოს მინდა გკითხოთ, რა არის თქვენთვის პოეზია, რას ნიშნავს ლექსი?
_ „ლექსი არაფერს ნიშნავს,
იგი არსებობს.
იგია არსება,
რომელიც ტკივილით იშვა –
ჩვილივით სასურველი და შიშველი.
მისი სამშობლო
არის მიწა
და სიმწარე
სიტყვით ფრთაშეკვეცილ ოცნების.
იგია ჩემი სისხლი და ხორცი.” (ლექსი)
 
_ როგორია დოდონა კიზირიას წარსული და აწმყო და თავად როგორია?
_ „როდესაც ჩემი მზერა
შორეული კონტინენტის კუთხეს მოარღვევს
და, თითქოს საკურთხეველზე,
დამიდებს სასთუმალთან,
სივრცეები იკეცებიან უმალვე
და წარსული, თვალის გუგებში მოტივტივე,
ხდება ბავშვობასავით მარტივი
და გულახდილი, როგორც საუბარი ბუხართან…”
პ.ს. პასუხები გადაამოწმეთ დოდონა კიზირიას ლექსების წიგნში „ნაპირები”, გამომცემლობა „ინტელექტი”, 2010 წელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი