ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რატომ განსხვავდებიან ერთი დედ-მამის შვილები ერთმანეთისაგან

 წლების წინ ერთი ქალბატონი ჩვენთან საუბარში გაკვირვებას, აღშფოთებასა და უკმაყოფილებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ მისი გოგონები ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, თითქოს ძალიან განსხვავებულ ოჯახებში იყვნენ აღზრდილნი – „ისინი ხომ ერთი და იგივე მშობლების შვილები არიან, ერთ ოჯახში იზრდებიან. ნინი ისეთი კარგი მყავს, ენაცვალოს დედა, ჩემი საამაყო შვილია. მან უნდა მასახელოს. აი, ნანი კი ნამდვილად დამღუპავს – მომკლა, გამაჭაღარავა, ის მომიღებს ბოლოს”,  – არ ცხრებოდა გოგონების დედა. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ თავის დამოკიდებულებას შვილების მიმართ ის მათი თანდასწრებით გამოხატავდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მშობლის ასეთი შეფასებები გოგონებს შორის კონკურენციის, უკმაყოფილებისა და აგრესიის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. ხშირად პედაგოგებშიც შეინიშნება გაოცება და უკმაყოფილება, როცა სასახელო და სანიმუშო მოსწავლის უსაქციელო, ზარმაცი და სწავლაში ჩამორჩენილი დის ან ძმის მასწავლებელი ხდება.
     მაინც რატომ განსხვავდებიან არცთუ იშვიათად ასე მკვეთრად ერთი დედ-მამის შვილები? ალბათ ყველას შეგვიმჩნევია, რომ, საოცარი გარეგნული მსგავსების მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში იდენტური ტყუპებიც კი არ ჰგვანან  ერთმანეთს ხასიათით და ქცევითი მახასიათებლებით. ეს განსხვავება, უპირველეს ყოვლისა, იმით არის განპირობებული, რომ ისინი სხვადასხვა პიროვნებები, სხვადასხვა უნარების, შესაძლებლობებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების მატარებლები არიან. ხშირად უფროსების დამოკიდებულებაც მათ მიმართ, მათივე თავისებურებებიდან და ქცევიდან გამომდინარე, არ არის ზუსტად ერთნაირი. რომ აღარაფერი ვთქვათ ტყუპებზე, მშობლების ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება შვილებთან ურთიერთობისას ხშირად ასაკით განსხვავებული და-ძმების მიმართაც შეინიშნება. რა თქმა უნდა, არ იქნებოდა მართებული გვეფიქრა, თითქოს მშობლის ასეთ განსხვავებულ დამოკიდებულებას შვილების მიმართ ის ფაქტი განაპირობებს, რომ ერთი მათგანი მეტად უყვარს, უფრო ძვირფასია მისთვის, ვიდრე მეორე. ხშირ შემთხვევაში მშობელი ერთ შვილს მეტად აქებს, მეტად ამაყობს მისით მხოლოდ იმიტომ, რომ მეორისთვის ის მისაბაძი გახადოს. სამწუხაროდ, ნაცვლად ამისა, შედეგად ვიღებთ იმას, რომ დედ-მამის შვილებს შორის იწყება კონკურენცია, ფარული ბრძოლა, შეიმჩნევა აგრესიაც და მომავალში შეიძლება ისინი ერთმანეთის მტრებადაც კი ჩამოყალიბდნენ.  საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში, როდესაც პატარა ადექვატურად ვერ აღიქვამს ჩვენს მეტყველებას და ვერ იგებს  სიტყვებს, მეტყველებითი ურთიერთობის გარეშეც შესანიშნავად აფიქსირებს ჩვენს გრძნობებს, ჩვენს განცდებს და ძალიან სწრაფად სწავლობს იმის გამოცნობას, თუ რა იმალება ჩვენი ქცევის მიღმა.
     მეცნიერული ფსიქოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად და-ძმებს შორის განსხვავებას დედმამიშვილობაში რიგითობა განაპირობებს. ის, თუ რიგით მერამდენე შვილია ბავშვი ოჯახში, ბევრად განსაზღვრავს მისი პიროვნების და ხასიათის ჩამოყალიბებას, ასევე მის ფსიქიკურ განვითარებას. რა იძლევა ასეთი მოსაზრებების საფუძველს? ალბათ ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ პირველ, მეორე და შემდგომ შვილებს სრულიად განსხვავებულ ოჯახურ გარემოში უწევთ  შემოსვლა – პირველი შვილი მშობლებისთვის, პირველი შვილიშვილი ბებია-ბაბუისთვის, პირველი დისშვილი დეიდისთვის, პირველი ძმისშვილი ბიძიასთვის და საერთოდ პირველი ბავშვი ოჯახში. ასეთი სტატუსი განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს პატარას. მის მისაღებად მშობლები და ოჯახის ახლობლები ჯერ კიდევ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში იწყებენ სამზადისს. იძენენ მისთვის ჩასაცმელს, სათამაშოებს მყუდრო გარემოს შესაქმნელად უწყობენ ოთახს. და აი, დგება ნანატრი წუთებიც, იბადება პატარა. ოჯახის წევრები ერთმანეთს ეცილებიან ბავშვის მოვლასა და მასზე ზრუნვაში. ჯერ კიდევ გამოუცდელი და ოდნავ დაბნეული დედა კი საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა და უსუსურობის შეგრძნებით, იმის შიშით, რომ რაიმე არ ავნოს და დაუზიანოს ბავშვს, დიდი სიფრთხილით აჭმევს, აცმევს, აბანავებს ბავშვს. უფრო გამოცდილი დედებისგან განსხვავებით ის საკმაოდ დიდ დროს უთმობს აღნიშნულ პროცედურებს და უფრო დიდ დროს ატარებს მასთან, რაც ჩვილისთვის საკმაოდ სასიამოვნოა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მეტყველებითი ურთიერთობის გარეშეც პატარა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ზუსტად რეაგირებს ჩვენს გრძნობებსა და განცდებზე. ამდენად ახლობლების ასეთი საყოველთაო ზრუნვის პირობებში მყოფი ბავშვი ეჩვევა მათ ასეთ ყურადღებას, კმაყოფილია თავისი მდგომარეობით და ქვეცნობიერად დარწმუნებულია, რომ მუდამ ასე გაგრძელდება. თუმცა გადის რამდენიმე წელი და ოჯახში ჩნდება მეორე ბავშვი. თუ პირველი შვილის შემთხვევაში მშობლები და ოჯახის სხვა წევრები ერთმანეთს ეცილებოდნენ მის მოვლასა და გართობაში, ამჯერად საქმეს იმიზეზებენ, რომ სახლიდან გავიდნენ და თავი დააღწიონ მათთვის უკვე მოსაბეზრებელ და მონოტონურ საქმიანობას. გარკვეული გამოცდილების მქონე დედა კი უკვე ისეთ დიდ დროს აღარ ანდომებს ჩვილის მოვლისათვის საჭირო პროცედურებს, ვინაიდან პირველი შვილის წყალობით მისთვის ეს ყოველივე ჩვეულ საქმიანობად იქცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე ბავშვის საოჯახო გარემო და ოჯახის წევრების დამოკიდებულებები ნამდვილად აღარ არის ისეთი, როგორიც პირველი ბავშვის შემთხვევაში იყო. უნდა ითქვას, რომ გარემოში მომხდარი ცვლილებები უფროსი ბავშვის მიერ ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქმება, ვიდრე უმცროსის მხრიდან. მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ, პირველი გრძნობს, რომ დედა მას მთლიანად აღარ ეკუთვნის, გამოჩნდა მეტოქე, რომელიც გახდა მოზიარე არა მხოლოდ დედის, არამედ ოჯახის სხვა წევრების, ახლობლების სიყვარულში, ყურადღებასა და მზრუნველობაში. ხშირია შემთხვევა, როცა ახალშობილის სანახავად მოსული, საჩუქრებით დატვირთული ნაცნობები და ნათესავები კარის ზღურბლთან სტუმრების მომლოდინე პირველ ბავშვს ვერც კი ამჩნევენ და პირდაპირ ახალშობილისკენ მიეშურებიან. ჩვეულ ყურადღებას მოკლებული ბავშვი უკმაყოფილოა, იწყებს ეჭვიანობას და შეიძლება თავისი პატარა ძამიკოსთვის ზიანის მიყენებაც კი სცადოს. მდგომარეობას ხშირად ისიც ართულებს, რომ უფროსები მუდმივად მოითხოვენ მისგან დაუთმოს პატარას. სისტემატურად ახსენებენ, რომ ის უკვე დიდია და უნდა იზრუნოს უმცროს ძმაზე. სამწუხაროდ, ეს ხდება მაშინაც, როცა ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა ერთ წელს არ აღემატება. უფროსების ასეთი დამოკიდებულებით შეწუხებულ ბავშვს, ძველი პრივილეგიების და სტატუსის დასაბრუნებლად, მუდმივად პატარად დარჩენის სურვილი უჩნდება და ქვეცნობიერად განვითარების წინა პერიოდისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ამჟღავნებს და ცდილობს ისეთი ქცევების გახსენებას, რომელიც პატარაობას გაუხანგრძლივებს – იწყებს ენის მოჩლექით ლაპარაკს, მაშინ, როცა სულ ცოტა ხნის წინ გამართულად ლაპარაკობდა; ღამის ქოთანს მიჩვეული ახლა, უფროსების გასაკვირად, ისევ ისველებს; მოითხოვს, რომ აჭამონ, მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ უკვე დამოუკიდებლად ჭამდა; თუ მანამდე მშვიდად იძინებდა, ახლა ძილის წინ მშობლის გვერდით ყოფნას მოითხოვს. მეორე ბავშვის მშვიდ ხასიათზე მითითება პატარას კიდევ უფრო აღიზიანებს და მისი მხრიდან ახალი უკმაყოფილების გამოხატვის მიზეზი ხდება. არის შემთხვევები, როცა მშობლები უფრო მკაცრად ეპყრობიან პირველ შვილს, მასზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ, მისგან რაღაც უფრო მეტს მოელიან, ვიდრე მეორე შვილისგან. 5 წლის ბავშვს საყვედურობენ იმის გამო, რომ სათამაშოები მოაბნია ოთახში. ხოლო, როცა მისი 3 წლის ძამიკო იმავეს აკეთებს, მშობლები თვითონ ალაგებენ ისე, რომ მას ერთ საყვედურსაც კი არ ეუბნებიან. ასეთ შემთხვევაში უფროს ბავშვს არა მხოლოდ უძლიერდება მტრობა უმცროსის მიმართ, არამედ მშობლების სიყვარულშიც ეპარება ეჭვი. 
     ოჯახში ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენა მნიშვნელოვნად ცვლის ოჯახურ გარემოსა და უფროსების ბავშვთან დამოკიდებულებას. ამიტომ, საჭიროა რომ, ერთი მხრივ, ჩვენ, უფროსები მომზადებული შევხვდეთ ასეთ ცვლილებებს და, მეორე მხრივ, დავეხმაროთ ბავშვებს ახალ გარემოსთან უმტკივნეულოდ შეგუებაში იმისათვის, რომ ახალმა გარემომ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს, როგორც მათ ფსიქიკურ განვითარებაზე, ასევე მათი პიროვნებისა და ხასიათის ჩამოყალიბებაზეც. ხშირ შემთხვევაში გარემოში მომხდარი ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების ბოლომდე აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია, თუმცა შეიძლება მათი მინიმუმამდე დაყვანა. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
  • მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. გვიყვარდეს ის ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს;
  • მივცეთ ბავშვს საშუალება დაკავდეს ისეთი საქმით, აკეთოს ის, რითაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს და არა ისეთი რამ, რაც ჩვენ მოგვწონს. ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით პირველ შვილთან დაკავშირებით, როცა მშობლები ბავშვის დაბადებამდე ადგენენ ერთგვარ პროგრამას – როგორ უნდა აღზარდონ ის, რა უნდა ასწავლონ, სპორტის რომელ სახეობაზე უნდა ატარონ, რომელი უცხო ენები უნდა შეასწავლონ, რომელ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბარებინონ სკოლის დამთავრების შემდეგ, რა პროფესია უნდა აარჩევინონ. ბავშვის დაბადების შემდეგ ისინი ცდილობენ ზედმიწევნით განახორციელონ მისთვის შემუშავებული პროგრამა და არ ითვალისწინებენ იმას, მოსწონს თუ არა ბავშვს ის, რის გაკეთებასაც მისგან მოითხოვენ;
  • მოვერიდოთ ბავშვების ერთმანეთთან შედარებას და მათ დახასიათებას ერთმანეთის თანდასწრებით. მით უმეტეს არ არის სასურველი ბავშვისთვის მისაბაძად ვაქციოთ მისი ძმა და მუდმივად მის ღირსებებზე ვილაპარაკოთ. ყველა ბავშვშია რაღაც ისეთი, რის გამოც ის ჩვენს სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს; 
  • არ არის სასურველი, რომ ერთი დედ-მამის შვილებს ერთნაირი ტანსაცმელი ეცვათ, მაშინაც კი, თუ ისინი ტყუპები არიან. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ეს ინდივიდუალურობა მათი სამოსითაც უნდა ფიქსირდებოდეს;
  • მივცეთ ბავშვს გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად მოქმედების და არჩევნის გაკეთების საშუალება. ხშირად ბავშვები, განსაკუთრებით კი პირველი შვილები, ოჯახის წევრთა მხრიდან მოჭარბებული მზრუნველობისა და უზომო მეურვეობის წყალობით, მშობლებზე ზედმეტად დამოკიდებულები ხდებიან, რაც მათ მომავალში სერიოზულ პრობლემებს უქმნის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჰიპერმზრუნველობა ხშირად არანაკლებ საშიში ხდება, ვიდრე უყურადღებობა და მზრუნველობის გარეშე დატოვება;
  •  სასურველია, რომ შვილებს შორის არსებობდეს გარკვეული ასაკობრივი ზღვარი. ყველაზე ოპტიმალურად ითვლება ასაკობრივი სხვაობა 3,5-5 წელი, ვინაიდან ამ პერიოდიდან ბავშვს დედაზე მიჯაჭვულობა ეხსნება და შედარებით უფრო დამოუკიდებელი ხდება. მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა და ა.შ. უჩნდება ახალი ინტერესები, რომლებიც ჩვილის ინტერესებისაგან განსხვავდება. ამიტომ მასთან მეტოქეობისათვის ნაკლები მიზეზი ექნება. ამ ასაკის ბავშვს უფროსების ახსნა-განმარტებების და საუბრების მოსმენაც უკეთ შეუძლია;
  • მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ნუ მოვაკლებთ ყურადღებას პირველს. სასურველია, რომ სამშობიაროდან დაბრუნებული დედა ჩვილით ხელში არ შევიდეს სახლში. მას ხელები თავისუფალი უნდა ჰქონდეს, რომ გულში ჩაიხუტოს სახლში მომლოდინე პატარა. არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი შვილი სამშობიაროდან დედას ელოდება და არა ახალშობილს. ნუ იჩქარებთ დედის მომლოდინე ბავშვისთვის ჩვილის ჩვენებას. გააკეთეთ ეს მხოლოდ მაშინ, როცა თვითონ მოგთხოვთ ამას. მოგვიანებით კი შეუქმენით მას ისეთი შეგრძნება, რომ ისიც უვლის მას. შეეცადეთ მეგობრებისა და ნათესავების ყურადღება უფროს შვილზე მიაპყროთ. ხშირად ისინი იწყებენ დაუსრულებელ საუბარს ახალშობილზე და სრულიად ავიწყდებათ უფროსი. სტუმრების მოსვლისას ნუ მოიცილებთ მას გვერდიდან. არ დაგავიწყდეთ ისაუბროთ მის წარმატებებზე. უფროსი შვილი გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე ახალშობილი, 5-6 თვის განმავლობაში  მაინც. ნუ უსაყვედურებთ მას იმის გამო, რომ ეჭვიანობს.
          დაბოლოს, იმის მტკიცება, რომ რიგითობა და-ძმებს შორის მკაცრად და ცალსახად განსაზღვრავს  ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებას და მის ფსიქიკურ განვითარებას, არ იქნება გამართლებული, ვინაიდან პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი, აღნიშნულის გარდა, ბევრი სხვა ფაქტორებითაა განპირობებული. მაგ. ის, თუ რა ასაკის არიან მშობლები, რამდენად სასურველია ბავშვი ოჯახში, როგორია და-ძმებს შორის ასაკობრივი სხვაობა, შეიძლება თავისებურ გავლენას ახდენდეს მომავალში ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე. თუმცა ვფიქრობთ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინება გარკვეულ დახმარებას გაუწევს აღმზრდელებს და ბევრ პრობლემას ააცილებს მათ თავიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი