პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ქართული ვაზის ჯიშები

ავტორი: ლევან სებისკვერაძე

საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500 ზე მეტი ქართული ჯიში, ასეთი მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის.

რქაწითელი

ვაზის ეს თეთრყურძნიანი ჯიში კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის და საქართველოში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ამასთან ერთად იგი ფართოდაა გავრცელებული სხვა რეგიონებშიც. რქაწითელის ყურძნის წვენი ფიზიოლოგიური სიმწიფის დაწყებიდან თითქმის დამწიფემადე ინარჩუნებს შაქრიან-მჟავიანობის სასურველ შეფარდებას. სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე. რქაწითელისთვის საუკეთესო მიკროზონებია: კარდენახი, ტიბაანი, წინანდალი, გურჯაანი, ნაფარეული. რქაწითელის ჯიშიდან საქართველოში დგება მაღალხარისხიანი კლასიკური და კახური ტრადიციული ღვინოები, ხშირად გამოიყენება მწვანე კახურთან ერთად.

მწვანე კახური

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, იძლევა ევროპული და კახური ტიპის მაღალხარისხიან ღვინოს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო–მწვანე ფერის გამო. მისი ძირითადი ფართობი (96%) კახეთშია, ხოლო ამ ჯიშის მთლიანი ფართობის 80% მოქცეულია მხოლოდ ორ (თელავისა და საგარეჯოს) რაიონში, დარჩენილი 17% კი დანარჩენ 5 რაიონში. მწვანე მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. კახეთის თეთრ ჯიშებში მწვანე ყველაზე უფრო ნაზ და არომატულ ღვინოს იძლევა. ევროპული წესით დამზადებული მწვანის ღვინო მომწვანო ღია ჩალისფერია, აქვს ხალისიანი, ნაზი, ჰარმონიული გემო. დაძველებისას იგი ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს, რომელშიაც მკაფიოდ იგრძნობა ხილის არომატი. კახური წესით დამზადებული ღვინო მუქი ჩალისფერია; იგი უფრო სრული, მდიდარი ღვინოა, არომატი უფრო ძლიერი და სასიამოვნო აქვს. მწვანე კახურისთვის საუკეთესო მიკროზონებია: მანავი, წინანდალი, იყალთო, რუისპირი, ახმეტა. მწვანე კახურისგან დაყენებული ღვინო ხასიათდება ატმის, ხილის ყვავილებისა და მინერალური ტონებით.

ხიხვი

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საშუალო პერიოდისაა, სექტემბრის შუა რიცხვებში, ოქტომბრის მეორე ნახევარში მწიფდება. ხიხვიდან დამზადებული კლასიკური ტიპის ღვინო ხასიათდება ეგზოტიკური მცენარეული კერძოდ მინდვრის ყვავილების სურნელით. ასევე დღესდღეობით ხიხვს სხვა ჯიშებთან ერთად აყენებენ ტრადიციული ტექნოლოგიით და საკმაოდ წარმატებულადაც.

ქისი

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. საშუალო პერიოდისაა. რამოდენიმე წლის წინ ჯიშს გადაშენება ემუქრებოდა, ხოლო ამჟამინდელი მდგომარეობით იგი უკვე იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ყურძნის ჯიშად. საუკეთესო მიკროზონებია: თელავის, ყვარელისა და ახმეტის რ-ნი.

ჩინური
ჩინური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია და ფართოდაა გავრცელებული მთელს ქართლში. საგვიანო პერიოდის და საკმაოდ უხვ მოსავლიანი. მისგან დგება ნაზი მომწვანო-ცალისფერი და ცქრიალა ღვინოები. ხასიათდება პიტნისა და პანტა მსხლის ტონებით.

გორული მწვანე

ქართლის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, საგვიანო პერიოდის. ყურძენი სქელკანიანია, საკმაოდ წვნიანი და ხორციანი. მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. მაღალხარისხოვნი საღვინე ჯიშია, იყენებენ ევროპული, სადესარტო და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. გავრცელებულია უმეტესად ქართლში, მცირე რაოდენობით კახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში. გორული მწვანისგან დგება ცოცხალი და ხალისიანი ღვინოები მინდვრის ყვავილისა და თაფლის სურნელებით.
ცოლიკოური

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, ეკუთვნის იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯგუფს. ფართობის მიხედვით, რქაწითელის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს საქართველოში. იმერეთის გარდა გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. საგვიანო პერიოდისაა და მისგან დგება საკმაოდ სხეულიანი ღვინო ციტრუსებისა და ყვავილების ტონებით. შეიძლება ითქვას რომ ცოლიკოური ძვირფასი ვაზის ჯიშია, მასში ზომიერადაა შეხამებული გარემო პირობებთან შეგუება, უხვი მოსავალი, პროდუქციის მაღალი ხარისხი და ავადმყოფობათა მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა.

ციცქა

თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ეკუთვნის იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯგუფს. საგვიანო პერიოდისაა, ხასიათდება მომწვანო ელფერით, ახასიათებს მცენარეული ტონები და შედარებით მაღალმჟავიანობა. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევარში და მისგან მზადდება მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინოები.

საკმიელა

გურიის თეთრყურძნიან აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. სოკოვანი ავადმყოფობებისა და ფილოქსერას შემოჭრამდე იგი მასობრივად იყო გავრცელებული მაღლარების სახით გურიის მთისპირა სოფლებში. მარცვალი ღია მწვანეა, მზის მხრიდან მოწითალო-ქარვისფერი. ფორმით მომრგვალო და სიმეტრიული. საკმაოდ სქელკანიანია, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი. ჯიში მასობრივ სიმწიფეში ოქტომბრიდან შედის. საკმიელას სოკოვან დაავადებებიდან განსაკუთრებით ნაცარი აზიანებს. ყურძნის გემოვნებითი თვისებების, ქიმიური შემადგენლობისა და თვითმარცვლის კონსისტენციის მიხედვით, საკმიელა მიეკუთვნება ხარისხოვანი ღვინის ჯიშთა ჯგუფს.

საფერავი

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. წარმოშობით სამხრეთ საქართველოდანაა, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია კახეთში, სადაც საუკეთესო შედეგს იძლევა. გავრცელებულია საფერავი მრგვალმარცვალა და ბუდეშორისებრი, ანუ გრძელმარცვალა – ერთი ჯიშიდან წამოსული ორი სახეობა. ერთმანეთისგან მხოლოდ მარცვლის ფორმით განსხვავდება. სიტყვა “საფერავი” ფერის მიმცემს გულისხმობს. საფერავისგან მზადდება მაღალხარისხიანი კლასიკური და ტრადიციული ტიპის ღვინოები, დაძველების დიდი პოტენციალით. ასევე გამოიყენება ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. საფერავი არის ჯიში, რომელსაც მაღალი შაქრიანობა შეუძლია დააგროვოს, შეინარჩუნოს მჟავიანობა. გამოირჩევა საღებავის სიუხვით, ანუ საფერავი, შემფერავი ნივთიერებებით, შესაბამისად, მისგან მუქი შეფერილობის ღვინო დგება. აქვს ძალიან კარგი, დიდი რაოდენიბით და ადვილად ექსტრაგირებადი ტანინები. სწორედ ტანინები განასხვავებენ ღვინოს სხვა ჯიშებისაგან. საფერავისგან შეიძლება დავამზადოთ ძლიერი, მაღალმჟავიანი, მაღალი ალკოჰოლის შემცველი, მუქი შეფერილობისა და კარგი ტანიანიანი ღვინო. ტანინებთან და საღებავებთან ერთად საფერავს თავისი ჯიშური, გამორჩეული არომატები გააჩნია, რომლითაც ყოველთვის იცნობა და მის უნიკალურობასაც განაპირობებს. საფერავიშეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ დიდი პოტენციალის მქონე ვაზის ჯიშად, რომელიც საკმაოდ დიდ ყურადრებას იმსახურებს უცხოელების მხრიდანაც.

თავკვერი

წითელი აბორიგენული ყურძნის ჯიში. გავრცელებულია ქართლის რაიონში. ზრდის სიძლიერე საშუალო, მოსავლიანობა 70-80, სოკოვან დაავადებათა მიმართ მცირე გამძლეობას იჩენს, თუმცა სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ადვილად უძლებს ყინვას. აქვს საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევანი და მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის მარცვალი. საგვიანო პერიოდის ჯიშებს განეკუთვნება, მწიფს დაახლოებით, ოქტომბრის პირველ ნახევარში. შაქრიანობა 19-21%, მჟავიანობა 7,5-8,5 %. მისგან ამზადებენ ”თაკვერის” სახელწოდებით ცნობილ წითელ და ვარდისფერ ღვინოებს.

ოცხანური საფერე

ქართული წითელყურძნიანი ვაზისჯიში. ოცხანური საფერე გავრცელებულია ძირითადად იმერეთის მევენახეობის რაიონებში. იგი საკმაოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია და უფროხშირად საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურის და ბაღდათის რაიონებში გვხვდება. იმერეთში გავრცელებულ თითქმის ყველა ნიადაგზე ოცხანური კარგად ვითარდება, მაგრამ მაღალი ღირსების პროდუქციას იგი ნეშომპალა–კარბონატულ, ტყის კარბონატულ და ხირხატიან ნიადაგებზე იძლება. ჯიშის შედარებით მცირე გავრცელება გამოწვეულია ნაგვიანობით მწიფობით და დაბალ არადეფორმირების დროს მცირე მოსავლიანობით. ოცხანურის აფერე იმერულ წითელჯიშებს შორის ნათლად გამოირჩევა ღვინის მაღალი ღირსებით, იგი ყველაზე უკეთესია ღვინის ინტენსიური შეფერვით, სისრულით, სინაზით ჰარმონიული გემოთი და სიხალისით.

ალექსანდროული

რაჭული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. საშუალოზე გვიანი პერიოდის. იზრდება საშუალო ინტენსივობით. მორფოლოგიური და ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით ალექსანდროული მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ვაზის დაავადებებიდან ალექსანდროული ყველაზე მეტად ჭრაქისადმია მგრძნობიარე. უფრო მაღალი გამძლეობა აქვს ალექსანდროულს ნაცრის მიმართ. იგი ასევე ფილოქსერასადმი საკმაოდ კარგი გამძლეობით ხასიათდება. ნიადაგის მიმართ ალექსანდროული განსაკუთრებულ მოთხოვნას არ აყენებს, იგი კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ მაღალხარისხოვანღვინოს იძლევა კირნარ, ქვეთიხნარ და ხირხალ ნიადაგებზე. ალექსანდროულის ყურძენი რაჭის პირობებში მაღალი შაქრიანობით ხასიათდება და აღწევს 27%-მდე. იგი გავრცელებულია ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში და შეტანილია საქართველოს უძვირფასეს ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში. თავის სამშობლოსი ალექსანდროული რაიონის მარჯვენა მხარეზ ტოლა-ხვანჭკარას მიკრორაიონში იძლევა ორიგინალურ ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოს “ხვანჭკარას” ხოლო დანარჩენ რაიონებში სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს.

მუჯურეთული

ქართული წითელყურძნიანი, აბორიგენული საღვინე ვაზის ჯიში. ხარობს დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ამბროლაური-ცაგერის რაიონებშიში. ზრდის სიძლიერე საშუალო. სოკოვან დაავადებათა მიმართ სუსტია, მაგრამ არის გვალვაგამძლე. აქვს საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და ოვალურ-კვერცხისებური, მუქი იისფერი შეფერილობის მარცვალი. შაქრიანობა 25-30% ,მჟავიანობა 6-7%. მუჯურეთულის პროდუქცია ალექსანდროულთან ერთად კუპაჟში განკუთვნილია მეტად მაღალხარისხოვანი ნახევრად ტკბილი ღვინის ”ხვანჭკარას” დასამზადებლად. ამას გარდა მისგან მზადდება საშუალო და ნახევრად ტკბილი, მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინოები.

უსახელაური

წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. ძირითადად გავრცელებულია ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში. გვიანი პერიოდისაა, საკმაოდ მცირე მოსავლიანი. უსახელაური ნამდვილად შეიძლება ვაღიაროთ საქართველოს ყველაზე იშვიათ და ძვირფას ღვინოდ. ივანე ჯავახიშვილმა გამოთქვა შეხედულება იმის შესახებ, რომ უსახელოურს თავისი სახელწოდება მიღებული უნდა ჰქონდეს ლეჩხუმის მდ. ლაჯანურას მარჯვენა მხარეზე მდებარე სოფელ უსახელოდან. მთლიანად საქართველოში უსახელაურს სულ 60,3 ჰექტარი უჭირავს. ამ ფართობიდან 55,4 ჰექტარი მარტო ცაგერისა და ამბროლაურის რაიონზე მოდის, 3,42 ჰექტარამდე ფართობი უსახელაურს იმერეთში: ქუთაისის და წულუკიძის ტერიტორიებს მიეკუთვნება, ხოლო 1,45 მას საქართველოს სხვა რაიონებში უჭირავს.

ოჯალეში

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებული სამეგრელოს რაიონში. ძალზედ გვიანი პერიოდისაა. საუკეთესო ოჯალეშის ღვინო დგება მარტვილის რაიონის სოფლებში: სალხინი, თამაკონი, აბედათი. შაქრიანობა მერყეობს 21,2 -დან 24,3 % მდე, მჟავიანობა 7-9 %. XIXსაუკუნის მეორე ნახევარში ოჯალეში თითქმის მთლიანად გაქრა. ამ დრომდეოჯალეში გვხვდებოდა მაღლარის სახით. (მეგრულად სიტყვა ,,ოჯალეში,, ,,ხეზე გაზრდილს,, ნიშნავს) . მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი დედოფლის დის სალომე დადიანის ქმარმა, მაიწყო ოჯალეშის ევროპული წესით მოშენება და ოჯალეში გადაშენებას და მივიწყებას გადაურჩა. დრესდღეობითაც მარტვილის მონასტერში და დადიანების ძველ მარანში აქტიურად აგრძელებენ ოჯალეშის ვენახების გაშენებას და აღდგენას.

ჩხავერი

ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიში. ძირითადად გავრცელებულია გურიის რეგიონში. ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ძალზედ საგვიანო პერიოდისაა, მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. ეს ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმიდა ძირითადად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი. შაქრიანობა 22 % და ზევით. ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით საქართველოში ერთ-ერთი პირველია. მისგან დამზადებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ალკოჰოლით, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი