შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

შუფუტინსკი და ბაბუა თომა

2008 წლის აგვისტოს იმ მძიმე მოვლენების დროს ზედიზედ რამდენიმე ღამის განმავლობაში ერთ ბანალურ, თუმცა ამაღელვებელ სიზმარს ვნახულობდი: თითქოს საქართველო შავებში ჩაცმული ქალი იყო; კავკასიონის მთის ძირას, ლოდზე იჯდა და მიწას ჩასცქეროდა. მერწმუნეთ, მართლა გულისმომკვლელი სანახავი იყო. როცა გაიღვიძებდი, ტელევიზორში საშინელებებს გადმოსცემდნენ, დაბომბეს… ამდენი ადამიანი გარდაიცვალა… რაც ყველაზე მკაფიოდ მახსოვს, ეს იყო სასოწარკვეთის და უძლურების წამლეკავი შეგრძნება, როცა ყოველ წამს ტელეფონს დასცქერი და ყოველი უცხო ზარის შემოსვლის დროს გული გიფანცქალებს – იქნებ სამხედრო კომისარიატიდან გირეკავენ, სადაც მოხალისედ ჩაეწერე. თუმცა ისიც იცი, რომ როგორც კომისარიატში გითხრეს, ეს ყველაფერი ფორმალობაა და არავინ წაიყვანს ომში მოხალისეებს. ეს ყველაფერი გროვდება, გროვდება, გროვდება შენში, ერთ დღესაც ბალიშში ჩაემხობი და მაგრად იტირებ, კბილით გაგლეჯილი ბალიშიდან ამოყრილი ბუმბული სველ ლოყებზე გეკრობა.

გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი… კი არადა, გაივლის წლები და ამ ისტორიას, რატომღაც, ერთ ქალს მოუყვები. კიდევ გაივლის წლები და ის ქალი წამოგაყვედრებს, სხვები როცა იბრძოდნენ, შენ იწექი და ტიროდიო, ასეთი ტუტუცი არსებებიც დაიარებიან, მაგრამ ეგ სხვა ისტორიაა. ჯიქიაზე, ჩემს სახლთან ახლოს, სამხედრო პოლიგონია. თქვეს, რომ რუსები მის დაბომბვას აპირებდნენ, ხოდა ვნახე: რამდენიმე ღამის მანძილზე ვერეს ხეობაში რომ ათენებდნენ ჩემი მეზობლები ღამეს, ზოგი ნათესავთან მიდიოდა.

ვნახე: ჩემმა ერთმა მეზობელმა აივანზე საქართველოს დროშა გამოფინა, გამახსენდა, რომ მეც მქონდა დროშა და მეც გამოვფინე. ჩვენს კორპუსზე ორი დროშა ფრიალებდა: პირველ სართულზე და მეექვსე სართულზე. ვნახე: ჩემი ერთი მთვრალი მეზობელი ეზოში მანქანას რეცხავდა, თან ბოლო ხმაზე შუფუტინსკი ჰქონდა ჩართული. ამაზე გულისამრევი არაფერი იყო. სანამ მე მეექვსედან ჩავიდოდი, ბიჭებმა გამოართვევინეს.

არ მინახავს, მაგრამ მომიყვნენ: როცა რუსები აფხაზეთის მხრიდან სამეგრელოში შემოვიდნენ, ჩემს რაიონში, ჩხოროწყუში, მშენებარე საავადმყოფოს შენობაში დაბანაკდნენ (ალბათ, იმიტომ, რომ შენობის უკან ყოფილი აეროდრომია). საავადმყოფოს წინ, გზის გადაღმა, ცხოვრობს ბაბუა თომა, ჩია, საყვარელი კაცი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ  ჩაფხუტით დაიარება. ხოდა,  რომ დათვრებოდა თურმე ბაბუა თომა, დასტაცებდა თოფს ხელს და გაექანებოდა რუსებისკენ. შვილები იჭერდნენ, ბაბუა თომა მეგრულ-რუსულად იგინებოდა, რუსები კი სიცილით კვდებოდნენ. ამ ბლოგს კი ერთი ლექსით დავამთავრებ, რომელიც არის ნაწყვეტი ჩემი ლექსების ციკლიდან „აგვისტოს რომანსები”.

08.08.16

წყალი წაიღებს წასაღებსაც,

მაგრამ მოიტანს მოსატანს,

თუკი ზუსტ ადგილას ზუსტად დახვდები:

ცარცის გოგონა, შენი თავი და ეს ქვეყანა –

კიდით კიდემდე დაქსაქსული მავთულხლართებით –

მან მომიტანა.

და დავბრუნდი თითქოს ომიდან,

სადაც ვისროდი შენს ყვავილებს

და ჩემს ნაწერებს,

მხოლოდ დაჭრილი მიწა მსურდა გამომეყვანა,

მაგრამ მომიკლეს და კინწისკვრით გამომაძევეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი