პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

„პეპელა“, რომელიც ძალიან გვჭირდება…

ბებია დამსახურებული მასწავლებელი იყო. უკვე საკმაოდ ასაკოვანიც  კი ყოფილი მოსწავლეებისგან უამრავ წერილს იღებდა. მაშინ არ  არსებობდა არც სოციალური ქსელი და არც ელეტრონული ფოსტა. იმხანად მხოლოდ ფოსტალიონი მიტო იყო. თავის მოვალეობას ბეჯითად ასრულებდა და ჩვენი ეზოს კარებთანაც წარა-მარა ყვიროდა:

  • ქეთო ძალოოო, წერილია, წერილი…

ქეთო ძალო ბებია იყო. ერთხელ დავინტერესდი, შენ რა, მიტო ფოსტალიონის ძალო -მეთქი? არაო, გაიცინა, უბრალოდ სოფელში ასე მიმართავენ, როცა ქალი გათხოვილია, ოღონდ ასაკშია, მაშინვე „ძალო“  ხდებაო. დავასკვენი, რომ „ძალო“ რაღაც წოდების მსგავსი უნდა ყოფილიყო. ჰოდა, სოფელში სტუმრად ყოფნისას, გავიგონებდი თუ არა, ბებიაზე ადრე კისრისტეხით გავრბოდი. წერილები, მგონი, მე უფრო მიხაროდა. შემდეგ ერთად დავსხდებოდით და ბებო ხმამაღლა კითხულობდა.

ერთხელ, სანამ სკოლაში შემიყვანდნენ, ერთად ციფრების წერას ვსწავლობდით. ჰოროსკოპით მერწყული ვარ. მერწყულები კიდევ რაღაცნაირი თავისებური ხალხი ვართ. თავისუფლება გვიყვარს, გარეგნულად ცივები ვჩანვართ (ოღონდ, ეს მხოლოდ გარეგნულად), სიჯიუტეზეც არ ვამბობთ უარს. თუმცა, ამას გარდა იმდენი დადებითი თვისება გვაქვს, რომ ფაქტობრივად ეს სიცივე და სიჯიუტე სალაპარაკოდაც არ ღირს. ჰოდა, იმხანად პატარა მერწყულს სიჯიუტის პატარა ნიშნები უკვე მეტყობოდა და ერთიანს პრინციპულად მარჯვენა მხრიდან ვუწერდი ჯოხს. ერთხელაც ბებია გამიბრაზდა და მითხრა:

– თუ ასე გააგრძელებ, ვერაფერსაც ვერ ისწავლი და გამოხვალ მებატეო.

მებატე რანაირად გამოვალ, ბატები არ მყავს-მეთქი –  გავიოცე გულწრფელად;

გეყოლებაო, – დამამშვიდა, – გიყიდითო.

იმხანად ლაკის ფეხსაცმელებზე ვოცნებობდი. უფრო სწორად, მქონდა, მაგრამ მე მაღალქუსლიანი მინდოდა. სულ პაწაწა ქუსლი მაინც რომ ჰქონოდა, ისეთი.

  • ყველა ბატს გავყიდი და მაღალ ქუსლებზე ფეხსაცმელს ვიყიდი. ასე მებატეც აღარ ვიქნები და ოცნებასაც ავისრულებ-მეთქი, უცბად მოვძებნე გამოსავალი.

ბებია ძალიან ენერგიული იყო, მერე და მერე დაიღალა ნელ-ნელა. ხუმრობდა ხოლმე, ელემენტები მეცლებაო.

სხვათა შორის, 1936 წელს მშენებლებმა სრულიად შემთხვევით ყვითელი თიხის 15 სმ. ცილინდრის ფორმის ლარნაკი აღმოაჩინეს. მასში მოთავსებული იყო სპილენძის ფირფიტა და რკინის ღერო. ცილინდრი და ჭურჭელი ზემოდან ფისით იყო გადალესილი. ანალიზით დადგინდა, რომ ცილინდრში ყურძნის წვენს ან ძმარს აყენებდნენ. ეს ფაქტი მიუთითებდა, რომ გალვანის და ვოლტას კვლევებამდე 2000 წლით ადრე გამოიყენებოდა ელექტრული დენი და ელექტრული ელემენტი, რომელსაც „ბაღდადის ელემენტი“ უწოდეს. თუმცა, ელემენტის გამომგონებლად კი მაინც გალვანი და ვოლტა ითვლებიან.

ბაღდადის ელემენტით ეგვიპტოლოგები დაინტერესებულან. უკვირდათ, იმდროინდელი ოსტატები როგორ ახერხებდნენ ვერცხლის ქანდაკებების თანაბრად მოოქროვებას. ამიტომ, ასეთი ცდა გაუკეთებიათ: ეგვიპტის ღმერთის ოსირისის ვერცხლის ქანდაკების ასლი მოათავსეს ოქროს შემცველ მარილმჟავას ხსნარში, შეაერთეს ათ ცალ თიხის ლარნაკთან (ანუ, ელემენტთან) და გამტარი ხსნარში მოათავსეს. რამდენიმე საათის შემდეგ ქანდაკება ოქროს თხელი ფენით თანაბრად დაიფარა. ამ ექსპერიმენტით დაადასტურეს, რომ ჩვ.წ. აღ-მდე იცოდნენ გალვანოტექნიკა, თუმცა ბევრი კითხვა უპასუხოდ დარჩა… თუნდაც,  საიდან იცოდნენ, რომ რკინა ხსნარიდან სპილენძს გამოაძევებდა?

ადამიანებს ჩვენი  ელემენტი გვაქვს. პეპლის ფორმისაა და თუ გაჩერდა მტრისას… ფარისებრ ჯირკვალზე ვსაუბრობ. ერთ-ერთი უმთავრესია ადამიანის ენდოკრინულ სისტემაში და იოდშემცველ ჰორმონებს გამოიმუშავებს (სტატია იოდზე აქ გაიხსენეთ https://mastsavlebeli.ge/?p=10780). ეს უკანასკნელნი კი აქტიურად მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში. აკონტროლებენ ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმს.   თიროქსინი (ტეტრაიოდთირონინი T4) და ტრიოდთირონინი (T3). თავად თიროქსინი L-თიროზინთან იოდის მიერთებით წარმოიქმნება, ბიოლოგიურად ნაკლებად აქტიურია. პერიფერულ ქსოვილებში სელენ დამოკიდებული ფერმენტის, მონოდეიოდინაზას მეშვეობით ტრიოდთირონინად გარდაიქმნება.

თავად ამ ჰორმონებს და იოდის მიწოდებას კი ჰიპოფიზში გამომუშავებული ჰორმონი თირეოტროპინი აკონტროლებს (თირეოტროპული ჰორმონი).

კალციტონინი პეპტიდური ჰორმონია (პეპტიდური ჰორმონი ზოგადად ნიშნავს, რომ ის 2-51 ამინომჟავურ ნაშთს შეიცავს. ნაშთების რაოდენობა თუ მეტი იქნება, მაშინ ასეთი ჰორმონი ცილოვანი ჰორმონების ჯგუფში გადაინაცვლებს) და ასევე ფარისებრ ჯირკვალში სინთეზირდება. კალციუმის და ფოსფატების მიწოდებით ძვლოვან ქსოვილს იცავს გამოფიტვისგან. ასევე აფერხებს ოსტეოკლასტების წარმოქმნას. ოსტეოკლასტები გიგანტური მრავალბირთვიანი უჯრედებია, რომლებიც შლიან ძვლოვან ქსოვილში შემავალ მინერალებს და ცილა კოლაგენს. ასტიმულირებენ ოსტეობლასტების (ძვლის ახალგაზრდა უჯრედები, რომლებიც ასინთეზირებენ უჯრედშორის ნივთიერებას – მატრიქსს),  ფუნქციურ აქტივობას. სწორედ, კალციტონინის წყალობით ახალი ძვლოვანი ქსოვილი სწრაფად სინთეზირდება.

ბოლო დროს ხშირად მოვიშველიე ისლამური მედიცინის და ალქიმიის ბრწყინვალე წარმომადგენელი – იბნ-სინა, იგივე ავიცენა. ჰოდა, ავიცენა ამბობდა, ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთო. მოგვიანებით, იმავეს ამტკიცებდა პარაცელსი. შესაბამისად, საკვებით ფარისებრი ჯირკვლის დათრგუნვაც შესაძლებელია და წახალისებაც.

მაშ ასე, საკვები, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას თრგუნავს:

გაოცდებით და ერთ-ერთ მათგანად პურ-ფუნთუშეული სახელდება. ასევე, ქერი, შვრია და ყველა ის მარცვლეული, რომელიც ცილა გლუტენს შეიცავს. ეს ყველა ადამიანს არ ეხება, მაგრამ საკმაოდ დიდ უმრავლესობას გლუტენის მიმართ შეუთავსებლობა  აქვს. მათი ორგანიზმი გლუტენს ვერ გადაამუშავებს. ამ დროს ნაწლავებში გამომუშავდება ანტისხეულები, რომლებიც „შეცდომით“ ფარისებრ ჯირკვალზეც უარყოფითად მოქმედებენ. გლუტენის კომპონენტი გლიანტინი ფარისებრში შემავალი ერთ-ერთი ცილის მსგავსია, შესაბამისად ანტისხეულების სამიზნეც ხდება.

„პეპელას“ საფრთხეს დიდი ზომის თევზებიც უქმნიან, მაგ. თინუსის მსგავსნი. საქმე მეთილ-ჰიდრარგირუმშია, რომელიც დიდი ზომის თევზებს სხეულში წლების განმავლობაში უგროვდებათ. ადამიანის ორგანიზმში გადმოსული მეთილ-ვერცხლისწყალი იმ ცილებს უკავშირდება, რომლებიც გოგირდშემცველ ამინმჟავებს შეიცავენ. ასეთი ცილები ფარისებრ ჯირკვალშიც არის…

ვერცხლისწყლის პრობლემაზე ადრეც დავწერე (იხ. „არ ეთამაშოთ, ვერაგია ..“ https://mastsavlebeli.ge/?p=3819  და  „მერკური“ https://mastsavlebeli.ge/?p=14195).

საბედნიეროდ, ისეთი საკვებიც არსებობს, რომელიც ჩვენს „პეპელას“ წაახალისებს. ყველში (განსაკუთრებით, ე.წ. მომწიფებულ, ხმელ ყველეულში) არის ამინმჟავა თიროზინი, რომლისგანაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები სინთეზირდება.  თიროზინი სხვა რძის პროდუქტებშიც გვხვდება, რადგან ის რძეში შემავალი ცილა კაზეინის შემადგენლობაშია. უბრალოდ, ყველში უფრო მეტი რაოდენობით არის. გარდა ამისა, თიროზინი არის ხორცში, ზღვის პროდუქტებში, მზესუმზირაში, ნუშში, არაქისში, კვერცში, ბანანსა და ავოკადოში.

დღეში 43 გრამი საკმარისი ყოფილა.

წყალმცენარეები იოდის წყარო გახლავთ. ჩვენს სუპერმარკეტებში წყალმცენარეებიდან ზღვის კომბოსტოს მხოლოდ  დაკონსერვებულს და მარილიანს ვიპოვით. თუმცა, ზოგჯერ უმარილოდ მომზადებული ან მშრალი სახითაც გვხვდება. ზღვის კომბოსტოს 100 გრამი 10 დღის იოდის მარაგს შეიცავს.

უფრო ნაკლები რაოდენობით იოდი ასევე გვხვდება ვაშლში, მსხალში, კარალიოკში, ფეიხოსა და კივიში. ასევე იოდს იპოვით კართოფილში (განსაკუთრებით წითელში და ბატატში, რომლის ყიდვა ასევე აღარ წარმოადგენს პრობლემას), მჟაუნასა და ისპანახში.

დღეში 5 გრამი საკმარისი ყოფილა.

და ბოლოს… გასხსოვთ ხომ, T4 ნაკლებ აქტიურია და აქტიურ ფორმად T3-ად სელენ დამოკიდებული ფერმენტის მეშვეობით გარდაიქმნება. გამოდის, რომ „პეპლის“ წახალისებას სელენიც სჭირდება. დღეში სულ 4 მგ-ია აუცილებელი და სწორედ ეს რაოდენობა შედის ხუთ ცალ ბრაზილიურ კაკალში (Brazil nut), რომელიც საქართველოში ასევე იყიდება.  თუმცა, ასევე იპოვით მიწის თხილში, ჩვეულებრივ თხილსა და ზღვის პროდუქტებში.

ერთ ზოომაღაზიაში კატა „მიტო“ ცხოვრობს. რუხი ფერის ყვითელთვალება ვაჟკაცი გახლავთ. სინამდვილეში „ათოსი“ ჰქვია, მაგრამ მე „მიტო“ შევარქვი, რადგან მიტო ფოსტალიონს ჰგავს ძალიან. აი, თუ შეიძლება, რომ ადამიანი სახით კატას გავდეს, მაშინ „მიტო“ და ნამდვილი მიტო ერთი-ერთზე გვანან ერთმანეთს. თურმე, უბანშიც პირველი ბიჭია და სხვა კატები პატივისცემით და მოკრძალებით ექცევიან. მე და „მიტო“ ვმეგობრობთ და ყოველ მისვლაზე რაიმე ნუგბარით ვუმასპინძლდები. ისიც თავს მაფერებინებს და რაღაცებს მიყვება. მაღაზიაში შესულს დამინახავს თუ არა, მაშინვე ყიჟინით გამორბის ჩემკენ და თითქოს მეკითხება: სად დავიკარგე, როგორ ვარ. შემდეგ, გარშემო შემომირბენს, აურას გამისინჯავს და გადაგორდება. ამით მეუბნება, ყველაფერი რიგზეა და მეგობრობის ნიშნად მოფერების უფლებასაც მოგცემო. მაღაზიის კონსულტანტმა მითხრა – „ათოსს“, ჩემებურად „მიტოს“, იმხელა ენერგიის მოცემა შეუძლია, ჩემს ფარისებრ ჯირკვალსაც კი ყოფნისო.

ჰმ… რა საინტერესოა.

ჰოდა, სტრესის გარეშე თუ ვიცხოვრებთ (არადა, რა ძნელია…), სწორად შერჩეულ საკვებს თუ მივიღებთ და  სულ პაწაწა სითბოს რომელიმე პატარა, უთვისტომო ფისოსაც გავუნაწილებთ, ჩვენი „ელემენტი“ სულ დამუხტული  იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი