პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„კონკია“: სასკოლო წარმოდგენის ისტორია 

მოსწავლეობის დროიდან ყველაზე დიდი სიამოვნებით სწორედ ამ ამბავს ვიხსენებ: უფროსების დაუხმარებლად, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების იმედად,  ამოცანის სირთულის არცთუ სრულად გაცნობიერებით, თუმცა კი შემართებითა და თავგანწირვით – როგორ გადავწყვიტეთ სპექტაკლის დადგმა და დავდგით კიდეც ნამდვილ სცენაზე. ეს სცენა კინოდარბაზისა კი იყო, მაგრამ მუქი შინდისფერი ხავერდის ფარდა ჰქონდა და საკმარისი სივრცეც – იმისათვის, რომ გორის თეატრის მსახიობებს დროგამოშვებით მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე ძველი სკეტჩები გაეთამაშებინათ.

კლასის დამრიგებელი გავაფრთხილეთ, რომ სპექტაკლს ვდგამდით. სხვებმაც იცოდნენ – მასწავლებლებმა, მშობლებმა, კინოდარბაზის მეთვალყურეებმა. თავიდანვე ვთქვით, რომ დახმარებას არ ვითხოვდით, ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, სანამ საქმე დეკორაციის მომზადებასა და ტანსაცმლის შეკერვაზე არ მიდგებოდა. დღესაც კი მიკვირს, რომ ბოლომდე გვენდნენ – რეპეტიციების უფლება მოგვცეს, აზრი არც ზღაპრის შერჩევისას გამოუთქვამთ და არც როლების განაწილებისას, თავი პიესის წაკითხვითაც არ შეუწუხებიათ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ დაწყებულის დასამთავრებლად ნებისყოფა არ გვეყოფოდა, წლის ბოლოს კი სახელდახელოდ მოგვამზადებინებდნენ რაიმე წარმოდგენას.

არავის უსწავლებია, როგორ უნდა დამეწერა პიესა. კონკია, დედინაცვალი, დედინაცვლის ქალიშვილი, მეფე, დედოფალი, უფლისწული… როცა დიალოგებს ვწერდი, თვალწინ იმ კლასელების სახეები მედგა, რომლებსაც ეს როლები უნდა შეესრულებინათ. ძროხა, ენას რომ ამოიდგამს და საგონებელში ჩავარდნილ გოგოს რჩევებს აძლევს – აი, ეს ძროხაც ხომ ვიღაც უნდა ყოფილიყო. ამ როლით დიდად ვერავინ მოიხიბლა. ბოლოს, როგორც იქნა, მამუკა მეზვრიშვილი დავიყოლიე – წარმოდგენის პირველ ნაწილში ძროხა იქნები და მეორე ნაწილში – უფლისწული, უქმად ყოფნა არ მოგიწევს-მეთქი.

რეპეტიციები დიდხანს გაგრძელდა – ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. კინოდარბაზში შებინდებამდე ვრჩებოდით ხოლმე. გვციოდა და გვშიოდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ჩემს თავს დიდი ამბავი ხდებოდა: პიესის ავტორიც ვიყავი, რეჟისორიც და კონკიას როლის შემსრულებელიც. წლის ბოლო რომ მოახლოვდა, კლასის დამრიგებელმა შემოგვთავაზა: გორის თეატრის რეჟისორს ვთხოვ, თქვენი სპექტაკლი ნახოს, შეაფასოს და რჩევებიც მოგცეთო. იმ კაცის სახელი და გვარი არ მახსოვს, დღემდე კი დიდი მადლიერებით ვიხსენებ – წარმოდგენა ნახა, მთელი საღამო დაგვითმო, განათების მნიშვნელობაზე გვესაუბრა და ჩემი ერთი კლასელი ორიოდ წუთში გამნათებლად აქცია, ჩემი დადგმული სცენები მთლიანად გადააკეთა, უამრავი რჩევა-დარიგება მოგვცა. უკვე ღამე იყო, სახლებში რომ დავბრუნდით, კმაყოფილები და ახალი ცოდნის მნიშვნელოვნებით გაბრუებულები.

მახსოვს, იმ რეჟისორმა დედინაცვლის ქალიშვილს უთხრა: შენი სიძულვილი უფრო თვალსაჩინო უნდა იყოს, ამიტომ როცა კონკიას შვრიისა და ხორბლის გარჩევას ავალებ, ჯამი კი არ გაუწოდო, ზიზღით მიუგდეო. ჰოდა, მომდევნო რეპეტიციაზე რიტა მეზვრიშვილმა ის ჯამი მთელი ძალით მესროლა – შუბლის ნახევარი კარგა ხანს მტკიოდა.

პრემიერის დროს დედინაცვალმაც ვერ მოზომა და იმის ნაცვლად, რომ მძინარესთვის ფეხი მსუბუქად წაეკრა – ადე, შე უსაქმუროო! – ფეხსაცმლის ცხვირი ფერდში გამეტებით მაძგერა. ტკივილისგან სუნთქვა შემეკრა. მეგონა, ვეღარასდროს წამოვდგებოდი.

ძროხამ მშვენივრად გაართვა თავი საქმეს – უბედურ გოგოს ნამდვილი მეგობრობის ძალა აგრძნობინა. ოთხზე დამდგარ პატარა ბიჭს რუხი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული, თეთრად მიხატული ძუძუებით, თავზე კი მუყაოს რქები ადგა. როცა წარმოდგენის პირველი ნაწილი დასრულდა და ძროხა უფლისწულის ტანსაცმლით გამოგვეცხადა, მუხლების ადგილას ამოთეთრებული შავი ქსოვილი ყველას თვალში მოგვხვდა. უფლისწულს გრძელი გზა კი გამოევლო კონკიას სახლამდე, მაგრამ მისი სამოსი აშკარად უფრო დიდ განსაცდელთან გამკლავებაზე მეტყველებდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ პრემიერა სულაც არ გამართულა იმ სცენაზე, სადაც რეპეტიციები გვქონდა. აღარ მახსოვს, რა მიზეზით არ გაგვიღეს კინოდარბაზის კარი სწორედ იმ დღეს. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, წარმოდგენა, რომელსაც თითქმის მთელი სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ, სპორტულ დარბაზში გაიმართა – ამიტომაც იყო, რომ სცენის მტვრის ნაცვლად უფლისწულის მუხლებზე რაღა არ აღმოჩნდა: ნახერხი, ცარცის ნაფშხვნები… მოკლედ, ამ უფლისწულის საეჭვო წარსული კარგა ხანს იყო შიდასასკოლო საუბრების თემა.

მეფე და დედოფალი ერთ სკამზე ისხდნენ. წარმოდგენა ისე დაიწყო, მეორე ნაწილში სკამები რომ დაგვჭირდებოდა – დაგვავიწყდა. ჰოდა, უჭირდათ მეფეს და დედოფალს, თავს ძლივს იკავებდნენ, მოღუშული სახეებით ელოდნენ საფინალო რეპლიკების გაგონებას.

ვყვები და მგონია, რომ ეს მე არ ვყოფილვარ. თამამი, თავზეხელაღებული. სხვებიც ისეთები იყვნენ, მერე რომ აღარ ყოფილან: თავისუფლები, რაღაცის შექმნის სიხარულით გულაჩქარებულები. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავიწყეთ და დავამთავრეთ; როგორ ვთქვით, რომ ყველაფერს მოვითმენდით, ოღონდ კი კარგი სპექტაკლი გამოსულიყო – ისეთი, როგორსაც ჩვენგან არ ელოდნენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი