შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოხუცი მასწავლებლები

მაშინ თედორე მასწავლებელი 80 წლის იყო, მე მაქსიმუმ 12-ის. სულ რაღაც 2 წელი მასწავლიდა.

მაღალი კაცი იყო, ხმელი და სიბერისაგან წელში უდნავ მოხრილი. ალბათ, ახალგაზრდობაში სხარტი კაცი იქნებოდა, ახლა სიბერეს შეენელებინა მისი ნაბიჯი. პატარა ულვაშს ატარებდა და, რა თქმა უნდა, ყოველთვის პიჯაკი ეცვა.

ახირებული ხასიათი ჰქონდა: ვერ იტანდა ქუდს საკლასო ოთახში – მაშინვე ჩამოგართმევდა და დიდი ხნით ჩაკეტავდა კარადაში; შუბლთან შეკრეჭილ თმას, ე.წ. ,,ჩოლკას“ – თქვენს სახეს ვერ ვხედავო, და ეჭვით უცქერდა ჯინსის ქურთუკიან ბავშვებს – მაშინ იშვიათობა იყო სოფელში და თედორესთვის ფუფუნების და შესაბამისად, გაზულუქების ერთგვარი ნიშანი იყო.

დამახასიათებელი მეტყველების მანერა ჰქონდა, ზოგიერთ თანხმოვანს ყლაპავდა ხოლმე, რაც მის ენაკვიმატობას კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა. თედორე მასწავლებლის მოსწრებულ ნათქვამებზე  ლეგენდები დადიოდა სოფელში. ერთხელ მოსწავლე მიუყვანიათ მისთვის სახლში, აბიტურიენტი,შეუმოწმებია თედორეს მისი ცოდნა და ჩაუქნევია უიმედოდ ხელი, არ გამოვა არაფერიო. შეეხვეწა მშობელი, ბატონო თედორე, ნუ გაგვიშვებთ ასე, გზაზე მაინც დაგვაყენეთო. ერთ წამს დაფიქრდა თედორე, მერე წამოდგა, ამათაც ანიშნა, ადექითო.წავიდა ჭიშკრისკენ, მოით აგერო. ესენი დაბნეულები მივიდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რა ჩაიფიქრა, თედორემ ჭიშკრის ზემოდან გადახედა გზას და ამათ გამოხედა: ა, აგერაა გზაი და გაგიყვანთ ჯვარამდეო ( ჩვენი სოფლის ცენტრს ჯვარს ეძახიან).

სწავლების მეთოდიც და ახსნის მანერაც თავისებური ჰქონდა. დავალებებს ყოველ დღე არ ამოწმებდა, მაგრამ არავინ ვიცოდით, როდის შეამოწმებდა, ყველა დავალება ახსოვდა ზეპირად. ხსნიდა მთელი სულითა და სხეულით, ზუსტად მახსოვს, როგორ ნათდებოდა თავში ყველაფერი თედორეს ახსნისას. ამ დროს არაფერი არ უნდა ჩაგეწერა, მხოლოდ უნდა გესმინა. რომ დაამთავრებდა,მერე გვაძლევდა დროს ჩაწერისთვის. დაფასთან ძირითადად თვითონ იდგა ხოლმე, ჩვენ იშვიათად გამოვყავდით დაფასთან, მაგრამ როცა გამოვდიოდით, მაშინვე ხვდებოდა, ვინ რა ვიცოდით, სად გვიჭირდა და რაში გვჭირდებოდა დახმარება. გიჟდებოდა მშობლების დაბარებაზე! ერთადერთხელ ჩემი მოსწავლეობის ისტორიაში ჩემი მშობელიც დაიბარა, გაკვეთილზე ხითხითის გამო – მენაბდის ქალო,შენცო?!!!

თავიდან არ მენდო და 4-ს მიწერდა „ხუთოსანას“ (დღემდე ვერ გამირკვევია, მართლა ხუთოსანი ვიყავი თუ ინერციით) და მამშვიდებდა: ჩემი 3-იანი 4-იანია უმაღლესში, 4-იანი – 5-იანიო. წლის ბოლოს კაპიტულაცია გამომიცხადა და 5 დამიწერა. თურმე მიდიოდა კიდეც სკოლიდან. თედორეს წასვლით დამთავრდა ჩემი და მათემატიკის ურთიერთობა. გამოსაშვები კლასის გამოცდაზე, ჩემთვის უკვე იეროგლიფებივით რომ ეწერა დაფაზე მათემატიკური ფორმულები და ძლივს ვცოდვილობდი, რაღაც სასწაულით თედორე შემოვიდა დარბაზში (იმ წელს მასწავლებელთა პირველი გამოცდები იყო და თედორეს გამოზრდილ მათემატიკოსებს ისევ 80-ს გადაცილებული მასწავლებელი მოეწვიათ კონსულტაციისთვის) მაშინ, წიგნებში რომაა, ზუსტად ისე ვინატრე, მიწა გამსკდარიყო და თან ჩავეტანე, ოღონდ თედორეს არ დავენახე და ვეცნე. ვერ დამინახა.

ბოლოს რომ ვნახე, ვნახე კი არა, დავინახე, თავის ჭიშკარში შედიოდა. დიდი გოდორი ჰქონდა მოკიდებული.  ერთი-ორად მოხრილი მეჩვენა. ზუსტად ისეთი გულმოდგინება ეწერა სახეზე, როგორც გაკვეთილის ახსნისას. რაღაც ჩამწყდა გულში.

***

ბატონი ელგუჯა ჩემი მასწავლებელი არაა, კოლეგაა, მაგრამ მე მაინც მგონია,რომ ისტორია მეორედება. ისიც მათემატიკოსია. და იმ იშვიათთაგანი,რომლისთვისაც ცხოვრების აზრს კვადრატული ამოცანა არ განსაზღვრავს და ყველაზე მარტივი და აუცილებელი ჭეშმარიტება გამრავლების ტაბულა არაა. სოციალურ თუ ყოფით პრობლემებზე, პოლიტიკაზე თუ ლიტერატურაზე ერთნაირად საინტერესოდ ლაპარაკობს, ყოველთვის აქვს გადანახული მოსათხრობად რომელიმე გულღია და სახალისო ამბავი და მე ძალიან მიყვარს მისი ამბების მოსმენა.

დიდია და თერთმიანი,ძალიან დინჯი, ლეჩხუმელი კაცი. ნაბიჯები და მეტყველება ერთნაირად აუჩქარებელი აქვს(დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდობაშიც ასეთი  იქნებოდა). ერთი უფროსკლასელი ამბობდა,ზარი რომ დაირეკება, სამასწავლებლოდან გამოდის და კართან ელოდება, როდის მინელდება პირველ-მეორე-მესამე კლასელების უთავბოლო რიალი, რომ ნაბიჯი გადადგას, თითქოს გოლიათია და ეშინია ჭიანჭველებს ფეხი არ დაადგასო.

მეორე იხსენებს,ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ტიპიაო: საელჩოს დამზადებული პოსტერი მივუკარი დაფაზე, გენდერულ ბალანსზე იყო, სხვებმა თუ ლექციები და შეგონებები მოაყოლეს, ელგუჯა შემოვიდა, მაშინვე შეამჩნია, მართალიაო, ქალები ჩვენს კულტურაში დაიჩაგრნენ, მაგრამ წამდაუწუმ ამის ტირაჟირება ცოტა მეხამუშებაო.

მესამემ – სულ ბრძნულ რამეებს გვეუბნებაო.

2 წლის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების გამო სკოლიდან წასვლას აპირებდა, მეთორმეტეთა უმეტესობა მათემატიკას აბარებდა მისაღებ გამოცდაზე და ძალიან უხაროდა იმ კლასში შესვლა. მადლობის ტაშით, ყელში გაჩრილი ბურთებით გააცილეს ელგუჯა მასწავლებელი და კარგად ჩააბარეს გამოცდა. ბატონი ელგუჯა გამოკეთდა და სექტემბერში ისევ დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ სულ 2 ბავშვს უნდოდა იმ წელს მათემატიკის ჩაბარება. გულდაწყვეტილმა, მაგრამ ღიმილით შემომჩივლა, ეჰ, შევცდი, ტრიუმფით უნდა წავსულიყავიო.გამეცინა.

წელს ისე დაემთხვა, მე რომ მივდივარ სკოლაში, თვითონ ამთავრებს გაკვეთილებს და მიდის. ან ეზოში ვხვდებით ერთმანეთს, ან კიბეებზე, ან სკოლიდან გამოსასვლელ კარში – წელს გადასარევი ურთიერთობა გვაქვს მე და შენო, ამას წინათ მითხრა ღიმილით, გამეღიმა და თავი დავუკატუნე, არ მითქვამს, რომ ეს ,,ურთიერთობაც“ კი მიხარია, მიყვარს, როცა ეზოში შემოვალ და შორიდანვე დავინახავ, როგორ მოაბიჯებს ძალიან ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით ჯიბეებში ხელებჩაწყობილი (სხვათა შორის,სულ ჯინსის შარვალი აცვია) და ძალიან მიყვარს, რომ ბავშვებს უყვართ, ესმით, უსმენენ და მათაც უნათდებათ თავები, როცა ბატონი ელგუჯა მათემატიკურ თუ ცხოვრებისეულ თეორიებს უხსნის.

***

ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო – ეს ანდაზაც მიყვარს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი