პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როცა მამას უარვყოფთ…

ამ ბოლო დროს ოჯახურმა ურთიერთობებმა გამიტაცა. არა, ბოლო დროს არა, გატაცებას დიდი ხნის ისტორია აქვს და 2 წლის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავროკურსადაც იქცა, სახელწოდებით “ოჯახური ცხოვრების დინამიკა”. სტუდენტებთან ერთად გამორჩეული ნაშრომებისთვის facebook–ის გვერდიც შეიქმნა “იფიქრე ჩვენთან ერთად”.


კონსულტაციაზე:
(6 წლის ბიჭი, მძიმე ნევროტული აშლილობა)
ვისთან ერთად ცხოვრობ?
დედასთან.
მამა სად არის?
გავაგდეთ.
როგორ?
გავეყარეთ… გვამცირებს… კაცი არ არის… საუკეთესო წლები მოგვიწამლა…
(14 წლის მოზარდი, მძიმე შაკიკი, გულყრები, დევიაციური ქცევა)
მამა რატომ არ დახატე, თქვენ ხომ ოჯახი ხართ?
უკეთესი იქნებოდა, სულ არ ყოფილიყო ასეთი მამა…
რას გულისხმობ?
დედას ცხოვრება მოუსპო, ღორივით იქცეოდა… ახლა არ მუშაობს…
შენ როგორ გექცევა?
ცუდი ნიშნების გამო არ მეჩხუბება…
სულ ეს არის?
ჰო,… სხვას რას უნდა ველოდო?… გართობისთვისაც კი მე ვშოულობ ფულს…
როგორ?
კალათებს ვწნავ…
ვინ გასწავლა?
მამამ… ბევრი რამე მასწავლა, თევზის დაჭერაც ვიცი… მანქანის ტარებაც… ხეზეც ვმუშაობ ცოტას… გაზაფხულისთვის ნავი გავაკეთეთ, ერთად წავალთ სათევზაოდ.
როგორ ჯდები ნავში იმ ადამიანთან ერთად, ვის სიკვდილსაც ნატრობ?
…მასთან როგორღაც… საინტერესოა ურთიერთობა… როცა დედა მიდის, კარგად ვართ… დედა ვერ ეწყობა, თორემ მე დედასაც ვეწყობი და მამასაც, ცალ–ცალკე…
(6 წლის გოგო, ურთიერთობის პრობლემები, უყურადღებობა, ღამის შფოთვები, მეტყველების პრობლემები, ფრჩხილების კვნეტა…)
მხოლოდ დედა და ძმა რატომ დახატე, შენ და მამა სადღა ხართ?
ჩვენ სხვაგან ვართ, რომ დედა კარგ ხასიათზე იყოს…
ერთად რომ იყოთ?
ცუდი იქნება…
როგორ ცუდი?
(ტირის, ცოტა ხნის შემდეგ)
მხოლოდ დედას არ უთხრათ, მამაც მიყვარს, ძალიან…
(მოზარდი, მძიმე ნევროტული დარღვევები)

თქვენს ბიჭს სჯერა მამის გარდაცვალების ამბავი?
დიახ! სპეციალურად ვუთხარით… ღმერთმა ნუ ქნას, მასთან შეხვედრა მოინდომოს, თავს ვეღარ დააღწევს მემკვიდრეობითობას… მე და ბებო მამის შესახებ მხოლოდ კარგს ვუყვებით, რომ არ იდარდოს და ეცადოს კარგი ადამიანი დადგეს.
(8 წლის ბიჭი, მძიმე დეპრესია და მთელი რიგი სხვა დაავადებები)
მამას რა მოუვიდა?
არ ვიცი…
მამის სიკვდილს არ უმხელთ? (მივმართავთ დედას)
იცის, ვისაუბრეთ… (დედა ტირის), არც კითხულობს და ფოტოების ნახვაც არ სურს.
როცა დედა ოთახიდან გადის, ბიჭს ვეკითხები:
არ გინდა მამას შესახებ გაიგო?
გამოცოცხლებული ბიჭი პირველად მიყურებს თვალებში.
კი, მაგრამ არ შეიძლება…
რატომ?
დედა ისევ იტირებს, არ არის საჭირო.
გაგიზიარებთ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების შედეგებს:
1.ბავშვებს ერთნაირად ძლიერად უყვართ მშობლები, მათ მიერ დემონსტრირებული ქცევის მიუხედავად (!!!) ბავშვი დედას და მამას იღებს როგორც მთლიანს და საკუთარი თავის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

2.ბავშვის ურთიერთობას მამასთან და მამის ურთიერთობას ბავშვთან ყოველთვის დედა აყალიბებს. (ქალი შუამავალია მამასა და ბავშვს შორის, სწორედ ის „უთარგმნის” ბავშვს, ვინ არის მამა, როგორია და როგორ უნდა მოექცეს).

3.დედას აბსოლუტური ძალაუფლება აქვს ბავშვზე, როგორც უნდა ისე მოექცევა – ცნობიერად თუ არაცნობიერად.

ეს ძალაუფლება ბუნებამ იმიტომ მისცა, რომ შთამომავლობამ ზედმეტი ეჭვების გარეშე შეძლოს გადარჩენა. თავდაპირველად თვით დედა არის ბავშვის სამყარო, მოგვიანებით კი დედის საშუალებით ეცნობა სამყაროს. მისი თვალებით ხედავს მას, ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რაც დედისთვის არის მნიშვნელოვანი. ცნობიერად თუ არაცნობიერად დედა აქტიურად აყალიბებს შვილის აღქმას.
მამასაც დედა აცნობს, ის გადასცემს მამის მნიშვნელობის ხარისხს.
თუ დედა არ ენდობა ქმარს, ბავშვიც გაურბის მამას.
კონსულტაციაზე:
ჩემი გოგო წლის და 7 თვისაა. ყვირილით გაურბის მამას, ხელში როცა აჰყავს. ტირის და თავის დაღწევას ცდილობს. ამ ბოლო დროს კი სულ ამას ეუბნება: „წადი, არ მიყვარხარ, ცუდი ხარ”.
თქვენ რას გრძნობთ ქმრის მიმართ?
ძალიან ნაწყენი ვარ… ტირილამდე…

4.დედა ასევე აყალიბებს მამის დამოკიდებულებას შვილთან.
მაგალითად, თუ დედა ბავშვის მამას პატივს არ სცემს, შესაძლოა მამაკაცმა ყურადღება არ მიაქციოს ბავშვს.
ძალზე ხშირად მეორდება ერთი და იგივე სიტუაცია: საკმარისია, ქალმა შეცვალოს დამოკიდებულება ბავშვის მამის მიმართ, რომ ამ უკანასკნელს უჩნდება ბავშვის ნახვისა და მის აღზრდაში მონაწილეობის სურვილი.
ეს მაშინაც კი ასე ხდება, როცა მამა წლების განმავლობაში უგულებელყოფდა შვილს.

5.თუ დარღვეულია ყურადღება, მეხსიერება, არაადეკვატურია თვითშეფასება, ქცევა – ბავშვს „აკლია” მამა.

ოჯახში მამის უარყოფა ხშირად იწვევს ბავშვის ინტელექტუალური და ფსიქიკური განვითარების შეფერხების გამოვლინებას.

6.როცა ბავშვს დარღვეული აქვს კომუნიკაციის სფერო, მაღალია შფოთვა, შიშები, ვერ სწავლობს ცხოვრებასთან ადაპტაციას და ყველგან უცხოდ გრძნობს თავს – იმის ნიშანია, რომ საკუთარ გულში დედის ადგილს ვერა და ვერ პოულობს.

7.ბავშვი უფრო ადვილად უმკლავდება ასაკის მატებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როცა გრძნობს, რომ დედა და მამა მას იღებენ ისეთს, როგორიც არის.

8.ბავშვი ემოციურად და ფიზიკურად ჯანმრთელი იზრდება, თუკი მშობლების (ერთ–ერთის ან წყვილის) პრობლემების ზონის მიღმაა. ბავშვს აქვს თავისი ადგილი ოჯახის სისტემაში.

9.ბავშვი მუდამ უარყოფილი მშობლის მხარესაა. ის ცდილობს ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს მასთან ურთიერთობა.
მაგალითად, მან შესაძლოა გაიმეოროს ბედისწერის, ხასიათის, ქცევის და ა.შ. მძიმე თავისებურებები. ამასთან, რაც უფრო მეტად მიუღებელია დედისთვის ეს თავისებურებები, მით უფრო მკაფიოდ ვლინდება ბავშვში. როგორც კი დედა „უფლებას მისცემს” შვილს დაემსგავსოს მამას, ღიად უყვარდეს, ბავშვს არჩევანი უჩნდება: დაამყაროს მამასთან ურთიერთობა სირთულეების გადალახვის გზით, ან უყვარდეს უპირობოდ – გულით.

10.ბავშვი ერთნაირად ერთგულებს დედას და მამას – სიყვარულით არის „მიჯაჭვული”.

როცა წყვილის ურთიერთობა მძიმდება, ბავშვი თავისი ერთგულებისა და სიყვარულის გამო ღრმად ერთვება მშობლების სატკივარში.
ის იმდენს იღებს საკუთარ თავზე, რომ რეალურად მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებს სულიერ ტანჯვას ერთ–ერთ ან ერთდროულად ორივე მშობელს. მაგალითად, ბავშვი შესაძლოა მშობლების თანასწორი გახდეს ფსიქოლოგიურად: მეგობარი, პარტნიორი. შესაძლოა ფსიქოთერაპევტობაც იტვირთოს. მეტიც, შესაძლოა ფსიქოლოგიურად (დედ–მამას) მშობლებიც კი ჩაუნაცვლოს.

ეს ტვირთი შეუსაბამოა ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის საკუთარი საყრდენის – მშობლების გარეშე რჩება.

11.როცა დედას არ უყვარს ქმარი, არ ენდობა, პატივს არ სცემს ან ნაწყენია მასზე, ბავშვში ქმარს ხედავს და ცნობიერად თუ არაცნობიერად შვილს აგრძნობინებს, რომ მისი „მამაკაცური ნაწილი” ცუდია. თითქოს ეუბნება: „ეს არ მომწონს. ჩემი შვილი არ ხარ, თუ მამაშენს ჰგავხარ”.
დედისადმი სიყვარულის გამო, უფრო სწორად, ამგვარ ოჯახურ სისტემაში გადარჩენის ძლიერი სწრაფვის გამო ბავშვი უარყოფს მამას და, შესაბამისად, საკუთარ თავში მამაკაცურს.

ამ უარყოფის საზღაური ბავშვისთვის ძალზე დიდია.
ამ ღალატს ვერასოდეს პატიობს საკუთარ თავს.
საკუთარ თავს დასჯის უბედობით, ავადმყოფობით, ცხოვრებისეული წარუმატებლობით.
ცხოვრება ამ დანაშაულით აუტანელია, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა ის მას.
მაგრამ ეს გადარჩენის საზღაურია.
ბავშვის სულიერი განცდები რომ წარმოიდგინოთ, სცადეთ თვალები დახუჭოთ და წარმოიდგინოთ ორი უახლოესი ადამიანი, რომლებისთვისაც სიცოცხლეს არ დაიშურებდით.
სამივენი ხელიხელჩაკიდებულები მთებში აღმოჩნდით.
სადაც ფეხი გედგათ, ის ადგილი უცაბედად ჩაიქცა.
რაღაც სასწაულით თქვენ კლდის კიდეს ჩამოეკიდეთ და ფეხქვეშ მიწაგამოცლილი ორი უსაყვარლესი ადამიანი თქვენზეა დამოკიდებული.
ძალა გეცლებათ და იცით, რომ ორივეს ვერ გადაარჩენთ.
ერთ–ერთი უნდა აირჩიოთ.

ვის აირჩევთ? ამ დროს დედები, როგორც წესი, ამბობენ ხოლმე: „საშინელებაა! უკეთესია, თუკი ერთად დავიღუპებით”.
ჰო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ცხოვრება ბავშვს შეუძლებელ არჩევანს აიძულებს. ის ირჩევს. ხშირად დედის სასარგებლოდ.
„წარმოიდგინეთ, რომ ერთ–ერთი ადამიანი გაიმეტეთ და მეორე გადაარჩინეთ.
რას იგრძნობთ იმის მიმართ, ვისი გადარჩენაც ვერ შეძელით?
უდიდეს, დამანგრეველ დანაშაულს.
მის მიმართ, ვისთვისაც ეს გააკეთეთ?
სიძულვილს.”

ბუნება ბრძენი – დედისადმი ბრაზი ბავშვობაში ტაბუდადებულია. ამას გამართლება აქვს – დედა არა მხოლოდ სიცოცხლეს გვჩუქნის, არამედ გვინარჩუნებს. მამაზე უარის თქმის შემდეგ, დედა ერთადერთია, ვისაც მხარდაჭერა შეუძლია.
რისხვის გამოხატვით, შესაძლოა ის ტოტი მოჭრა, რომელზეც ზიხარ.
ამიტომ ეს რისხვა საკუთარი თავისკენ მიემართება (ავტოაგრესია).
„არ გამომივიდა, მამას ვუღალატე, საკმარისად არ გავისარჯე, რომ…
მხოლოდ მე…
დედა უდანაშაულოა – ის სუსტია”.
იწყება ქცევის, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

12.მამაკაცურობა გაცილებით მეტია, ვიდრე მსგავსება.
მამაკაცურობის პრინციპი – კანონია. სულიერება.
პატიოსნება და ღირსება.

ზომიერების გრძნობა (ზომიერებისა და დროულობის შინაგანი განცდა).
სოციალური თვითრეალიზაცია (სასურველი სამუშაო, მაღალი მატერიალური შემოსავალი, კარიერა) შესაძლებელია, თუკი ადამიანს მამის დადებითი ხატი აქვს.

13.როგორი არაჩვეულებრივიც არ უნდა იყოს დედა, მხოლოდ მამას შეუძლია ბავშვში დიდობის ინიცირება. (იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მამას თავად არ გამოუვიდა საკუთარ მშობელთან ურთიერთობა. ეს ინიცირების პროცესისთვის არც ისე მნიშვნელოვანია).
ალბათ, გინახავთ ზრდასრულები ბავშვებივით ინფანტილურები და უმწეოები?
ერთდროულად უამრავ საქმეს იწყებენ, უამრავი პროექტი აქვთ, მაგრამ არც ერთი ბოლომდე არ მიჰყავთ.
ზოგს საქმის დაწყება ეშინია, სოციალურ თვითრეალიზაციაში აქტიურობის გამოჩენის.
„არას” ვერ ამბობს.
პირობას არ ასრულებს, რთულია დაეყრდნო.
მუდმივად ცრუობს.
ეშინია საკუთარი აზრის, საკუთარი ნების წინააღმდეგ ბევრს ეთანხმება, პასუხისმგებლობა „წელში ღუნავს”.
ან პირიქით, გამომწვევად იქცევა, გარემომცველ სამყაროს „ეომება”, სხვებს უპირისპირდება, უკანონოდაც კი იქცევა.
სოციუმში ცხოვრება მეტისმეტად უძნელდება… ეს ის ადამიანები არიან, ვისაც „ხელი არ მიუწვდებოდა” საკუთარ მამაზე.

14.მხოლოდ მამის გვერდით აცნობიერებს ბავშვი თავდაპირველად საზღვრებს.
საკუთარ და სხვა ადამიანთა საზღვრებს.
ნებადართულისა და აკრძალულის საზღვრებს.
საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს. მამის გვერდით იგებს კანონის მოქმედებას, მის ძალას.
(დედასთან ურთიერთობები სხვაგვარი პრინციპით იგება: უსაზღვრებოდ – სრული შერწყმა).
მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ ევროპელებისა (ევროპაში მკაფიოდ არის გამოხატული მამაკაცური პრინციპები) და რუსების (რუსეთში მკაფიოდ არის გამოხატული ქალური პრინციპები) ქცევა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. როგორ პატარა ტერიტორიაზეც არ უნდა აღმოჩნდნენ, ევროპელები ინტუიციურად ისე განლაგდებიან, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიან, არ არღვევენ ერთმანეთის საზღვრებს, ყველას რჩება ადგილი საკუთარი ინტერესებისთვის.
რუსები ყველაფერს იკავებენ. მათ გვერდზე ადგილი აღარავისთვის აღარ არის.
საკუთარი ქცევით ანგრევენ სხვის სივრცეს, რადგან არ აქვთ საკუთარი საზღვრები.
იწყება ქაოსი.
სწორედ ეს არის ქალური მამაკაცურის გარეშე.

15.მამის წყალობით ყალიბდება ღირსება, პატიოსნება, ნებისყოფა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა – ყველა დროისათვის ფასეული ადამიანური თვისებები.

16.იმ ბავშვებს, რომელთაც დედამ მამასთან ურთიერთობა აუკრძალა (ცნობიერად თუ არაცნობიერად) არ შეუძლიათ ძალდაუტანებლად და ბუნებრივად გახდნენ გაწონასწორებული, ზრდასრული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ლოგიკური, მიზანდასახული ადამიანები.
მათ უდიდესი ძალისხმევა სჭირდებათ, რადგან ფსიქოლოგიურად ბიჭებად და გოგოებად დარჩნენ – კაცები და ქალები ვერ გახდნენ.
დედის გადაწყვეტილების – „დაეცვა ბავშვი მამისაგან” – საფასური ძალზე დიდია და მთელი ცხოვრება უნდა იხადოს. თითქოს ცხოვრების კურთხევაზე ეთქვა უარი.

„თუ ცოლი პატივს სცემს ქმარს, ხოლო ქმარი ცოლს, ბავშვებიც პატივისცემას გრძნობენ საკუთარი თავის მიმართ. ვინც უარყოფს ქმარს (ან ცოლს), უარყოფს მას საკუთარ შვილებშიც. ბავშვები ამას თვითუარყოფად აღიქვამენ” – ბერტ ჰელინგერი.

17.მამა სხვადასხვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შვილის ცხოვრებაში. ბიჭისთვის სქესის მიხედვით თვითიდენტიფიკაციაა (საკუთარი თავის მამაკაცად განცდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც). მამა მისთვის სამშობლოა, მისი „სამყაროა”.
ბიჭი სხვა სქესის ადამიანს უჩნდება.
ყველაფერი რასაც დედის საშუალებით ეხება – არსებითად განსხვავდება მისგან. ქალიც იმავეს განიცდის.
არაჩვეულებრივია, როცა დედას შეუძლია ვაჟიშვილის სიყვარული, მისი სრულყოფა ქალური ნაკადით, ქალური პრინციპების ინიცირება და სამშობლოში – მამასთან „გაშვება”.

(სხვათა შორის, სწორედ ამ შემთხვევაში შეძლებს ბიჭი დედის პატივისცემას და გულწრფელ მადლიერებას).

18.დაბადებიდან დაახლოებით სამ წლამდე, ბიჭი დედის გავლენის სფეროშია. ის ისრუტავს ქალურს: მგრძნობიარობას და სინაზეს. ახლო, ნდობით სავსე და ხანგრძლივი ემოციური ურთიერთობების უნარს.
სწორედ დედისგან სწავლობს ემპათიას (სხვა ადამიანის თანაზიარობას).
დედასთან ურთიერთობით ეღვიძება სხვა ადამიანებისადმი ინტერესი.
აქტიურდება ემოციური სფეროს განვითარება, ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები – რაც ასევე ქალურ ზონაშია.
თუ დედა გულწრფელ სიყვარულს გამოხატავდა შვილისადმი, ზრდასრულობაში ასეთი მამაკაცი მზრუნველი ქმარი, ალერსიანი საყვარელი და მოსიყვარულე მამა იქნება.

19.ჩვეულებრივ, დაახლოებით სამი წლის შემდეგ, დედა ვაჟიშვილს მამასთან „უშვებს”. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამუდამოდ. „გაშვება” იმას ნიშნავს, რომ ნებას რთავს შეისრუტოს მამაკაცური და გახდეს კაცი.

ამ პროცესისთვის, ნაკლებმნიშვნელოვანია მამა ცოცხალია თუ არა, სხვა ცოლი ჰყავს, შორს არის წასული თუ მძიმე ბედს ებრძვის.

20.ხდება, რომ ბიოლოგიური მამა არ არსებობს ან არ არის ბავშვის გვერდით. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რას გრძნობს დედა ბავშვის მამის მიმართ. თუ ქალისთვის მიუღებელია მისი ბედი, თვით ის, როგორც ბავშვის მამა, შვილს სამუდამოდ ეკეტება გზა მამაკაცურისკენ.
თვით ყველაზე ხელსაყრელი გარემოც კი უძლურია ამ დანაკარგის საკომპენსაციოდ.

ის შესაძლოა, სპორტის მამაკაცურ სახეობას მისდევდეს, დედის მეორე ქმარი არაჩვეულებრივი ადამიანი იყოს, ვაჟკაცური, ჰყავდეს მოსიყვარულე პაპა ან ბიძა, მაგრამ ეს ყველაფერი ზედაპირზე რჩება, როგორც ქცევის ფორმა.
ბავშვი ვერასოდეს გაბედავს დედის აკრძალვის დარღვევას.

დედის მიერ ბიოლოგიური მამის მიღების შემთხვევაში აკრძალვა იხსნება, თვით დედა აძლევს მამაკაცურთან ზიარების კურთხევას.
მნიშვნელოვანია, როგორია დედის წარმოდგენაში ბავშვის მამის ხატი. მამაკაცურთან ზიარების უფლების მიცემა დედას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ პატივს სცემს ბავშვის მამას, ან სულ მცირე, კარგი დამოკიდებულება აქვს მასთან.

თუ ასე არ არის, უსარგებლოა ქმრისთვის თქმა: „ეთამაშე ბავშვს. წადით, გაისეირნეთ” და ა.შ. ვერც ქმარი და ვერც ბავშვი ამ სიტყვებს ვერ/არ გაიგებენ.

ზემოქმედება მხოლოდ იმას შეუძლია, რასაც გულით ვიღებთ.
აძლევს თუ არა დედა მამასა და შვილს ურთიერთსიყვარულის კურთხევას?
უთბება თუ არა დედას გული, როცა მამა–შვილის მსგავსებას ხედავს?
თუ მამა აღიარებულია, ბავშვი აქტიურად იწყებს მამაკაცურთან ზიარებას.
განვითარება მამაკაცური გზით წარიმართება, ყველა მამაკაცური თავისებურებით, ჩვევებით, უპირატესობებითა და ნიუანსებით. ბიჭი გაემიჯნება დედისეულ ქალურს და სულ უფრო დაემსგავსება მამისეულ მამაკაცურს.
ასე იზრდება მამაკაცი გამოხატული მამაკაცურით.
ეს პროცესი განსხვავებულია გოგოებთან.
ისიც დაახლოებით სამ წლამდე დედასთან არის და ქალურს ისრუტავს.
სამი–ოთხი წლისთვის მამის გავლენის ქვეშ გადადის და დაახლოებით ექვს–შვიდ წლამდე მისი გავლენის ზონაშია.
ამ დროს აქტიურად ეყრება საფუძველი მამაკაცურს: ნებისყოფას, მიზანდასახულობას, ლოგიკას, წარმოსახვით აზროვნებას, მეხსიერებას, ყურადღებას, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას და ა.შ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ხდება იმის გაცნობიერება, რომ გოგო მამისაგან სქესით განსხვავდება. ის დედას ჰგავს და მალე დედასავით ლამაზი ქალი გახდება. სწორედ ამ პერიოდში აღმერთებენ გოგოები მამებს.
წყარო: https://www.stranamam.ru/post/10001587/

თარგმნა ნინო ჭიაბრიშვილმა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი