შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ნობელის პრემიის ლაურეატები საქართველოში (ნაწილი პირველი)

11-12 სექტემბერს გამომცემლობების – „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ მოწვევით თბილისს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ესტუმრა და გამართა შეხვედრები როგორც მკითხველთან, ისე პრესასთან, გამომცემლებთან, მთარგმნელებთან და რედაქტორებთან. მაშინვე დავინტერესდი, რამდენი ნობელიანტისთვის უმასპინძლია საქართველოს; რა მნიშვნელობას ატარებს მსგავსი ვიზიტები და რა გავლენა მოახდინა მათმა სტუმრობამ როგორც ჩვენს ქვეყანაზე, ისე ლაურეატების შემოქმედებასა და საქმიანობაზე.

საქართველოში სხვადასხვა დროს ოცდათხუთმეტამდე ნობელის პრემიის ლაურეატია ნამყოფი. სამწუხაროდ, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, არასდროს გვიმასპინძლია მედიცინისა და ეკონომიკის დარგში პრემირებულთათვის. არადა ეს უდავოდ წაადგებოდა ამ სფეროების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დარგის გამორჩეული წარმომადგენლის ლექციის მოსმენა კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ქართველი სპეციალისტებისთვისაც.

ცხადია, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ლაურეატის მასპინძლობა ნობელის მინიჭების შემდეგ. ასეთი შემთხვევა თხუთმეტი იყო (ფრიტიოფ ნანსენის, გუსტავ ჰერცის, იგორ ტამის, ნილს ბორის, მიხეილ შოლოხოვის, ბორის პასტერნაკის, ჯონ სტაინბეკის, დედა ტერეზას, ანდრეი სახაროვის, შიმონ პერესის, კარლ ალექს მიულერის, იოჰან გეორგ ბედნორცის, აარონ ჩეჰანოვერის, ორჰან ფამუქისა და სვეტლანა ალექსიევიჩის ვიზიტები). სხვა ფიზიკოსები, მწერლები თუ საზოგადო მოღვაწეები კი პრემიის მიღებამდე, სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქს. მივყვეთ ქრონოლოგიურად, მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე. შემდგომი წლების ვიზიტების შესახებ კი მოგვიანებით მოგითხრობთ.

 

1876-1885 წლები

ბერტა ფონ ზუტნერი (1905 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში)

პაციფიზმის საერთაშორისო მოძრაობის აქტივისტი ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალი ნობელიანტია მშვიდობის დარგში. საქართველოში ბერტამ და მისმა მეუღლემ, მწერალმა არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერმა, თითქმის ცხრა წელიწადს დაჰყვეს. აქედან ხუთი წელი ზუგდიდში გაატარეს, სადაც სამეგრელოს დედოფლის – ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სტუმრები იყვნენ. ისინი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესთან ერთად იონა მეუნარგიას აქტიურად ეხმარებოდნენ „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად თარგმნაში.

1882 წელს ავსტრიელი  წყვილი ზუგდიდიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. არტური ავეჯის ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა, ბერტა კი ფრანგულ და გერმანულ ენებსა და მუსიკას ასწავლიდა. სწორედ საქართველოში ცხოვრების პერიოდშია შექმნილი მწერალი ცოლ-ქმრის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები და წერილები.

 

სახლი თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, სადაც 1882-1884 წლებში ზუტნერები ცხოვრობდნენ.

 

1899 წელი

კნუტ ჰამსუნი (1920 წლის ნობლის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში)

კნუტ ჰამსუნი უკვე რამდენიმე გახმაურებული რომანის ავტორი იყო, როდესაც 1899 წელს რუსეთის გავლით კავკასიაში იმოგზაურა. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ორი ნაწარმოები – „ზღაპრული ქვეყანა“ და პიესა – „დედოფალი თამარი“, რომელიც 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა. „ზღაპრული ქვეყანიდან“ ჩანს, რომ მწერალს კავკასიაში მოგზაურობამ მრავალი ფიქრი და განცდა აღუძრა. ის, მართლაც, მხოლოდ სამოგზაურო ჩანაწერების დღიური არ არის, არამედ მოგზაურობაა ადამიანის უკიდეგანო, ამოუცნობ სულიერ სამყაროში. ჰამსუნი თბილისში სრულიად ინკოგნიტოდ ჩამოვიდა და არც ერთ თბილისელ ინტელიგენტს არ გასცნობია.

 

1925 წელი

ფრიტიოფ ნანსენი (1922 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში)

ნორვეგიელი მკვლევარი და დიპლომატი ჯერ კიდევ ერთა ლიგის 1920 წლის დეკემბრის სხდომაზე ბევრს ეცადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა, დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგაში მიეღოთ, თუმცა მის მოწოდებას მხარი არ დაუჭირეს. თავად კი 1925 წელს მოუხდა საქართველოში (თბილისსა და ბათუმში) ჩამოსვლა: ერთა ლიგამ მას თურქეთიდან სომხეთში ლტოლვილების მოწყობის საკითხების შესწავლა დაავალა. კავკასიაში და საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები, მდიდარი ფოტომასალის დართვით, ნანსენმა დეტალურად აღწერა თავის ჩანაწერების წიგნში „კავკასიიდან ვოლგისაკენ“.

   

 

1931, 1933, 1945 და 1959 წლები

ბორის პასტერნაკი (1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში)

ბორის პასტერნაკს 30 წლიანი მეგობრობა აკავშირებდა ქართველ პოეტებთან. ის ოთხჯერაა საქართველოში ნამყოფი და თითქოს მეორე სამშობლო იპოვა ჩვენს ქვეყანაში. 1931 და 1933 წლების ვიზიტებისას პასტერნაკს და მის მეუღლეს – ზინაიდა ნეიჰაუზს „ცისფერყანწელები“ მასპინძლობდნენ. ამ პერიოდს უკავშირდება 30-იან წლებში თბილისსა და მოსკოვში გამოცემული სამი წიგნი, სადაც შესულია როგორც პასტერნაკის თბილისური ციკლის პოეზია, ასევე მის მიერ შესრულებული ქართველი პოეტების (ვაჟა-ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მეოცე საუკუნის პოეტების) ლექსებისა და პოემების შესანიშნავი თარგმანები.

1945 წელს ის ბარათაშვილის 100 წლის იუბილეზე ჩამოვიდა თბილისში და სიტყვაც წარმოთქვა. ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ მწერალი ამ დროს ისევ შეხვდა 1937 წელს დახვრეტილი მეგობრის – ტიციან ტაბიძის მეუღლეს, ნინო მაყაშვილს. ქვრივმა პასტერნაკს ტიციანის ცარიელი ფურცლები გაატანა. სწორედ იმ ქაღალდებზე დაიწერა „ექიმი ჟივაგოს“ პირველი გვერდები. ამ რომანმა მწერალს 1958 წელს ნობელის პრემია მოუტანა, თუმცა პასტერნაკს მასზე უარი ათქმევინეს. დევნის პერიოდში, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1959 წელს, ის კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში და რეპრესირებული მეგობრების ოჯახები მოინახულა.

ნინო მაყაშვილი-ტაბიძე და ბორის პასტერნაკი

ფოტო დაცულია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში, ტიციან ტაბიძის არქივში.

 

1935 და 1960 წლები

იგორ ტამი (1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

იგორ ტამი გატაცებული იყო ალპინიზმით. ის მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია ნამყოფი საქართველოში: დაიპყრო მწვერვალი ყაზბეგი (1935 წ.). 1960 წელს მისი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში კი დასტურდება ფოტოთი, სადაც მთამსვლელ კოტე ჯავრიშვილთან, მწერალ ლევან გოთუასთან და მის ძმისშვილთან ერთადაა გამოსახული. გამოქვაბულებით დაინტერესებულ ფიზიკოსზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ვარძიას, უფლისციხეს, დავით გარეჯსა და ხევსურეთს.

 

მარცხნიდან დგანან: კოტე ჯავრიშვილი, ლევან გოთუა, იგორ ტამი, დევი გოთუა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოარქივი.

აქვე უნდა ვახსენოთ რეზო ჭეიშვილის მოთხრობაც. „ტამის მოგზაურობა“ პროფესორ თორნიკე ეფრემიძის მოგონებას ეყრდნობა და მასში ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსის საქართველოში ერთ-ერთი სტუმრობა საინტერესოდ და ამ მწერლისათვის ჩვეული იუმორითაა აღწერილი.

1936 წელი

ანდრე ჟიდი  (1947 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში)

კომუნიზმით გატაცებული ფრანგი მწერალი  საბჭოთა კავშირს 1936 წელს ეწვია. როგორც ამბობენ, ბერიას თხოვნით, სტალინმა ანდრე ჟიდს საქართველოში ჩასვლაც ურჩია. სტუმარს ბერიამ მასპინძლებად პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე დაახვედრა, რომლებიც ბევრგან ახლდნენ მწერალს ორი კვირის განმავლობაში. პაოლო მას თარჯიმანის გარეშე შესანიშნავად ესაუბრებოდა ფრანგულად. ვიზიტის შემდეგ, 1937 წელს საფრანგეთში გამოცემულ „სსრკ-დან დაბრუნება“-ში ანდრე ჟიდი ბათუმსა და სოხუმში მოგზაურობას აღწერს.

გერონტი ქიქოძის „თანამედროვის ჩანაწერებში“ ვკითხულობთ: „ფრანგი რომანისტის ანდრე ჟიდის სტუმრობას რამდენიმე კაცი შეეწირა საქართველოში. მათ შორის იყო ჩემი ძმისწული, ფილოსოფიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გივი ქიქოძე, რომლისათვისაც საბედისწერო აღმოჩნდა მისი ფართო ლიტერატურული და მეცნიერული ინტერესი და ნაადრევი გონებრივი მომწიფება. მან ფრანგ მწერალს უწყინარი წერილი მიუძღვნა გაზეთ „კომუნისტში“. ეს წერილი დიდ დანაშაულად ჩაუთვალეს, როდესაც გამოირკვა, რომ ანდრე ჟიდმა საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ნაკლები აღფრთოვანება გამოიჩინა საბჭოთა წესწყობილებისადმი და კრიტიკულად შეაფასა მისი მიღწევები. ჩემი ძმისწული დაუყოვნებლივ დააპატიმრეს. მან ვაჟკაცურად აიტანა ყველა წამება, რომელიც მიკერძოებულ დაკითხვასთან იყო დაკავშირებული და ერთ ნაშუაღამევს შინ დაბრუნდა სრულიად სახეშეცვლილი. მისი თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა. არ გაუვლია ორიოდე თვეს, ის ხელახლა დააპატიმრეს. ამის შემდეგ მისი კვალი სამუდამოდ გაქრა.“

პაოლო იაშვილმაც, სავარაუდოდ თავდაცვის მიზნით, საბჭოთა სისტემის შესახებ ჟიდის მიერ არასახარბიელო გამოხმაურების შემდეგ მალევე გამოაქვეყნა ლექსი „ანდრე ჟიდს, მოღალატეს“. ასევე მოიქცა ტიციან ტაბიძეც (ლექსი „ხანჯალი“), თუმცა პოეტები და მათი მეგობრები უკვე განწირულნი იყვნენ.

  1. ილო მოსაშვილი, აკაკი თათარიშვილი, ანდრე ჟიდი, პაოლო იაშვილი და ბესო ჟღენტი. თბილისი. Союзфото. ფოტო გამოქვეყნდა გაზეთ „პრავდას“ 1936 წლის 244-ე ნომერში.
  2. „სსრკ-დან დაბრუნების“ პირველი გამოცემის გარეკანი.

 

1945-1955 წლები

გუსტავ ჰერცი (1925 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

სტალინის დავალებით დამარცხებული გერმანიიდან 1945 წელს სოხუმის სანატორიუმ „სინოპში“ გადმოიტანეს სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც ადრე ინტენსიურად მუშაობდა ატომური იარაღის შექმნაზე. ინსტიტუტის მთელი შემადგენლობა, ხელსაწყო-დანადგარები, მოწყობილობები, ინვენტარი და 300 გერმანელი მეცნიერი, სპეციალისტები, დამხმარე პერსონალი ოჯახებთან ერთად საბჭოთა კავშირში გადმოაფრინეს. ქალაქ სოხუმის სინოპის დასახლებასა და გულრიფშის რაიონის დაბა აგუძერაში შეიქმნა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, რომელსაც ერთმანეთისაგან ცხრა კილომეტრით დაშორებული ორი დამოუკიდებელი, მკაცრად გასაიდუმლოებული „ობიექტი“ ჰქონდა. აგუძერის „G“ ობიექტს ხელმძღვანელობდა ნობელის პრემიის ლაურეატი გუსტავ ჰერცი. ის ასევე სათავეში ედგა ატომური ენერგიისა და რადარების ლაბორატორიას, სადაც იზოტოპების განცალების მეთოდების სრულყოფაზე მუშაობდნენ და იზოტოპების სამრეწველო მასშტაბით წარმოება დაიწყეს.

 

საფოსტო მარკა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში გუსტავ ჰერცის პატივსაცემად გამოუშვეს.

 

1947 და 1963 წლები

ჯონ სტაინბეკი (1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში)

ამერიკელმა მწერალმა ცნობილ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად იმოგზაურა საბჭოთა კავშირში 1947 წელს. შედეგად გამოვიდა წიგნი „რუსული დღიური“, სადაც ჯონ სტაინბეკი დეტალურად აღწერს თბილისში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში ვიზიტსაც.

მეორე ვიზიტისას საქართველოში, 1963 წელს, სტაინბეკს მეუღლე ელენ სკოტი ახლდა. მწერალი, წინააღმდეგობების მიუხედავად, შეხვდა კოლაუ ნადირაძეს და ოჯახით ამერიკაშიც დაპატიჟა. მომდევნო წელს უკანასკნელმა ცისფერყანწელმა მეგობრული წერილიც მიიღო სტაინბეკისგან, სადაც ის იხსენებს საქართველოში გატარებულ დაუვიწყარ წუთებს, ცეკვას…

საინტერესოა ერთი უცნაური გზავნილის ამბავიც, რომელიც სავარაუდოდ ჯონ სტაინბეკს უკავშირდება. კოლაუ ნადირაძემ უცნობისაგან უცხოეთიდან ამანათი მიიღო – უილიამ ბატლერ იეიტსის წიგნს დიდხანს უტრიალა და მასშიც ვერანაირი ბარათი ვერ აღმოაჩინა. როგორც როსტომ ჩხეიძე მიიჩნევს, იეიტსის კრებულის გამოგზავნა თუ „გამოჩენა“ საქართველოში, სტაინბეკის სტუმრობამდე, წინდაწინ ქმნიდა იმ განწყობას, რომელიც მწერლის ჩამოსვლას კიდევ უფრო უნდა გაეღვივებინა. იეიტსი ირლანდიელი პოეტი იყო, ირლანდიასა და საქართველოს კი მსგავსი ისტორიული ბედისწერა გააჩნდათ. ეს იყო დიდი, გრანდიოზული გეგმის ერთი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი: ამერიკა საბჭოთა კავშირის დაშლას გეგმავდა და, როგორც ჩანს, კონკრეტული დავალებით გზავნიდა ამერიკელ ნობელიანტს საქართველოში. მკვლევარი ვახტანგ ამაღლობელი ასკვნის: სტაინბეკის საქართველოში ჩამოსვლა უნდა განვიხილოთ „ცივი ომის“ მდგომარეობაში მყოფი ორი დიდი ქვეყნის – ამერიკისა და სსრკ-ის – ურთიერთობის კონტექსტში. ამ შეხვედრებს, გარდა კულტურული ურთიერთობისა, პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდაო. საინტერესოა ვახტანგ ჭელიძის მოგონებაც, რომელშიც აღწერილია სტაინბეკთან შეხვედრის ის მომენტი, როცა მწერალი შეფარულად ანუგეშებს (თუ აგულიანებს) პატარა ერის წარმომადგენლებს, ახლა სხვა დროა, სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, დიდი სახელმწიფოები გაუწევენ მცირერიცხოვან ერებს მფარველობას და ამერიკა განსაცდელში არ მიგატოვებთო!

 

ფოტო ჯონ სტაინბეკის ავტოგრაფით ვახტანგ ჭელიძის ოჯახის არქივიდან. მარცხნიდან: სერგი ჭილაია, ელენ სკოტი, ნიკო ყიასაშვილი, ჯონ სტაინბეკი და ვახტანგ ჭელიძე. ვაკის პარკი. 1963 წელი.

 

***

ხუთი ფიზიკოსი, რომელთა შესახებაც ქვევით მოგითხრობთ, სავარაუდოდ მე-20 საუკუნის 50-80-იან წლებში იმყოფებოდა საქართველოში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქვეყანაში ნობელის პრემიის ლაურეატი რუსი ფიზიკოსების ვიზიტები და მათი საქმიანი კავშირი ქართველ კოლეგებთან უჩვეულო სულაც არ იყო. ამის გამო გაჭირდა ზუსტი თარიღების დადგენაც.

 

ლევ ლანდაუ (1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

ლანდაუს ნობელის პრემია თხევადი ჰელიუმის პიონერული თეორიების შექმნისათვის მაშინ მიენიჭა, როცა ავტოავარიის შემდეგ სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი საავადმყოფოში იწვა. დიდი ფიზიკოსი სამწუხაროდ შემოქმედებით სამეცნიერო მუშაობას ვეღარ დაუბრუნდა. მანამდე კი ის საქართველოში არაერთხელ ყოფილა, სტუმრობდა თბილისს, სოხუმს, სვანეთს… ნამყოფია სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუში. მეგობრობდა და სამეცნიერო კონტაქტები ჰქონდა ქართველ ფიზიკოსებთან: ელეფთერ ანდრონიკაშვილთან (ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იგი მისი სტუდენტი ყოფილა), ვაგან მამასახლისოვთან, მათე მირიანაშვილთან, დიმიტრი ღოღობერიძესთან, ხოლო გივი ხუციშვილს, როგორც დოქტორანტს, ხელმძღვანელობდა კიდეც.

 

 

 

პეტრე კაპიცა (1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

ფიზიკოსი-ექსპერიმენტატორი პეტრე კაპიცას სახელი ლამის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, ნობელის პრემიამ კი რატომღაც დაიგვიანა. სტოკჰოლმში ის მაშინ აღიარეს, როცა უკვე ოთხმოცდაოთხი წლისა იყო. ჯილდო მას მიენიჭა დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში ფუნდამენტური გამოგონებისა და აღმოჩენისათვის, რომელიც მან ნობელამდე 30 წლით ადრე გააკეთა.

კაპიცას მრავალ ქართველ ფიზიკოსთან ჰქონდა ურთიერთობა. როგორც პროფესორი ვახტანგ პარკაძე იგონებს, კაპიცა წერილობით კონსულტაციებს აგზავნიდა თბილისში, როცა ელეფთერ ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით იქმნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფიზიკის ფაკულტეტის კრიოგენური ლაბორატორია.

 

 

 

ნიკოლაი ბასოვი და ალექსანდრ პროხოროვი (1964 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში)

1964 წელს რუსმა ფიზიკოსებმა – ბასოვმა და პროხოროვმა ნობელის პრემიის ნახევარი გაინაწილეს, ხოლო ამერიკელ ჩარლზ ტაუნსს ნობელის პრემიის მეორე ნახევარი ერგო. ჯილდო ფიზიკოსებმა დაიმსახურეს ფუნდამენტური შრომებისათვის კვანტურ ელექტრონიკაში, რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდა მაზერებისა და ლაზერების შექმნა.

ნიკოლაი ბასოვი და ალექსანდრ პროხოროვი პერიოდულად ესწრებოდნენ სამეცნიერო კონფერენციებს თბილისში, სოხუმსა და ბათუმში.

 

მარცხნიდან: ალექსანდრ პროხოროვი, ჩარლზ ტაუნსი და ნიკოლაი ბასოვი. მოსკოვის ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, სადაც რუსმა ფიზიკოსებმა კოლეგას თავიანთი ლაბორატორია დაათვალიერებინეს.

ჟორეს ალფიოროვი (2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის უცხოელმა წევრმა ჟორეს ალფიოროვმა ნობელის პრემია მიიღო ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების სფეროში ფუნდამენტური გამოკვლევებისათვის. არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრად. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი მას საპატიო დოქტორის სტატუსი მიანიჭა.

ალფიოროვი მეგობრობდა პროფესორ რაფიელ ჩიქოვანთან, რომელსაც არაერთხელ სწვევია ბათუმში. პირველი ცოლისაგან, რომელიც თბილისელი იყო, ფიზიკოსს ქალიშვილი ჰყავს.

 

***

კიდევ რომელი ნობელის პრემიის ლაურეატი ეწვია საქართვლოს 60-იან და მომდევნო წლებში, წერილის მეორე ნაწილში შეიტყობთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი