სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები (წერილი 1)

სიკვდილმისჯილი სოკრატე, მკვლელი კონან დოილი, გარყვნილი ნაბოკოვი… ანუ როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები (წერილი 1)

ამ ზაფხულს რამდენიმე საინტერესო პოსტს გადავაწყდი ფეისბუქზე. ამ პოსტების ნაწილი სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტომაც აიტაცა და დროებითი აჟიოტაჟიც გამოიწვია. მაშინ, როდესაც ფეისბუქის ერთი აქტიური მომხმარებელი ნოდარ დუმბაძეს ქართველი ერის წინაშე ჩადენილ ცოდვებს უთვლიდა, მეორე – ამ მწერლის შემოქმედებას იწუნებდა. როგორც ხდება ხოლმე, სოციალური ქსელების ინტენსიურმა მომხმარებლებმა თემა აიტაცეს, განავრცეს და მხოლოდ ერთი ქართველი მწერლის განქიქებას არ დასჯერდნენ: თუკი ე.წ. ცნობადი (მძულს ეს სიტყვა) სახე იყავი, რაღაცნაირად „უხერხულიც” კი გახდა, ქართული მწერლობა არ შეგეფასებინა და ნოდარ დუმბაძის წყალი არ გადაგესხა კიდევ რამდენიმე ქართველი მწერლისათვის. ასე უსამართლოდ გაილანძღა ბევრი ღირსეული ავტორი – დაწყებული ილიათი და ჭაბუა ამირეჯიბით დამთავრებული, აღარაფერს ვამბობ ამ ტიპის ადამიანების, ანუ ცნობადი სახეების მიერ „წვრილფეხობად” მიჩნეულ ავტორებზე. თითქოს თავის მოწონების ერთგვარ საშუალებადაც იქცა და, რაც უფრო ცნობადი იყავი, მით უფრო სახელიანი მწერლის შემოქმედებას უნდა შეხებოდი, თორემ შენს ცნობადობას ჩრდილი მიადგებოდა… შესაძლოა, არც მე მომწონდეს ზოგიერთი ქართველი მწერლის შემოქმედება, შესაძლოა, არც ზოგიერთი მათგანის ბიოგრაფიული დეტალი მხიბლავდეს დიდად, მაგრამ ახლა არც ნოდარ დუმბაძის და არც ოთარ ჭილაძის, არც გრიგოლ რობაქიძის და არც ოთარ ჩხეიძის, არც ჭაბუა ამირეჯიბის და, მით უმეტეს, არც ილიას მწერლური ღირსების აღდგენას ვცდილობ, რადგან, ერთი წამითაც არ მიმაჩნია, რომ ამ ავტორებს მსგავსი ფეისბუქპოსტები ოდნავ მაინც აკნინებდეს ან ამგვარი ხანმოკლე აჟიოტაჟის შემდეგ ქართველი ხალხი თავის ლიტერატურულ გემოვნებას ეჭვქვეშ დააყენებდეს; ასე მგონია, პირიქით მოხდება და ერის ის ნაწილი, რომელიც ფეისბუქით სარგებლობს და მსგავს პოსტებს ეცნობა, ამ ცნობადი ადამიანების ლიტერატურულ გემოვნებას უფრო დაიწუნებს და საფუძვლიან ეჭვს გაუჩენს – საერთოდაც ესმით კი მათ, რა არის ლიტერატურა, როგორ შეიძლება ნაწარმოების პერსონაჟსა და ავტორს შორის ტოლობის ნიშანი დასვა და, თუნდაც ავტორი პირველ პირში წერდეს, მისი ცხოვრებისეული ღირებულებები გააიგივო გამოგონილი პერსონაჟის ღირებულებებთან, თუნდაც ამ გამოგონილ პერსონაჟს ხანდახან პროტოტიპიც ჰყავდეს? მწერალი ლიტერატურული ოსტატობით, მწერლური ტექნიკით, ენის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების უნარით და სხვა მრავალი კრიტერიუმით ფასდება. წარმოუდგენელია, ერთ წერილში ყველა ეს კრიტერიუმი გავარჩიოთ, ეს ყველაფერი სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. თუმცა ესეც არაა საკმარისი და მხატვრული ტექსტის შეფასებას გემოვნებაც სჭირდება. აი აქ კი მარტო სკოლის ლიტერატურის გაკვეთილები არაა საკმარისი, გემოვნების ჩამოყალიბებას სხვა ბევრი რამ განაპირობებს…

საგანი, რომელსაც სკოლაში ვასწავლი მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, სავალდებულოა და მას ცოდნის თეორია ჰქვია. ვინც იცის, იმას ახსნა არ სჭირდება რა საგანია ეს, ვინც არ იცის, იმისთვის ნამდვილად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი გამოცდილების გაზიარება. მარტივად რომ ვთქვა, ცოდნის თეორიის გაკვეთილებზე სხვადასხვა აკადემიურ საგნებში დაგროვილი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება. მოკლედ, ჩემი ჩატარებული თითქმის ყველა გაკვეთილი რაღაც თვალსაზრისით ინტეგრირებულია.

წელს ჩვენს სკოლაში საგნის მასწავლებლებს ახალი ვალდებულება დაეკისრათ, მათ მეექვსედან მეათე კლასის ჩათვლით ყველა კლასში სემესტრში თითო ინტერდიციპლინარული გაკვეთილი უნდა ჩაატარონ. ეს კი მასწავლებელთა აქტიურ თანამშრომლობას მოითხოვს. სანამ სასწავლო პროცესი დაიწყებოდა, სამუშაო შეხვედრებიც ჩავატარეთ. ამ შეხვედრების შემდეგ კი სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა შეიმუშავეს გეგმა, რა ტიპის ინტეგრირება განეხორციელებინათ და როგორ გასულიყვნენ მიზანზე. უნებლიეთ რამდენიმე საუბრის შემსწრეც გავხდი: ისტორიისა და ფიზიკის მასწავლებელი გეგმავდნენ ერთობლივი გაკვეთილის ჩატარებას ატომური ბომბის ისტორიაზე; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად პოსტმოდერნიზმის უკეთ ასახსნელად ერთად ჩასატარებელ გაკვეთილს მიმოიხილავდნენ; ყველაზე პოპულარული მაინც ტექნოლოგიების მასწავლებელი იყო, რადგან ბევრმა გადაწყვიტა თავისი გაკვეთილის შეწყვილება ამ საგანთან. რა თქმა უნდა, ყველა მცდელობა გარკვეული სახის შედეგს მოიტანს მომავალში, გაკვეთილებიც საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება და მოსწავლეებიც შეძლებენ საგნებს შორის კავშირების მოძებნას. თუმცა სწორედ ამ საუბრებმა გადამაწყვეტინა, რამდენიმე რჩევა მიმეცა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც მზად არიან ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარონ და თავიანთ მოსწავლეებს ოდნავ განსხვავებული რაკურსით დაანახონ საგანი. ასეთი გაკვეთილების ჩასატარებლად კი, ჩემი აზრით, კარგი იქნება, ისეთი კონცეპტი ავარჩიოთ, რომელიც საზიარო იქნება რამდენიმე აკადემიური დისციპლინისათვის. რაც მთავარია, ეს არ იქნება მხოლოდ თეორიული ტიპის ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, არამედ ხშირად ცხოვრებისეული მაგალითები შეიძლება გახდეს ამგვარი გაკვეთილების ბიძგი. ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად დავეყრდნობოდი და გავაფართოვებდი ჩემი საგნის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს – პრეზენტაციას. ცოდნის თეორიაში საბოლოო შეფასების მისაღებად ყველა მოსწავლემ ერთი პრეზენტაცია მაინც უნდა გააკეთოს. ეს პრეზენტაცია ცალკეც და ჯგუფურადაც კეთდება (გათვალისწინებულია 10 წუთი თითოეულ მონაწილეზე). პრეზენტაციის ერთი მესამედი რეალური ცხოვრებისეული სიტუაციის აღწერას ხმარდება. ამის შემდეგ მოსწავლე დასვამს ე.წ. ცოდნის შეკითხვას და დანარჩენ დროს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მოახმარს ისე, რომ აუცილებლად დაეყრდნობა სხვადასხვა საგნობრივ ცოდნას. თუკი ჩემი რომელიმე მოსწავლე წერილის დასაწყისში მოთხრობილ ამბავს გამოიყენებდა რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციად, მაშინ ამ სიტუაციაზე დაყრდნობით შემდეგ შეკითხვას დასვამდა: რამდენად სანდოა წარმოსახვით მიღებული ცოდნა სხვადასხვა აკადემიური დისციპლინებისათვის? პრეზენტაციის დარჩენილ ნაწილში კი მოსწავლე ისაუბრებდა წარმოსახვის როლზე ნებისმიერ ორ საგანში. ბოლოს მოსწავლე მიღებულ დასკვნებს მიუსადაგებდა თავდაპირველ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გვიჩვენებდა, როგორ შეიძლებოდა ამ დასკვნის მისადაგება სხვა მსგავს სიტუაციებზეც.

სწორედ ამ ტიპის პრეზენტაციას განვავრცობდი და ჩემ მიერ ზემოთ აღწერილ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე (real-life situation) დაფუძნებით ინტეგრირებული გაკვეთილის თემად ავირჩევდი წარმოსახვას. ასეთი გაკვეთილის ჩატარება ერთ მასწავლებელსაც შეუძლია, თუმცა ორი ან სამი (გააჩნია, წარმოსახვის როლს რამდენ და რომელ საგანში განვიხილავდით) მასწავლებლის კოოპერაციაც მისასალმებელია. ამ გაკვეთილზე შევეცდებოდი, მოსწავლეებისთვის არა მარტო ის ამეხსნა, თუ რა როლი ეკისრება წარმოსახვას ცოდნის სხვადასხვა სფეროში, არამედ თავად მოსწავლეებს მივცემდი საშუალებას დაფიქრებულიყვნენ და მიმხვდარიყვნენ წარმოსახვის როლზე. წარმოსახვა რომ უმნიშვნელოვანესი იარაღია ცოდნის მიღების პროცესში, ამაზე აღარავინ არ დაობს. სამწუხაროდ, ბევრი მიიჩნევს, რომ წარმოსახვა მხოლოდ ხელოვნებისა და ლიტერატურის საკუთრებაა. არადა, აინშტაინიც ამბობდა, რომ წარმოსახვა ცოდნაზე მთავარია. ამ გამონათქვამის გასაგებად მოსწავლეებს საშუალებას მივცემდი, საბუნებისმეტყველო საგნებში წარმოსახვის აუცილებლობაზე დაფიქრებულიყვნენ, შევახსენებდი ისეთ მაგალითებს, საიდანაც ნათლად ჩანს, როგორ ივარაუდეს მეცნიერებმა ესა თუ ის მოვლენა იქამდე, სანამ ტექნოლოგია ამ მოსაზრებას საბოლოოდ დაამტკიცებდა (ატომების თეორია და მიკროსკოპი, ჰელიოცენტრიზმი და ტელესკოპი და სხვ.). როდესაც მოსწავლეები დარწმუნდებოდნენ, რომ წარმოსახვის გარეშე თითქმის შეუძლებელია სამეცნიერო ჰიპოთეზის გამოთქმა საბუნებისმეტყველო დარგებში, შემდეგ ისტორიაზე გადავიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაც სხვა დარგების მსგავსად ფაქტებს ეფუძნება, ფაქტებს ახსნა სჭირდება. ხშირად სწორედ ფაქტების ახსნისათვის სჭირდებათ ისტორიკოსებს წარმოსახვა. და ბოლოს გაკვეთილს ლიტერატურით (თუ დრო დამრჩებოდა, ხელოვნების დარგებსაც შევეხებოდი) დავასრულებდი. წარმოსახვის გარეშე წარმოუდგენელია მწერალი. იმისათვის რომ შეთხზას, მას ულევი ფანტაზია სჭირდება, თანაც, თუკი უნდა, რომ კარგად შეთხზას, მას წარმოსახვაც ძალიან კარგი უნდა ჰქონდეს. აბა, დაფიქრდით, არტურ კონან დოილისთვის რომ ესაყვედურათ კარგი წარმოსახვის უნარის გამო და იმ პერიოდში ინგლისში ჩადენილი ნებისმიერი მკვლელობა მისთვის დაებრალებინათ. თუმცა ლიტერატურის ისტორიამ არაერთი ასეთი მაგალითი იცის, ზოგიერთი მათგანი ავტორისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა: სოკრატეს სასამართლო პროცესზე არისტოფანეს კომედიის პერსონაჟს დასდეს ბრალი და ფილოსოფოსი სოკრატე მისი, ამ ლიტერატურული პერსონაჟის ცოდვებისთვის გაასამართლეს. ამ საბედისწერო გაუგებრობის გამო არისტოფანეს მკვლევარებს დღემდე უწევთ კომედიოგრაფის დაცვა; ნაბოკოვის „ლოლიტა’ არაერთ ქვეყანაში აიკრძალა, ხოლო მწერალს ბევრმა უბირმა მკითხველმა პედოფილობაც დააბრალა, ეძებდა რა დამთხვევებს რომანის ეპიზოდებსა და მწერლის ცხოვრებას შორის. ფეისბუქის ქართველ მომხმარებელთა ნაწილის ლოგიკითაც, მწერლის კარგი წარმოსახვის უნარი უპირატესობა კი არაა, არამედ მწერალი პერსონაჟებისთვის გამოგონილი ნააზრევისა და ქმედებების გამო ერის წინაშე სცოდავს. რას ვიზამთ, ამავე ლოგიკას თუ მივყვებით, აინშტაინი ყველაზე დიდი ცოდვილი იყო, როდესაც ცოდნაზე მაღლა სწორედ წარმოსახვის უნარს აყენებდა…

და ბოლოს, თუკი ერთ ინტეგრირებულ გაკვეთილს ჩაატარებთ წარმოსახვაზე, შეეცადეთ, თქვენც მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი წარმოსახვა და გაკვეთილი დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ მოსწავლეებისათვის! ჩემი შემდეგი წერილი კი სწორედ მოგონებაზე იქნება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი