პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პოლიტიკური დისკურსის ანატომია

პოლიტიკური დისკურსი იქით არის მიმართული, რომ დაარწმუნოს აუდიტორია, მსმენელი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსი თავის გამოსვლაში მიმართავს ენობრივი ზეგავლენის სტრატეგიებსა და საშუალებებს. თუნდაც ისეთ მარტივ ლოგიკას, როგორიც ამ დღეებში ისმის ქალაქის მერის წინასაარჩევნოდ. მაგალითად: მერობის ერთი კანდიდატი ამბობს, რომ სარკინიგზო ხაზს გადაიტანს, სამუშაო ადგილებს შექმნის და ქვეყანას ააყვავებს. მეორე ტრამვაის ქალაქში შემოყვანით საცობების პრობლემას აგვარებს. მესამე რუსეთსა და ნატოს ერთად ელაპარაკება… რაც მთავარია, ყველა პოლიტიკოსი „თავისიანად მიგიჩნევს“. ამ სტრატეგიას მაიდენტიფიცირებელ ფორმულებს უწოდებენ და მეტყველებაში გამოიხატება პირის ნაცვალსახელით „ჩვენ“ და კუთვნილებითი ნაცვალსახელით „ჩვენი“.

როდესაც პოლიტიკოსი (და არამხოლოდ პოლიტიკოსი) ამბობს: ჩვენ გავაკეთებთ ამას, ჩვენ მივაღწევთ იმას, – და ასე შემდეგ… გულისხმობს არა მხოლოდ თავის გუნდს, არამედ იმასაც, ვინც უსმენს. მსმენელს თავისიანად ხდის, რაც არაცნობიერად მოქმედებს კიდეც და ამომრჩევლის მიმხრობის ერთ–ერთი გზაა. შენთან ერთად უნდა გაკეთდეს რაღაც დიადი… ეს კი ყოველთვის სასიამოვნოა ერთი შეხედვით.

პოლიტიკური ტექსტებისთვის დამახასიათებელია სიტყვის ან სიტყვათა შეკავშირების გამოყენება არაზუსტი ლოგიკური შინაარსით. ასეთი სიტყვების შინაარსს ყველა მსმენელი თავსებურად იგებს, განსხვავებული იდეოლოგიების წარმომადგენლებიც თავისებურად ხსნიან ასეთ აბსტრაქტულ ცნებებს. ამ ტიპის ენობრივ საშუალებებს მიეკუთვნება ლოზუნგის სიტყვები და ცარიელი ფორმულები.

ლოზუნგის სიტყვებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის იდეოლოგიზაციაში. ისინი ტექსტის ფიდეისტურ ფუნქციასაც განაპირობებენ. ამგვარი სიტყვებია: თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია, მშვიდობა, ტოლერანტობა და სხვა. ამ ტიპის ლექსიკას იმთავითვე ახასიათებს დადებითი ემოციური შეფერილობა. თითოეულმა მსმენელმა იცის, რომ თავისუფლება, დემოკრატია, მშვიდობა კარგია, ამიტომ ისინი დადებითად იღებენ ტექსტს, რომელშიც ეს სიტყვები ხშირად მეორდება და, რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილნი არიან იმის მიმართ, ვინც ამას წარმოთქვამს.

მიტერანი, რომელიც 1918 წელს აყალიბებდა თავის პოლიტიკურ სტრატეგიას, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა სიტყვების „დემოკრატიისა“ და „მემარცხენეების“ გამოყენებას.

ლოზუნგის სიტყვებს იდეოლოგიურ ტექსტებში ერთგვარად სიმბოლური დატვირთვა აქვს, მათი მნიშვნელობები შეგნებულად არ განისაზღვრება, თითქოს არც მოითხოვდეს განსაზღვრას.

სრულიად არაფრის მთქმელია ასეთი ტექსტები: „როგორ საზოგადოებას ვაშენებთ ჩვენ დღეს საქართველოში? – დემოკრატიულს, ისეთს, რომელიც დაეფუძნება კანონის წინაშე თანასწორობას, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას…“

ან ასეთი: „სახელმწიფოს ერთ-ერთი დანიშნულებაა, სამართლიანობის გარანტი იყოს. ამისთვის სახელმწიფო უნდა იყოს – დემოკრატიული და სამართლებრივი…“

თუ სთხოვთ პოლიტიკოსებს, განმარტონ თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, მშვიდობა, სრულიად სხვადასხვანაირ პასუხებს მიიღებთ. ასეთ აბსტრაქტულ ცნებებს არასდროს აქვს კონკრეტული განმარტება, ისევ აბსტრაქტულად განისაზღვრება.

ცარიელი ფორმულები განსხვავდება ლოზუნგის სიტყვებისაგან. ღირებულებათა სისტემაში ამგვარ ფორმულებს არ უკავია ცენტრალური ადგილი, არც დადებითი შეფერილობით გამოირჩევა. კონტექსტში ისე გამოიყენება, თითქოს ზუსტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ასეთ გამოთქმებში წაშლილია აზრი და მსმენელი საკუთარ აზრს დებს მასში. მაგალითად, ცხოვრების ხარისხი. რას ნიშნავს? თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ვერავინ განსაზღვრავს.

ამონარიდი პოლიტიკური ტექსტიდან: „თუ საზოგადოებამ ვერ მოახერხა ქმედითი კონტროლის დამყარება ამ პროცესზე, არსებობს რეალური საფრთხე პრივატიზაციის რუსული წესით ჩატარებისა“.

არავინ იცის, რას გულისხმობს „ქმედითი კონტროლი“ ან „რეალური საფრთხე“.

ან ასეთი წინადადება: „ეს კონტროლირებადი არასტაბილურობა იდეალურ ნიადაგს ქმნის…“ – აბსურდია, სიტყვების რახარუხი, უაზრო და უშინაარსო.

ზუსტი მნიშვნელობები ჩამორეცხილი აქვს სინტაგმებს: ცხოვრების ხარისხი, რეალური საფრთხე, კონტროლირებადი არასტაბილურობა, ქმედითი კონტროლი, იდეალური ნიადაგი, რეალური შანსი, სიბრძნის ხარისხი, ფორმალურად თავისუფალი, შინაგანად თავისუფალი, გარკვეული წარმატება…

აიღეთ ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოსვლა და თუ ასე შეაფასებთ, ნახავთ, რა დარჩება სიტყვიდან. რა თქმა უნდა, მხოლოდ წყალი… თანაც ისეთი წყალი, რომელიც დასალევად არ გამოდგება.

და კიდევ: პოლიტიკური დისკურსი ხშირად მიმართავს მეტაფორებს. ისინი აქაც ორ ჯგუფად იყოფა: ცოცხალ და მკვდარ მეტაფორებად. რით განსხვავდება ცოცხალი მეტაფორა მკვდრისგან? ზუსტად იმით, რითაც ცოცხალი ადამიანი მკვდარი ადამიანისგან.

ცოცხალი მეტაფორა ყოველთვის ამოვარდნაა ჩვეულებრივი მეტყველებიდან. მსმენელი ორიენტირებულია იმაზე, რასაც ეუბნებიან, როგორ ეუბნებიან. მეტაფორა არღვევს მეტყველებაში ავტომატიზმს, აქვს მოულოდნელობის ეფექტი და რაც უფრო მოულოდნელია, მით უფრო მეტია მისი პრაგმატიკული ძალაც. მოულოდნელობა მოტივირებულია ფსიქოფიზიოლოგიურადაც. მსმენელის ნერვული სისტემა მძაფრად აღიქვამს ახალს, იშვიათს, მოულოდნელს, კონტრასტულს. მოულოდნელობის საპირისპიროა ადაპტაციის პროცესი, რის შედეგადაც მეტაფორის პრაგმატიკული ძალა განილევა – იგი გვევლინება ხანგრძლივმოქმედ პირობითრეფლექსურ გამღიზიანებლად რაც შეგრძნებებს მნიშვნელოვნად ასუსტებს.

პოლიტიკოსთა მეტყველება გადავსებულია მკვდარი და არაფრის მთქმელი მეტაფორებით, მაგრამ ისეთებსაც ვხვდებით, რომლებსაც ვერასდროს დავივიწყებთ. ამიტომ არის, რომ ხშირად პოლიტიკოსს მის მიერ წარმოთქმული მეტაფორით იმახსოვრებენ.

„ახლად შექმნილი მეტაფორა აზროვნებას ეხმარება ვიზუალური ხატის აღძვრის გზით. როდესაც მეტაფორა პრაქტიკულად მკვდარია, ფაქტობრივად, ის გადაიქცევა ჩვეულებრივ სიტყვად და შეიძლება გამოიყენებოდეს ისე, რომ არ დაკარგოს სიცხადე. მაგრამ მეტაფორის ამ ორ კლასს შორის არსებობს გაცვეთილი მეტაფორების უზარმაზარი ნაგავსაყრელი, რომლებმაც დაკარგა ემოციების აღმძვრელი ძალა და მხოლოდ იმიტომ გამოიყენება, რომ ადამიანებს ათავისუფლებს საჭიროებისგან, თავად შეთხზან ახალი ფრაზები“ (ჯ. ორუელი).

ჩვენი პოლიტიკოსების მეტყველება გაცვეთილი სიტყვებისა და მეტაფორების ნაგავსაყრელია და მათი მოსმენა ყველაზე მოსაწყენი ამბავი არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი