შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პირველი შეხვედრა ახალ კლასთან

პირველი შეხვედრა ახალ კლასთან და მოსწავლეების გაცნობა საინტერესო, საპასუხისმგებლო და არც თუ მარტივი ამოცანაა. არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი მასწავლებელი შედის ახალ კლასში თუ ახალბედა ეცნობა პირველად მასწავლებლის პროფესიას და თავის მოსწავლეებს. 

ახლა სექტემბერია და ბევრი ჩემი კოლეგა პირველად შეაღებს ახალი კლასის კარს, სადაც მას უცნობი, ინტერესით სავსე ახალგაზრდების გამომცდელი მზერა შეეგებება.

როგორ გავეცნოთ მოსწავლეებს? როგორ დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი? რა აქტივობები შეიძლება შევთავაზოთ მოსწავლეებს, რომ გაკვეთილი ნაყოფიერიც იყოს, საინტერესოც და სახალისოც?

ამ ბლოგში შევეცდები ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. 

ვფიქრობ, ზედმეტია დაწვრილებით იმაზე საუბარი, რომ ახალ კლასში შესვლამდე მასწავლებელმა აუცილებლად უნდა „გაიცნოს” კლასის სრული შემადგენლობა „დაუსწრებლად”.  მნიშვნელოვანია იმ მასწავლებელთან გასაუბრება, რომელიც თქვენამდე ასწავლიდა კლასს. რა პროგრამული მასალა გაიარეს მოსწავლეებმა გასული წლის განმავლობაში, ხომ არ აქვს რომელიმე მოსწავლეს რაიმე სპეციალური საჭიროება, ხომ არ არის საჭირო ინდივიდუალური გეგმის შედგენა რომელიმე მოსწავლისთვის, რა ინტერესები აქვთ მოზარდებს, უყვართ თუ არა კითხვა, რა ლიტერატურას კითხულობენ ინტერესით – კითხვები წინასწარ შეადგინეთ და შეეცადეთ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ როგორც საგნის მასწავლებლისგან, ისე დამრიგებლისგან.

რაც შეეხება პირველი გაკვეთილის გეგმას – ცხადია, პირდაპირ პროგრამული მასალის შეტანა და სრულყოფილი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა პირველივე შეხვედრის დროს არ გამოვა. მთელი გაკვეთილი, ძირითადად, ერთმანეთის გაცნობას უნდა დაეთმოს, თუმცა, ბანალურად სიის ამოკითხვა და ფეხზე წამოდგომით მოწაფეების გაცნობა ნაკლებად ეფექტური იქნება.  მნიშვნელოვანია, თავდაპირველად თავად მიაწოდოთ კლასს ცნობები თქვენ შესახებ. გაეცანით მათ, მოუყევით რაიმე საინტერესო თქვენი განათლების, წარსული გამოცდილების შესახებ, მოკლედ ამცნეთ, რის შესწავლას აპირებთ წლის განმავლობაში, რას შეიტყობენ ახალს, მოისმინეთ კითხვები, აუხსენით მოსწავლეებს, რომ მზად ხართ მოისმინოთ მათი სურვილები. ამის შემდეგ კი მოემზადეთ კლასის გასაცნობად.

გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ აქტივობას გაცნობის პროცესის გასახალისებლად.

ჯგუფური სამუშაო – გამაცანი შენი მეწყვილე

სთხოვეთ მოსწავლეებს დაჯგუფდნენ ხუთ-ხუთად ( თუ კლასი დიდია, შესაძლებელი ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდაც). ჯგუფის მონაწილეები ერთი წუთის განმავლობაში საუბრობენ საკუთარ თავზე. ინსტრუქცია ასეთია „ მოყევით თქვენ შესახებ ის, რის მოსმენასაც ისურვებდით საკუთარ თავზე”. როდესაც ყველა მოსწავლე დაასრულებს სამუშაოს, თითოეულმა უნდა აირჩიოს „პირადი წარმომადგენელი”. მეწყვილე, რომელიც სხვა ჯგუფის წევრებს და მასწავლებელს წარუდგენს მას. ( წარმომადგენელს მოსწავლეები საკუთარი სურვილის მიხედვით ირჩევენ).ჯგუფიდან ადგილზევე წამოდგება ორი მოსწავლე და ისინი იწყებენ ერთმანეთის შესახებ საუბარს ( მაგალითისთვის – „ეს ანაა, მას ძალიან უყვარს კითხვა და სუფთა ჰაერზე სეირნობა. ხშირად იღებს ფოტოებს, ჰყავს ძაღლი და აღიზიანებს ხმამაღალი მუსიკა…” „ ეს კი სოფოა. მან თქვა, რომ დილას ადრე ადგომა ძალიან ეზარება ხოლმე, უყვარს კომპიუტერული თამაშები და აპირებს პროგრამისტობას…”). ეს აქტივობა განსაკუთრებით შედეგიანი იქნება, თუ კლასში ახალი მოსწავლეებიც არიან. 

სახელი +

სახელების დამახსოვრება პირველივე დღეს რთული და ხშირ შემთხვევაში, „შეუსრულებელი მისიაა”. იმისთვის, რომ გაგვიიოლდეს ახალი ნაცნობების სახელების დამახსოვრება, შეგვიძლია ეს სახალისო თამაში შევთავაზოთ მოსწავლეებს. თამაშის ყველა მონაწილე წრეზე განლაგდება. ერთ-ერთი იწყებს თამაშს და ასახელებს საკუთარ სახელს, თუმცა, სახელთან ერთად მან უნდა მოიფიქროს და თქვას ზედსართავი სახელი იმავე ასოზე, რა ასოზეც მისი სახელი იწყება. ალტერნატიული ვარიანტი – შეიძლება დასახელდეს საყვარელი მსახიობი, მწერალი, პერსონაჟი, კერძი და ა.შ. სახელის ასოციაციურად დაკავშირება რაიმესთან აიოლებს დამახსოვრების პროცესს.

კომპლიმენტი

მერხთან, როგორც წესი, ორ-ორი მოსწავლეა. აქტივობის მიზანია, მერხის „მეზობლებმა” რაიმე სასიამოვნო თქვნ ერთმანეთზე. აუცილებელი პირობაა „მეზობლის”სახელისა და გვარის დასახელება. მაგალითისთვის, „ ეს სოფოა და მას ძალიან ლამაზი ფერის თვალები აქვს”…”ეს ლევანია და მას კომპიუტერთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ” და ა.შ.

კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით წინასწარ გათვალეთ ( დაახლოებით მაინც) დრო, რომელსაც გაცნობას დაუთმობთ. დარჩენილი დრო კი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. აუცილებლად გააცანით მოსწავლეებს თქვენი მუშაობის სტილი ( მაგალითად, საშინაო დავალების შეუსრულებლობა ჩემთვის დაუშვებელია, რვეულებს ვიბარებ ყოველ პარასკევს და ა.შ.). შეათანხმეთ ძირითადი წესები ( დაგვიანებული მოსწავლე კლასში არ დაიშვება, თუ კითხვა გაგიჩნდებათ – აიწიეთ ხელი და მანიშნეთ ან ჩაინიშნეთ კითხვა და დასვით მას შემდეგ, რაც ახსნას დავასრულებ…). მნიშვნელოვანია, რომ პირველ დღეს გაცნობილ წესებს არ გადაუხვიოთ სასწავლო წლის განმავლობაში. 

ბედნიერ და წარმატებულ წელს და სასიამოვნო ნაცნობობას გისურვებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი