უთანამედროვესი ქართული ლიტერატურა

ძალიან კარგად მახსოვს, რა ეტაპები გავიარე მკითხველად ჩამოყალიბების გზაზე:

I ეტაპი- აუცილებლად ის წიგნი უნდა წამეკითხა, ჩემი 3 წლით უფროსი ძმა რომ მეტყოდა, ამას შენ ვერ გაიგებო.

II ეტაპი – ვკითხულობდი სულმოუთქმელად ახალ- ახალ ავტორებს და უკვე წაკითხულებს ხელახლა, მილიონჯერ, მთლიანად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ძილის წინ შემთხვევით გადაშლილი გვერდიდან დაძინებამდე. ყველანაირი კითხვისთვის მრჩებოდა და მყოფნიდა დრო.

III ეტაპი – ყველა საგამოცდო პერიოდს ვატარებდი ოცნებაში, როგორ გადავაგდებდი ,,კეკელიძე- ბარამიძეს“ ( ფილოლოგები გამიგებენ) და წავიკითხავდი იმას, რასაც მინდოდა და არა იმას, რაც მევალებოდა!

IV ეტაპი – უკვე წაკითხული წიგნების უსაშველო მონატრება და სულელურად აკვიატებული აკრძალვა: ,,არ მცალია ძველების გადასაკითხად, მილიონი ახალი მაქვს წასაკითხი“

V ეტაპი: მკითხველური დეპრესია – რამდენი ახალი წიგნი გამოდის და მე რა ცოტა დრო მაქვს კითხვისთვის.

VI, წამების, ეტაპი: ფილოლოგი ვარ და თავიდანვე არმოწონებული წიგნებიც უნდა დავასრულო, ხომ უნდა დავასაბუთო, რატომ არ მომეწონა ?! (?!)

VII ეტაპი ( 30 წლის ზემოთ, საყოველთაო გაწონასწორებულობის დასაწყისი) – წარმოუდგენელია, ყველა ახალგამოსული წიგნი წავიკითხო, რასაც მოვახერხებ, ისაა, რასაც ვერა, ქვეყანა არ დამექცევა თავზე.

VIII ეტაპი – მკითხველური ქცევა სათავისოდან სასხვისოზე გადავიდა: მხოლოდ იმიტომ  არ ვკითხულობ, რომ მე მაინტერესებს, ყოველი წაკითხული ნაწარმოების ბოლოს კითხვა საკუთარ თავთან: ბავშვებს წავაკითხო? მოეწონებათ?

ლიტერატურა სადღაც კი იწყება, მაგრამ არსად არ მთავრდება. სანამ ვიარსებებთ კაცობრიობა, მანამდე იარსებებს, ,, მარადახალი“ იქნება და სულ გვექნება შეგრძნება, რომ ფეხდაფეხ მივდევთ. ჰო,მივდევთ, ვეწევით, სუნთქვა გვიჭირს,სწრაფად და ძლიერად ვსუნთქავთ, ზოგჯერ გვგონია,სადაცაა გავუსწორდებით, მხარი მხარს უნდა გავუსწოროთ და ისევ გვისწრებს, ხან ცოტათი, ხან იმ სიშორით, რომ მოიხედოს, ბუზის ტოლებსღა დაგვინახავს… თუ ლიტერატურა მართლა გიყვარს, ეს რბოლა არ სრულდება, გაწამებს და თან გატკბობს იმის შეგრძნება, რომ რთულია, ფეხი აუწყო ლიტერატურის თანამედროვეობას. ამას ისიც თუ ემატება, რომ ვიღაც თან უნდა გაიყოლო ამ რბოლაში, თან თუ ეს „ვიღაც“ შენზე მოჩერებული და მთლიანად მონდობილი ბევრი ორი თვალი, ბევრი ორი ყური, ბევრი გული, ფიქრი და ოცნებაა, წარმოგიდგენიათ რბოლის სიმძიმე და სიტკბო ერთად?

აქსიომა მგონია, რომ ეს ,,მარადახალი“ ლიტერატურა არასოდეს არ უნდა დაძველდეს ნამდვილი მკითხველის თავში. განსაკუთრებით ახალგაზრდების იდეებით, ინტერესებით, სკვინჩებითა და ოფოფებით სავსე თავებში. ეს თავები ხშირად უპრობლემოდ ეტანებიან უცხოურ ბესტსელერებს, მაგრამ ერიდებიან ეროვნულსა და უახლეს ლიტერატურას. ძნელია მათი დაინტერესება ამ ლიტერატურით. ხანდახან მომიხერხებია ამ არა მხოლოდ საჩემოდ წაკითხული წიგნებით დაინტერესებულიყვნენ და მოსწონებიათ კიდეც. ახლა მათგან მოწონებულ ნაწარმოებთაგან ავარჩევ რამდენიმეს და  ვიტყვი ორიოდე სიტყვას.

ბესო ხვედელიძის ძალიან საინტერესო მოთხრობა ,,მამა“ –  საფიქრალებითა და სიმბოლოებით დატვირთულ მამაზე, ზედმეტი რომ აღმოჩნდება თუ ზედმეტად რომ გაიხდის თავს. სადალაქოში, დალაქი ვანიჩკასა და იოსკას საუბარით ვიგებთ მთავარი გმირის თავგადასავალს. ფილმის ერთი ფრაგმენტივითაა. მერეა მეტისმეტად ფეხათრეული და გრძელი ასვლა კიბეებზე  ესეც ფილმის კადრია, ოღონდ საგანგებოდ შენელებული. კიბის ბოლოში მისი ოჯახი უნდა დახვდეს იოსკას… მერე რაც ხდება, უნდა წაიკითხოთ. სრულდება კი ასე:

„ -მაპატიეთ, მაგრამ ხომ არ ისურვებდით უფრო მეტი გაგეგოთ მარადცოცხალი ღმერთის შესახებ? – ეკითხება თავაზიანად.

ძველისძველ, ქუსლებდაბრეცილ, დაჭყლეტილ ფეხსაცმელებშია მამა. არც მუხლებგამობერილ შარვალს ეთქმის ახალი; – იღლიებამოსველებული, გრძელსახელოებიანი თაგვისფერი პერანგი კი საერთოდაც დიდი აქვს და უხერხულად ადგას ტანზე.

თევზსა და პურს შეექცევა მამა.“

თამრი ფხაკაძის მოთხრობა ,, ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ და თამთა მელაშვილის ,,გათვლა“, ორი სხვადასხვანაირი ომი, ორი სხვადასხვანაირი ბრძოლის ველი.

პირველში – რა ხდება იქ, სადღაც, ომის ზურგსუკან, როგორ ცხოვრობენ ისინი, ვინც ომში არ მიდიან, ვინც ომს ,,გადაურჩა“ – ბავშვები, ქალები და ,,წუნდადებული“ კაცები. როგორი დაუნდობელი და აუტანელია ომი მაშინაც კი, როცა ტყვიამფრქვევების ხმები არ ისმის. და ეს ყველაფერი მოთხრობილი უცნაურად – მოკლე- მოკლე წინადადებებით, ძალიან ხშირად გამეორებული ,,თქვა“ და ,,ვუთხარი“, კლასიკური დიალოგების გარეშე – პატარა გოგოს არაპროზაული, ბუნებრივად გაუმართავი მეტყველებით, თვალებით კითხვის დროსაც კი ენას რომ მოგტეხს.

და მეორეში – რა ძნელი, ღრმა და ბუნებრივია ფესვების სიყვარული.  რა სხვადასხვანაირები ვართ ადამიანები, რა განსხვავებული ღირებულები გვაქვს და რა სხვანაირი სიყვარულები ვიცით. რას იტევს ხელისგულისოდენა ბოსტნის მეტაფორა და რას გულისხმობს სინამდვილეში ძალიან მასმედიური სიტყვათშეთანხმება ,, კონფლიქტის ზონა“.

კიდევ ყველაზე ტკივილიანი გოგოს, ლია ლიქოკელის, რემინისცენციული მოთხრობა ,,წყლის პირას, მურყნის ჭალაში“ – დაუცველი გოგონა ერთნაირად დამცველი და დამღუპველი სოფლის პირისპირ: „ კარგია სოფელი. თუ გაგიჭირდა, მოვა, გვერდში დაგიდგება. დაბერდები, მოგივლის. მოკვდები, დაგმარხავს…“

„ კარგია სოფელი, ლაპარაკობს. კარგია სოფელი, – თუ არ დაბერდები, დაგაბერებს. დაგადნობს, საფლავს გაგიმზადებს, და თუ არ მოკვდები, ცოცხალს დაგმარხავს…“

კითხულობ მეტისმეტად გაშიშვლებულ გრძნობებს და ტექსტიდან ფუტკრების გაბმული ზუზუნი მოდის. რაც უფრო შედიხარ ამ პატარა ტექსტის სიღრმეში, მით უფრო შემაწუხებელი, გამაღიზიანებელი ხდება ეს ზუზუნი ( რომელიც აქამდე ყოველთვის უწყინარი გეგონა) და ცოტაც დაგრჩა, ხელი აუქნიო წარმოსახვით ფუტკრებს. წარმოიდგენ, თითქოს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდი იყო, ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული და ამ დაუცველ გოგოს იცავდე.

აი, თუ რომანებზე მიდგება საქმე, ახლახან საბააღებულ ალეკო შუღლაძის ,,გადამალვას“ და გამოსვლისთანავე ყბადაღებულ ( საუკეთესო გაგებით) არჩილ ქიქოძის ,,სამხრეთული სპილოსაც“ დავუმატებდი. ორ შესანიშნავ, საინტერესო, უთანამედროვეს რომანს. იმდენად ტკივილიანი, უცნაური და მოულოდნელია გადამალვის არსი და სურვილი და იმდენი ჩუმი, წყნარი,თბილი, მძიმე, სევდიანი და ყველა შემთხვევაში საინტერესო ამბებითაა მეორე სავსე, რომ წარმოუდგენელია, არ დააინტერესოთ ოფოფიან თავებს.

მე ლიტერატურაში თემის გაცვეთის დიდად კი არ მჯერა ნიჭიერი კალმოსნის ხელში, მაგრამ ვისაც სჯერა, შეუძლია, მშვიდად იყოს და ისე გადაიკითხოს ეს ნაწარმოებები.

თუ მოგინდებათ, უფროსკლასელებსაც მშვიდად წააკითხეთ, საფიქრალი და სალაპარაკო მიეცემათ.

იქნებ მარადახალი ლიტერატურის მდინარის პირას ჩამომსხდარმა სხვა დომენიკოებმაც დაუსვან საკუთარ თავებს კითხვა: „ ნუთუ ყოველივე ეს, ნუთუ ყოველივე ეს?..“

პოსტ ეპიგრაფი:

„ სიტყვებს ეძებდა მარადახალი მდინარის პირას, იტანჯებოდა ღამეულ ტყეში, და შორს, ცისკიდურს დიდის იმედით, ავედრებული მიაჩერდა და – ჰეე, თენდებოდა… გათენებიდან უნდა დაეწყო, კი, ასე სჯობდა, ხომ ისევ აქ ხართ, მოდით, ჩამჭიდეთ უკანასკნელად ეგ უნდო ხელი, ხომ კი სჯობს ასე, მშვიდად დაწყება დამთავრებისას, აჰ, შევეჩვიეთ ერთმანეთს, მგონი…“   გ.დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი“

 

 

კომენტარები

comments