პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აკრძალვის ნაცვლად – გონივრული გამოყენება

მოზარდებისა და მედიის ურთიერთობა ყველას გვაწუხებს. ყველაში, რა თქმა უნდა, უფროსებს ვგულისხმობ, რომლებიც ავლაპარაკდებით, ავქოთქოთდებით, გამოსავლის ძებნას დავიწყებთ, სხვებსაც გავუზიარებთ, მაგრამ… სამწუხაროდ, ყველაფერი ძველებურად გრძელდება. მოზარდები ისევ ეკრანებთან რჩებიან. ისევე, როგორც მრავალი ჩვენგანი.

ინტერნეტმა, ფაქტობრივად, შეისრუტა ჩვენი თავისუფალი დრო. მარტო თავისუფალი? ეს პრობლემა გლობალურ პრობლემათა სფეროს განეკუთვნება, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოზარდები და ზრდასრულები ერთი „,ბატონის“ მსახურები არიან.

მედიის მკვლევრები ტკბილად იხსენებენ დროს, როცა „ნახატებიანმა ყუთმა“ კი მიიზიდა მაყურებელი, მაგრამ ოჯახური ურთიერთობების გარემო შეინარჩუნა და ერთგვარად განამტკიცა კიდეც. იგულისხმება საერთო ოთახში დადგმული ტელევიზორი, რომლის გარშემო, საღამოობით თუ უქმე დღეებში, მთელი ოჯახი იკრიბებოდა. ქართულ სინამდვილეს ტელევიზიის დამკვიდრების ეტაპზე ერთ ტელევიზორთან შეკრებილი სამეზობლოებიც ახსოვს.

დრონი იცვალნენ და ახლა ბევრ ოჯახში რამდენიმე ეკრანი ირთვება წევრთა განსხვავებული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, უფრო მეტიც: შეიძლება, თითოეულ წევრზე ერთდროულად რამდენიმე ჩართული ეკრანიც მოდიოდეს.

ვინაიდან მოზარდებისთვის ეკრანის აკრძალვამ შედეგი არ გამოიღო, მედიასპეციალისტები მიდგომას ცვლიან და გვირჩევენ, აკრძალვის ნაცვლად ბავშვებს ინტერნეტის გონივრული გამოყენების ჩვევა განვუვითაროთ. ინტერნეტს სარგებლობის მოტანაც შეუძლია, ოღონდ ამისთვის მის შესაძლებლობებში გარკვევაა საჭირო.

მეცნიერებათა დოქტორი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი სონია ლივინგსტონი მრავალი წელია იკვლევს ინტერნეტსივრცეში ბავშვებისა და მოზარდების ქცევას. მისი მასშტაბური კვლევა ეფუძნება გამოკითხვებს ინტერნეტში მოზარდების ქცევის შესახებ სკოლაში, შინ და დასვენების დროს.

მისი თქმით, ციფრული სამყაროსთვის თავის შეფარებით მოზარდები თავს აღწევენ მომთხოვნ მშობლებს, გამაღიზიანებელ და-ძმებს, კრიტიკულ მასწავლებლებს. იმავდროულად, მათ ეძლევათ თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება.

მცდარია შეხედულება, თითქოს გაჯეტები მოზარდთა სივრცეს ზრდასრულთა სივრცისგან აცალკევებდეს. უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, როგორ ურთიერთობენ უფროსები – მშობლები და მასწავლებლები – მოზარდებთან სოციალური ქსელების მეშვეობით.

ლივინგსტონს მოჰყავს მაგალითი, როგორ გამოიყურება მოზარდის ერთი დღე ინტერნეტთან ერთად. ერთმა მოზარდმა დროულად ვერ გაიღვიძა და სკოლაში აგვიანდება, რადგან გვიანობამდე კომპიუტერთან იჯდა. მეორე სკოლაში მშვიდი და კმაყოფილი მივიდა, რადგან მოასწრო, გზაში თანატოლებისთვის თავისი ფიქრები და მოსაზრებები გაეზიარებინა.

გაკვეთილზეც ეკრანს უსხედან. მასწავლებელი იყენებს youtube-ს, საძიებო სისტემებს და ვირტუალურ სასწავლო გარემოს. მასწავლებლები ფეისბუქზეც არიან, მაგრამ მათი უმეტესობა აღიარებს, რომ მეგობრებში მოსწავლეებს არ იმატებს, პირად ზონას იცავს.

თუ ინფორმატიკის გაკვეთილზე მოსწავლეები ტექსტში ფოტოს მოთავსებას სწავლობენ, მუსიკის გაკვეთილზე მათ ტექნოლოგიებთან აღარ აქვთ საქმე, თუმცა შინ დაბრუნებისას ბევრი youtube-ზე ეძებს გიტარაზე დაკვრის გაკვეთილებს.

გაკვეთილების შემდეგ მოზარდები საკუთარ თავს ეკუთვნიან. ბევრი ამ დროს ისევ გაჯეტებს უთმობს. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები მაქსიმალურად იხანგრძლივებენ სკოლიდან შინ დაბრუნების პროცესს – ამ დროს თანატოლებთან ურთიერთობას უთმობენ, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელებში გრძელდება.

მოზარდები სოციალურ ქსელებს იყენებენ გაკვეთილების მომზადების დროს აზრთა გაცვლა–გამოცვლისა ან კონსულტაციისთვის, შემეცნებითი თამაშებისათვის (Minecraft), რომელშიც მათი თანატოლები დედამიწის ყოველი კუთხიდან ერთვებიან.

იკვეთება სხვა სიტუაციებიც, როცა ბავშვები თავისუფალ დროს ხვდებიან მეგობრებს და ახლად წაკითხულ წიგნებზე მსჯელობენ, ან მშობლებთან ერთად სუფთა ჰაერზე სეირნობენ, ან სპორტს მისდევენ, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც ეკრანთან ზის.

ექსპერტთა აზრით, ინტერნეტის აკრძალვა ან შეზღუდვა უკვე გუშინდელი დღეა. გაჯეტები მოზარდებისთვისაც ისევე აუცილებელია, როგორც უფროსებისთვის. ამიტომ მკვლევრები გვირჩევენ, ყურადღება ინტერნეტის შესაძლებლობათა გააზრებულ და შერჩევით გამოყენებაზე გადავიტანოთ.

მედიამკვლევრებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც მშობლებს დაეხმარება, შვილებს ინტერნეტსივრცეში გზა გაუკვალონ.

 

რჩევები მშობლებს

  • დაინტერესდით, რას აკეთებს და ვისთან ურთიერთობს ინტერნეტში თქვენი შვილი, ხშირად ისაუბრეთ ამ თემაზე.
  • შეიმუშავეთ სმარტფონის გამოყენების საოჯახო წესები, ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინეთ მოზარდის აზრიც. რაც მთავარია, წესები უნდა დაიცვას ყველამ. მაგალითად, თუ გადაწყვიტეთ, რომ სადილობის დროს არ დახედოთ ეკრანს, ეს წესი უფროსებისთვისაც უნდა მოქმედებდეს.
  • ყურადღება ინტერნეტის სარგებელზე გაუმახვილეთ და არა საფრთხეზე. აუხსენით, რომ საძიებო სისტემებისა თუ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშემწყობი აპლიკაციების გამოყენება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობრებთან უმიზნო მიმოწერა ან სხვა კონტენტზე დროის კარგვა.
  • აუხსენით, რომ ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დამხმარე ინსტრუმენტებია; აჩვენეთ, როგორ იყენებთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში; ამასთანავე, გააფრთხილეთ, რა პრობლემებს შეიძლება შეეჯახოთ.

თუ მაინც შიშობთ, რომ ბავშვი მეტისმეტად ბევრ დროს უთმობს ინტერნეტს, მაშინ უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • ჩემი შვილი ჯანმრთელია და კარგად გამოძინებასაც ახერხებს?
  • საკმარისად ურთიერთობს თანატოლებთან, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან პირადად და ინტერნეტის საშუალებით?
  • არ აცდენს სკოლას და ძლევს სასწავლო პროგრამას?
  • აქვს ინტერესები და გატაცებები და დროსაც პოულობს მათთვის?
  • კმაყოფილია და სწავლობს რაიმე ახალს და სასარგებლოს ინტერნეტის საშუალებით?

თუ პასუხების უმეტესობა დადებითია, მშვიდად იყავით; თუ უარყოფითი, მაშინ პრობლემა მართლა არსებობს და საჭიროა, მეტი დრო დაუთმოთ მის მოგვარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი