შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

დაჩის (ზღაპრების) თანამედროვე იმიჯი

„იყო ბაჩო და მანო, მაგრამ ცა და მიწა რომ მოგევლოთ, არსად იყო დაჩი“, – ოთხი-ხუთი წლის ვიყავი, პირველად რომ მოვისმინე „დაჩის ზღაპრების“ დასაწყისი და ისიც შევიტყვე, რომ დაჩი მართლა არსებობდა, რომ ავტორს საკუთარ შვილზე დაეწერა წიგნი, რომ შესაძლებელი იყო, ეს მამაცი ბიჭუნა ერთ დღეს ქუჩაშიც კი შეგვხვედროდა. დაჩის თავგადასავლების მოსმენასთან ერთად წიგნის ფერადი ილუსტრაციების თვალიერებაც არანაკლებ მომეწონა, ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადმოვხატე თეთრ, წითელ თუ შავკაბიანი ქალები გრძელი თმებითა და მოღიმარი სახეებით. დედას ვაჩვენებდი და ვეუბნებოდი, ყველაზე მეტად რომელიც მოგწონს, შენ ის ქალი იყავი-მეთქი (დაჩისავით მეც მინდოდა, საკუთარ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს სიყვარულში გავჯიბრებოდი).

მერე დრო გავიდა. ვინ მოთვლის, ყოვლისმცოდნე და ღონიერმა დაჩიმ (ასე მიაჩნდა მანოს) რამდენი ღამე გაატარა ნადირობაში, რამდენი დღე გალია საგმირო საქმეებში, რამდენჯერ გააბრაზა თავისი ძამიკო ბაჩო: „ჯერ არ მოსულა და რა გულზეა ეს თითისტოლაო!“ თანდათან დაჩიმ „მთელ ქვეყანაზე საოცარი მონადირის სახელი გაითქვა. ყველამ გაიგო და დაიჯერა, რომ ცოცხლად დაიჭირა ვეფხვი და მერე… შვილებთან გაუშვა.

დიახ, მართლაც ყველამ შეიტყო დაჩის არსებობა: 1973 წელს დაწერა ოტია იოსელიანმა „დაჩის ზღაპრები“ და პირველსავე კვირას ორმოცდაათი ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნი მრავალ ენაზე ითარგმნა, დაჩის შესახებ ხმა იაპონიასაც კი მისწვდა.

„იყო ბაჩო და მანო, მაგრამ ცა და მიწა რომ მოგევლოთ, არსად იყო დაჩი“, – ნაცნობი და საყვარელი დასაწყისი ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ შვილებსაც წავუკითხე (ახალი გამოცემა შევიძინე, რომელიც უკვე „დაჩის ზღაპრების“ ორივე წიგნს აერთიანებდა). ახლა მათ დაიწყეს დაჩის ხატვა, სიუჟეტების გათამაშება: ხან ბებია-ბაბუა ამოჰყავდათ ჭაობიდან, ხან მეზობლის გოგოს გადასარჩენად გარბოდნენ, ხან კოსმოსში გაიჭრებოდნენ ხოლმე. ვაკვირდებოდი და უამრავ მსგავსებას ვპოულობდი საკუთარ და ჩემი შვილების ბავშვობას შორის. არ შემცდარა მანო – მისი უმცროსი ძამიკო მართლაც მაგარი ბიჭი აღმოჩნდა, დროც კი დაამარცხა.

ორი წლის წინ მესამედ შევხვდი დაჩის, წიგნის მაღაზიაში თანამედროვე ილუსტრაციებით გაფორმებულ გამოცემას მოვკარი თვალი. პერსონაჟების ახლებურმა იმიჯმა და რაკურსებმა ისე გამიტაცა, კიდევ ერთხელ გადავიკითხე „დაჩის ზღაპრები“ და კიდევ ერთხელ გავიაზრე, რას ნიშნავს გამოთქმა „დროს გაუძლო“.

 

იცნობთ თუ არა დაჩის?

ვფიქრობ, თანამედროვე ქართველი ბავშვები ნაკლებად იცნობენ დაჩის. ამერიკასა თუ ევროპაში ასეთ ლიტერატურულ გმირს უსათუოდ ბრენდად აქცევდნენ. ჩვენ კი სათამაშოც არ გვაქვს. აღარაფერს ვამბობ სამგანზომილებიან ანიმაციურ თუ მხატვრულ ფილმებზე, კომპიუტერულ თუ სამაგიდო თამაშებზე. შესაძლოა მითხრათ, რომ შესაბამისი ტექნოლოგიები არ გაგვაჩნია. მაშ, ქართული წარმოების სასკოლო რვეულებს, დღიურებს, ჩანთებს დააკვირდით – იქნებ რომელიმეზე მაინც მოგიკრავთ თვალი დაჩისთვის (ან სხვა ქართული საბავშვო ლიტერატურის პერსონაჟისთვის)?

არადა, დაჩის ფათერაკები არ აკლია. კითხვის დროს უნებურად ანიმაციურ სიუჟეტებს წარმოვიდგენ ხოლმე: მანო და ბაჩო საუბრობენ, პარალელურად კი მოქმედება ვითარდება, ამბავი იწყება – აი, დაჩი თავის კბილა მეგობრებთან ერთად მარტორქას ყანწით „სხვადასხვა ჩამოსხმის რძეს“ აგემოვნებს; აი, თევზების მეფის, კალმახის, გასანთლულ უსტარს იღებს და არწივზე ამხედრებული, გველეშაპ ბრაკონიერს ებრძვის; ახლა იმას აღარ იკითხავთ, როგორი ექშენია თავი, სახელწოდებით „დაჩი დადგა – მიწა იძრა“: ატორტმანდა სახლები, ხეები, მთები, ცა, კუბიკებისგან აშენებული კოშკი დაინგრა, ეზოში ბავშვების გაყვანილი ქვიშის გვირაბები ჩამოინგრა, შეშინებული ნადირი გამოქვაბულებიდან გამოცვივდა, ჟირაფს ეხვეწებიან, გაიგე, ცა თავზე ხომ არ დაგვემხოო, ვეფხვი და ლომიც კი დაფრთხნენ…

იმედი მაქვს, დრო გავა და სათანადოდ დავაფასებთ ამ პერსონაჟს, მანამდე კი ჩვენი პატარები წიგნს დასჯერდნენ. იქნებ მომავალში რომელიმე მათგანი სახელგანთქმული ანიმატორი, რეჟისორი ან დიზაინერი გამოვიდეს, – დასანანი იქნება, დაჩის არ იცნობდნენ და დასახატი გმირების სიაში ეს მამაცი, სვანურქუდიანი ბიჭუნაც არ შეიყვანონ.

 

გრძნობები, სიყვარულს რომ გულისხმობს.

„დაჩის ზღაპრები“ გრძნობებით სავსე წიგნია, დედის, მამის, დის, ძმის, ბებიის, ბაბუის, ნათესავებისა თუ მეზობლების სიყვარულზე გვიამბობს.

„დედის ზღაპარში“ დაჩი დედას სიყვარულში ეპაექრება. „შენ ყველაზე კარგი ხარ, დედიკო,“ – ამბობს ბიჭუნა. „ყველაზე კარგი მე კი არა, შენ ხარ,“ – ეწინააღმდეგება დედა. დაჩი წყრება – მას ხომ ამქვეყნად დედაზე უკეთესი არავინ ეგულება. მაშინ დედა მეზობლის ქალებთან აგზავნის, მათაც ჰკითხეო. ასე მოივლის დაჩი თეთრ, წითელ და შავკაბიან ქალებს. მისდა სამწუხაროდ, ყველა ერთსა და იმავეს ამტკიცებს – რომ შვილზე უკეთესი ქვეყნად არაფერია! დედა კურდღელი, დედა მგელი, დედა ლომიც ქალებივით ფიქრობენ – შვილები დაუკარგავთ და მზად არიან, მათთვის სიცოცხლე გაიღონ.

საქმე დაჩის სასარგებლოდ მაშინ შემოტრილდება, როდესაც ის დაკარგულ ბაჭიებს, ლეკვებს, ბოკვერებს შეხვდება და მოუსმენს – დედა მათაც მთელ ქვეყანას ურჩევნიათ! მაშ, ვინ ამბობს სიმართლეს, დედები თუ შვილები? – ეს მარადიული კითხვაა და მასზე ერთადერთი პასუხი არსებობს: ორივე მართალს ამბობს, დედა-შვილის სიყვარული დაუსრულებელი შეჯიბრებაა.

ახლა „ბებიას და ბაბუას ზღაპარს“ არ იკითხავთ? მოხუცები შვილიშვილის გადასარჩენად ჭაობში ჩაცვივდებიან, საკუთარ მკერდზე გადაატარებენ დაჩის, ოღონდ ის ხმელეთზე უვნებლად დაბრუნდეს. „კარგად მოიქცნენ ბებია და ბაბუა!“ – აგრძელებს ავტორი და იქვე დასძენს, რომ „ისიც ბუნებრივია, მათ გამო ახლა შვილიშვილი რომ ტირის“. თუმცა დაჩი რისი დაჩი იქნება, ტირილს რომ დასჯერდეს – გამოსავალს მალე იპოვის და არა მხოლოდ ბებია-ბაბუას, ავტორსაც სიამაყით ათქმევინებს: „სანამ შვილიშვილი გყავს, ქვესკნელში ჩასულიც რომ იყო, ამოხვალ!“

მართლაც უკიდეგანო სიყვარულით გახლავთ გაჯერებული „დაჩის ზღაპრები“, პატარაობიდანვე ზღაპრის ენით რომ ასწავლის ჩვენს შვილებს, როგორ მოექცნენ წინაპრებს, მშობლებს, და-ძმებს და ყველა სულიერს თავიანთ გარშემო.

ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, ზოგიერთი თავი (თუნდაც „დედის ზღაპარი“ ან „ბებიასა და ბაბუას ზღაპარი“) დამოუკიდებელ, მცირე ზომის წიგნებად გამოცემულიყო. ეს ხომ ისეთი ამბებია, თავიანთი ლიტერატურული ღირებულებით მსოფლიოს საბავშვო კლასიკად აღირებულ მინიატურულ წიგნებს რომ უტოლდება. ისეთებს, როგორებიცაა: „აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ“, „პიერი და მთვარე“ და სხვები.

 

როდესაც მამა ავტორია

„დაჩის ზღაპრები“ იმითაც გახლავთ საინტერესო და გამორჩეული წიგნი, რომ მასში ფაქიზად მჟღავნდება შვილისადმი (ამ შემთხვევაში – ვაჟისადმი) მამის განსაკუთრებული დამოკიდებულება. მსგავსი ტენდენცია სხვა საბავშვო წიგნებშიც შემიმჩნევია. მაგალითად, „ოზის ჯადოქარში“, „ვინი-ფუუჰში“, „მონტებულსუში“ (მინდა, რომელიმე წერილში მათ შორის თავშესაქცევი პარალელებიც გავავლო).

ოტია იოსელიანი თავისი დაწერილი თავგადასავლების აქტიური მონაწილეა. მართალია, პერსონაჟად არ გვევლინება, მაგრამ მამის პოზიციასა და შეხედულებებს საინტერესოდ და ორიგინალურად ამჟღავნებს. საკუთარ ვაჟს ისეთად წარმოაჩენს, როგორზეც ოცნებობს: დაჩი, არც მეტი, არც ნაკლები, ვეფვხვების ძუძუმტეა, მეზობლის ბიჭის კარგი მეგობარია, მეზობლის გოგოს სამგზის გადამრჩენელია და ბიძაშვილები ძმებად მიაჩნია. გარდა ამისა, ჰუმანური მონადირეა, ვეფხვს დაიჭერს, აკვნის ქვეშ მისი ტყავი რომ დაიფინოს, მაგრამ ატირებული ბოკვრების დანახვაზე გული მოულბება და გაუშვებს.

ავტორი შვილისთვის (და ყველა სხვა ბავშვისთვის) დარიგებებს არ იშურებს, ტექსტში საუკუნო საგზალივით ტოვებს რჩევებს: მეზობელს თვალისჩინივით უნდა გუფრთხილდე; კინკლაობა და ჩხუბი არ შეიძლება; კარგი მონადირე ის არის, ვინც ნადირს იცავს და თევზის მომრავლებაზეც ზრუნავს; ძნელია, არ იტირო, თვალებს რომ საპონი გიწვავს, მაგრამ რას იზამ, ატანაც საქმეა; მთვარეზე გაფრენას რაკეტა უნდა, შენ კი საკუთარი ველოსიპედისთვის ვერ მოგივლია! ჯერ მიწაზე სიარული ისწავლე, ვარსკვლავები მომთხოვა! (ამ ფრაზებს რომ ვკითხულობ, სულ ბატონი ოტიას ხმა ჩამესმის და სიყვარულით მეღიმება).

 

***

საუბარი დაუსრულებლად შეიძლება „დაჩის ზღაპრებში“ დასმულ ეკოლოგიურ, სოციალურ, საზოგადო პრობლემებზე, ადამიანის ამპარტავნებაზე, გაუმაძღრობაზე, ძალაუფლებისმოყვარეობაზე. ეს აქტუალური საკითხები ბავშვებისთვის გასაგები, მარტივი ენით გახლავთ გადმოცემული. თუმცა საინტერესო თემები მოზარდებისთვისაც უხვადაა. წყალს ჩაჩერებული ახალგაზრდა ქალი და კაცი საკუთარ სიბერეს დაინახავენ, უზრუნველობას დაკარგავენ, დაგროვებას დაიწყებენ („მამის ზღაპარში“)… ასეთი თავი, ახალგაზრდებს ფილოსოფიურ თემებზე სასაუბროდ რომ განაწყობს, წიგნში უამრავია („დედამიწის ზღაპარი,“ „ზღვის ზღაპარი“ და სხვა). მათი ხელხლა გადაკითხვა და გახსენება უფროსებსაც (მშობლებსა თუ მასწავლებლებს) არ გვაწყენს. მერე რა, რომ ზღაპრები ჰქვია და ენის მოჩლექით იწყება, – საბოლოოდ ავტორს კოსმოსში ავყავართ (განურჩევლად იმისა, საკუთარი ველოსიპედის მოვლას ვახერხებთ თუ ვერა).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი