პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ განვსაზღვროთ განათლება 21-ე საკუნეში?ერთი შეკითხვა და 11 პასუხი.

ტერმინი ”21-ე საუკუნის უნარები”, როგორც წესი, იმ საკვანძო კომპეტენციებისთვის გამოიყენება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას, ციფრულ წიგნიერებას, კრიტიკულ აზროვნებას და პრობლემების გადაწყვეტის უნარებს. ამ ჩამონათვალის ადვოკატებს სჯერათ, რომ სკოლებში საჭიროა მათი სწავლება. მათი აზრით, ეს დაეხმარება მოსწავლეებს ფეხი აუწყონ დღევანდელ სამყაროს. თუმცა ნათელია, რომ 21-ე საუკუნისათვის საჭირო განათლების ”განსაზღვრება” ღია საკითხია და ჯერ კიდევ ელის ინტერპრეტაციებს სხვადასხვა მოაზროვნისა თუ სპეციალისტისგან. ბუნებრივია ისიც, რომ მიმდინარე საუკუნისათვის ადეკვატური განათლების სისტემის გააზრება-ჩამოყალიბება ბევრ წინააღმდეგობასაც შეიცავს.
ამ საინტერესო საკითხზე სასაუბროდ ამერიკული ელექტრონული ჟურნალი https://www.edweek.org-ი განათლების თერთმეტ ამერიკელ სპეციალისტს დაუკავშირდა. ქვემოთ გთავაზობთ თანამედროვე განათლების წამყვანი სპეციალისტების მოსაზრებას 21-ე საუკუნის განათლების თავისებურებების, მოთხოვნებისა და პრობლემების შესახებ.
რიჩარდ ალლინგტონი (Richard Allington)

პროფესორი, განათლების თეორია, ტენესის უნივერსიტეტი (აშშ)

მე ასაკიანი კაცი ვარ. არ ვიყენებ ტვიტერს, სკაიპს, ფეისბუქსა თუ იუთუბს. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თავს არ ვგრძნობ ტექნოლოგიის მიერ მიტოვებულად. თქვენს შეკითხვაზე პასუხს ჩემს ლეპტოპში გიმზადებთ. ასევე ხშირად (თუმცა არა ყოველდღე) ჩემი Blackberry-ისა და წერილებისთვის ელექტრონულ ფოსტას ვიყენებ. 

ამავე დროს, მე კვლაც დაკავებული ვარ მე-18 საუკუნის საქმით – მოქალაქეებში წერა-კითხვის გავრცელებით. განვმარტავ: 21-ე საუკუნეში მცხოვრები წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი იმიტომ დარჩა ამ ცოდნის გარეშე, რომ მათ მე-18 საუკუნის დროინდელი წერა-კითხვის კურსი არ გაუვლიათ.

ვფიქრობ, რომ წერა-კითხვა შესაძლოა ნებისმიერს ასწავლო (ძველებურად) და გულწრფელად არ მესმის, რატომ უნდა დახარჯონ სკოლებმა თანხები კომპიუტერებზე, როდესაც მათ ბიბლიოთეკებში არ არის ის წიგნები, რომელთა წაკითხვაც შესაძლოა მოსწავლეს მოუნდეს. 

არ მესმის, რისთვის სჭირდებათ საკლასო ოთახებში თეთრი საწერი დაფები, როდესაც არ არსებობს საკლასო ოთახის ბიბლიოთეკა? გამოკვლევებს ჯერ არსად უჩვენებიათ, რომ თეთრი საწერი დაფა ან კომპიუტერები დადებითად მოქმედებენ მოსწავლეთა წერა-კითხვის უნარების განვითარებაზე.

ამავე დროს, უამრავი გამოკვლევა გვიდასტურებს, რომ სასკოლო და საკლასო ბიბლიოთეკები მნიშვნელოვნად პოზიტიურად მოქმედებს განათლებული მოქალაქის ჩამოყალიბებაზე. თუმცა რეალობაა ისიც, რომ წიგნებზე ახლა ბევრს არავინ საუბრობს. 
ბარნეტ ბერრი (Barnett Berry)
”სწავლების ხარისხის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი

სწავლება 21-ე საუკუნეში ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეები უნდა დახელოვნდნენ შინაარსის (გამოყენებულია ტერმინი ”კონტენტი”, ანუ არსი, შემადგენლობა, შინაარსი) გადმოცემაში მისი წარმოების, სინთეზირების დროს და იმ ინფორმაციის შეფასებაში, რომელიც მოედინება სხვადასხვა წყაროდან და რომელიც სხვადასხვა თემას მოიცავს. 
ამავე დროს, მათ უნდა განუვითარდეთ სხვადასხვა კულტურის აღქმის და მათდამი პატივისცემის უნარები. 

მოსწავლეები ამ საუკუნეში გვიჩვენებენ სამ ძირითად უნარს: შემოქმედებითობა (კრეატიულობა), კომუნიკაცია და თანამშრომლობა. მათ ასევე უყალიბდებათ ციფრული წიგნიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობების უნარებიც. ვირტუალური საშუალებები (ხელსაწყოები) და უფასო საპროგრამო შესაძლებლობები ქმნიან უსაზღვრო სასწავლო ”ტერიტორიას” მოსწავლეებისათვის, მათი ასაკის, მდებარეობის თუ დროის მიუხედავად. 

ასეთი მძლავრი სასწავლო ”ველი” მოითხოვს კარგად მომზადებული მასწავლებლების არსებობას, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებენ შემეცნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღქმაზე, გამოხატვაზე, მეხსიერებაზე, ყურადღებაზე და რომლებიც სტრატეგიულ ჯგუფებად იქნებიან ორგანიზებულნი როგორ ვირტუალურ, ისე – ფიზიკურ გარემოში.

ალბათ გაჩნდებიან მასწავლებელი-მეწარმეებიც (ახალი ამერიკული ტერმინი – teacherpreneur-ი, რომელიც ”teacher”-ის “entrepreneur”-ის ნაზავია), რომლებიც მჭიდროდ იმუშავებენ მოსწავლეებთან ადგილობრივ თემში და მათ მოემსახურებიან მათ როგორც სასწავლო თანაშემწეები, ვირტუალური ქსელის მეგზურები, თამაშების ექსპერტები, თემის ორგანიზატორები და პოლიტიკის მკვლევრები. 

სარა ბრაუნ უესლინგი (Sarah Brown Wessling)

მასწავლებელი აშშ-ში 2010 წელს.

21-ე საუკუნის სწავლება აერთიანებს ისეთ მიდგომებს, რომლებშიც უნარები შინაარს უკავშირდება. უნარების გარეშე, მოსწავლეები მხოლოდ ფაქტების დამახსოვრების, სამუშაო ფურცლების შევსებისა და დეტალების გახსენების ამარა დარჩებიან, რაც მათ პასიურობისკენ ჩამოაქვეითებს.

კონტენტის (არსის, შინაარსის) გარეშე, მოსწავლეებს მოუწევთ პრობლემების გადაწყვეტა ან ჯგუფური მუშაობა მხოლოდ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დეტალების თუ წვრილმანების გახსენებით შემოიფარგლება და იქნება მხოლოდ შესაბამისობა, სიზუსტის გარეშე.

ალბათ ამიტომაც, მგონია რომ 21-ე საუკუნის განათლების პარადიგმა იძლევა საშუალებას მოხდეს გარკვეული სინერგია ”კონტენტი vs უნარების” დისკუსიაში და გაიფანტოს ამ ორის დიქოტომიები.

21-ე საუკუნის მოდელი მოიცავს ისეთ დამოკიდებულებებს, რომლებიც მოითხოვენ ისეთი ელემენტების ურთიერთქმედებას, როგორებიცაა: ინტელექტუალური რისკების გაწევა, სასწავლო დისპოზიციები და თემში სასკოლო სწავლება, სადაც ყველა მოსწავლეს წარმოადგენს.  
კარენ ქეთორი (Karen Cator)
დირექტორი, სასწავლო ტექნოლოგიების ოფისი, აშშ-ს განათლების დეპარტამენტი

21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად საჭიროა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვასწავლოთ. სავარაუდოდ, რომ დღევანდელ მოსწავლეებს, თავიანთი ცხოვრების განმავლობაში, რამდენიმე პროფესიული კარიერა ექნებათ. 

მათ უნდა განივითარონ კრიტიკული აზროვნებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ, ცვალებად და გარკვეულწილად ”დენად”, საკმაოდ რთულ გარემოში. 

დღეს, ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა 24 საათი და 7 დღე კვირაში მივიღოთ ინფორმაცია, გვქონდეს სოციალური ურთიერთქმედება და ადვილად შევქმნათ და გავცვალოთ ციფრული ინფორმაცია, შინაარსი და ზოგადად, ციფრული ”კონტენტი”.

ამ გარემოში, განმანათლებლებს ხელეწიფებათ ტექნოლოგიების გამოყენება მიმზიდველი და პერსონალიზებული გარემოს შესაქმნელად, რაც ასე მოთხოვნადია მომავლი თაობის სასწავლო საჭიროებებისათვის.

ახლა უკვე შეუძლებელია განათლების იმ მეთოდების გამოყენება, როდესაც საკლასო ოთახში შეთავაზებული იყო ”ერთი ზომა ყველას მოერგება” სქემები.

შესაძლებლობები, რომლებიც გააჩინა ტექნოლოგიებმა, უნდა გამოიყენებოდეს 21-ე საუკუნის განათლების თავიდან წარმოსადგენად. ძირითადი აქცენტი კი ის უნდა იყოს, რომ დღევანდელი მოსწავლეები  მოემზადონ იმისათვის, რომ მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოუწევთ სწავლა. 
მილტონ ჩენი (Milton Chen)
წამყვანი მკვლევარი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ლუკასის საგანმანათლებლო ფონდი; ავტორი წიგნისა: Education Nation: Six Leading Edges of Innovation in Our Schools

21-ე საუკუნის სწავლების მეთოდები და იდეოლოგია არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი. ამ საუკუნის შესაბამისი სწავლების განსასაზღვრად, საჭიროა განისაზღვროს თანამედროვე საშუალებები თანამედროვე სწავლებისათვის (პრობლემა ის გახლავთ, რომ ის, რაც ”თანამედროვე” იყო 2010 წელს, მნიშვნელოვნად არის წინწასული 2000 წლის ტექნოლოგიასთან შედარებით და 2000 წელი უკვე გასულ საუკუნედ გვეჩვენება). 

21-ე საუკუნის სწავლება ემყარება სწავლების ისეთ კონცეფციებს, როგორიცაა ”სასწავლო საგნის ძირეული ცოდნა”, და რომელიც დღევანდელი სამყაროს საჭიროებების მიხედვითაა ”გადაკეთებული”. სამყაროსი, რომელშიც გლობალური პერსპექტივა და ურთიერთთანამშრომლობის უნარები უმნიშვნელოვანესია. დღეს უკვე აღარ არის საკმარისი ”იცოდე საგანი”. უფრო მნიშვნელოვანი ხდება იყო ცნობისმოყვარე ამ ”საგნის” შესახებ. 

ინტერნეტი, რომელმაც გლობალური კომუნიკაციისა და გლობალურ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება მოგვცა,  ასევე ფლობს იმ გასაღებს, რომელიც ახალი განათლების სისტემის კარს გაგვიღებს. ამ ახალ სივრცეში მოსწავლეები შეძლებენ ერთად, ჯგუფებში იმუშაონ ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც აღემატება ერთი პირის შესაძლებლობებს. ასეთი ურთიერთობები გვაძლევს 21-ე საუკუნის სამუშაო ადგილის მონახაზს.  თუ 21-ე საუკუნის სწავლების სისტემაზე კამათი 10 წლის შემდეგაც გაგრძელდა, ეს იქნება ნათელი ნიშანი იმისა, რომ ახლომხედველობა კვლავ ხელს გვიშლის რეალობის სწორად დანახვაში.
სტივენ ფარი (Steven Farr)
წამყვანი სპეციალისტი, ორგანიზაცია: Teach For America, ავტორი წიგნისა: Teaching as Leadership: The Highly Effective Teacher’s Guide to Closing the Achievement Gap

21-ე საუკუნის სწავლება უნდა მოიცავდეს 20-ე საუკუნის იმ იდეალებს, რომლებიც ნათლად აისახა სასამართლო საქმეში ”ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ”.

სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვერ შევასრულეთ ეს ამოცანა. ჩვენი სისტემა კვლავ ჯიუტად აგრძელებს რასობრივი და სოციო-ეკონომიკური ნაპრალის შენარჩუნებას, რაც ასამარებს ჩვენს იდეალებს თავისუფლების, თანასწორობისა და შესაძლებლობის თავისუფლების შესახებ.

როდესაც აშშ-ს ყველაზე წარმატებული მასწავლებლების შემთხვევებს ვიკვლევთ, ნათლად ჩანს, რომ კარგ მასწავლებელს სხვებისგან მხოლოდ უნარების ჩამონათვალი არ გამოარჩევს. 

ჩვენ საკლასო ოთახში ისეთი ლიდერები გვჭირდება, რომლებიც საკუთარ თავს ამბიციურ მიზნებს უსახავენ, ხელს უწყობენ სხვების დარაზმვას ამ მიზნების მისაღწევად, გეგმავენ და აღასრულებენ მას, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მასალის კარგად შესწავლა და, რაც მთავარია, თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რას ნიშნავს იყო მასწავლებელი, რომელიც მოსწავლის ცხოვრებისეულ გზას უკეთესობისკენ ცვლის. 

თუ ამერიკას სურს გახდეს 21-ე საუკუნის ლიდერი განათლების მიმართულებით, საჭიროა ვაკეთოთ ის, რაც აუცილებელია ჩვენი ბავშვების განათლებისათვის, მიუხედავად მათი სოციალურ-ეკონომიკური წარმომავლობისა.

Steve Hargadon/ სტივ ჰარგადონი
Classroom 2.0-ის დამფუძნებელი, სოციალური სწავლების კონსულტანტი.

21-ე საუკუნეში სწავლა აუცილებლად მოსწავლეთა მიერ იქნება მართული.
ჩვენი ძველი ისტორიები და სქემები განათლებაზე (საქარხნო მოდელი, ზემოდან ქვევით, შესაბამისობაზე დამყარებული სქემა) უკვე დაიმსხვრა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ინტერნეტი ათავისუფლებს იმ ინტელექტუალურ ენერგიას, რომელიც ჩვენი ფარული სურვილებიდან მომდინარეობს. ეს სურვილები მოიცავს საკუთარი აზრის გამოთქმას, შემოქმედებას და მონაწილეობას. ცოდნაზე დამყარებული შედეგები ხშირად თავისუფალი ბაზრის მიერ ან დემოკრატიულ მთავრობების მიერ შექმნის სისტემებს ჰგავს. მცირე მმართველობისა და თვითმართული სწავლების პირობებში, თვით სწავლების პროცესი უკვე არსებობს სანქციებისა თუ კონტროლის გარეშე, რომლებსაც ადრე საგანმანათლებლო ინსტიტუტები ახორციელებდნენ.

 დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური და ინსტიტუციური გამოხმაურება, დღევანდელი განათლების თვითმართულ პროცესებზე განათლების არსებული სისტემისგან იქნება და მათი რეაქცია კვლავ მკაცრად სტრუქტურირებულ და ზემოდან განსაზღვრული სტანდარტების აუცილებლობას შეეხება. 

თუმცა განათლების ინსტიტუტებისგან, რომლებიც თავისი თვალით აკვირდებიან მიმდინარე ინტერნეტრევოლუციას, ასეთი დამოკიდებულება, არაადეკვატური მგონია. ინსტიტუტებში არა მარტო მშობლებს, განათლების სპეციალისტებსა თუ ადმინისტრატორებს ვგულისხმობ, არამედ მოსწავლეებსაც, რომლებიც საკმაოდ მომზადებულნი არიან თვითმართული განათლებისათვის.
Lynne Munson / ლინ მანსონი
არამომგებიანი ორგანიზაცია Common Core-ის პრეზიდენტი (აშშ).
განათლებას 21-ე საუკუნეში განვიხილავ როგორც მე-20 (ან მე-19) საუკუნის განათლების სისტემის გაგრძელებას, ოღონდ უკეთესი საშუალებებით.

დღევანდელ მოსწავლეებს გაცილებით მძლავრი სასწავლო საშუალებები აქვთ. ეს საშუალებები მათ უზრუნველყოფს სასწავლო მასალით, რომელიც შესაძლებელია მოიძიო, მიიღო და შექმნა კიდეც გაცილებით სწრაფად, ვიდრე ეს ადრე იყო ხელმისაწვდომი.

თუმცა, ვფიქრობ რომ ”გუგლის” გამოყენება არ არის საკმარისი საკითხების ნამდვილად ღრმა აღქმისა და გაგებისთვის.

მოსწავლეებს დღესაც ესაჭიროებათ იმ ისტორიის საფუძვლიანი შესწავლა, რომელმაც ისინი და ჩვენი სახელმწიფო დღევანდელობამდე მოიყვანა. 

მათ სჭირდებათ იმის გაგება, თუ რას მიაღწია ადამიანმა ხელოვნებისა თუ მეცნიერების დარგებში. მათ ასევე სჭირდებათ, დედაენის გარდა, სხვა ენების ცოდნაც. 

21-ე საუკუნის სწავლების ადვოკატების მოსაზრების თანახმად, მოსწავლეებს სჭირდებათ ამ საუკუნის უნარები, რომლებიც საკმარისია გახსოვდეს და იცოდე, როგორ იპოვო ის, რაც გჭირდება. 

მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. 21-ე საუკუნის ტექნოლოგია უნდა განხილულ იქნას როგორც მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობა და არა მცირე ცოდნის გამართლება.

Keith Moore / კით ო. მური
ინდიელთა განათლების ბიუროს დირექტორი, აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტი.

21-ე საუკუნის მოსწავლეები, შეიძლება ითქვას, გლობალურ საკლასო ოთახში სწავლობენ და ეს არ არის აუცილებელი ოთხ კედელში ხდებოდეს.

დღევანდელი ახალგაზრდები ინფორმაციის მოსაპოვებლად უფრო ინტერნეტსაიტებს ან სოციალურ მედიას იყენებენ, რომელშიც ფიჭური ტელეფონითა და კომპიუტერებით შედიან.

ბევრი მასწავლებელი დავალებებს და მათ განხილვას ვირტუალური საკლასო ოთახის მეშვეობით ახორციელებს.
ამერიკელ ინდიელთა განათლების ბიუროს ბევრი სკოლა ძნელად მისადგომ და დაბალგანვითარებულ სასოფლო ადგილებში მდებარეობს.

ჩვენი ბიურო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყოს ჩვენი სკოლებისათვის ერთნაირად განვითარებული სამუშაო გარემო და პირობები, რაც ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალებას მისცემს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე კლასის გარეთაც.  ამერიკელ ინდიელთა განათლების ფედერალური ბიუროს სასკოლო სისტემის შიგნით ჩვენ ვეყრდნობით ჩვენი ტომების ლიდერების, მოსწავლეთა მშობლების და ბავშვების საერთო ხედვებსა და შესაძლებლობებს, რათა განათლება ჩვენი ფედერალური საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი იყოს.  
Diane Ravitch/ დაიან რავიჩი
განათლების ისტორიკოსი; ავტორი წიგნისა: ამერიკის დიადი სასკოლო სიტემის სიკვდილი და ცხოვრება.
21-ე საუკუნისთვის მზადყოფნა ჩვენმა ბავშვებმა შემდეგი ცოდნითა და უნარებით უნდა გამოხატონ:  

ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკის და მეცნიერებების გაგება, რათა შეძლონ გაუთვალისწინებელი მოვლენების არსის აღქმა და შესაბამისად მოქმედება; ინგლისურად მეტყველებისა და წერის უნარები; უცხო ენების დაუფლება; ხელოვნების შესწავლა მათი ცხოვრების სიმდიდრისათვის; დიდ ლიტერატურასთან ახლო ნაცნობობა ადამიანის ცხოვრების მუდმივი დილემებისა და პიროვნების მდგომარეობის გასაგებად;  სწავლის სიყვარული, რათა შეძლონ გონების განვითარება ფორმალური სასკოლო განათლების დასრულების შემდეგ; თვითდისციპლინა, რომელიც მათ მიზნების მისაღწევად დასჭირდებათ; ეთიკური და მორალური პრინციპების ცოდნა; სოციალური უნარების განვითარება სხვებთან თანამშრომლობისათვის; შესაძლებლობა, გონიერად გამოიყენონ ტექნოლოგიები; საჭირო ნივთების შეკეთების უნარები პერსონალური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად; და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის უნარი პირადი კმაყოფილებისათვის.
Susan Rundell Singer / სიუზან რანდელ ზინგერი
ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების პროფესორი, ლოურენს მაკ-კონლი გულდის საპატიო პროფესორი, კარლტონის კოლეჯი (აშშ).
ადაპტირება, კომპლექსური საკომუნიკაციო უნარები, პრობლემების არარუტინული გადაწყვეტა, თვითმართვა და სისტემური აზროვნების უნარი – ეს ის აუცილებელი ნაკრებია, რომელიც საჭიროა 21-ე საუკუნის შრომითი ძალისათვის. ჩემი, როგორც მეცნიერისა და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის აზრით, მოსწავლეთა უნივერსიტეტისა თუ შრომითი ბაზრისათვის მოსამზადებლად ყველაზე ეფექტური გზა იმის განხორციელებაზე გადის, რაც უკვე ცნობილია და დანერგილია ეფექტური სწავლებისათვის.  

დაპირისპირება ”შინაარსი პროცესის წინააღმდეგ” სქემებზე უკვე ისტორიას უნდა გადაულოცოთ, რადგან ეს უკვე ნათელია სასწავლო მეცნიერებების კუთხიდან.

ძირეული კონცეფციების ინტეგრირება მთავარ უნარებთან მოსწავლეებს საშუალებას მისცემს კარგად მოემზადონ საუნივერსიტეტო განათლებისათვის და შრომითი ბაზრისათვის. ჩვენ გვჭირდება საკლასო საგნების მუდმივად გაფართოებადი შინაარსის შესაბამისი მოქმედება.

იმ უნარების განვითარება, რაც ძირეული კონცეფციების შესწავლისთვის არის საჭირო, უბრალოდ კარგი პრაქტიკული მიდგომაა. უკვე დროა თავი დავანებოთ პოლარიზებულ დებატებს, გავითვალისწინოთ ფაქტები და უბრალოდ, დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო პროცესს.
წყარო: https://www.edweek.org/tsb/articles/2010/10/12/01panel.h04.html
სტატია ინგლისურიდან თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი