შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კეთებით სწავლა გეოგრაფიის გაკვეთილზე

პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის მთავარ პრინციპსაც გამოცდილებით ანუ „კეთებით“ სწავლა წარმოადგენს, ამერიკელი ფსიქოლოგისა და განათლების სპეციალისტის, პროგრესივისტული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგის ჯონ დიუის სახელს უკავშირდება. დიუის კონცეფციით, სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ცოდნა სამყაროსთან ურთიერთობის პროცესში ყალიბდება.

კეთებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე საკუთარი ცოდნის, წარმოსახვის, ინტელექტისა და შემოქმედების ნაყოფს ხედავს. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, რაც, ერთი მხრივ, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს აძლევს, მეორე მხრივ კი აცნობიერებინებს და აჩვევს მას, რომ მოფიქრება და ჩანაფიქრის განხორციელება ერთი მთლიანი პროცესის ორი ფაზაა.

კეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეს ვაწვდით ზუსტ ინსტრუქციას ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციას. ამის მიზანია, მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის ან ჩვევის ფორმირებას.

გთავაზობთ გეოგრაფიის ერთი გაკვეთილის ნიმუშს „კეთებით სწავლის“ გამოყენებით.

 

კომპასის დამზადება

გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს გარემოში ორიენტირება კომპასის საშუალებით და მარტივი კომპასის დამზადება.

საჭირო მასალა:

I ცდისათვის – კომპასი, მაგნიტი, ხისა და პლასტმასის სახაზავები, საშლელი, რკინის ლურსმანი, ფანქარი, ქაღალდის რკინისა და პლასტმასის სამაგრები;

II ცდისთვის – კომპასი, მაგნიტი, დიდი ზომის ნემსი ან მახათი, ქაღალდის ლითონის სამაგრი, პლასტმასის ან ფაიფურის ღრმა თეფში ან თასი, წყალი, ხის საცობი.

გაკვეთილის მსვლელობა:

  1. წინარე ცოდნის გააქტიურება.

აჩვენეთ მოსწავლეებს მაგნიტი, სთხოვეთ გაიხსენონ მისი თვისებები და უპასუხონ კითხვებს:

* რა თვისება ახასიათებს მაგნიტს? (მაგნიტს მიზიდულობისა და განზიდვის უნარი აქვს.)

* რამდენი პოლუსი აქვს მაგნიტს? (ორი)

* როგორ საგნებს იზიდავს მაგნიტი? (რკინისას)

* რა კავშირია მაგნიტსა და კომპასს შორის? (კომპასის მთავარი ნაწილია მაგნიტური ისარი)

  1. ცდები მაგნიტის გამოყენებით

პასუხების მოსმენის შემდეგ აჩვენეთ მოსწავლეებს სხვადასხვა საგანი (მაგ., ფანქარი, საშლელი, რკინის ლურსმანი), სთხოვეთ ივარაუდონ, რომელი მათგანის მიახლოებისას შეიცვლის კომპასის ისარი მიმართულებას და ვარაუდები ცხრილში ჩაინიშნონ. შემდეგ დაურიგეთ ეს საგნები და სთხოვეთ, სათითაოდ მიიტანონ კომპასთან, დააკვირდნენ, რა მოხდება თითოეულ შემთხვევაში, შედეგები კვლავ ცხრილში ჩაინიშნონ და მათ მიხედვით გამოიტანონ დასკვნა: სად დაემთხვა ცდის შედეგი მათ ვარაუდს?

ამის შემდეგ სთხოვეთ, კომპასთან მიიტანონ მაგნიტი, ჯერ – ერთი პოლუსით, მერე – მეორით, კვლავ დააკვირდნენ კომპასის ისარს და აღწერონ, რა მოხდა. ცდის ჩატარების შემდეგ გამოიტანონ დასკვნა.

III. კომპასის დამზადება

უთხარით მოსწავლეებს, რომ თავადაც შეუძლიათ დაამზადონ მარტივი კომპასი და სთხოვეთ, თქვენი ინსტრუქტაჟის მიხედვით იმოქმედონ:

ნემსი (მახათი) ყუნწის მხრიდან 50-ჯერ მაინც ერთი და იმავე მიმართულებით გაუსვან მაგნიტს. შეამოწმონ, დამაგნიტდა თუ არა ნემსის ყუნწი. ამისთვის მასთან მიიტანონ რკინის სამაგრი. თუ ნემსის ყუნწმა სამაგრი მიიზიდა, ესე იგი ის უკვე დამაგნიტებულია.

თასში ჩაასხან წყალი. ნემსი დადონ ხის საცობზე. მიიღებენ მარტივ კომპასს. აუხსენით, რომ კომპასის ისრის ფუნქციას ნემსი ასრულებს, რომლის დამაგნიტებული ყუნწი, ისევე როგორც კომპასის ისარი, ჩრდილოეთს უჩვენებს. შემდეგ საცობი ფრთხილად ჩაუშვან წყალში, დააკვირდნენ პროცესს და აღწერონ იგი (საცობი ერთხანს წყალში იმოძრავებს, მერე კი გაჩერდება).

ჰკითხეთ მოსწავლეებს, მათი აზრით, რომელ მიმართულებას უჩვენებს ამ დროს ნემსის ყუნწი. (ჩრდილოეთს)

სთხოვეთ, ნამდვილი კომპასის საშუალებით შეამოწმონ, მართლა აჩვენებს თუ არა ნემსის ყუნწი ჩრდილოეთის მიმართულებას.

 

  1. IV. კომპასით მოძრაობა

სთხოვეთ მოსწავლეებს, დაიდონ კომპასი ხელისგულზე და ისე შემოატრიალონ, რომ ჩრდილოეთის აღმნიშვნელი „N“ ნიშანი ისრის ლურჯ ბოლოს გაუსწორდეს.

 

ჰკითხეთ მათ:

* რომელ მიმართულებას უჩვენებს ისარი? (ჩრდილოეთს)

* რომელ მხარეს იქნება სამხრეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი? (სამხრეთი – უკან, დასავლეთი – მარცხნივ, აღმოსავლეთი – მარჯვნივ)

სთხოვეთ, მათი დგომის წერტილიდან განსაზღვრონ, რომელ მხარეს მდებარეობს სკოლის შენობა, სკოლის სპორტული მოედანი და სკოლის მთავარი შესასვლელი. პასუხები ჩაინიშნონ ფურცელზე.

პასუხების მოსმენის შემდეგ სთხოვეთ, იმოძრაონ კომპასის საშუალებით: გადადგან 2 ნაბიჯი დასავლეთით, შემდეგ 3 ნაბიჯი სამხრეთით, 4 ნაბიჯი აღმოსავლეთით და 2 ნაბიჯი ჩრდილოეთით. დგომის ბოლო წერტილიდან ისევ განსაზღვრონ, რა მიმართულებით მდებარეობს სკოლის შენობა, სკოლის სპორტული მოედანი და სკოლის მთავარი შესასვლელი.

პასუხები კვლავ ჩაინიშნონ ფურცელზე და წინა პასუხებს შეადარონ. გამოიტანონ დასკვნა: შეიცვალა თუ არა საგნების მდებარეობა მათი (მოსწავლეების) გადაადგილების შემდეგ?

დასასრულ, მოკლედ შეაჯამეთ ჩატარებული აქტივობა და სთხოვეთ მოსწავლეებს, შინ კომპასის გამოყენებით დაადგინონ, მათი სახლიდან რომელ მხარეს მდებარეობს ესა თუ ის ობიექტი, მაგალითად, მაღაზია, ხე, ავტოფარეხი.

 

მზის საათი

გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა დაამზადონ მზის საათი და შეძლონ მისი მეშვეობით ჩრდილზე დაკვირვება.

საჭირო მასალა: 50 სმ სიგრძის სწორი ჯოხი, მუყაოს ან ფანერის ნაჭერი (50X50 სმ), სადგისი (ან მაკრატელი), წებო, ცარცი.

მსვლელობა:

  1. წინარე ცოდნის გააქტიურება

სთხოვეთ მოსწვალეებს, გაიხსენონ ბუნების გაკვეთილზე ნასწავლი მასალა და უპასუხონ კითხვებს:

* საიდან ამოდის მზე? (აღმოსავლეთიდან)

* როგორ გადაადგილდება მზე ცის თაღზე? (ჯერ სულ ზევით და დასავლეთისკენ იწევს, ხოლო მას შემდეგ, რაც შუადღისას ცაზე უმაღლეს წერტილს მიაღწევს, ქვემოთ ეშვება და დასავლეთისკენ მიემართება, სანამ ჰორიზონტს არ მიეფარება)

* როგორ იცვლება საგნის ჩრდილი ცაზე მზის მოძრაობისას? (ჩრდილი ცაზე მზის მოძრაობას მიჰყვება: მიმართულებას იმის მიხედვით იცვლის, საიდან ეცემა მზის სინათლე სხეულს)

* რა სიგრძისაა ამ დროს საგნების ჩრდილი? (შუადღისას საგნების ჩრდილი ყველაზე მოკლეა)

* როდის არის მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა? (შუადღისას)

* როგორ იცვლება ჩრდილის სიგრძე დღის სხვადასხვა მონაკვეთში? (დილით და საღამოს ჩრდილი გრძელია, ხოლო შუადღისას – ყველაზე მოკლე)

* რომელ მიმართულებას გვიჩვენებს შუადღის ჩრდილი? (ყოველთვის ჩრდილოეთის მიმართულებას)

  1. პრაქტიკული მუშაობა – მზის საათის დამზადება

სთხოვეთ მოსწავლეებს, იმუშაონ თქვენი ინსტრუქციის მიხედვით:

ა) შუაში გახვრიტონ მუყაოს (ან ფანერის) ნაჭერი;

ბ) ნახვრეტში ჩაასხან წებო და შიგ ჯოხი ჩაარჭონ;

გ) მუყაო (ფანერი) გაიტანონ გარეთ და მზით განათებულ ადგილას დადონ;

დ) ჯოხის ირგვლივ 1 მეტრი რადიუსის წრე შემოხაზონ;

ე) საათში ერთხელ დააკვირდნენ და აღნუსხონ ფურცელზე ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება;

ვ) თითოეულ მდებარეობას მიუწერონ შესაბამისი დრო;

ზ) დღის ბოლოს ფურცელზე მონიშნული წერტილები შეაერთონ. შედეგად ისინი მიიღებენ დანაყოფებიან ფურცელს, რომელზეც ჩრდილი მოძრაობს, ანუ მზის საათის ციფერბლატს შექმნიან.

სთხოვეთ მოსწავლეებს, უპასუხონ კითხვებს:

* რა ფორმის ხაზი მიიღეთ წერტილების შეერთებით?

* როგორ იცვლებოდა ჩრდილის სიგრძე დღის განმავლობაში? (მოკლდებოდა)

* რა მიმართულებას აჩვენებს ჩრდილი დილით, საღამოს და შუადღისას? (ჰორიზონტზე მზის მდებარეობის შესაბამისად, ჩრდილი დღის განმავლობაში იცვლის მიმართულებასა და სიგრძეს. დილით გრძელია, შუადღისას – მოკლე, საღამოს კი ისევ გრძელდება. დილით ის მიმართულია აღმოსავლეთით, საღამოს – დასავლეთით, შუადღისას კი ჩრდილოეთით)

* რა დაამზადეს მათ? (მზის საათი).

* რა ჰქვია მუყაოს შუაში აღმართულ ჯოხს? (გნომონი)

 

 

 

მზის საათი

მეორე დღეს კიდევ ერთხელ შეამოწმებინეთ მოსწავლეებს მზის საათი: სთხოვეთ დააკვირდნენ, ზუსტად იმავე მდგომარეობას იკავებს თუ არა ციფერბლატზე დღის სხვადასხვა დროს ჯოხის (გნომონის) ჩრდილი.

გაითვალისწინეთ, რომ დროის გასაგებად ციფერბლატი მზეზე ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას უნდა მოათავსოთ.

გაკვეთილის ბოლოს უთხარით მოსწავლეებს, რომ ძველად, სანამ ისრებიან საათს გამოიგონებდნენ, ადამიანები მზის საათს იყენებდნენ. მზის საათზე ჩრდილი ისარივით მოძრაობს და დროს აჩვენებს. საათი საკმაოდ ზუსტია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: სიზუსტეს მხოლოდ რამდენიმე დღე ინარჩუნებს, უკვე ორი კვირის შემდეგ კი შესამჩნევი გახდება, რომ დროს არასწორად აჩვენებს. ეს იმიტომ, რომ ცაზე მზის მოძრაობის ხაზი (ტრაექტორია) წელიწადის დროების მიხედვით იცვლება. შესაბამისად, ორი კვირის შემდეგ, მაგალითად, დილის 11 საათზე მზე ცაზე სულ სხვა წერტილში იქნება. თუმცა არსებობს სხვანაირი საათებიც, რომლებიც ყოველთვის ზუსტ დროს აჩვენებს.

 

რეკომენდაცია:

სკოლის ეზოში მზის საათის დასამზადებლად დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ საიტზე:

www.sunclocks.com/pics/fs-001.htm

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი