პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

  წიგნის   კითხვა, როგორც პროტესტი

„როცა ვკითხულობ, კი არ ვკითხულობ, არამედ ყოველ ლამაზ წინადადებას ნისკარტში ვიქცევ, კამფეტივით ვწუწნი და დიდხანს ვაგემოვნებ, თითქოს ლიქიორს ვსვამ“, _ ამბობს წიგნის ნამდვილი გურმანი ჰანტა, რომელიც კითხვის ვნებით შეპყრობილ პერსონაჟებს შორის უდავოდ გამორჩეულია.

„მხოლოდ მზეს აქვს უფლება ჰქონდეს ლაქები“_ გოეთეს ამ სტრიქონის ეპიგრაფად წამძღვარებით ჩეხი მწერალი ბოჰუმილ ჰრაბალი კამერტონივით ტონს აძლევს თავის რომანს, რომელშიც მკითხველი სამყაროს მრავალ ხმას გაიგონებს, მაგრამ სოლო პარტიის შემსრულებელი იქნება ადამიანი, წიგნებზე შეყვარებული უცნაური კაცი, ცხოვრებისეული ფსკერის ბინადარი, გარიყული და მარტოსული, მაგრამ მაინც ბედნიერი.  წიგნის არაერთი მოყვარული იცის მხატვრულმა ლიტერატურამ. ქართველი მკითხველისთვს კი  ყველაზე გამორჩეული ვასიკო კეჟერაძეა, გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟი, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, თუმცა, ამჯერად სხვა პერსონაჟი გვინდა გაგაცნოთ. ეს არის ჰანტა, ბოჰუმილ ჰრაბალის  რომანის, „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“, უჩვეულო გმირი, რომელიც წიგნების სამყაროში ცხოვრობს და მათით საზრდოობს:. „ჩემი ტვინი სხვა არაფერია, თუ არა ჰიდრავლიკური წნეხით დაწნეხილი აზრები, იდეების დასტა“.

ბოჰუმილ ჰრაბალი XX საუკუნის ჩეხი მწერალია, რომელიც ბოლო დროს გაიცნო ქართველმა მკითხველმა  და ძალიან შეიყვარა. ნახსენები რომანის გარდა, თარგმნილია მისი კიდევ ერთი რომანი „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ (ორივე შესანიშნავად აქვს ნათარგმნი სულხან მუხიგულაშვილს).  ჰრაბალს კარგად იცნობენ მსოფლიოში. იგი ნობელის პრემიის ნომინანტიც იყო 1994 წელს.  მილან კუნდერამ ასე დაწერა მასზე: „ყოველთვის მიყვარდა და დღემდე მიყვარს ჰრაბალის წიგნები. მისი პროზა მაღალი პოეზიაა და შეუზღუდავი ფანტაზიის აღმაფრენა.  ასე წერა მხოლოდ ზოგიერთ სახელგანთქმულ ლათინოამერიკელ მწერალს შეეძლო, მაგრამ მათ არ იცოდნენ ჰრაბალის შესახებ და, ვფიქრობ, არც ჰრაბალი იცნობდა მათ.  ერთხელაც იქნება, ყველა დაივიწყებს საბჭოთა ოკუპაციას, იმ წლების შესახებ კი ილაპარაკებენ, რომ ეს იყო დიდებული ეპოქა ჩეხეთის კულტურისა, როდესაც ცხოვრობდა ჰრაბალი, ავტორი რომანისა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“.

რომანში ერთი პერსონაჟის შინაგანი მონოლოგის საშუალებით ნაჩვენებია უბრალო ადამიანის ბედი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, რომელიც კულტურული კრიზისის ზღვარზეა. სადღაც ქრება მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები და მათს ადგილს მატერიალურ-პრაგმატული ფასეულობები, თავბრუდამხვევი ტექნოლოგიური მიღწევები იკავებენ. მწერალი გვიხატავს ადამიანის, როგორც მოაზროვნე სულიერი არსების გაუფასურებას, თავის თავში ჩაკეტილობას, რომელიც გამოსავალსა და ადგილს ვეღარ პოულობს რეალურ გაუცხოებულ სამყაროში.

ბოჰუმილ ჰრაბალი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობის წარმომადგენელია, მრავალჭირნახული. ცნობილია, რომ ამ რომანის გმირივით, თვითონაც მუშაობდა მაკულატურის მწნეხავად 1952-58 წლებში. ჰანტას შეგრძნებები და რელიგიურ-ფილოსოფიური წარმოდგენები, რა თქმა უნდა, ნაკვებია ავტორისეული გამოცდილებით. ის არის მომსწრე 1968 წლის პრაღის გაზაფხულისა, როდესაც საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ პრაღაში და დემოკრატიული გარდაქმნების წყურვილი ძალადობით  ჩაკლეს. მწერალმა ამ რომანის  სამი ვარიანტი დაწერა 1973- 76 წლებში, მაგრამ ცენზურას ვერა და ვერ გააღწია და  მხოლოდ 1989 წელს დაიბეჭდა. სიმბოლური იყო მისი გარდაცვალებისა თუ თვითმკვლელობის ამბავი. 82 წლის მწერალი საავადმყოფოს მე-5 სართულის ფანჯრიდან საკენკს უყრიდა მტრედებს და გადმოვარდა 1997 წლის 3 თებერვალს. მისი რომანების წაკითხვის შემდეგ კი მკითხველს უჩნდება განცდა, რომ ჰრაბალისთვის სიცოცხლეში გადადგმული ეს ბოლო ნაბიჯი ისეთივე არტისტული იყო, როგორც, მაგალითად, ჰანტას თვითმკვლელობა. მან თითქოს უბრალოდ სხვა გზა აირჩია, ჰაერის არამატერიალური სივრცის ბინადრად იქცა.

რომანის მთავარი გმირი ჰანტა პრაღის ერთ-ერთ ნახევრადბნელ სარდაფში ტონობით გადაყრილ სხვადასხვა ხასიათის, ჟანრის, ფორმატის, ხარისხის გადაყრილ წიგნებს წნეხს. თავიდან მოშორებული წიგნები, რა თქმა უნდა, გვახსენებენ  რეი ბრედბერის რომანს „451 ფარენჰეიტით“. ამ რომანშიც აქტუალურია კრიტიკა ტოტალიტარული რეჟიმისა, რომელიც ამონებდა ადამიანს და ისე აჩლუნგებდა, რომ საკუთარ  ბედნიერებასა და უბედურებას ვეღარ არჩევდა, რომელიც სამყაროდან განდევნიდა ღმერთს, მისტიკას და იმგვარ ხელოვნებას, რომელიც ზეგრძნობად განზომილებებს აზიარებდა მკითხველს. ჰანტას ამგვარი ცხოვრება ერთგვარი პროტესტია რეალობისა, სადაც ადგილი არ რჩება თავისუფალი აზროვნებისთვის, სადაც სოციალისტური შრომის ბრიგადები ერთსულოვნად და ავტომატურად ირჯებიან, სადაც აღარსად არის ინდივიდუალური აღქმა და ესთეტიკაც იდეოლოგიზირებულია.  ჰანტა კი ცხოვრობს თავის სამყაროში, რომელსაც ასაზრდოებს მოგონებები და წარმოსახვანი, ორივე გამდიდრებულ-გამრავალფეროვნებულია მსოფლიო ლიტერატურისა და ფილოსოფიის წიგნების კითხვით.

წიგნებმა ის მიაჩვიეს აზროვნებას, რაც გამეფებული მატერიალიზმის დაძლევაში ეხმარება. ამიტომაც რომანი სავსეა ცხოვრებასა, სიცოცხლესა, სიკვდილსა თუ ბედისწერაზე მისი გონებამხვილური აზრებითა და დაკვირვებებით. მას ლამაზად მიაჩნია წიგნამდელი ხანა, როცა მთელი აზრები ადამიანების მეხსიერებაში იყო ჩაწერილი. მაშინ ვინმეს წიგნების განადგურება რომ მოენდომებინა, წნეხში ადამიანის თავების გატარება მოუწევდა, მაგრამ არც ეს უშველიდა საქმეს, რადგან „ჭეშმარიტების შემცველი აზრები გარედან მოდის, ჩვენ გვერდით არსებობს“. მისი აზრით, „ტყუილად წვავენ წიგნებს და თუ წიგნებში რამე ჭეშმარიტება წერია, მათი წვისას მხოლოდ ჩუმი სიცილი ისმის, რადგან რიგიანი წიგნი სადღაც სხვაგან და გარეთ იყურება“. „როდესაც კარგ წიგნში ვიყურები და თან დაბეჭდილი სიტყვებისგან ვთავისუფლდები, სხვა არაფერი ჩრება, გარდა არამატერიალური აზრებისა, რომლებიც ჰაერში დაფრინავენ, ჰაერს ეყრდნობიან, ჰაერით იკვებებიან და ჰაერს უბრუნდებიან, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ხომ ჰაერია, თან არსებობს, თან არა, როგორც წმინდა ზიარებისას სისხლი“. ჰანტა ლუდსაც მხოლოდ იმისთვის სვამს, რომ უკეთ შეაღწიოს წაკითხულის გულში.

მწერალი ისეთი ექსპრესიით, ლაღად, იუმორით მოაყოლებს თავის პერსონაჟს ამბებს, რომ უნებურად აღწერილი მოვლენების თანამონაწილედ აქცევს. ჩვენ თვალწინ გაიელვებს ჰანტასა და მაჩინკას, ჰანტასა და ბოშა ქალების თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის სურათები. ჰანტა შეცვალა წიგნებთან ურთიერთობამ. სარდაფის ჩაკეტილი სივრცე მისთვის იქცა ერთგვარ კარიბჭედ სხვა განზომილებებში შესაღწევად.    „სამეცნიერო ლექსიკონებს დავემსგავსე“,  _ ფიქრობს იგი, – „საკმარისია ოდნავ დავიხარო და თვით სიბრძნე გადმომდინდება. ჩემდა უნებურად ვარ განათლებული და ისიც კი არ ვიცი, რომელი აზრებია ჩემი, ჩემში დაბადებული და რომელი _ ამოკითხული“.  ჰანტა  თავბრუდამხვევი აზარტით ასაფლავებს უსულგულოდ გადაყრილი წიგნების გროვებს. მან რელიგიური რიტუალის რანგში აიყვანა ეს ხელობა, რათა ცხოვრებისთვის აზრი მიენიჭებინა. ის არ ცვლის რეალობას, არამედ რეალობის შუაგულში იჭრება და ხედავს, ადამიანს შეუძლია ნებისმიერ უბადრუკ  სინამდვილეს აღემატოს თავისი შინაგანი სულიერ-გარდამქნელი ძალით. მაკულატურის საწნეხი ერთადერთი დანადგარია, რომელიც მის ცხოვრებას ღირებულებას ანიჭებს. მასთან ურთიერთობაში იცვლება და იზრდება.   იგი  35 წელია მუშაობს ამ საქმეზე, გულმოდგინედ და ბეჯითად წნეხს ათასი შინაარსისა და ფორმის წიგნს, რომლებიც ადამიანებმა, სხვადასხვა მიზეზის, სიძველისა თუ იდეოლოგური მიუღებლობის გამო გადაყარეს, თითქოს აღარავის სჭირდება წიგნები, თავის დროზე ხავერდის, ტყავისა თუ სხვა ძვირფასი ყდებით შემკული. მათ გადაწყვიტეს გადაემუშავებინათ და წიგნი ისევ ცარიელ ქაღალდად ექციათ. ჰანტა ამ დასაწნეხად გამზადებულ წიგნებს კითხულობს, უამრავი სახლშიც მიაქვს  და ასე იქმნება იშვიათი გამოცემების უზარმაზარი ბიბლიოთეკა, ჰანტას ცა და მიწა. მას გორებად უწყვია წიგნები ყველა ოთახში, მათ შორის, საძინებელში. აქ ყოველი დაძინებისას შეგრძნება აქვს, რომ ერთხელაც იქნება ჩამოზვავდება და შურისძიებით აღსავსე წიგნები  ქვეშ მოიყოლებენ და ასე ამოხდიან სულს. ასე  და ამგვარად შემოეკითხება მას არა მხოლოდ მხატვრული, არამედ ფილოსოფური, რელიგიური თუ ფსიქოლოგიური ლიტერატურა, მათ შორის, პლატონი, არისტოტელე, კანტი, ჰეგელი, ნიცშე, გოეთე, შილერი, კამიუ, სარტრი და სხვ.  იგი იმ „ნეტარი იდეით იყო შეპყრობილი“, რომ ერთხელაც რაღაც ისეთს ამოიკითხავდა, რაც არსებითად შეცვლიდა, მართლაც, ამ კითხვაში ის სხვა ადამიანად იქცა,  ახალი სამყაროები აღმოაჩინა, სულიერად გამდიდრდა, გაფილოსოფოსდა და  სიცოცხლის ჭეშმარიტი არსს შეიცნო.

მწერალი გვიხატავს ადამიანებს, საკმაოდ განათლებულებს, მათ შორის, უნივერსიტეტის ლექტორებსა თუ სხვა აკადემიური დაწესებულების მუშაკებს, რომლებიც, სამუშაოდან გათავისუფლებულნი, საკანალიზაციო მილების ჯურღმულებში მუშაობენ და იქაც განაგრძობენ კვლევას. საგულისხმოა, ჰანტა როგორ ეკიდება საქმეს, როგორც ხელოვანი, დაწნეხილ ფუთებს გადაყრილი ალბომიდან ამოგლეჯილი ნახატებით ამშვენებს. ხოლო ჩასაწნეხი წიგნების შუაგულში რომელიმე გამორჩეულ წიგნს დებს. ასე ფორმდება გოგენის, ვან გოგის და სხვა ცნობილ მხატვართა ნახატებით დაწნეხილი შეკვრები. თუმცა არის წიგნები, რომლებსაც სიამოვნებით გადაუძახებს არყოფნის სიცარიელეში, ეს არის ჰიტლერზე დაწერილი წიგნები და მისი ფოტოალბომები.

ამ სარდაფის ჯურღმულში, სადაც მისი საწნეხია მოთავსებულ, იგი ცხოვრების შიდაპირს კითხულობს, მის ამაზრზენსა და სასტიკ სახეს ხედავს, ამიტომაც დაასკვნის: „წიგნებითა და წიგნებიდან ვისწავლე, რომ ზეცა არ არის ჰუმანური და ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს, არც თვითონ  არის ჰუმანური“. ეს სიტყვები რომანში ვარიაციულად რეფრენივით მეორდება. ერთ დღეს, როცა შეკვრებიდან ვან გოგის „მზესუმზირები“ აკაშკაშდნენ, რაღაცა მნიშვნელოვანი შეიგრძნო: „მოულოდნელად გავსხივოსნდი და საკუთარი თავი ლამაზად მომეჩვენა, რადგან იმის ძალა აღმომაჩნდა, რომ არ გავგიჟებულიყავი იმ ყველაფრისაგან, რაც ჩემს მეტისმეტად ხმაურიან მარტოობაში დავინახე და სხეულითა და სულით განვიცადე; გამაოგნებელი ცოდნის გამტარად ვიქეცი, ცოდნისა, რომელიც ამ სამუშაოს შესრულების წყალობით ყოვლისშემძლეობის უკიდეგანო სივრცეებში მაქცევდა“. ასე შეიძენს მნიშვნელობას სათაურად გამოტანილი ოქსიმორონი. ჰანტას მარტოობა სიჩუმით კი არა, უჩვეულო ხმაურით არის სავსე და ეს ხმები უკიდეგანო სამყაროს იმ სივრცეებიდან მოდის, წიგნების ფერადოვან განზომილებებად რომ იქცნენ.

დაწნეხილ წიგნებში თაგვების მთელი ოჯახებიც იწნიხებოდნენ. ჰანტა ერთ დღეს უსამალავოდ დარჩენილი თაგვის მზერას შეეფეთა და იფიქრა: „თაგვი თვალებში მიყურებდა, მე კი კანკალმა ამიტანა, რადგან ვხედავდი რომ იმ წამს თაგვის თვალებში რაღაც იმაზე მეტი ანათებდა, ვიდრე ვარსკვლავიანი ცაა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში. მეხის გავარდნასავით დამატყდა უცებ არტურ შოპენჰაუერის სიტყვები, რომ უმაღლესი კანონი სიყვარულია, სიყვარული კი თანაგრძნობაა“. სარდაფის ვირთხებზე დაკვირვევისას ის იმასაც აღმოაჩენს, რომ ცხოვრება ბრძოლაა.  გამარჯვებული ვირთხები მალევე იყოფიან საწინააღმდეგო გუნდებად, და ისევ იღვრება სისხლი. მიწისქვეშაც იგივეა, რაც მიწის ზემოთ.

უმნიშვნელოვანესია ეპიზოდი, როდესაც ჰანტას ლაო ძი და ქრისტე ევლინებიან სარდაფში. ისინი ცხოვრების ორ განსხვავებულ გზას განასახიერებენ: „ვხედავდი, რომ ქრისტე სულ მაღლა და მაღლა მიიწევს, ლაო-ძი კი უკვე მწვერვალზე დგას. ვხედავდი მგზნებარე ახალგაზრდა კაცს, რომელსაც სამყაროს შეცვლა სურს, მოხუცი კი მორჩილად იყურება ირგვლივ და საწყისებთან მიბრუნებით საფუძველს უყრის თავის მარადისობას. ვხედავდი, რომ ქრისტე ლოცვით ქმნის რეალობას, რომელიც სასწაულისკენ მიილტვის, ლაო-ძი კი ბუნების კანონების დიდ გზას მიუყვება“. სარდაფის ნაგავში ეს პატარა ადამიანი საკუთარ თავში ღვთაებრივ ნაპერწკალს აღმოაჩენს და სიკეთის იმ ნაპერწკალს გააღვივებს, რომლის სინათლეში ღმერთს იხილავს. ერთ ეპიზოდში, როდესაც ჰანტა ცაში ფრანს უშვებს, უცნაური შეგრძნებები ეუფლება: „მთელი სხეულით ავკანკალდი, უეცრად ფრანი ღმერთად მომეჩვენა, მე ძე ღვთისა ვიყავი, კანაფი კი _ სულიწმინდა, რომლითაც ადამიანი ღმერთს უკავშირდება, ნდობით აღსავსე ურთიერთობას ამყარებს და ელაპარაკება ღმერთს“.

ცხოვრება იცვლება. ჰანტა ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ უფრო დიდი დასაწნეხი დანადგარი შექმნეს, ძალიან მალე კი სამუშაოდან დაითხოვენ, ცარიელი ქაღალდების შემფუთავად უპირებენ გადაყვანას. ეს კი მისთვის ტრაგედიაა, რადგან მხოლოდ წიგნებთან ერთად შეუძლია ცხოვრება.  ჰანტა მიხვდება, რომ მისი ადგილი წიგნებშია, ამიტომაც თავის დასასრულს თვითონვე გამოგონებს.  საწნეხში ჩაწვება, ხელში საყვარელი ნოვალისის წიგნს დაიჭერს, თან იმ გვერდზე გადაშლის, სადაც წერია: „ყოველი საყვარელი საგანი სამოთხის ბაღის ცენტრია“. ეს დაცემა, თანვე,  მისი ამაღლებაცაა. იგი სხვა წიგნებთან ერთად შეურთდება უსასრულო სამყაროს ფურცლოვან სიცარიელეს. მკითხველს უჩნდება იმის განცდაც, რომ მას სურს იქცეს თეთრ ფურცლად, რომელზედაც შემდგომ ისევ დაწერენ, წაშლიან და ასე მიმოიქცევა ყოფნა არყოფნის დაუსრულებელ წრეზე, ამგვარად ეზიარება ანონიმურ უკვდავებასა და მარადიულობას.

თხრობას თავბრუდამხვევი რიტმი აქვს, რომელიც მკითხველს ტალღებივით ჩაითრევს და ატრიალებს ჰანტას რეალურსა თუ წარმოსახულ სივრცეებში, ასოციაციების ნაკადებში. თხრობის ამ განსხვავებული მანერისთვის, როგორც მთარგმნელი აღნიშნავს, თვითონ ჰრაბალსვე უწოდებია უცნაური  მრავალმნიშვნელოვანი სახელი „პაბენი“. პაბენის სტილით მოსაუბრე ყოველივეს, წარმოსახულსა და გამონაგონს, აწმყოსა და წარსულს, ერთ სიბრტყეზე აღიქვამს, ნანახს, გაგონილს თუ წაკითხულს ერთნაირი ვნებითა და გატაცებით ჰყვება და თვით ამ ამბის მოყოლის პროცესს განიცდის, როგორც სიცოცხლეს.

1996 წელს ამ რომანის მიხედვით რეჟისორმა ვერა კეისმა ფილმი გადაიღო, რომელშიც ჰანტას როლს ფილიპ ნუარე ასრულებს. ხოლო 2007 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ჟენევიევა ანდერსონმა თოჯინური ფილმი გადაიღო რომანის მოტივების მიხედვით, რომელშიც ჰანტას  თოჯინას პოლ ჯიამატი ახმოვანებს. ქართული გამოცემის ყდა სწორედ ამ ფილმიდან აღებული თოჯინით არის გაფორმებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი