ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

     უსახელო „საბა“ (ერთი დღის ქრონიკა)

დაჯილდოების ცერემონიაზე მისვლას არ ვაპირებდი, რადგან ასოციალური კაცი ვარ ინტროვერტული შტრიხებით, ხოდა,  ერთად შეყრილ ბევრ ადამიანს ისე ვუფრთხი, როგორც აფრიკის ვრცელ სავანებში ჯოგს ჩამორჩენილი ზებრა – დამშეულ ლომებს. ტელეფონი გამიფუჭდა და წინა დღეებში ჩემთან დაკავშირება შეუძლებელი იყო, ფეისბუქზეც არ შევსულვარ. წინა დღეს ჩემმა ძმაკაცმა ირაკლი ყალიჩავამ ჩემი დის ნომერზე დამირეკა, ზვიადი გეძებს, კვარაცხელია, და ან დაურეკე, ან ფეისბუქზე მიწერეო. თურმე „საბადან“ მოსაწვევის გამოგზავნა უნდოდათ და მისამართი აინტერესებდათ. თან ზვიადმა და გვანცამ (ჯობავამ) მითხრეს: შენზე ბევრჯერ დაგვირეკეს და აუცილებლად მოდი დაჯილდოებაზეო, კარგი-მეთქი. მოსაწვევის მოტანა ვერ მოხერხდა, ჩემს დას მოუწია მისვლა „საბას“ ოფისში.

როგორც აღვნიშნე, არ ვაპირებდი წასვლას, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ არ ველოდი გამარჯვებას, რადგან ჩემი წიგნი არ მომწონს, ძალიან ვიწროდ წარმოაჩენს ჩემს შესაძლებლობებს,  მაგრამ მაინც წასვლა გადავწყვიტე.

მეორე დღე რომ გათენდა, დილიდანვე დავურეკე შალვა ბაკურაძეს და გიო ლომიძეს და სანაპიროს ლუდზე დავპატიჟე. ჯერ მე და გიო ჩავედით და შალვა მერე შემოგვიერთდა. მთელი დღე ვსვამდით, ისედაც ათასჯერ მქონდა ნათქვამი, მაგრამ კიდევ გავიმეორე, რომ არ ველოდი მოგებას. გიომ ფეისბუქზე შოთა იათაშვილის სტატუსი ნახა, სადაც „საბას“ პროგნოზს აკეთებდა, დებიუტს ჩემზე ვარაუდობდა. შალვამ თქვა: “შოთას ასეთ ამბებში მაგარი ინტუიცია აქვსო”. მერე მითხრა:

–  ისე, ვის ეჯიბრები, ოცდათერთმეტი წლის კაცი ხარ, მაგ ნომინაციაში კი ბავშვები არიანო, და საერთოდაც, ლუკა ბაქანიძემ თავის ნომინაციაში თუ მოიგო, ანკესები უნდა იყიდოს, შენ რა უნდა იყიდოო?..

მოკლედ, საღამომდე ვსვით, მერე შალვასთან სახლში გავიარეთ და ჩემი ორი ცალი მოსაწვევით „ქარვასლაში“ “გავგაზეთ”.

შესვლისთანავე შოთა იათაშვილი და ზვიად რატიანი შეგხვდა. შალვამ გაიკაიფა: ნახე რა ხალხი შეგხვდა ეგრევე, ამათ კაი ფეხი აქვთო. კიბიდან გადავსებული დარბაზი რომ ვნახე, გულწრფელად ვინატრე, ნეტავ ჩემი სახელი არ გამოაცხადონ, ამდენი ხალხის წინ  რა ავა სცენაზე-მეთქი –  მართლა გულწრფელად ვინატრე.

კიბეზე ჩავდივარ და რას ვხედავ: სოსო მეშველიანი მიცინის შორიდან, ჯერ თვალები მოვიფშვნიტე, მერე მკლავზეც ვიჩქმიტე, უეჭველი მეჩვენება-მეთქი, ბილბაოში მგონია კაცი ნახევარი წელიწადია და აქ საიდან-მეთქი. მოკლედ, ისე ჩავეფსკვენით ერთმანეთს, რომ ძლივს დაგვაშორეს ხვიჩა და გოჩასავით.

დაიწყო ცერემონია, მე და სოსო დარბაზის კუთხეში ვდგავართ. უცებ ვიღაცა მეძახის, გავიხედე, ქეთი დუმბაძე და დალილა გოგია სხედან, მივედი, გადავკოცნე. უკან, მოშორებით, გიორგი შონია ზის, მანამდე პირადად არ ვიცნობდი, ერთხელ, მწერალთა სახლში, ლიტერატურულ ფესტივალზე შემთხვევით მოვხვდი (აკი ვთქვი, ვერიდები-მეთქი ხალხმრავლობებს), ხოდა,  ვიღაც ბიჭს ოდიშურად გადავეხვიე, შონია მეგონა, მერე ტატო ჩანგელიამ მითხრა, შონია შიგნით ზისო. ხოდა, ვიფიქრე, ახლაც არ მომივიდეს ეგეთი იაღლიში-მეთქი, კარგად დავაკვირდი და მხოლოდ ამის მერე მივედი.

მოკლედ, გამოაცხადა რატიმ ჩვენი ნომინაცია, ბატონმა გურამ ოდიშარიამ გადმომცა „საბა“ და გამოვედით გარეთ. „საბა“ იქვე, შენობის შვერილზე დავდე, ჩვენ კი ღვინო გამოვიტანეთ შიგნიდან და ვსვამთ. ამასობაში დამთავრდა დაჯილდოება. ისევ შევედი ღვინოს გამოსატანად და მაიკო კუდავა შემხვდა, ზვიადი გეძებსო. ზვიადმა მითხრა,  სადაა შენი „საბა“, შენი სახელი უნდა წააწერონო. გამახსენდა, რომ გარეთ დავდე, ახლავე მოვიტან-მეთქი.  რომ გავდიოდი, გზაში ათასი ვინმე შემხვდა,  ლაპარაკში გავერთე და წარწერის გაკეთება სულ გადამავიწყდა. ჩემი სიგარეტი შალვასთან დამრჩა სახლში და გარეთ გავედი, რომ ბიჭები მომეძებნა და სიგარეტი გამომერთმია. უცებ ვიღაც ბიჭი მოვიდა, ახალგაზრდა მოყმე: –  ამას ხომ არ ეძებთო? გავერთეთ ბავშვები, სურათები გადავიღეთო –   და ჩემი „საბა“ მომცა.

–  უი, მაიტა, შენი ჭირიმე, ეს მამაჩემს რომ არ მივუტანო, ისე არ დამიჯერებს-მეთქი. შიგნით რომ შევბრუნდი, ის კაცი, ვისაც წარწერა უნდა გაეკეთებინა, უკვე წასული იყო. ზვიადმა მისი ნომერი კი მომცა, მაგრამ მომდევნო დღეებში ტელეფონი გათიშული მქონდა, რადგან რადიოდან და ტელევიზიებიდან უნდა დაერეკათ, მე კი ეგეთი რამეები არ გამომდის, თან, უარის თქმაც მერიდება.

მოკლედ, დღემდე არ დავკავშირებივარ იმ კაცს და დარჩა ჩემი „საბა“ უსახელოდ, თუმცა ასეც ძალიან უხდება ჩემს წიგნების თაროს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი