შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ნაგავი

ამას წინათ სოციალურ ქსელს ვათვალიერებდი. იქ უამრავი გვერდი მაქვს მოწონებული, მათ შორის – ე.წ. „ყვითელი გვერდებიც“. ზოგჯერ, თუ რამე მყვირალა სათაურმა დამაინტერესა, თვალს ჩავკრავ ხოლმე. პოლიტიკა არ მიზიდავს, მაგრამ მოწონებულთა შორის ასეთი გვერდებიც ურევია. უბრალოდ, საქმის კურსში რომ ვიყო, კიდევ რა აურიეს ამ კლიმატური კატაკლიზმებით თუ ტერორისტული აქტებით ისედაც არეულ-დარეულ ქვეყნებში. დანარჩენი ჰოროსკოპებსა და ცხოველებზე მოდის. უკანასკნელი კატეგორიიდან ფისოები და კაკადუები ჭარბობენ – გიჟმაჟები რომ არიან, იმიტომ. ჰოდა, ერთ-ერთ გვერდზე ახალგაზრდა კაცის ფოტოს წავაწყდი, რომელიც გულისტკივილით ჰყვებოდა, რომ უნივერსიტეტში სწავლისგან თავისუფალ დროს მენაგვედ მუშაობს. ჯგუფელებს დაუნახავთ და სიცილით დახოცილან. მეც მოვკვდიო, წერდა ბიჭი, მაგრამ ჩემი მოვალეობის შესრულება გავაგრძელეო. კომენტარებში ზოგი ამხნევებდა, ზოგი ქილიკობდა (ასეთი ხომ ბლომად მოიძებნება). მე არაფერი დამიწერია, აქ კი დავწერ, რომ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის და ამ ბიჭის დედამ უნდა იამაყოს, ასეთი პატიოსანი და მშრომელი შვილი რომ ჰყავს. იმასაც დავწერ, რომ გვინახავს, სადაც ასრულებენ ცხოვრებას გაზულუქებული მამების შვილები და, სამწუხაროდ, კიდევაც ვნახავთ. ის ბიჭები და გოგოები კი, რომლებმაც შრომისა და საკუთარი ოფლით მოპოვებული ფულის ყადრი იციან, შორს წავლენ. თუმცა ესეც საკამათოა – უკუღმართ, უსამართლო წუთისოფელში შესაძლოა სულ სხვაგვარად შეტრიალდეს ყველაფერი. ასეთი უსამართლობის მომსწრეც ხომ ვყოფილვართ მე და თქვენ?

როგორც არ უნდა იყოს, მე ყოველთვის შრომის მხარეს ვარ. ნაგვის მოცილება კი ორმაგად დასაფასებელი საქმეა, რადგან… 21-ე საუკუნის სამყარო ნაგავს მიაქვს.

გაბნეული ნაყარი ნარჩენები დიდი მოცულობისა და სხვადასხვა წარმომავლობისაა: ფარმაცევტული ნარჩენი ქიმიკატები. საავადმყოფოების ნარჩენები, საღებავები და სხვა ტიპის ქიმიური შემადგენლობის მქონე ნარჩენები… ცხრილის სახით ეს ყველაფერი შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:

 

ადამიანის საქმიანობა გაბნეული ნაყარი ნარჩენები
საკვების წარმოება მცენარეთა და ცხოველთა ნარჩენები, ცხოველთა ფეკალიები
საკვების მანუფაქტურები შესაფუთი მასალები (ქაღალდი, სხვადასხვა ტიპის პლასტმასა, ალუმინი, ფოლადი, მინა), საკვების ნარჩენები, საკანალიზაციო შლამი
თავშესაფარი მასალების კონსტრუქცია და გამოყენება სამშენებლო მასალები (ქვები, აგური, ხე, მეტალები), მტვერი და ფერფლი
ტრანსპორტირება ლითონის ჯართი, რეზინი და სხვა პოლიმერები (ბუნებრივი და სინთეზური), გზისა და რკინიგზის სამშენებლო ნარჩენები (ასფალტი, ფოლადი)
გამოყენებული პროდუქტები მეტალი, მინა, კერამიკა, პოლიმერები, ქაღალდი და სხვა

„გარემოს ქიმიის“ ავტორი იან უილიამსი სიტყვა „ნარჩენს“ ერთგვარი ყოყმანითაც კი წერს, რადგან მიაჩნია, რომ ნებისმიერი ნარჩენის ხელახალი გადამუშავებით შესაძლებელია რაიმე პროდუქტის მიღება. კაცობრიობის ისტორია ამის კარგი მაგალითია, რადგან ორგანულ ნარჩენებს სასუქად იყენებდნენ, ცხოველთა ნარჩენებს – საწვავად, ინერტულს კი ნაგავსაყრელებზე გზავნიდნენ. თანამედროვე ეპოქაში გაცილებით მეტი საშუალებაა ნარჩენების ხელახალი გადამუშავებისა და გამოყენებისთვის, ისე, რომ გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს. ქიმიის სამი ახალი მიმართულებაც კი გაჩნდა: ეკოლოგიური ქიმია, რომელიც ძირითადად ქიმიური ელემენტების მიგრაციის ციკლს შეისწავლის; გარემოს ქიმია – შეისწავლის გარემოში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს, სადაც ნარჩენების გარდაქმნაში მთავარ როლს წყალი და ჟანგბადი ასრულებს, და მწვანე ქიმია, რომელიც სწორედ ნარჩენების მართვის, კვლავ გადამუშავების მენეჯმენტის შესწავლით არის დაკავებული.

ნარჩენების ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები არაფერია სამთო ქიმიის საქმიანობის შედეგად გამოსროლილი ნარჩენების რაოდენობასთან შედარებით. მეორენაირად მათ შლეიფის ნარჩენებს უწოდებენ და ისინი მიწის ათასობით ჰექტარზე გაიბნევა. ასეთი გაბნევა, განსაკუთრებით – საბადოში, აფეთქებების შედეგად ხდება.

შლეიფის ზოგიერთი ნარჩენი შესაძლოა უვნებელიც იყოს. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ბრილიანტის საბადოში შეიძლება გაიბნეს ოლივინი (Mg,Fe)2Si)O4), ბიოტიტი (K(Mg,Fe)3AlSi3O10(OH)2), ილმენიტი (FeTiO3).

რეუტილიზაციისთვის სახიფათოა გოგირდისა და სულფიდების შემცველი მინერალების გაბნევა. ეს პრობლემაც ძირითადად სამთო ქიმიის საქმიანობას უკავშირდება. გოგირდის შემცველი მინერალები, განსაკუთრებით – პირიტი FeS2, მაღალი შემცველობით გვხვდება სპილენძის, ნიკელის, ტყვიის, თუთიის, ნახშირის და ზოგჯერ ოქროს მომპოვებელ მაღაროებში.

საბადოდან გაბნეული გოგირდშემცველი მინერალები მჟავების წარმოქმნის პროცესებში ერთვება.

პირიტის გოგირდი ჰაერის ჟანგბადით იჟანგება:

2FeS2+7O2+6H2O –›2Fe2+(ხსნარში)+4SO2-4(ხსნარში)+4H3O+(ხსნარში)

რეაქციის შედეგად გამოთავისუფლებულ რკინის იონს ჟანგავს მჟავას მიმართ მდგრადი ბაქტერია Thiobacillus ferrooxidans:

 

4Fe2+(ხსნარში)+ O2+4H3O+(ხსნარში)–›4Fe3+(ხსნარში)+6H2O

 

წარმოქმნილი რკინის (III) იონი ასევე ურთიერთქმედებს დამჟანგავ აგენტთან და შემდგომ – მყარ პირიტთან, ისე, რომ არ განიცდის მოლეკულური ჟანგბადის საჭიროებას.

FeS2+14 Fe3+(ხსნარში)+24 H2O–›15 Fe2+(ხსნარში)+2SO2-4(ხსნარში)+16 H3O+(ხსნარში).

დაბალი pH-ის პირობებში რკინის იონი შესაძლოა მინერალიდან გამოირეცხოს და რკინა (II) რკინა (III)-ად დაიჟანგოს. შედეგად რკინის ამორფული ჰიდროქსიდი წარმოიქმნება.

4Fe2+(ხსნარში)+ O2+18H2O–›4Fe(OH)3+8 H3O+(ხსნარში)

ლიტერატურაში პირიტის დაჟანგვის სხვა მექანიზმებსაც შეხვდებით, მაგალითად, სულფიდის დაჟანგვას ნეიტრალურ გოგირდამდე:

2 FeS2+ O2+4H3O+(ხსნარში) –›2Fe2+(ხსნარში)+2S02+6H2O

მსგავსი რეაქციების დაწერა შეიძლება პიროტიტსა (FeS) და ქალკოპირიტზე (Cu FeS2).

ცალკე საუბრის თემაა ე.წ. წითელი ტალახის წარმოქმნის პრობლემა. ის ბოქსიტისგან ალუმინის ოქსიდის (Al2O3) წარმოებას უკავშირდება. ნარჩენს წითელ ტალახს უწოდებენ და ის შეიცავს 15% რკინას, 15% ალუმინს, 8% ტიტანს, 5% სილიკონს, ასევე – მცირე რაოდენობით ნატრიუმსა და კალციუმს. წლის განმავლობაში მსოფლიოში 77 მილიონი ტონა წითელი ტალახი წარმოიქმნება. მას ტუტე ბუნება აქვს. წითელი ტალახის უტილიზაცია დღემდე პრობლემად რჩება. ნარჩენს აგროვებენ მიწის ისეთ ნაკვეთზე, რომელსაც შემდგომ სოფლის მეურნეობაში ვეღარ/აღარ გამოიყენებენ. თუმცა, დიდი ხნით მისი გაჩერება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა წვიმის წყლით ჩაირეცხოს და ნიადაგქვეშა წყლების მეშვეობით პირდაპირ ზედაპირულ წყლებში მოხვდეს, სადაც მკვეთრად გამოხატული ტუტე pH-ის გამო მრავალ პათოლოგიურ პროცესს გამოიწვევს.

თავად ბოქსიტი ალუმინის ჰიდროჟანგებით მდიდარი დანალექი ქანია, რომელიც შემადგენლობით და თვისებებით ალუმინის მადნების კონდიციებს შეესაბამება. სამრეწველო მნიშვნელობის ბოქსიტებში ალუმინის ოქსიდის შემცველობა 28%-დან 50%-მდე მერყეობს. გარდა ალუმინის ჰიდროჟანგებისა, ბოქსიტი შეიცავს Fe2O3, SiO2, TiO2, CaO, MgO, MnO და სხვ.

ბოქსიტი პიერ ბერტიემ აღმოაჩინა, რომელმაც საფრანგეთში გეოლოგიისა და მინეროლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 1821 წელს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ბოქსიტებისა და ალუმინის უდიდესი საბადოები გაიხსნა.

 

ამას წინათ ერთ ნაცნობს ვესტუმრე. შეუძლოდ იყო. ერთი წყება წიგნი მივუტანე, მეორე წყება კი წამოვიღე. სადარბაზოში ფეხი შევდგი თუ არა, ლიფტთან დაყრილმა ნაგავმა მიიქცია ჩემი ყურადღება. პაკეტებში კი არ ეყარა, ვიღაცებს პირდაპირ მიმოეფანტათ. ვიღაცებს–მეთქი, ვამბობ, რადგან მეეჭვება, ერთ ადამიანს მოეხერხებინა ამდენი ნაგვის საგულდაგულოდ მიმობნევა.

ერთი კვირის შემდეგ კვლავ მივედი. ნაგავი აღარ იყო. სამაგიეროდ, ლიფტთან მუყაოს მოზრდილი ნაჭერი დაემაგრებინათ და ზედ დიდი ასოებით დაეწერეათ: „ძვირფასო ადამიანებო, ძალიან გთხოვთ, სადარბაზო მეტად აღარ დაანაგვიანოთ. უხერხულია, აქ ხომ თქვენც ცხოვრობთ“.

ჰოდა, ამ თხოვნას უფრო გლობალური მასშტაბი რომ მივცეთ:

– ძვირფასო ადამიანებო, ძალიან გთხოვთ, პლანეტა არ დაანაგვიანოთ – აქ ხომ ყველა ერთად ვცხოვრობთ!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი