პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბესარიონ ჯორბენაძე – მასწავლებელი

ხშირად მიფიქრია იმ უზარმაზარ პასუხისმგებლობაზე, რასაც მასწავლებლობა გულისხმობს. ერთი სიტყვით, ერთი დაუფიქრებელი წინადადებით  სამუდამოდ ჩაკეტო ახალგაზრდა, დაინტერესებული ადამიანის ცნობისმოყვარეობა მზა პასუხების გალიაში ან პირიქით – ფანტაზიისა და შესაძლებლობების ფართო ასპარეზი მისცე, მთელი სამყარო დაუსახო სამოგზაუროდ. ნეტავ ვუხსნით კარს წარმოსახვას თუ პირიქით, ვრაზავთ? უკვე დამტკიცებულ ჭეშმარიტებებს ვთავაზობთ, ავტორიტეტებს ვიშველიებთ?

ბესარიონ ჯორბენაძის – შესანიშნავი ქართველ ენათმეცნიერის შრომებს ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას ბევრჯერ გადავეყარე, სხვაგვარად ქართული დიალექტოლოგიის მრავალფეროვნების გაგება თუ ზმნის სისტემის საინტერესო საკითხებში გარკვევა უბრალოდ შეუძლებელია.

თუმცა, ყველაზე მეტად, მაინც ერთი  პატარა წიგნი შემიყვარდა, „ენა და კულტურა“ ერქვა და წიგნზე უფრო მეტად, ლექციების, იდეების, შთაბეჭდილებების ერთობლიობა იყო, ერთგვარი დიდი წიგნის „პროექტი“, შესანიშნავი, შეუდარებელი ნაშრომი, რომელიც წარმოუდგენელი  მასშტაბების ავტორს, მრავალმხრივი, ინტერდისციპლინური ინტერესებისა და შესაძლებლობების მეცნიერს წარმოგვიდგენდა.

მაშინ ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა ამ მეცნიერის ლექციებზე დასწრება- მეთქი.

მოგვიანებით, როდესაც ბესარიონ ჯორბენაძის მოსწავლეების სამეცნიერო პროექტებში ჩავერთე, როდესაც იმ სამუშაოს მასშტაბი გავიაზრე, რასაც საყვარელი მოძღვრის ნათელ ხსოვნას, მის  გადამდებ მეცნიერულ ინტერესსა და ჟინს უძღვნიდნენ მოწაფეები, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ სამყაროში, ვიდრე თაობათა შორის კავშირის მარადიული ჯაჭვია.

დიალექტურ კორპუსსა და სამეცნიერო მეტაენის კორპუსებზე ჩვენი გაზეთის საშუალებით ბევრჯერ მომიყოლია. ეს ორი მასშტაბური პროექტი ბესარიონ ჯორბენაძის ყოფილმა სტუდენტებმა შექმნეს მარინე ბერიძის ხელმძღვანელობით, ხოლო ახალი ვერსიის გამოქვეყნება ძვირფასი მასწავლებლის იუბილეს მიუძღვნეს.

ღონისძიების ნაწილი ციფრული პროექტების წარდგენას დაეთმო, მეორე ნაწილი კი უფრო ემოციური  გამოვიდა – მოსწავლეებმა და კოლეგებმა ბესარიონ ჯორბენაძე გაიხსენეს.

“ის იყო ყველაზე ცოცხალი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, დღემდე მომყვება ეს განცდა, საოცარი თვალები ჰქონდა, მბრწყინავი. საოცრად კეთილმოსურნე ადამიანი და ლექტორი იყო სტუდენტებს გვენდობოდა და პატივისცემით გვეპყრობოდა. მე რომ ჩავაბარე, ბესო ჯორბენაძე დეკანი იყო. ახალ ქართულ ენას გვიკითხავდა. ბესო იყო ალბათ პირველი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, რომელმაც მაჩვენა, რომ ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს სხვა მხარე, სხვა ახსნა. ამ ადამიანმა მე გამათავისუფლა. პირველ კურსზე ვიყავით, პირველივე სემესტრში ერთხელ შემოდის და გვეკითხება, აბა, რას იტყვით, ანტონ კათალიკოსზე რომელი მოამზადებთ პრეზენტაციასო, ყველა ჩუმად იყო, ავდექი და, მე მოვამზადებ-მეთქი. ეს იყო პირველი პრეზენტაცია. ანტონ კათალიკოსის ,,ღრამატიკის” კითხვა, კამათი, ხმამაღლა მსჯელობები. არაფერს არ გაწვდიდა როგორც ჭეშმარიტებას. ყველაფრისთვის შეიძლებოდა განსხვავებულად შეგეხედა და შენი აზრი გქონოდა, გრამატიკის საყოველთაოს მიღებულ ნორმებზეც კი.
მაშინდელი პირველკურსელისთვის , საბჭოთა სკოლიდან გამოსული გოგოსთვის, გინდა ბიჭისთვის, ეს არ იყო პატარა ამბავი. ოთხი წელი მიკითხავდა. ერთადერთი ლექცია გავუცდინე ამ ოთხი წლის განმავლობაში./“მედეა იმერლიშვილი – მწერალი, ფილოლოგი, ჟურნალისტი./

„ როცა ის 50 წლის ასაკში წავიდა ჩვენგან, ასე მეგონა, სამყარო დაცარიელდა, რადგან არაფერი და არავინ აღარ ხმაურობდა, აღარ ღელავდა, აღარ იწვოდა შემოქმედების და სიახლის სიხარულით ისე ძალუმად და ისეთი გადამდები ენერგიით, როგორც მას შეეძლო.

თუმცა ეს გაოგნება ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ჯერ დაკრძალულიც არ იყო, დისერტაციის წერა დავიწყე. უფრო სწორად, განვაგრძე. იმ გაზაფხულზე, მარტის თვეში, როინ ჭიკაძის (თუ ივანე ქეშიკაშვილის?) დისერტაციის დაცვის დღეს დამიბრუნა სტატია “ჰგიეს” ტიპის ზმნებზე და დამტუქსა: დაანებე “სხვა ბოსტანში” ყურებას თავი და დაამთავრე დისერტაციაო. _ კი, მეთქი, მალე დავამთავრებ. _ როდის, მე რომ აღარ ვიქნებიო?! მეტად აღარ მინახავს სალაპარაკოდ.

მაისში უკვე აღარ იყო..

და როცა აღარ იყო, მაშინ დავამთავრე. თუმცა მთლად მართალი არა ვარ, ამას რომ ვამბობ. როცა საწერ მაგიდას მივუბრუნდებოდი ხოლმე და დანარჩენი, უმისო სამყარო ჩემს ზურგს უკან დარჩებოდა… ვერ ვიტყვი, რომ ეს უმისობა იყო. მის კარნახს და გვერდში დგომას მაშინაც და მერეც ისე ხელშესახებად ვგრძნობდი, რომ ხანდახან საკუთარი დაწერილი არ მეგონა, რასაც ვწერდი.  ახლა ის 75 წლისაა. როცა გავიცანი, 35-ისა იყო.

არც მანამდე და არც შემდეგ ასეთი შემოქმედებითი ძალის ადამიანი არ შემხვედრია. ასეთი ცოცხალი სიცოცხლე არ მინახავს.

ასეთი მარადი ვალიც ამიტომ მაქვს მის წინაშე. ალბათ.“ /მარინე ბერიძე, ენათმეცნიერი, პროფესორი/.

 

2017 წელს ბესარიონ ჯორბენაძე 75 წლისა გახდებოდა. მოსწავლეებმა თანამედროვე  ტექნოლოგიების საშუალებით ერთგვარი ციფრული ძეგლი დაუდგეს მას და ყველა მასწავლებელს.  სამეცნიერო მეტაენის კორპუსის პლატფორმაზე -sml.corpora.co ყველა მოსწავლეს შეუძლია განათავსოს თავისი დიდი მასწავლებლების შრომები, შექმნას თავისი მასწავლებლის სამეცნიერო სუბკორპუსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი