პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოგზაურობა დროში _ დიალოგი ვაჟა-ფშაველასთან

დროში უნდა ვიმოგზაუროთ… ახლა ვაჟა-ფშაველას სტუმრები ვართ… ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია…? აბა, ვცადოთ. მე კითხვებს დავსვამ და ვნახოთ, გვიპასუხებს თუ არა მგოსანი…

_ ბატონო ვაჟა, როგორც ვიცი, ხშირად ბრაზობთ ხოლმე. ერთხელ, მახსოვს, იმ ამბავს შევესწარი, თონეთის სკოლაში რომ მასწავლებელი იყავით… გაიხსენეთ? მაშინ ბევრი ვიცინე, როცა დავინახე, სოფლის მღვდელი, როგორ დასაჯეთ… საყდარზე სამიზნე ჩამოკიდეთ და სროლაში ვარჯიშობდით… ბავშვებს რომ ამუშავებდა და სკოლაში არ უშვებდა, ამისთვის… სხვა „ბობოლებიც” გერჩოდნენ, საჩივარი საჩივარზე იწერებოდა, უღმერთობა დაგწამეს თავად უღმერთოებმა. მოკლედ, ერთი წელიც ვერ გაუძელით და ილია ჭავჭავაძეც იძულებული გახდა, რომ გაეთავისულებინეთ… ახლა ეს ყველაფერი ჩავლილია და რას ეტყოდით სოფლის მამასახლისს და მის დამქაშებს:

_ თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია;
ვერ მააწონებთ კარგ ყმასა,
რაც არ მაუდის ჭკვაშია!”
_ საშინელი იყო თქვენთვის 1902 წელი… სახლში არ იყავით, როდესაც საყვარელი მეუღლე 36 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაგეცვალათ… სათნო და კეთილშობილი ქალი, კეკე…

გულქან რაზიკაშვილის ნაამბობიდან მახსოვს, რომ ყვარელში სანადიროდ ყოფილხარ წასული. გულქანი იგონებს: ნეტა აქ ყოფილიყავი, იქნება დედას ეცოცხლა! ირემი მოუკლავს მამასა, მოამბე იმ დროს მისვლია. შინ რომ მოსულა, გამწარებულს, ჯავრი არ შემატყონო, აუღია ფანდური და თან დამღერის: „ნუ მოხვალ, თორო ინანებ, მოსვლაში არა ყრიაო…” თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მოიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურ ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეუგუვდებიო… _კიო, კიო…_ დედასა. ნუ მოხვალ, თორო ინანებო, _ აი, ამას აგონებდა კეკეს, დედასა…
იქნებ მთლიანად წაგვიკითხოთ ეს ლექსი.
_ იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.
_ ადამიანებს ბევრი ჭირი სჭირთ… რამ დაგაზარალათ ყველაზე მეტად ადამიანის თვისებებიდან და რომელი იყო ყველაზე უარესი?

_ უმადურობის ისრებით
გამსჭვალული მაქვს სხეული.
საშინელია, ვინც იცის,
უმადურობით სნეული:
თვალით არა სჩანს, რომ გული
ცრემლის ტბად არის ქცეული,
არ შაიძლება კაცისთვის
ჭირი იმაზე წყეული!

_ ერთ თვეში დაკარგე ახალგაზრდა მშობლები, ძლიერი საყრდენი გამოგეცალათ, ისინი ყოველთვის გვერდში გიდგნენ და გამხნევებდნენ… ყველა ადამიანს აქვს ნატვრა… თქვენ რას ნატრობთ ყველაზე ხშირად…?
ხშირად იმასაც ვიძახი:

ახ, ნეტავ ვიყო ბალღადა!
და როდი ვფიქრობ იმასა,
რისათვის მინდა, რაღადა.
ტვირთი და ჭირი ნაზიდნი
რად გავიხადო ბარგადა
მეორ-მესამედ-მეოთხედ?
არ დავფიქრდები კარგადა.
გაძლება გვმართებს, ბუნება
რასაც დაგვადებს ხარკადა.

_ რას იტყოდით ბედოვლათ ქართველებზე?

ზნეობის მქადაგებელმა,
ვნახეთ, თითონაც იმრუდა…
ვნახავთ, კიდევაც გვიწერდეს
ზნეობრივ კანონს რიხითა
და სადღეგრძელოდ ზნეობის
ნუნუას ჰსვამდეს ჭიქითა.
სწორი ყოფილა ნათქვამი
ქართველის ერის პირითა:
„გველი ჭრელია გარეთა,
ადამიანი – შიგნითა”.

_ მეტაფორულად ხომ ვერ განმარტავდით სიკეთეს და ბოროტებას?

_ მზე ისევ მზეა ცხოველი,
თავის მადლიან სხივითა.
ღრუბელი რჩება ღრუბლადა,
ბნელ სახით, გულით ცივითა.
არც თქვენ შეგრჩებათ ერთი დრო,
ვინაც ხმა-მაღლა ჰყივითა.

_ რისი სწამს ყველაზე მეტად ვაჟა-ფშაველას?

_ მრწამს, მარად მიწამებია
მუდმივ სიცოცხლე სულისა.

_ რისთვის იცოცხლა ვაჟა-ფშაველამ…?

_ ნეტავი, რისთვის ვიცოცხლე,
რისათვის ვათენ-ვაღამე,
თუ ბოლოს ამას ვიტყოდი:
წუთისოფელო, ვაჰამე?!

_ თქვენი ნუგეში?

ვნუგეშობ ამით: მიწას მიწურად
და ცას ციურად მივე თავაზი,

_ როგორ ხედავს შეყვარებული ადამიანი?

_ ტრფობით ავსილის გულისთვის
ცა ღრუბლიანიც დარია.

_ რას თხოვდით ბუნებას?

თქვენც გეხვეწებით, ხეებო,
და შენც, მდინარევ ხმიანო,
ე გოგო – ჩემი სიცოცხლე –
არაფრით დამიზიანო!

_ რას ეტყოდით სატრფოს?

_ რა უნუგეშო ყოფნაა,
წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;
რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია,
მაინც გარგივარ ვერრაში!..
არა, ის მინდა, გხედავდე,
ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

_ რას გვეტყოდით ახლა?

_ დამისხი, დამალევინე,

ე ღვინო ოხერ-ტიალი
იქნება წაღმა ვიფიქრო

სოფლის უკუღმა ტრიალი…

იქნებ სიმღერაც მოვისმინოთ:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი