ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

თქვენც ხომ არ დაფიქრებულხართ :/ :( :) <3 ;)

ხშირად ხდება, რომ ადამიანები საკუთარ ნაკლს, არასწორ ქმედებას მხოლოდ მაშინ ვაქცევთ ყურადღებას, როცა იმავე ნაკლს სხვაში აღმოვაჩენთ და ისეთივე არასწორი საქციელი სხვისგან გაგვაღიზიანებს. ამ მხრივ მეც არ გამოვირჩევი სხვებისგან. ხშირად შემინიშნავს, რომ მიყვარს ახლობლებისა და შორეულების კრიტიკა, ნაცნობებისა და უცნობების განქიქება, ზოგჯერ – სრულიად უცხო ადამიანებისაც კი 🙁 (დამწუხრებული ემოჯი წერტილის ნაცვლად) ამ განქიქება-კრიტიკის პროცესში ფიქრს ვიწყებ და, მანამდე რომ თვალში არ მომხვედრია, ისეთ რამეს დავინახავ ხოლმე, ისეთ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე, რომ გასაკრიტიკებელ-დასაცინი თავად ვხდები. მენდეთ, ამაზე უსიამოვნო არაფერია, იმიტომ რომ ბავშვობიდან მასწავლიდნენ, სამართლიანი და ობიექტური ვყოფილიყავი. ჰოდა, შინაგანი ხმა  მთხოვს, უფრო სწორად, მაიძულებს, თუკი კრიტიკის გაგრძელება მწადია, თუკი ირონიის გამოვლენა მსურს, თვითკრიტიკითა და თვითირონიით დავიწყო და, სანამ სხვაზე გადავიდოდე, ჯერ საკუთარ თავს მივხედო.

ახლახან ერთ მეგობარზე ავიცრუე გული და, იმის ნაცვლად, რომ მისთვის თავი დამენებებინა, ვარჩიე, გამადიდებელი შუშა მომემარჯვებინა და მის სიტყვებს, მის ქმედებებს უკეთ დავკვირვებოდი. საბაბი თავადაც მომცა, რადგან, თუკი მანამდე სოციალურ ქსელებში არ აქტიურობდა და ნაკლებად ჩანდა, ახლა, ეტყობა, იმდენი სათქმელი დაუგროვდა, რომ გულში ვეღარ იტევს და დღე არ გავა, რაიმე სტატუსი არ გამოაცხოს. ვკითხულობ მის სიტყვებს სოციალურ ქსელში და, მინდა თუ არ მინდა, ვიშლი ნერვებს: აქამდე რომ არც ჩავეძიებოდი, ჩემი ინტერესის მიღმა დავტოვებდი და არ გამოვედევნებოდი სიტყვებს, ახლა პატარა დეტალსაც კი არ ვტოვებ უყურადღებოდ და კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებ (ხო, აქვე ვიტყვი, რომ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ სიტყვებზე ღიზიანდებიან, ენის სნობები ჰქვიათ). ეს არ მაკმარა ჩემმა მეგობარმა და, არასწორი მნიშვნელობით სიტყვების გამოყენებასთან ერთად,  ემოჯიების ათვისებაც სადაც – ნეტა მრავლობით რიცხვში ამ სიტყვას (ემოჯიები) „ი“ უნდა გადავაყოლო? „ი“ ხომ სახელობითის ნიშანი არაა და ფუძისეულია? – ეს ენის სნობი ალაპარაკდა ჩემში 🙂 (ზომიერად მომღიმარი ემოჯი დავსვი წინადადების ბოლოს, რადგან მიგახვედროთ, რომ ეს ფრაზა ხუმრობანარევია) ჰოდა, ალბათ სწორედ იმის აღმოჩენამ, რომ ემოჯით სათქმელის გამოხატვა სიტყვასთან შედარებით ბევრად უფრო მარტივია, პუნქტუაცია კი შეგიძლია სრულიად უგულებელყო, ეს ადამიანი, მანამდე რომ არ აქტიურობდა სოციალურ ქსელებში, გამოაცოცხლა და მეგობრების სტატუსებზე სიტყვიერი კომენტარების დართვასთან ერთად თავადაც დაიწყო პოსტების დადება – კომენტარებს ვუწოდებ, თორემ კომენტარები ხშირად, სიტყვის ნაცვლად, ემოჯი იყო და პოსტებიც უმეტესად რომელიმე საყვარელი ემოჯით სრულდებოდა. თავიდან, მოჭარბებული ემოჯიების და ნაკლები სიტყვების გამო, შემომაკლდა გასაკრიტიკებელი ნაწერებში, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ ეს მომრავლებული ემოჯიები ასჯერ უფრო მეტად მაღიზიანებდა, ვიდრე გაუმართავად დაწერილი სიტყვების რახარუხი. სიცილისგან ჩაბჟირებული საყვარელი არსება, ცრემლები რომ ნაკადულივით ღვარად მოედინება თვალებიდან, გაკრეჭილი სახე, როგორც ბებიაჩემი <3 (ძალიან მიყვარდა ბებია და აქ გულს დავსვამ, რომ თქვენც იცოდეთ ამის შესახებ) იტყოდა, ოცდათორმეტი კბილი რომ გადმოუყრია, თვალებში სიყვარულჩამდგარი ან საკოცნელად გამზადებული, ბრაზისგან აწითლებული რქიანი სატანა, აპლოდისმენტებისა და ფეიერვერკების გამმომხატველი ნიშნები ნელ-ნელა მივსებდა მოთმინების ფიალას და არ ვიცოდი, როდის და რა ფორმით ამოხეთქავდა. მაგრამ საქმეში დროულად ჩაერთო ჩემი შინაგანი ხმა და ჩამჩურჩულა, სხვებს რომ აკვირდები და არ ახარებ, შენი ქართულიც ხომ არ გაკოტრდა და შენთვისაც უფრო მარტივი ხომ არ გახდა სიტყვების ნაცვლად ემოჯიებით წერა, სასვენი ნიშნების მაგივრად კი საყვარელი არსებების სახეების გამოყენებაო. ეს იყო და ეს, გადავხედე ძველ სტატუსებს (კომენტარებს სად ვნახავდი) და შევწუხდი: მეც დიდად არ განვსხვავდებოდი ამოჩემებული მეგობრისგან. უბრალოდ, მე საკმარისად დაოსტატებული ვერ ვარ და სულ ოთხ ემოჯის – ზომიერად გაღიმებულს, ზომიერად სევდიანს, თვალჩაკრულს და მოჭოჭმანეს, ასევე საყოველთაოდ აღიარებულ სიყვარულის აღმნიშვნელ მთავარ სიმბოლო გულს ვწყალობ. მაგრამ ამ ხუთი მარტივი ნიშნის დასმა ისე შემყვარებია, თურმე ფეისბუქის გარეთაც, საქმიან ურთიერთობებშიც ვერ ვიკავებ ხოლმე თავს და ხან რედაქტორთან, ხან განყოფილების გამგესთან, ხან სკოლის დირექტორთან, ხანაც მოსწავლეებთან ემოჯიებდასკუპებულ წერილებს ვაგზავნი 🙁 (ზომიერად დანაღვლიანებული ემოჯი სასვენი ნიშნის ნაცვლად)

არადა, რა უხერხულია, ლიტერატურის მასწავლებელი გაკვეთილზე მოსწავლეებს ელაპარაკებოდეს იმაზე, რა შეუძლია სიტყვას, როგორი ძალა აქვს ნაწერს; უხსნიდეს, როგორ ახერხებს მწერალი, აღმოაჩინოს რომელიღაც სიტყვაში ტრადიციულის გარდა კიდევ ახალი მნიშვნელობა და ამ ნიუანსით შემოგვთავაზოს მკითხველებს; მოიძიოს დავიწყებული სიტყვები, შექმნას ახლები და შესაბამისად გადმოსცეს ემოცია იქნება ეს თუ აზრი. რა გამოდის? მე, გაკვეთილზე ერთს ვამბობ და თავად იმდენად მწირი ლექსიკა მაქვს, რომ ვერ ვპოულობ სათანადო სიტყვებს და ემოჯის მივმართავ? თუ იმდენად დავკარგე მკითხველის ნდობა, რომ ეჭვი მეპარება მის უნარებში, ამოიკითხოს ქვეტექსტი, ამოიცნოს განწყობა და სიტყვებს ემოჯის ვუმატებ, რომ სწორი მიმართულება მივცე მის ფიქრებს?

გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა, ის პერიოდი, როცა კითხვა ვისწავლეთ. ვიწყებდი წიგნის კითხვას და არავინ მკარნახობდა, როგორი ინტონაციით უნდა წამეკითხა ესა თუ ის მონაკვეთი, ამა თუ იმ პერსონაჟის ტექსტი. თავადაც ვხვდებოდი, რომ ერთგან ხმა უნდა გამემკაცრებინა, მეორეგან სითბო დამემატებინა ხმისთვის, მესამეგან მოწყენილობა გამეთამაშებინა, მეოთხეგან ინტერესი, მეხუთეგან კი ცბიერი ტონი შემომეტანა. ვაკეთებდი გაუცნობიერებლად, რადგან ამას ალღო მკარნახობდა. ეს ალღო იშვიათად მატყუებდა და თითქმის არასოდეს მღალატობდა, თუ თავად ავტორს არ უნდოდა, რომ მოტყუებული დარჩენილიყო მკითხველი. და ამ ყველაფერს მხოლოდ სიტყვებით ახერხებდა. თორემ სასვენი ნიშანი ძალიან ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ მათ არანაირად არ შეუძლიათ ყველა გრძნობისა და ყველანაირი განწყობის გადმოცემა. ქვეტექსტს მკითხველი ამოიცნობს, მწერალი კი, რაც უფრო დიდი ოსტატია, მით უკეთესად ახერხებს სათქმელის ჩატევას სიტყვაში. და ეს დიდოსტატები უფრო გვენდობოდნენ ჩვენ, რიგით მკითხველებს, ჩვენს ალღოს, რომ ამოვიცნობდით ქვეტექსტებს, რომ არ შეგვეშლებოდა ინტონაცია, ვიდრე ჩვენ, როცა უბრალო მესიჯს ვუგზავნით ადრესატებს, როცა პოსტებს ვაქვეყნებთ ფეისბუიქზე ან ვაკომენტარებთ სხვის სტატუსებს. მე მგონი, აქ საქმე უნდობლობასთან გვაქვს და არა იმასთან, რომ ენა თავისი პუნქტუაციით ვეღარ გამოხატავს სათქმელს – არადა, არც ჩვენ ავმაღლებულვართ და გაგვისწრია ენისთვის და არც ჩვენი სათქმელია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბუმბერაზი ან, გინდათ, მეორეხარისხოვანი მწერლების სათქმელი. გამოდის, რომ ენა არაა უმწეო, გამოხატოს ყველანაირი აზრი, უმწეოები ვართ ჩვენ, როცა არ ვიცით, როგორ მივანიჭოთ სიტყვებს სწორი ფუნქცია და მივცეთ სწორი მიმართულება. ჩვენ გვაკლია ოსტატობა და ამის დასაფარად ათასნაირ ხერხს ვიგონებთ, ოღონდაც გავიიოლოთ საქმე. რაც მეტ ემოჯის გავაცოცხლებთ, იმდენად გავაუფასურებთ ენას და საბოლოოდ თავად აღმოვჩნდებით ბანკროტები. თუკი სხვა შემთხვევაში რაოდენობა გადამწყვეტი იყო, სასვენი ნიშნების შემთხვევაში ასე არაა. რაც ნაკლებია სასვენი ნიშანი, მით მეტია ადამიანის უნარი, გააღვიძოს წარმოსახვა. თუკი ამდენი საუკუნეა, წერტილი, მძიმე/ორწერტილი/მრავალწერტილი/წერტილ-მძიმე, კითხვისა და ძახილი ნიშნები, დეფისი საკმარისია ყველანაირი ნაწერისთვის, ჩვენ როგორ ვერ უნდა ვიკმაროთ ისინი? თუკი ოდენ სიტყვები საკმარისი იყო ნებისმიერი აზრისა და ინტონაციის გამოსახატავად, რაღა საჭიროა ემოჯის შემოტანა ნაწერებში? რაც მეტია, უფრო და უფრო ვგრძნობთ მის საჭიროებას, რადგან  რაც მეტად ვხდებით მათზე დამოკიდებულები, მით უფრო გვიკვირს, აქამდე როგორ ვარსებობდით მათ გარეშე.

უი, რომ არ დამავიწყდეს: 1. წერილის სათაურთან ჭოჭმანის ემოჯი დავამატე, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მიხვდებოდით, რომ ის, რაც დასაწყისში შეცდომად ჩამითვალეთ, სინამდვილეში შეცდომა არ ყოფილა; 2. ცხადია, იმასაც მიხვდებოდით, რომ არანაირ მეგობარზე არ ამცრუებია გული და ეს პერსონაჟი ამ წერილისთვის მოვიგონე 😉 (თვალჩაკრული ემოჯი, რათა გაჩვენოთ, რამდენად კმაყოფილი ვარ იმით, რომ შეცდომაში შეყვანა მოგინდომეთ!)              

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი