პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ გავუღვივოთ სწავლის სურვილი 

ზაფხულის არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეების უმეტესობა იწყებს წუწუნს. სწავლის პირველი პერიოდი ძალიან რთულია ჩვენი მოსწავლეებისათვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავიწყებთ მას. მასწავლებლების აზრით, მოსწავლეებს არ ახსოვთ წინა წელს ნასწავლი მასალა. საჭიროა ამ მოსწავლეების მოტივირება და სწავლის სურვილის გაღვიძებას.

მასწავლებელს შეუძლია წელი წინა წლების მასალის გახსენებით დაიწყოს. ეს ორიგინალურად და სახალისოდ შეიძლება გაკეთდეს პირველ ან მეორე დღეს.

მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ მოსწავლეებთან შეხვედრისა და წლის დაწყების განსხვავებული მეთოდის შესახებ.

დაფაზე დავამაგროთ ასეთი ფურცლები:

გუნდი#1 მიღებული ქულა ბონუსი

 

მოაზროვნეები.
წინა წლის სახელმძღვანელო.

 

მოსწავლეებს საკლასო ოთახში არატრადიციულად განლაგებული მერხები ხვდებათ და ჯგუფებად გადანაწილება უწევთ. ისინი ერთმანეთს არ ეჯიბრებიან, ჯგუფურად მსჯელობენ და იხსენებენ ფაქტებს. გაჯიბრება მხოლოდ წინა წლის სახელმძღვანელოსთან ხდება. შეიძლება გაიმარჯვოს ყველა გუნდმა. შედეგები გამჭვირვალეა და იქვე ცხრილში იწერება. ისინი მარცხდებიან, თუ წინა წლის სახელმძღვანელოს გრაფაში მეტი ქულა ჩაიწერა.

სანამ წინა წლის სახელმძღვანელოს გაეჯიბრებიან, მასწავლებლის მაგიდაზე უნდა განლაგდეს კონვერტები წრიულად, ძირითადი თემებით. კონვერტებს შორის უნდა მოვათავსოთ რაიმე ბზრიალა ნივთი. რომელი თემისკენაც ეს ბზრიალა გადაიხრება, იმ თემის შესაბამისი კონვერტიდან ამოვიღოთ კითხვა. შეჯამება ზარის დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე გაკეთდება. გამარჯვებულ გუნდებს შეიძლება სიგელები, საკანცელარიო ნივთები ან ბუს ფორმის შოკოლადები (სუვენირი) გადავცეთ.

ეს სტილი დამრიგებელმა შეიძლება გამოიყენოს კლასის საათისთვის, რომელსაც პირველ დღეს ამ კლასის საგნის მასწავლებლებთან წინასწარი შეთანხმებით ჩაატარებს. ამ შემთხვევაში კონვერტებში იქნება საკითხები ყველა წინა წელს გავლილი საგნიდან. ცხრილი მიიღებს ასეთ ფორმას:

გუნდი#1 მიღებული ქულა ბონუსი

 

მოაზროვნეები.
წინა წელს მიღებული ცოდნა.

 

შეკითხვა იმ კონვერტიდან დაისმება, რომლისკენაც გადაიხრება ბზრიალა.

ასევე, ეს დამრიგებელმა შეიძლება კლასის საათების დროს წიგნიერების დონის ასამაღლებლად გამოიყენოს. მოსწავლეებს უნდა სთხოვოთ, წაიკითხონ ასაკის შესაბამისი რამდენიმე წიგნი. კონვერტებში მოთავსდება შეკითხვები ამ წიგნებიდან. ამ შემთხვევაში ცხრილი მიიღებს ასეთ ფორმას:

 

გუნდი#1 მიღებული ქულა ბონუსი

 

მოაზროვნეები.
წაკითხული წიგნები.

 

მთავარია, რომ მოსწავლეები ერთმანეთს არ უპირისპირდებიან. ისინი გულშემატკივრობენ კიდეც ერთმანეთს. უმაღლდებათ მოტივაცია.

ჩვენ, დამრიგებლებმა,  პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ, რომ მოსწავლეების ოთახში შემოსვლა სავსე იყოს სიურპრიზებით.

ერთ-ერთი ვერსია ასეთია: მასწავლებლის მერხზე მოსწავლეებს დავახვედროთ პატარა ოთხკუთხა პირამიდები, რომლის ერთ წახნაგზე მიწერილი იქნება მათთვის დამახასიათებელი ფრაზები:

1) დინჯი და სერიოზული;

2) კლასის მუსიკოსი;

3) ადამიანი-გამომგონებელი;

4) კლასის ხმა;

5) კლასის მხატვარი;

6) მოსწავლე თანაშემწე;

7) საუკეთესო ისტორიკოსი;

8) პაპარაცი;

9) მელომანი;

10) საუკეთესო მსახიობი;

11) სპორტი, სპორტი და კიდევ სპორტი;

12) მოსწავლე მოცეკვავე;

13) ადამიანი მარცხი და ფათერაკი;

14) მეოცნებე;

15) პოეტი და ასე შემდეგ.

ზოგი მოსწავლე შეიძლება მრავალმხრივ ნიჭიერი იყოს და რამდენიმე განსაზღვრება შეესაბამებოდეს. გამოვყოთ მთავარი. ეს ფრაზები მოვარგოთ კონკრეტულ კლასს. მოსწავლეებმა მათში საკუთარი თავი უნდა ამოიცნონ.

მეორე წახნაგზე დავაწებოთ პაწაწინა გულის ფორმის ფურცლები და მის ქვეშ დავმალოთ სიტყვები: „სიკეთე“, „შრომისმოყვარეობა“, „იღბალი“, „წიგნიერება“, „სიყვარული“, „წარმატება“, „კარგი მეგობრები“, „ბედნიერი ოჯახის წევრები“, „ჯანმრთელობა“ და ასე შემდეგ. გული სიმბოლურად ჩვენს სიყვარულს ნიშნავს, თუ ამ გულს გადაწევენ, ქვეშ ერთ-ერთი ამ სიტყვათაგანი დახვდებათ. მესამე წახნაგზე დავახვედროთ ყველა ეს სიტყვა, ნიშნად იმისა, რომ ყველაფერი გვემეტება მათთვის.

მეოთხე წახნაგზე დავაწერინოთ სახელი და გვარი და ვთხოვოთ, დაწერონ – როგორი უნდათ, იყოს ახალი სასწავლო წელი. რა სურთ განსაკუთრებულად.

ამ აქტივობის მთავარი მიზანია: ადვილად და სახალისოდ ინფორმაციის გამეორება ან შეჯამება, მოტივაციის გაზრდა, სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერება; და რწმენა, რომ ძალა ერთობაშია.

ამ მეთოდის მოდიფიკაცია ადვილია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი