პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თანამედროვე პოლიტიკური დისკურსი

ანუ „თუ ქალი ამბობს – „დიახ“

„…რამდენი განსხვავებული სიტყვაა წუთისოფელში

და მათგან არც ერთი არ არის უმნინშვნელო.

ამიტომ თუ ხმის მნიშვნელობა არ ვიცი,

უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის,

ხოლო მოლაპარაკე – უცხო ჩემთვის.“

I კორინთელთა, 14.11

 

საარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსების სატელევიზიო  რეკლამებს თუ მოისმენთ, დარწმუნდებით, როგორ მარტივად შეიძლება იქცეს რეკლამა ანტირეკლამად. უფრო მეტიც, დარწმუნდებით, როგორ უდიერად ექცევიან პოლიტიკოსები სიტყვებს და რა ჭკვიანები ჩანდნენ ისინი მანამ, სანამ ხმას ამოიღებდნენ.

თანამედროვე ეპოქა სრულიად განსაკუთრებულია პოლიტიკური დიკურსის განვითარებისთვის. დემოკრატიის პირობებში ენის გამოყენების ფუნქციები იზრდება, სხვა საკითხია, როგორ იყენებენ პოლიტიკოსები ამ შესაძლებლობას.

გამოჩენილ პოლიტიკოსთა მეტყველებისა და ენობრივი ქცევების გამოკვლევების შედეგად დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებში თანამედროვე მეცნიერები მივიდნენ  იმ დასკვნამდე, რომ თუ წინა ეპოქების პოლიტიკოსებისათვის საკმარისი იყო საჯარო მეტყველების მონოლოგური ფორმა, თანამედროვე პოლიტიკური ლიდერისათვის ეს საკმარისი არ არის; მას მოეთხოვება საჯარო დიალოგის ხელოვნება, რაც გაცილებით რთულია მონოლოგთან შედარებით.

საჯარო დიალოგის კულტურის ნაკლებობის გამოა სწორედ, როდესაც პოლიტიკოსები დებატებისა და კამათის დროს ხელჩართულ ბრძოლაზე გადადიან, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ერთმანეთს სვრიან საგნებს, ასხამენ წყალს, ამტვრევენ ჭიქებს, სკამებს და ნებისმიერ საგანს, რაც ხელთ მოხვდებათ,  მიმართავენ მოწინააღმდეგისკენ. ამ სურათების შემყურე მოსახლეობას ნიჰილიზმი იპყრობს, ასეთი ურთიერთმიმართებიდან არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყო ან არის მართალი, ორივე მხარე თანაბრად უკულტუროდ იქცევა. მაშინ, როდესაც ისინი შეურაცხყოფას ერთმანეთს აყენებენ, შეურაცხყოფენ მაყურებელსაც, მათი დისკურსი ვრცელდება არა მხოლოდ მასზე, ვისაც უშუალოდ მიემართებიან, არამედ მედიის საშუალებით – მთელს საზოგადოებაზე.

სოკრატე გვასწავლიდა: თქვით რამე, რათა გაგიცნოთ… ჩვენი სიტყვები გვამხელენ ჩვენ, მათ არაფრის დამალვა არ შეუძლიათ და რაც უფრო შეეცდებით დამალვას, მით უფრო გამჟღავნდება დამალული… ერთი უადგილოდ გამოყენებული სიტყვით ან ფრაზით პოლიტიკოსმა შეიძლება წამში გაიფუჭოს პოლიტიკური იმიჯი.

მუსიკალურ წრეებში ერთი ასეთი მხიარული ხუმრობა დადის: როილაზე დაკვრა სულაც არ არის ძნელი: დააჭირეთ მხოლოდ საჭირო თითი საჭირო დროს საჭირო კლავიშს. იგივე შეილძება ითქვას რიტორიკაზეც: სიტყვის წარმოთქმა სულაც არ არის ძნელი – მხოლოდ უნდა თქვათ საჭირო სიტყვები საჭირო დროს და საჭირო ადგილზე.

რიტორიკული სიტუაცია, რომელშიც დღეს იმყოფება თანამედროვე „დემოკრატიული“ ლიდერი, სრულიად განსხვავებულია წინა ეპოქებთან შედარებით.

პოლიტიკურ ლიდერსა და მასობრივ აუდიოტორიას შორის არსებობს გამაშუალებელი რგოლი – მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისი სპეციფიკური ინტერესებითა და დამოუკიდებლობით. ამიტომ თუ წარსულში ორატორი მიემართებოდა ადრესატს – ხალხს, დღეს მისი მდგომარეობა და რიტორიკული ამოცანა სხვაგვარია: მან უნდა „მოთაფლოს“ არა მხოლოდ და არა იმდენად ხალხი, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ეს არ არის ადვილი და არც ყოველთვის შესაძლებელი.

პოლიტიკოსს ხშირად უხდება პრესის, ტელევიზიის,  რადიოს მეშვეობით „შეხვდეს“ ხალხს, მივიდეს ადრესატამდე. ამ შემთხვევაში დიდი როლი ენიჭება ჟურნალისტს, რომელსაც მიჰყავს დიალოგი. ის ხშირად „თავს ესხმის“ პოლიტიკოსს ან აძლევს უადგილო შეკითხვას. პოლიტიკურ ლიდერს მოეთხოვება სიმშვიდე, ემოციების მართვა, მყარი არგუმეტაცია, არაპირდაპირი პასუხი, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტი. თუმცა ხშირად ეს ვერ ხერხდება, რადგან მასმედიას თავისი ფუნქცია, მიზანი და ამოცანები აქვს და სულაც არ ემთხვევა ეს მიზნები პოლიტიკოსთა მიზნებს.

როგორც იცით, მარგარეტ ტეტჩერს პოლიტიკაში „რკინის ლედის“ სახელით მოიხსენიებენ. რამ განაპირობა ასეთი იმიჯი?

ფსიქოლოგმა, ენობრივი ქცევების სპეციალისტმა ჯეფრი ბიტიმ, ჩაატარა შედარებითი ანალიზი ტელეინტერვიუებისა საარჩევნო კამპანიის წინ, რომელშიც მონაწილეობდნენ მკაცრი პოლიტიკოსის იმიჯით ცნობილი ტეტჩერი და რბილი პოლიტიკოსის სახელით ცნობილი კალაგენი. ამ ინტერვიუების შემდეგ კონსერვატორების ლიდერი პრემიერ-მინისტრი გახდა.

გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტეტჩერმა მნიშვნელოვანი ენობრივი ქცევა სწორად წარმართა – არასდროს ისწრაფოდა, თანამოსაუბრისათვის „სიტყვა წაერთმია“ და არც მას აძლევდა ამის საშუალებას.

ტალეირანი პოლიტიკოსების მოქნილ ხასიათას ასეთი სახალისო შედარებით წარმოგვიდგენს:

„თუ ქალი ამბობს: „არა!“ –

მას მხედველობაში აქვს ‘შეიძლება“,

თუ ქალი ამბობს – „შეიძლება“,

მას მხედველობაში აქვს „დიახ“,

თუ უეცრად ის ამბობს: „დიახ“, –

მაშინ ის ქალი არ არის.

თუ დიპლომატი ამბობს – „დიახ“,

მას მხედველობაში აქვს – „შეიძლება“,

თუ დიპლომატი ამბობს – „შეიძლება“,

მას მხედველობაში აქვს – „არა“.

თუ უეცრად ის ამბობს: „არა“,

მაშინ ის დიპლომატი არ არის“.

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე მსოფლიოს დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკოსის იმიჯის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს; დასავლეთში პრესის მთავარი ღირებულება ასე ჟღერს:

„ცუდი ინფორმაცია – კარგი ახალი ამბავია,

ხოლო კარგი ახალი ამბავი – საერთოდ არ არის ახალი ამბავი.“

ბოლო წლების საქართველოში პოლიტიკური დისკურსის განვითარებას თუ მივადევნებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ პოლიტიკოსები საერთოდაც ვერ სწავლობენ ცუდი გამოცდილებით. როგორც ამ ათეული წლის წინ ახლაც ღია ეთერში ჩხუბი, გაწევ-გამოწევა და საგნების სროლა ჩვეულებრივი ამბავია. ცალსახად პოლიტიკური კულტურის უქონლობაა ის, რაც ხდება… პოლიტიკურ კულტურას კი საერთო კულტურისგან ვერ გამოვყოფთ.

ასე რომ, თანამედროვე პოლიტიკური დისკურსი შორს დგას მჭევრობისგან და მჭევრმეტყველებისგანაც და ძალაუფლებაზე დაგეშილი ბრბოს პირველყოფილი შორისებულებია უფროა, ვიდრე მჭევრმეტყველება.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი