ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მოსწავლეთა დამოუკიდებელი სამუშაოს ორგანიზების ფორმები

ტრადიციულ მეთოდიკაში ჰუმანიტარული ციკლის სწავლებისას მოსწავლეთა დამოუკიდებელი სამუშაო დაახლოებით 5-7 წუთს მოიცავს. ასეთი სამუშაო, წესისამებრ, გულისხმობს მასწავლებლის ან სახელმძღვანელოს დავალებების შესრულებას: კითხვებზე პასუხის გაცემას, ტექსტის კომენტირებას, ვიზუალურ მასალაზე ან რუკაზე მუშაობას და სხვა. მაგრამ ნაკლებად იგულისხმება მოსწავლის პროდუქტიული საქმიანობა, ცოდნის შეძენაზე ორიენტირებული ქმედება, „მოაზროვნე მოსწავლედ“ ჩამოყალიბება. მუდმივად მზარდი სამეცნიერო ინფორმაციისა და ცოდნის „დაძველების“ პირობებში კი მოსწავლეთა დამოუკიდებელი სამუშაოს მნიშვნელობა ძალიან დიდია. ის საერთო საკლასო სამუშაოს 70%-ს შეადგენს, რაც ამცირებს საშინაო დავალების შესრულების დროს და ხელს უწყობს საშინაო დავალების ნამდვილ დამოუკიდებელ სამუშაოდ გადაქცევას. მოსწავლეთა დამოუკიდებელი სამუშაოს სწორად ორგანიზებით მასწავლებლებს შეგვიძლია, აღნიშნული პროცესი სასწავლო მიზნების მისაღწევად გამოვიყენოთ.

მაინც რას წარმოადგენს დამოუკიდებელი სამუშაო? – უპირველესად, ესაა მიზნის დამოუკიდებლად ძიება, დაკვირვების, შემეცნებითი თუ პრაქტიკული საქმიანობის პროცესი, ცოდნის ფორმირების, შემოქმედებითად გამოყენებისა და თვითორგანიზების უნარის გაუმჯობესება, ინტელექტუალური და პრაქტიკული საქმიანობის შედეგების მიღება, შემოქმედებითობა და აღმოჩენების სიხარული. ის სასწავლო მოღვაწეობის განსაკუთრებული სახეა, რომელიც მასწავლებლის ზედამხედველობით, მაგრამ მისი უშუალო ჩარევის გარეშე ხორციელდება, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეესაბამება იგი მოსწავლეთა ინტერესებს – გააკეთონ რაღაც დამოუკიდებლად, გამოამჟღავნონ სათანადო უნარები, აუცილებელი მოტივაცია და ძლიერი ნებისყოფა.

დამოუკიდებელი სამუშაოს კრიტერიუმებია:

  • მასწავლებლის ხელმძღვანელობა, რომელიც გულისხმობს აუცილებელ დახმარებას და შესრულებული სამუშაოს კონტროლს;
  • ინსტრუქციის არარსებობა, რადგან ინსტრუქცია აქვეითებს მოსწავლის ინიციატივას;
  • დავალების მაქსიმალური მიახლოება მოდელთან და მისთვის ახალი შინაარსის შეძენა;
  • დავალების შესასრულებლად დამოუკიდებელი გზების პოვნა, მიზნებისა და თავისებურებების დამოუკიდებლად განსაზღვრა;
  • სირთულეების დასაძლევად მზადყოფნა;
  • საკუთარი აზრების, იდეებისა და ქმედებების შესაბამისობა;
  • ინიციატივებისა და შემოქმედობითობის გამოვლენა.

დამოუკიდებელი სამუშაო სამ ეტაპს მოიცავს: მოსამზადებელს, შესრულების ეტაპს და შემოწმებას/რეფლექსიას (იგულისხმება დავალებების ანალიზიც, შედეგების შემოწმებაც და შეფასებაც).

დამოუკიდებელი სამუშაოს ალგორითმი:

I ეტაპზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება მოდელის შესაბამისად; მუშაობას აქვს კონსტრუქტივისტული ხასიათი (ფართოვდება ცოდნის გამოყენების სფეროები, მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნები, მუშაობა პროდუქტიულია); სამუშაო ევრისტიულია (ხასიათდება მასწავლებლის მიერ შექმნილი პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტით, კვლევითი უნარების გამომუშავებით, შემოქმედებითობით) და კვლევითი; გამოცდილების შეძენა ხდება საკუთარი დასკვნების საფუძველზე, ყალიბდება ანალიზისა და შეფასების უნარი.

II ეტაპზე შესაძლებელია სრული დამოუკიდებლობის გამოვლენა (პრობლემის გამოყოფა და ფორმირება, ჰიპოთეზების წამოყენება, გადაწყვეტის გზების მოძიება, პრობლემის გადაწყვეტა, შედეგები და რეფლექსია).

III ეტაპზე მოსწავლე დამოუკიდებლად სწავლობს გაკვეთილს და ასრულებს საშინაო დავალებას, დამოუკიდებლად მუშაობს ლიტერატურის მოძიებასა და დამატებითი რესურსების გამოყენებაზე, ცოდნის განზოგადებისა და სისტემატიზაციის უნარების ფორმირებაზე და ა. შ.

დამოუკიდებელი სამუშაოს კლასიფიკაცია (ტიპებისა და სახეების საფუძველზე):

  • დავალების ფორმის მიხედვით (სათაური, შემოქმედებითობა…) ;
  • პასუხების მიხედვით (ზეპირი და წერილობითი, სქემატური…);
  • სწავლის პროცესის მიხედვით (ახალი ცოდნის შეძენის, გაგების, გააზრების, განზოგადების და სისტემატიზაციის, კონტროლის);
  • შესრულების ადგილის მიხედვით (გაკვეთილზე, გაკვეთილის გარეთ);
  • სამომავლო მიზნების მიხედვით (ვარაუდებისა და იდეების საფუძველზე).

აღნიშნული სტრუქტურის გამოსაყენებლად მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ თითოეული ეტაპის მნიშვნელობა, მასწავლებელმა კი სწორად უნდა შეარჩიოს მეთოდი, მისცეს მათ პრაქტიკული მაგალითი და დაეხმაროს უნარ-ჩვევის გამტკიცებაში. ეს ყველაფერი კი არცთუ ადვილია.

მოსწავლეთა დამოუკიდებელი სამუშაოს ორგანიზაციისადმი სწორი მეთოდური მიდგომები გულისხმობს:

ა) გაკვეთილის თემის მიხედვით დამოუკიდებელი სამუშაოს სხვადასხვა ვარიანტის დაგეგმვას;

ბ) დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულების უნარ-ჩვევის ფორმირებას (ელემენტარულიდან რთულამდე);

გ) დავალების შესრულების შესაძლებლობას (დამოუკიდებლობის თანდათანობითი ზრდა), მის მრავალგვარობას;

დ) მასალის მოცულობისა და სირთულის შესაბამისობას შესრულების ტემპთან;

ე) მიზნის გაცნობიერებას და მისი მიღწევის სურვილის გაჩენას;

ვ) დასახული მიზნის შესაბამისად სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებას; ფრონტალურ სამუშაოს (ყველა მოსწავლე ერთსა და იმავე დავალებას ასრულებს);

ზ) ჯგუფურ მუშაობას (თითოეული მოსწავლე ასრულებს დავალების რომელიმე ნაწილს); ინდივიდუალურ სამუშაოს (თითოეული მოსწავლე ასრულებს განსაკუთრებულ დავალებას);

თ) მოსწავლეთა მიერ საკუთარი მიღწევების გაცნობიერებას.

მთავარია, მასწავლებლებს გაგვიჩნდეს სურვილი, მოსწავლეები განვითარდნენ, სწორად მოვახდინოთ მათი მუშაობის ორგანიზება; გვინდოდეს, მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს გაკვეთილს, ჰქონდეთ სიღრმისეულად გაგების მოლოდინი, ზარის დარეკვასთან ერთად არ წყვეტდნენ ჩვენს საგანსა და მიღებულ დავალებაზე ფიქრს. ამ შემთხვევაში, შესაფერისი მეთოდიკის მოშველიებით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს.

მაგალითად, ახალი მასალის ახსნისას, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეფექტურია სამუშაოს ორგანიზების ამგვარი ფორმა (ცხრილი 1):

 

დრო მოსწავლეთა მუშაობის ორგანიზების ფორმები
გაკვეთილის 10-15 წუთი გონებრივი იერიში
გაკვეთილის 15-20 წუთი დამოუკიდებელი სამუშაო ძლიერი მოსწავლეების ჯგუფისთვის საშუალო და სუსტი მოსწავლეების მუშაობა მასწავლებელთან ერთად
გაკვეთილის 20-30 წუთი მუშაობა ჯგუფებში მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა დონის დამოუკიდებელი სამუშაო
გაკვეთილის 30-35 წუთი ცოდნის განზოგადება და სისტემატიზაცია

 

სასწავლო მასალის განმტკიცების ეტაპზე ის ასეთ სახეს იღებს (ცხრილი 2):

 

დრო მოსწავლეთა მუშაობის ორგანიზების ფორმები
გაკვეთილის 15-25 წუთი ჯგუფების დამოუკიდებელი მუშაობა ჯგუფების მუშაობა მასწავლებელთან
გაკვეთილის 25-35 წუთი მუშაობა მასწავლებელთან სხვადასხვა დავალების დამოუკიდებლად შესრულება
გაკვეთილის 35-40 წუთი ჯგუფური მუშაობა: მსგავსი ან განსხვავებული ჯგუფები ასრულებენ ერთნაირ სამუშაოს.

 

გთავაზობთ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სამუშაოს ორგანიზების მაგალითს VII კლასის ისტორიის სწავლების კურსიდან.

თემა: „სატაძრო ქალაქები და საკულტო ნაგებობები“

საშინაო დავალება შეგვიძლია შევამოწმოთ სხვადასხვანაირად:

I ვარიანტი – მოსწავლეები დახურავენ სახელმძღვანელოებს და რვეულებს, ფურცლებზე ჩამოწერენ იმ ფაქტებს, რაც გაკვეთილიდან ყველაზე უკეთ დაამახსოვრდათ, მერე კი რაც დაწერეს, იმას ზეპირად გადმოსცემენ. მოსწავლეები შეაფასებენ, მასწავლებელი კი კომენტარებს გააკეთებს.

II ვარიანტი – პირველ კითხვას სვამს მასწავლებელი და მიუთითებს, ვინ უპასუხებს ამ კითხვაზე. ასე გაგრძელდება ჯაჭვისებურად. ბავშვებმა თავად უნდა ჩამოაყალიბონ შეკითხვები მოცემული თემის ირგვლივ. შეფასება გაკეთდება დასმული შეკითხვებისა და გაცემული პასუხების რაოდენობის მიხედვით.

საშინაო დავალების შემოწმება შეგვიძლია კროსვორდებისა და ტესტების მეშვეობითაც. აქაც შეფასებისას იაქტიურებენ მოსწავლეები, რომლებიც წინასწარ შემუშავებული სქემით შეამოწმებენ თანაკლასელების პასუხებს, ხოლო კომენტარს მასწავლებელი გააკეთებს.

დამოუკიდებელი სამუშაოს ორგანიზების ერთ-ერთი ეტაპია ახალი მასალის შემოწმება. აქაც შეიძლება ვისარგებლოთ რამდენიმე ვარიანტით:

  • სამუშაოს შესრულებისთვის ვიყენებთ გაკვეთილის შესახებ სახელმძღვანელოში მოყვანილ დოკუმენტებს, მაგალითად, ძვ. წ. II ს-ის ბერძენი მოგზაურის პავსანიასის ჩანაწერებს პართენონის ტაძრის შესახებ, ან VI ს-ის ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის მონათხრობს იუსტინიანე I დიდის მშენებლობათა შესახებ. მოსწავლეებს დაევალებათ, ჯერ დამოუკიდებლად წაიკითხონ ტექსტი, მერე კი ზეპირად გამოდმოსცენ წაკითხულის შინაარსი, რითაც მოხდება მასალის გამეორება/განმტკიცებაც.
  • შემდეგ სახელძღვანელოს ტექსტთან მუშაობა გაგრძელდება რიგითობის პრინციპით: ჯერ პირველი მწკრივი მოჰყვება პარაგრაფის 1-ელ პუნქტს, მერე მეორე რიგი – მე-2 პუნქტს და ასე შემდეგ. შეგვიძლია, საშინაო დავალებად მივცეთ ექსკურსიის გეგმის შედგენა მოცემული გაკვეთილის მიხედვით და ექსკურსიამძღოლის ტექსტის დაწერა. დავალება შეიძლება მომზადდეს ვიზუალური მასალის თანხლებითაც, ან მოსწავლეებმა მოგვითხრონ პირველ პირში (მაგ., „მე ძველ საბერძნეთში“, ან „მე – ექსკურსიამძღოლი“), ჩამოთვალონ იმდროინდელი ისტორიული ძეგლები, ღირსშესანიშნაობები, შეძლონ ეპოქების დაკავშირება (წარსული-თანამედროვეობა), ან სულაც გარდასული ეპოქის შვილად წარმოადგინონ თავი და ა. შ.

დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება ამრავალფეროვნებს გაკვეთილს. ის ყოველთვის აქტუალურია და მუდმივად გვიბიძგებს ორგანიზების სწორი ფორმების ძიბისკენ. ამ დროს მოსწავლე უფრო თავდაჯერებულია, პიროვნულად გაცილებით სრულყოფილი, ხოლო სასწავლო პროცესი და მიღწევები – უკეთესი, ამიტომ შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ ის პედაგოგიურ პრაქტიკაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი