ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კარგი წიგნების საიდუმლო

ცოტა ხნის წინ,  მორიგი „წიგნების დალაგების“ რიტუალის დროს, ედიშერ ყიფიანის პროზაული კრებული აღმოვაჩინე. კრებულში მისი რომანი „ცაში ასროლილი ქუდებიცაა“ შესული. ამ მწერლის რამდენიმე მოთხრობა ალაგ-ალაგ, სხვადასხვა პერიოდიკაში კი მაქვს წაკითხული, მაგრამ „ცაში ასროლილმა ქუდებმა“ ისეთი ბუნებრივი სიხარული მაგრძნობინა, რაც მხოლოდ ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებებს ახლავს ხოლმე. თითქოს უკვე წაკითხული მქონდა, უფრო სწორედ _ რაღაც ძალიან ნაცნობზე, მშობლიურზე მიყვებოდა ავტორი.

ედიშერ ყიფიანი გასული საუკუნის 50-60-იანელთა თაობას ეკუთვნის და მის შესახებ ახალგაზრდებმა შესაძლოა ბევრი არც არაფერი იცოდნენ. ის კი არა, ხომ გამხელილი ცოდვასავით ვთქვი _ აქამდე მეც ზერელე შთაბეჭდილება მქონდა და ჩემთვისაც უცნობი ავტორი იყო.  „ცაში ასროლილი“ ქუდები დაბეჭდვისთანავე გახმაურდა თურმე და მერეც, როცა იქმნება ხოლმე ეპოქის აღმბეჭდი ანთოლოგიები, ამ რომანს (ვრცელი მოთხრობაც შეგვიძლია ვუწოდოთ) არ ივიწყებენ.

ეს ისეთი ტექსტია, საიდანაც ძალიან გამჭვირვალედ და მკაფიოდ _ ავტორი ჩანს, და რაც მთავარია _ ჩანს მთელი თავისი კეთილშობილებით. დღეს, როცა ლიტერატურისმცოდნეობა შეარყია იმ აზრმა, რომ „ავტორი მოკვდა“ და საერთოდ, მწერლებისგან რას, რას და, კეთილშობილებას ყველაზე ნაკლებადღა ითხოვენ, შესაძლოა მეტისმეტად გულუბრყვილოდ, რომანტიკულად და ნაივურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია რომ ამ რომანს ერთ ღირსებას სწორედ ეს ფაქტი სძენს _ ავტორის გამჭვირვალე „ბექ-გრაუნდი“, რომელიც თავისი ზნეობრივი კანონით აწესრიგებს ტექსტში ატეხილ კონფლიქტებს.

რომანის მთავარი გმირი, ზაალ ანჯაფარიძე საბჭოთა გამომძიებელია, რომელსაც თავის კარიერაში დებიუტი აქვს _ ერთი მკვლელობის თუ თვითმკვლელობის ამბავი უნდა გამოიძიოს. ყველაზე შემაძრწუნებელი კი ისაა, რომ საქმე ერთ თინეიჯერს, პაატას ეხება. სწორედ ისაა მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მსხვერპლი.

დავიწყოთ იმით, რომ ზაალ ანჯაფარიძე  „საბჭოთა გამომძიებელი“ მხოლოდ იმიტომაა, რომ საბჭოთა სისტემის წარმომადგენელია, თორემ თავისი ქცევით, პოზიციით, დამოკიდებულებებით, რომანტიკული და გმირული ბუნებით სრულიად ანგრევს „საბჭოთა მოხელის (მით უფრო, ძალოვანის)“ სტერეოტიპს.

ხოლო ის კი, რაც ყველაზე საინტერესოდ მეჩვენება ამ ტექსტში, სწორედ მოზარდის თემა გახლავთ, მისი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომა-გადმოგდების შემზარავი ამბავი.

ესაც „ანტისაბჭოთა“ თემად მიმაჩნია, რადგან, უკიდურესად იდეოლოგიზირებულ და სიყალბით გაჟღენთილ სისტემაში „უბედური“, მით უფრო თვითმკვლელი და მით უფრო _ ბავშვი _ არ არსებობდა და ასეთი რომც ყოფილიყო, სასტიკად უნდა დაეგმოთ ან მიეჩქმალათ საზოგადოებისგან.

ედიშერ ყიფიანის გმირი კი სწორედ მოზარდის თვითმკვლელობის საქმეს იძიებს და ამ პროცესში ჩართულია ყველა ადამიანური, ცხოვრებისეული (მათ შორის, სისტემური) ნიუანსი _ ზაალ ანჯაფარიძისთვის არაფერია ამ ფაქტზე უფრო დიდი ბოროტება, და ვერც ვერაფერი დაუოკებს შეძრწუნებულ სინდისს („დამნაშავეს“ ის ყველგან ეძებს _ მთელ საზოგადოებაში, მათ შორის საკუთარ თავშიც _ რამ მიიყვანა ბიჭი ამ ნაბიჯამდე?), ვიდრე არ გაარკვევს სიმართლეს, რომელიც, მასავით, სამწუხაროდ, გარშემო არავის აწუხებს, არც არავის სჭირდება, მოზარდის დედის გარდა.

წავიკითხე ეს რომანი და ჩემი ცხოვრების ის დრო გამახსენდა, აი, დაახლოებით წიგნის გმირის _ პაატასხელა რომ ვიყავი და სამყაროსეული აღქმები და შეგრძნებები ნერვული დაბოლოებებით რომ ნაწილდებოდა ჩემს ანატომიაში და ყველაფერი იმაზე უფრო მძაფრი და მტკივნეული იყო, ვიდრე თავად მისი შინაარსი და დანიშნულება. ამას დაუმატეთ დრამატულ-ტრაგიკული მოვლენები ჩვენს საზოგადო სინამდვილეში და, მოზარდი თაობის იმგვარ სურათს მიიღებთ, როგორიც ნებისმიერი წიგნის თუ ფილმის ნედლ მასალად გამოდგება, „უტყუარ ტექსტად“, სადაც სიცოცხლე თავის საიდუმლოს ამოგაკითხებს. თვითმკვლელობაზე (როგორც სამედიცინო ტერმინით უყვართ ხოლმე ჩანაცვლება _ სუიციდზე) საუბარი არც არავის სიამოვნებს და არც დიდად სასარგებლო მგონია, მისი აღმოფხვრის პრევენციისთვის მაინც. მაგრამ ეს ის სინამდვილეა, რომელიც, იმ საბჭოთა გამომძიებელივით, ფაქტის წინაშე დააყენებს ხოლმე მთელ საზოგადოებას და ყველანაირ განსჯას აზრს უკარგავს.

არც თვითმკვლელობის რომანტიზაცია მიმაჩნია „კარგ საქმედ“, მით უფრო მაშინ, როცა ამას ხელოვნება აკეთებს. მაგრამ რამდენი ლიტერატურული პერსონაჟი ვიცით, რამდენი ფილმის გმირი, ვინც ეს არჩევანი გააკეთა და მკითხველიც და მაყურებელიც, ბოლო წუთამდე იყო მისი თანამგრძნობელი, მოზიარე.

მაგრამ, როცა თავს ბავშვები იკლავენ!.. რა ხდება ამ დროს? სად იბზარება სამყარო ისეთი ჭახანით, რომელიც დიდხანს ჩამოამწყვდევს ხოლმე დედამიწაზე სიჩუმის მეუფებას?!.. ერთი დიდი თვითმკვლელი გამახსენა ედიშერ ყიფიანის რომანმა, თვითმკვლელი ბავშვი _ მზია ბათარეკას ასული ჭინჭარაული, გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის გმირი. ჩემთვის ეს ნოველა განუმეორებელი და აუხსნელი ელდა იყო, დიდი თავზარი და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვეძებდი პასუხებს კითხვებზე _ რატომ?.. როგორ?.. საერთოდ, რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების ცხოვრებასთან სიახლოვეზე, მის „ახალ რეალიზმზე“, უმთავრესი მაინც სათქმელი დაგვრჩება _ გურამ რჩეულიშვილი სწორედ იმიტომაა დიდი მწერალი, რომ ამ ერთი შეხედვით რეალურ ცხოვრებაშიც რაღაც დიდი საიდუმლო დააუნჯა, ყველაფერს ამ საიდუმლოს ძალა გამსჭვალავს და თუ რაიმე ზემოქმედებს,  _ სწორედ ის, იდუმალი, შეუცნობელი ძალა, საიდუმლო.

„მზია ბათარეკას ასულიც“ საიდუმლოებით მოცული ნოველაა, ერთ ამოსუნთქვაში ჩატეული ვეებერთელა ტრაგიზმი და სიცოცხლის სასწაული. მზიასავით თუ ოცნებობ, მზიასავით თუ გიყვარს, მზიასავით თუ გრძნობ სამყაროს… _ ეს იმხელა ბედისწერაა, ისეთი ბეწვის ხიდზე სიარულია, რომ თუ გადარჩი და მშვიდობით გაიარე, მაშინ დიდხანს, დიდხანს იცოცხლებ და ცხოვრება ვერაფერს დაგაკლებს. ხოლო თუ ეგ ხიდი აქ, ბავშვობაში ჩაწყდა!.. (როგორც რომეოს და ჯულიეტას სიყვარულის ზღაპარი, რომელიც ლეგენდად მხოლოდ იმან აქცია, რომ სწორედ ბავშვობაშივე ჩაუწყდათ ხიდი, თორემ, აბა ეცოცხლათ, გადარჩენილიყვნენ, აბა გაეტანათ ხიდის მეორე მხარეს სიყვარული!..)

მზია ჭინჭარაულის თვითმკვლელობის მიზეზი, ცოტათი მაინც თუ ავხსნით,  სიამაყეა ალბათ. იმ სამყაროს სხვისგან დაუნახაობა (მეტიც, შებღალვა!), რომელიც ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ნამდვილი ჰგონია მას. რამდენი ასეთი დიდებული სული ჩაუწეწკვავს ცხოვრებას, რამდენი ასეთი მეოცნებე გული და სილამაზეზე დაგეშილი თვალი ჩაუძირავს ცხოვრების სიმახინჯეს, ყოფის ნაკუწებით რომ მბრძანებლობს ჩვენზე!.. გურამ რჩეულიშვილმა ერთ, განსაკუთრებულ მზიაზე დაწერა, მაგრამ ყველა ამ სულს უძღვნა სადიდებელი, ყველა ამ სულს დაუნთო სანთელი, ქედი მოუდრიკა და უფრო მეტიც _ ყველა ასეთი სული გააფრთხილა, წინასწარ შეამზადა ცხოვრების სიმკაცრეებისთვის, უთხრა ამ სულებს, რომ _ ისინი არიან სოფლის მარილი, უმაგათოდ მარტო ფონია ეს სამყარო, ხან თოვლ-და ხან ქარ-წვიმა მიხატული ფონი.

„ცაში ასროლილი ქუდების“ გმირ მოზარდსაც სიამაყის ტკივილი ტანჯავს, ტექსტი ისეა გაშლილი, რომ ბოლომდე ვერ ხვდება მკითხველი, ბოლოს და ბოლოს, რა იყო მიზეზი, ან იყო თუ არა ეს საერთოდ თვითმკვლელობა, ვიდრე ამას გაიგებს, სწორედ იმ დარდით უნდა ევნოს, იმ სინდისით უნდა შეწუხდეს, რაზეც მწერალი სხვადასხვა მოვლენებით თუ გმირებით ელაპარაკება; ბოლომდე ვერ უნდა გაიგოს, გადარჩება თუ არა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაატა, ამას ავტორი ვერ ეტყვის, ეს დასკვნა მკითხველმა თვითონ უნდა გამოიტანოს, პასუხამდე თავად უნდა მივიდეს!..

ამ ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტექსტის შედარება ჩემი მხრიდან, ცხადია, ღრმა ლიტერატურულ ანალიზს მოკლებულია. მე მხოლოდ თვითმკვლელი მოზარდების ორ ამბავზე დავფიქრდი. ამ და კიდევ ბევრ თემას კარგი კვლევა და მსჯელობა სჭირდება და ეს ლიტერატურათმცოდნეების საქმეა.

თუმცა, მკითხველების საქმეც ხომ წიგნებზე ლაპარაკია. ბავშვობიდან გულწრფელად მჯერა, რომ კარგი მკითხველი კარგ ადამიანს ნიშნავს. მით უფრო, თუ ის კარგ მწერალზე საუბრობს და ისეთ წიგნებზე, საიდანაც ავტორის კეთილშობილება გამჭვირვალე შუქივით იღვრება.

ასეთი წიგნების წაკითხვის მერე, ფიქრობ, რომ სიკვდილიც სადღაც უკან იხევს. ზოგადად, სიკვდილი _ ტკივილების უკანასკნელი თავშესაფარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი