პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საუკუნის ძრავა

მესამე დღეა, წვიმს. წვიმს გადაუღებლად. ცა მოქუფრულა და მზის სხივებს ჩვენამდე არ უშვებს. ამინდი განწყობაზეც მოქმედებს. მუშაობა გეზარება. არ აქვს მნიშვნელობა, კაბინეტში მუშაობ თუ ყანაში…

მთელი დღე ფანჯარას ვარ მიჯაჭვული და ქუჩას გავცქერი. წვიმა მანქანების ნაკადსაც აფერხებს. ზლაზვნით მიიწევენ წინ. თითქოს რაღაც პროცესიას მიჰყვებიან. დროდადრო ვიღაცას ნერვები უმტყუნებს და სიგნალს იძლევა – ისე, თავისთვის, გულს იოხებს, თორემ კარგად იცის, მის წინ და იმის წინ მიმავალ მგზავრებსაც მასავით ეჩქარებათ.

წვიმას ციდან ფიქრიც ჩამოაქვს. ფიქრებიც წვეთებივით ხტიან, ადგილიდან ადგილზე, ამბიდან ამბავზე, რეალურიდან ირეალურზე და პირიქით…

ვუცქერი ქუჩის მთელ სიგრძეზე გაჭიმულ მანქანების კოლონას და ფიქრი საუკუნის წინ გამირბის. ნეტავი როგორი იქნებოდა ეს ქუჩა, ადამიანს ბორბალი რომ არ გამოეგონებინა? ალბათ მათ ადგილს ცხენები დაიკავებდნენ. ყველა ოჯახს საკუთარი ეყოლებოდა დღევანდელივით და ქუჩაში მოძრაობის წესებიც ოდნავ განსხვავებული იქნებოდა. ნეტავი შუქნიშანი თუ გახდებოდა საჭირო? ან როგორი ფორმა ექნებოდა? საერთოდ, იარსებებდა კი მოძრაობის წესები? ალბათ, იარსებებდა. ასიათასობით მოძრავ ობიექტს აუცილებლად დასჭიდებოდა რეგულაცია.

და კიდევ… ჰაერი, ერთი შეხედვით, უფრო სუფთა იქნებოდა. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. თბილისის ქუჩებს დიდი ხანია დაავიწყდა ფლოქვების ხმა, მაგრამ ვენაში, ზალცბურგსა თუ ევროპის სხვა ისტორიული ქალაქების ცენტრში მძაფრად იგრძნობა ცხენის ოფლის სუნი, რომელსაც ვერ ფარავს ყავისა თუ „შანელის“ ნელსაცხებლების არომატი, ასე უხვად რომ ტრიალებს იმავე ცენტრალური ქუჩების შემოგარენში. და ამ ყველაფერს დღეს მხოლოდ ისტორიის პატივისცემითა და ეგზოტიკის სიყვარულით ვიტანთ…

ბორბალმა შეცვალა ისტორიის დინება, ხოლო მასზე მიმაგრებულმა ძრავამ მოძრაობას არნახული სისწრაფე შესძინა. ორივე იმ თითებზე ჩამოსათვლელ აღმოჩენათაგანია, რომლებსაც კი კაცობრიობას ოდესმე გაუკეთებია. სხვა ყველაფერი, მთელი ჩვენი ვნებათა ღელვა ეკოლოგიასა და გლობალურ დათბობაზე, ამ აღმოჩენათა თანამდევია. ჩვენ ჩვენივე ხელით მივიჯაჭვეთ თავი ბორბალზე, ვინაიდან სხვა ვერაფრით შევუცვალეთ მიმართულება ჩვენს ყოფას, და ასე ბორბალზე გაკრულნი ვივლით, სანამ არ ვისწავლით „ამოსვლას იმ წუმპიდან, მიწა რომ ჰქვია“, ანუ არ შევქმნით ცათმფრენს, მანქანასავით პატარას, ცხენივით თვინიერს, ფეხსაცმელივით კომფორტულს.

თუმცა ძრავას ვერაფერი შეცვლის. ბორბლის დატრიალებასაც და ფრთების მოქნევასაც სჭირდება აგრეგატი, სახელად ძრავა. მას ავტომანქანის გულს უწოდებენ, თუმცა „გული“ ძრავის მხოლოდ ერთი პატარა დეტალია…

ძრავის დანიშნულებაა, ენერგია მექანიკურ მუშაობად გარდაქმნას. ენერგიის წყარო კი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა მასალა იყო, ამიტომაც ძრავას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია დაუგროვდა.

პირველ ძრავას ორთქლისა ერქვა, თუმცა საწვავად შეშასა და ქვანახშირს იყენებდა. დახშულ ჭურჭელში ადუღებული წყლის ორთქლი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს პოულობდა გამოსავალს. ორთქლის მოლეკულების კინეტიკური ენერგია დგუშის მექანიზმს მოძრაობად გარდაქმნიდა და თბომავალი ხვნეშითა და ვიშვიშით მიუყვებოდა ლიანდაგებს, მდინარეებს, ზღვებსა თუ ოკეანეებს. ორთქლის ძრავაზე მომუშავე „მობილეების“ სამართავად მესაჭე-მემანქანე და მათი მართვის ბერკეტები არ კმაროდა. ძრავის ღუმელს ნიჩაბმომარჯვებული მუშა დარაჯობდა და დროდადრო შეშისა თუ ქვანახშირის შეკეთებით მოგიზგიზე ცეცხლს მინავლების საშუალებას არ აძლევდა.

„ცეცხლოვანი“ ძრავების განვითარების მომდევნო ეტაპი დიზელისა და შიდაწვის ძრავებია. მათ დაბადებას წინ უძღვოდა ნავთობის აღმოჩენა და ნავთობპროდუქტების ტექნოლოგიის შემუშავება. ბენზინმა, ნავთმა და გაზოილმა (ე.წ. დიზელის საწვავმა) მნიშვნელოვნად შეცვლა ძრავების ტიპი და, საზოგადოდ, ავტო-მოტო ინდუსტრია. ასეთი ძრავები უკვე საუკუნოვან ისტორია ითვლის და ჯერ კიდევ განვითარების გზაზეა. ორთქლის ძრავებიდან მათ მხოლოდ წვის რეაქცია ერგოთ მემკვიდრეობად, თუმცა შეშისა თუ ქვანახშირის მდორე წვის რეაქცია ნავთობპროდუქტის აფეთქებით წვამ ჩაანაცვლა, ამიტომ მუშაობის შესრულებაც აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირების მყისიერად გაფართოებამ იტვირთა და წყლის ორთქლის საჭიროება გამოირიცხა. ძრავა უფრო პატარა, მძლავრი და ადვილად სამართავი გახდა. ნიჩაბმომარჯვებული მუშა ერთმა პატარა ბერკეტმა შეცვალა. მასზე ტერფის მსუბუქი დაჭერა საკმარისია, რომ სპეციალური მექანიზმი მიხვდეს, რამდენი საწვავი უნდა „შეუკეთოს“ წვის კამერას. შეშისა თუ ქვანახშირის რონოდა რამდენიმე ლიტრი ტევადობის საწვავის ავზმა შეცვალა. ნავთობი უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას მალავს. 54 ავტოგასამართი სადგურს ერთ წამში იმდენივე ენერგიის მოცემა შეუძლია, რამდენსაც დროის იმავე მონაკვეთში იძლევა ენგურჰესი.

მაგრამ ნავთობი წარმავალია. გეოლოგები გვამცნობენ, რომ მისი მარაგი მალე ამოიწურება. ამიტომ უკვე კარგა ხანია დავიწყეთ ალტერნატიული საწვავის შექმნა-მოძიებაზე ფიქრი. ასეთია, მაგალითად, ბიოეთანოლი და ბიოდიზელი, რომელიც ნავთობისაგან არსებითად მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ განახლებად რესურსს წარმოადენს. წვის რეაქციაზე მომუშავე ძრავებისთვის საწვავის კიდევ ერთი ალტერნატივაა წყალბადი, თუმცა ამ ნივთიერებაზე მომუშავე ძრავა მიზეზთა გამო საკონსტრუქტორო ბიუროებს ჯერჯერობით ვერ გასცდა.

ელექტროენერგია, მართალია, დიდი ხანია გამოიყენება ენერგიის წყაროდ, მაგრამ მასობრივად – მხოლოდ სადენებიან ტრანსპორტში. დღეისათვის მხოლოდ ერთეული ელექტრომობილია შექმნილი და სატესტო რეჟიმში მუშაობს. ძირითად და ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს დამუხტვის დაბალი სიჩქარე. აჩქარებული მსოფლიო ვერ ეგუება, რომ ელექტრომობილის ენერგიით შევსებას რამდენიმე საათი სჭირდება, მაშინ როცა ბენზინით ავზის ასავსებად სულ რამდენიმე წუთია საკმარისი. ამიტომ ბაზარზე ჰიბრიდულმა ძრავებმა უფრო მოიკიდა ფეხი, ვიდრე ელექტრომობილებმა.

ჩატვირთული ენერგიის რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წყაროდ ატომური ენერგიის გამოყენებასაც კი მივყავით ხელი, მაგრამ რადიაციული ფონის ჩახშობის აუცილებლობის გამო ძრავები მეტისმეტად დიდია და მხოლოდ დიდ სანაოსნო (უფრო – სამხედრო წყალქვეშა) ხომალდებზე ვიყენებთ ჯერჯერობით. თუმცა ბოლო დროს ისევ გააქტიურდა თორიუმის ძრავების ტექნოლოგიაზე ფიქრი. თორიუმი ბუნებაში ფართოდ გავრცელებული ყველაზე უსაფრთხო რადიაქტიური ელემენტია. გამოსხივების ეკრანირებისთვის არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა, ამიტომ შესაძლებელია, მისი ძრავა საკმაოდ კომპაქტური იყოს. დღევანდელი თეორიული დათვლებით, 8 გრამი საწვავი ავტომობილს 100 წელიწადს ეყოფა! ფანტასტიკას ჰგავს? რა თქმა უნდა, მაგრამ თავის დროზე მფრინავი ხალიჩები და ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდიც ლეგენდები და მხატვრული ლიტერატურა იყო. ვნახოთ, გახდება თუ არა თორიუმის ძრავა „საუკუნის ძრავა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი