წარსული ახლაც ხდება

ჩვენი ავტორებიდან ალბათ ბევრი დაწერს ამ თემაზე, მაგრამ ყველა ხომ სხვადასხვა ამბავს მოვყვებით. თბილისში ნობელიანტი მწერალი ჩამოვიდა, სვეტლანა ალექსიევიჩი. პირველ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყო მასთან შეხვედრა, მეორე დღეს – რუსთაველის თეატრში.

ორივე დღეს ვიჯექი და ვუსმენდი ადამიანს, რომელმაც ალბათ ძალიან ბევრი იცის საბჭოთა სამყაროზე, მეორე მსოფლიო ომზე, ადამიანებზე, რომლებიც იბრძოდნენ, რომლებიც გადაასახლეს, დახვრიტეს და ა.შ. არა მხოლოდ ფაქტები – ამ მოვლენათა სული იცის, როგორც თვითონ ამბობს.
მე საბჭოთა კავშირში არ მიცხოვრია, 1990 წელს დავიბადე, თუმცა ამ მიჯნაზე, როცა თითქოს ახალი სამყარო იქმნებოდა პოსტსაბჭოთა რუკაზე, ჩვენ მაინც იმავე რეალობაში ვიზრდებოდით. გარეგნულად ყველაფერი სხვაგვარი იყო, შინაგანად – არა. ალექსიევიჩი ჰყვებოდა ამბებს ადამიანებზე, მათ დამოკიდებულებებზე, ფიქრებზე, სოციოკულტურულ ვითარებაზე, რომელიც კავშირის დაშლამდე ათეული წლით ადრე ხდებოდა, თუმცა ნაწილობრივ დღევანდელობაზე ლაპარაკობდა თითქოს.

რუსთაველის თეატრში მაღალი სიცხით მივედი. მეშინოდა, გული არ წამსვლოდა დარბაზში, სადაც ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვუსმენდი ამ ჭკვიან ქალს. ხომ არის მომენტები, როცა უფრო ადვილია, უსმინო სულელს, ვიდრე ჭკვიანს. ზუსტად ასე ვიყავი. ზედმეტი ინფორმაცია მღლიდა და თან ყურადღებას ძალას ვატანდი, რომ ყველა სიტყვა გამეგო, ყველა ამბავი, ყველა შედარება.

ღონისძიების დასასრულს დარბაზში მსხდომებს შესაძლებლობა მოგვეცა, კითხვები დაგვესვა ალექსიევიჩისთვის და ძალიან ვინანე, რომ სახლიდან ჩემი E არ წავიღე. E ბრტყელი, სიფრიფანა რკინაა, რომელიც 90-იან წლებში ყველგან ეყარა. ქუჩებში, სკოლის ეზოებში, სადარბაზოებში, სკვერებში. წამეღო და მეკითხა, სვეტლანა ალექსანდროვნა, თქვენ ხომ არ იცით, ეს რა ჯანდაბაა-მეთქი. რა თქმა უნდა, არ ეცოდინებოდა. რა თქმა უნდა. მე კი გამარჯვებულის ღიმილით ნამდვილად არ დავუბრუნდებოდი ჩემს ადგილს; პირიქით, დარწმუნებული იმაში, რასაც მანამდეც ვფიქრობდი, იქვე ჩამოვჯდებოდი ჩემთვის.

დარწმუნებული, რომ ერთი სვეტლანა ალექსიევიჩი შესაძლოა მილიონების ცნობიერებას ანათებდეს, თუმცა ყველა სიბნელეს არ ჰყოფნის. მთელი ეს წყვდიადი რომ განათდეს, კარგი სკოლაა საჭირო და არა გარეგნულად განახლებული, ხოლო არსით კვლავ საბჭოთა სკოლა. მანამდე კი, ვიდრე განათლების სისტემა ყველას მისცემს შესაძლებლობას, სკოლაში შეიმეცნოს, გაიგოს, გამოიყენოს სწორი და საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც დაცლილი იქნება ყველა კერპისგან, დემონისგან, მონობისგან, მსახურებისგან, ბატონობისგან, პათეტიკისგან, ყველაფერი ისეთივე ტრაგიკულ პანთეონად დარჩება, როგორსაც ალექსიევიჩი აღწერს თავის წიგნებში და ისეთივე გაურკვეველ მომავლად, როგორცი ის სიფრიფანა რკინის ნაჭერია, რომელიც ყველგან ეყარა ჩემს ბავშვობაში როგორც ტოტალური ბურუსისა და გზააბნეულობის მეტაფორა ან სიმბოლო.

კომენტარები

comments