პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

უკეთესი მომავლის მოლოდინში

გაიზიარებს თუ არა საქართველო ნარკოპოლიტიკის პორტუგალიურ  მოდელის ლიბერალურ ელემენტებს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის მერე გამოჩნდება. თუმცა, სახელმწიფოს, პარალელურ რეჟიმში, საკანონმდებლო ცვილებების გარდა, რომელიც უმეტესად ზემკაცრი სადამსჯელო მიდგომების გაბათილებას მოიაზრებს, სხვადასხვა ტიპის პროგრამების გამართვა ჯანდაცვის კუთხითაც მოუწევს – ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრების გახსნა, ზიანის შემცირების სერვისების გამრავალფეროვნება და მათზე ხელმისაწვდომის გაზრდა, წამალდამოკიდებულთა რესოციალიზაციაზე, მათ დასაქმებაზე ზრუნვა და იმ ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა, რომელიც წამალდამოკიდებულთა ისტორიების შესწავლასა და ჯანმრთელი მომავლის შექმნაზე იქნებიან მომართული (სპეცკომისიები). სახელმწიფო ვერც პრევენციული ღონისძიებების ვალდებულებებს აცდება და სკოლა-უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა მოუწევს.

ეს გზა პორტუგალიამ 16 წლის წინ უკვე გაიარა, როდესაც ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის შედეგად ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა აივ/შიდისისა და ნარკოტიკებით ზედოზირების კატასტროფული მაჩვენებლები. პორტუგალიის ხელისუფლებამ დარწმუნდა, რომ საკუთარი მოქალაქეების დასჯა და ციხეში გამწესება ნარკოტიკების მოხმარების გამო მათივე მკურნალობაზე გაცილებით ძვირი უჯდებოდა,

თუ საქართველო პორტუგალიის გამოცდილებას გაიზიარებს, უახლოეს წლებში ხელისუფლებას გლობალური სამუშაო ელის, თუმცა ამ სამუშაოს წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში, ქვეყანა ამოისუნთქავს – შემცირდება არაერთი ინფექციური დაავადების გავრცელების ტემპი (შიდსი, ჰეპეტიტები), გაუმჯობესდება ათასობით ადამიანის და მათი ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა.

ქართული არასამთავრობოები, რომლებიც მსგავსი ცვლილებებისთვის ხშირად ერთიანი ფრონტით გამოდიან, მცირემასშტაბური პროექტების სახით, ნებით თუ უნებლიედ, ქმნიან იმ მინიმოდელებს, რომელიც მომავალში სახელმწიფოსაც წაადგება, დაუზოგავს დროს და ფინანსებს. ბოლო პერიოდის ამის საუკეთესო მაგალითად „თანადგომის“ მიერ გრემში გახსნილ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პირველ ქალაქგარეთა ცენტრია. ცენტრი განსხვავებული დამოკიდებულების (ალკოჰოლი, ნარკომანია) და ასაკის ბენეფიციარების მომსახურებაში პირველ ნაბიჯებს დგამს. ექსწპერტთა აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყანაში სოციალური რეაბილიტაციის სერვისი ჯერ ისევ განსავითარებელია, მათ შორის წამალდამოკიდებულ ადამიანთა პრობლემების  მიმართულებით.

„ცხადია, აუცილებელია ნარკოტიკების მომხმარებელთა სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო სისტემის შექმნა, ასევე აუცილებელია რემისიის პერიოდში მყოფი ადამიანების დასაქმების მექანიზმების შემუშავება. ამით არა მხოლოდ არასამთავრობოები უნდა იყვნენ დაკავებული. ჩვენ მოვახერხეთ გრემში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გახსნა, მაგრამ ის ასობით რეაბილიტაციის მსურველ ადამიანს ვერ მიიღებს. რაც შეეხება ბენეფიციარების დასაქმებას, ორგანიზაციის ბაზაზე პატარა სოციალურ საამქროს ვამუშავებთ, სადაც ამჟამად ხუთი ადამიანი დავასაქმეთ. ვაპირებთ კერამიკის საამქროს გახსნას როგორც აქ, ასევე ერთ-ერთი ციხის ტერიტორიაზე. დამოკიდებული ადამიანებისთვის დასაქმების თემა ყოველთვის მტკივნეული იყო. დამსაქმებელი ხშირად შეგნებულად არიდებს თავს მათ სამსახურში მიღებას,“ – აზუსტებს „თანადგომის“ წარმომადგენელი ვაჟა კასრელიშვილი.

ამ პრობლემას ვერც სახელმწიფო ერევა. არსებულ დასაქმების პროგრამებში წამალდამოკიდებულთათვის კვოტები არასოდეს ყოფილა. სახელმწიფო სამსახურებში მომუშავე სოცმუშაკებსაც  ყოველთვის არ შეუძლიათ შესთავაზონ დამოკიდებულ ადამიანს დასაქმების ან პროფესიული მომზადების რეალური პერსპექტივა.

„საქართველოში ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. რადგან ნარკოტიკების მოხმარების გამო ნასამართლეობა მქონდა, სამსახურის პოვნა ჩემთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. აქ, საფრანგეთში, იმისათვის, რომ მშენებელობაზე იმუშავო, ნარკოლოგიურიდან ცნობას არავინ მოგთხოვს. შესაძლოა, რაღაც დოზით, აქაც იყოს  დამოკიდებულ ადამიანთა დისკრიმინაცია, მაგრამ არა ასე თვალშისაცემად, როგორც საქართველოში. გამწვანების სამსახურში, სავაჭრო ობიექტებში დამხმარე პერსონალად, მღებავებად, სახურავის შემკეთებლებად მუშაობას ნამდვილად შეძლებ. თუ განათლება გაქვს, ენა იცი და ამბიციებიც გამოძრავებს, სხვა სიმაღლეებსაც მიაღწევ. შენი წარსულის გამოძიებას არავინ დაიწყებს. ბევრ ლტოლვილს დასაქმების პრობლემა არც უგრძვნია,“ – გვიყვება ემიგრანტი, გიორგი მ.

„ყველამ ვიცით, რომ ნარკომანია უფრო ფსიქიკური დამოკიდებულებაა, ავადმყოფობა, რომელსაც მხარდაჭერა ცხოვრების ბოლომდე სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენწლიანი რემისია გაქვს- ერთწლიანი თუ ოცწლიანი. გამოჯანმრთელებული  ადამიანებიც კი დასაქმების პრობლემების გამო საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახდენენ. თუმცა, ბოლო პერიოდში, დადებითი ტენდენციებიც შეიმჩნევა. ადრე ყველა ბენეფიციარს კაბინეტში დაჯდომა და მაღალი ხელფასი უნდოდა, ახლა კი უბრალოდ რომ  დასაქმებულები იყვნენ, თუნდაც მარტივი ხელფასით, ამაზეც თანახმა არიან.  გვყავდა კლიენტი, რომელიც სოციალურ საწამოში სიმბოლური ანაზღაურებით ავიყვანეთ, მაგრამ ამით იმდენად ბედნიერი იყო, რომ მისმა 8 წლის შვილმა აღიარა – მამა ფოტოზე პირველად ვნახე გაღიმებულიო,“- ყვება „თანადგომის“ სოციალური ბიუროს თანამშრომელი თეა ჭახრაკია.

სოციალური ბიურო სპეციალიზირებული სოციალური სამსახურია, რომელიც დამოკიდებულ ადამიანებს სამედიცინო, სოციალური, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარების მიღებაში ეხმარება. ბიუროს თანამშრომლებს – შემთხვევის მენეჯერებს, კრიტიკული მდგომარეობიდან უამრავი წამალდამოკიდებული ადამიანი გამოუყვანიათ. 2012 წლიდან დღემდე ბიუროში 2 ათასზე მეტმა პირმა მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება.

საინტერესოა, რომ „თანადგომის“ პარტნიორი ორგანიზაციები სწორედ სახელმწიფო უწყებები არიან – სამდიცინო დაწესებულებები, პრობაციის ბიურო, იუსტიციის სახლი და სხვა, სადაც დამოკიდებულ ადამიანებს შემთხვევის მენეჯერების თანადგომით კომფორტული წვდომა აქვთ სხვადასხვა სოციალეურ თუ სამედიცინო სერვისებზე. „თანადგომაში“ ამაყობენ დამოკიდებულ ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებითა და გამოჯანმრთელების ისტორიებით, იმ ნდობით, რომელიც ორგანიზაციამ წლების განმავლობაში ადგილზე, საველე თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობით დაიმსახურა.

„ბევრი წარმატებული ისტორია გვახსოვს, თუმცა ამ ადამიანებს მოულოდნელი „ჩავარდნებიც“ ახასიათებს, რასაც ძალიან განვიცდით, მაგალითად, როდესაც კუსტარული ნარკოტიკების მომხმარებელი რეაბილიტაციის მერე ალკოჰოლს მიეძალება… მათ ჯანმრთელობა ისედაც შერყეული აქვთ და ნებისმიერი „ჩავარდნა“ საფრთხეს უქმნის… ჩვენ არაგანსჯადი მიდგომით ვმუშაობთ. დამოკიდებულები ძნელი გამოსაჯანმრთელებლები არიან და მათი ცხოვრების წესი ერთი ხელის მოსმით ვერ შეიცვლება. ამ პროცესს არა მხოლოდ კლიენტის სურვილი, არამედ დიდი დრო, მოთმინება, პროფესიონალური მიდგომა, ოჯახის წევრების და საზოგადოების მობილიზება სჭირდება,“ – ამბობს თეა, რომელიც ასეთ ადამიანებთან მუშაობის შვეიცარიულ გამოცდილებასაც გვიზიარებს.

შვეიცარიაში, პორტუგალიის მსგავსად, რეაბილიტაციის პროცესის დროს სახელმწიფო უამრავ ალტერნატივას გთავაზობს – თავშესაფარს, ჩანაცვლების თერაპიის სერვისებს, სოციალურ დახმარებას, სამსახურს სპეციალურ საწარმოებში, მაგალითად ძველი ველოსიპედების შესაკეთებელ საამქროში, მინის ქარხანაში, სანტექნიკური მასალების რესტავრაციაის მიმართულებით და სხვ. ეს არ არის ყოველდღიური რუტინული სამსახური, რომელსაც წამალდამოკიდებული და ჯანმრთელობადასუსტებული ადამიანი ვერ მოერევა. ის ჯერ კვირაში ორჯერ მიდის სამსახურში, ხელფასს კი გამომუშავების მიხედვით იღებს. შემდეგ მოტივაცია ეზრდება და ნელი ნაბიჯებით საზოგადოებას უბრუნდება.

„ჩვენც ექსპერიმენტებში ვართ. უცხოური გამოცდილების მოდელი ყოველთვის არ ჭრის.  ფილმებში რომ გვინახავს, წრეში ჯდომა და პირადი ისტორიების გულწრფელად მოყოლა, აქ არ მუშაობს. იქ ადამიანები სხვანაირად არიან „გახსნილები. საქართველოში კი ყოველთვაის გყავს ვიღაც – დედა, მამიდა, მეზობელი, მეგობარი, ვისაც შენს ამბავს გაუზიარებ. საქართველოში ავადმყოფები ერთმანეთთან არ „იხსნებიან“, თუმცა კი ერთმანეთისგან მართლაც კარგ რჩევებს მიიღებდნენ. თანამედროვე სამყაროში რეაბილიტაციის ბევრი მეთოდია აპრობირებული და უნდა შევარჩიოთ ისეთი, რომელიც ჩვენს რეალობასთან იქნება ადაპტირებული, მაგრამ ერთი ორგანიზაციის რესურსით ბევრ პრობლემას ვერ გაუმკლავდები. ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკი ისე უნდა იყოს გაწერილი, რომ დამოკიდებული ადამიანებისთვის ალტერნატივები არსებობდეს,“ – მიაჩნია თეას.

რაც შეეხება პორტუგალიის მაგალითს, „პირადი მოხმარებისთვის“ ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეს არ აჯარიმებენ. ის ჯანდაცვის დეპერტამენტში უნდა დაფიქსირდეს, სადაც მის პრობლემებს სპეციალისტები აღრიცხავენ, გამოიკვლევენ და მკურნალობა-რეაბილიტაციის სხვადასხვა ვარიანტებს შესთავაზებენ. ცენტრალიზებული სახელმწიფო სისტემის წყალობით, წამალდამოკიდებულების პრობლემა პორტუგალიაში კონტროლირებადი და მართვადია, ნარკოპოლიტიკა – სამართლებრივად ლიბერალური და საზოგადიებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი