ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

        მკითხველის შექმნა

პოლ ვალერი ჩვეული მახვილგონივრულობით ასე მიმართავს მწერალს:

„ _ თქვენ გსურდათ დაგეწერათ წიგნი?

დაწერეთ?

კი, მაგრამ, რას მიელტვოდით? რომელიღაც მაღალ იდეალს თუ რეალურ სარფას და სარგებელს_ სახელისა თუ ფულის მოხვეჭას? ეგებ სხვა რასმე ისახავდით მიზნად: თქვენს რამდენიმე ნაცნობს მიმართავდით, ან იქნებ, მხოლოდ ერთადერთ ნაცნობს, ვისი ყურადღების მიპყრობაც გსურდათ და ამიტომაც გადაწყვიტეთ გამოგექვეყნებინათ თქვენი თხზულება? ვისი გართობა გსურდათ? ვისი მოხიბლვა, ვისთან გატოლება, ვისი შურით აღვსება და თვალის დავსება, ვისი გაოგნება, ვისთვის _ გატეხა ძილის? გვითხარით, ბატონო ავტორო, ვის მსახურებდით _ მამონას, დემოსს, კეისარს თუ მამაზეციერს? იქნება, ვენერას, ან იქნებ _ ცოტ-ცოტა ყველას?“ „დაუფიქრდით, რაა საჭირო იმისთვის, რომ თავი მოაწონო სამ მილიონ მკითხველს. პარადოქსი:  საჭიროა გაცილებით ნაკლები, ვიდრე იმისთვის, რომ თავი მოაწონო მხოლოდ და მხოლოდ ასიოდე კაცს.   მაგრამ, ის, ვინც მილიონებს მოსწონს, ყოველთვის კმაყოფილია თავისი თავით, მაშინ, როდესაც ის, ვინც მხოლოდ ასიოდე კაცს მოსწონს, თავისი თავით მეტწილად  უკმაყოფილოა“.

ყველა მწერალი თავის მკითხველზე ოცნებობს, ერთზე ან მრავალზე, თანადროულსა თუ მომავლის მკითხველზე. ამ ოცნების გარეშე არ დაიწერებოდა არცერთი მხატვრული ნაწარმოები. მწერლისა და მკითხველის  შეხვედრიდან კი იბადება ის, რასაც მხატვრული ტექსტის გაგება, გააზრება, ინტერპრეტაცია ჰქვია.

გოეთე წერდა: „სამი სახის მკითხველი არსებობს: ერთი, რომელიც განსჯის გარეშე ტკბება, მეორე, რომელიც ტკბობის გარეშე მსჯელობს და საშუალო, რომელიც ტკბობისას მსჯელობს და მსჯელობისას ტკბება“. „იცით, როგორ მკითხველს ვინატრებდი? ისეთს, რომელიც მეც, თავის თავსაც და მთელ სამყაროსაც დაივიწყებდა და მხოლოდ ჩემს წიგნში იცოცხლებდა“ (რეზო ყალაშვილის წერილიდან: „მხატვრული ნაწარმოების აღქმა“).

„მე მკითხველის რა მოდელზე ვფიქრობდი, როცა ვწერდი? ცხადია, თანამზრახველზე, რომელიც თამაშში ამყვებოდა… ჩემი მსხვერპლი, ანუ ტექსტის მსხვერპლი, გახდებოდა, დარწმუნებული იქნებოდა, რომ მხოლოდ ის უნდოდა, რასაც ჩემი ტექსტი სთავაზობდა და სხვა არაფერი.“, __წერს უმბერტო ეკო თავისი რომანის, „ვარდის სახელისთვის“ დაწერილ ბოლოთქმაში.

დიდი მწერლები ცდილობდნენ თავიანთი მკითხველის შექმნას. ეს მათი ნაღვაწისთვის უკდავებისკენ გასაკვალავი გზის ერთგვარი სტრატეგია იყო.

ილია ჭავჭავაძემ იცოდა რა, რა ტიპის მკითხველთან ექნებოდა საქმე, როცა „კაცია-ადამიანს?!“ წერდა, ყოველგვარი პირმოთნეობის გარეშე, ჩვეული პირდაპირობით მიმართავდა, თანაც,  კითხვის პროცესში. ვთქვათ, დაიწყებდა რომელიმე მოწყენილი მკითხველი მთქნარებას და უცებ წაიკითხავდა: „მკითხველო, ხომ არ მოგეწყინა? რასაკვირველია, მოგეწყინა: აქ არ არის არც სიყვარულის ეშმაკობა, არც კაცის-კვლა, არც უიმედო ქალის ოხვრა, არც წყალში გადავარდნა, ერთის სიტყვით — რაც აშვენებს გასართველად დაწერილს მოთხრობასა — ის აქ არაფერი არ არის. მაშ მოგეწყინება, ამას რაღა თქმა უნდა. მაგრამ ეს უნდა იცოდე შენ, მკითხველო, რომ მე ამისა ქვემორე ხელის მომწერელი მკითხველის გასართველად არ ვწერ ამ უხეირო მოთხრობასა. მე მინდა ამ მოთხრობამ ჩააფიქროს მკითხველი და, თუ მოიწყენს, ამის გამო მოიწყინოს; იმიტომ რომ ფიქრი და მოწყენა გაუყრელნი და-ძმანი არიან. მე მინდა, რომ მკითხველმა იმიტომ კი არ მოიწყინოს, რომ გასართველი არ არი, არამედ იმიტომ, რომ ჩამაფიქრებელია. თუ ამოდენა იხერხა და შესძლო ამ უხეირო წერილმა, მე ამის მეტი არა მინდა-რა და არც მდომებია, ჩემო მოწყენილო მკითხველო! თუ ვერ იხერხა, რა ვუყო? ამით ვინუგეშებ, რომ „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია”.

რეალურად,  მეცხრამეტე საუკუნის სამოციანელთა თაობა თავის მკითხველს ქმნიდა და შექმნა კიდეც, რომლისთვისაც შემდგომ სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მეოცე საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურა.

„რიტმი, სუნთქვა, განწმენდა… ვისთვის, ჩემთვის? არა, რა თქმა უნდა, მკითხველისთვის. წერისას ავტორი მკითხველზე ფიქრობს ისევე, როგორც მხატვარი – მაყურებელზე“, _ წერს უმბერტო ეკო. მისი აზრით, შეიძლება ავტორი წერისას გარკვეული ტიპის, წარმოსახვით მკითხველზე ფიქრობდეს, როგორც, მაგალითად, თანამედროვე რომანის ფუძემდებლები: რიჩარდსონი, ფილდინგი, დეფო, რომლებიც ვაჭრებისა და მათი ცოლებისთვის წერდნენ. თუმცა მკითხველისთვის წერს ჯოისიც, რომელიც იდეალური უძილობით შეპყრობილი იდეალური მკითხველითაა შთაგონებული. ორივე შემთხვევაში – მნიშვნელობა არ აქვს, იქვე, ახლოს მყოფ, საფულემომარჯვებულ მკითხველზე ფიქრობს ავტორი თუ მომავალ მკითხველზე – წერა ნიშნავს, ტექსტის საშუალებით შექმნა მკითხველის საკუთარი მოდელი. რაც ნიშნავს, იფიქრო მკითხველზე, რომელსაც შეუძლია, გადალახოს პირველი ასი გვერდის „განმწმენდი“ ზღურბლი. სწორედ ამას: დაწერო ასი გვერდი იმ მიზნით, რომ შექმნა მკითხველი, რომელიც მომდევნო გვერდებს წაიკითხავს.“

უმბერტო ეკო ასეთ საინტერესო კითხვებსაც უპასუხებს:

„არსებობს თუ არა მწერალი, რომელიც მხოლოდ მომავალი მკითხველისთვის წერს?

არა,თუნდაც თავად დაჟინებით ამტკიცებდეს ამას. მწერალი ნოსტრადამუსი არ არის, ვერაფრით წარმოიდგენს მომავალ თაობებს იმის მიხედვით, რაც თანამედროვეთა შესახებ იცის.

არის ავტორი, რომელიც მკითხველთა ვიწრო წრისთვის წერს?

კი, თუ ავტორი იმას გულისხმობს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მკითხველის მოდელთან ბევრი ვერ გაიგივდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მწერალი იმ იმედით წერს (და ეს იმედი საკმაოდ ნათელია), რომ სწორედ მისი წიგნი შექმნის ბევრ ისეთ სასურველ მკითხველს, რომელსაც ის ასე გულმოდგინედ ეძებს და ამხნევებს თავისი ტექსტით“.

უმბერტო ეკო მთავარ განსხვავებას იმაში ხედავს, რომ „ზოგ მწერალს სურს ახალი მკითხველი შექმნას, მეორეს კი – უკვე არსებული მკითხველის მოთხოვნებს უპასუხოს“.

რა თქმა უნდა, ბევრად იოლია წერო უკვე არსებული მკითხველის ნაცნობი გემოვნების მიხედვით, მაგრამ კარგი მწერალი სხვა გზას ირჩევს. სწორედ ამაზე მსჯელობს უმბერტო ეკო:  „ავტორი ბაზრის ერთგვარ კვლევას ატარებს და მას ერგება. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მას ყველაფერი გათვლილი აქვს: ასეთი ავტორის სხვადასხვა რომანს თუ გავაანალიზებთ, შევამჩნევთ, რომ ისინი, სახელების, ადგილების, სახეების ცვლილებით, ერთსა და იმავე ამბავს გვიყვებიან, იმას, რასაც მკითხველი წინასწარვე ითხოვდა.

მაგრამ, როცა მწერალი სიახლეს გეგმავს და განსხვავებული მკითხველის შექმნას აპირებს, სურს, ბაზრის ანალიტიკოსი კი არ იყოს, რომელიც წინასწარ ცნობილი მოთხოვნების ჩამონათვალს ადგენს, არამედ – იყოს ფილოსოფოსი, რომელიც ინტუიციით გრძნობს. სურს, თავის მკითხველს ის გაუმხილოს, რაც მკითხველს უნდა უნდოდეს, თუმცა თავადაც არ იცის ეს. ასეთ ავტორს სურს, საკუთარი თავი აღმოაჩენინოს მკითხველს“. მისი აზრით, „ავტორი უნდა მოკვდეს ნაწარმოების დასრულების შემდეგ. ტექსტის სვლა რომ არ დააბრკოლოს.“

ყველაფერი მაინც მწერლის ნიჭზეა დამოკიდებული. მაგალითად, ედგარ პომ დაწვრილებით აღწერა თავის წერილში „კომპოზიციის ხელოვნება“ როგორ დაგეგმა „ყორნის“ შექმნის ყოველი დეტალი. მან არსებული მკითხველის გემოვნება, ინტერესები გაითვალისწინა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისეთი რამ შექმნა, რომელმაც დაგეგმილ მოლოდინს გადააჭარბა და ახალი ტიპის მკითხველი დაბადა.

“მოცლილო მკითხველო”, _ ასე მიმართავს მკითხველს “დონ კიხოტის” დასაწყისში სერვანტესი. მანაც ახალი მკითხველი შექმნა, რომელსაც, ძველი რაინდული რომანების კითხვით გაბრუებულს, ახალი „სულიერი რაინდი“ უნდა დაენახა.  „თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას, _ ასე მიმართავს გოდერძი ჩოხელი „ადამიანთა სევდის“ დასაწყისში მკითხველს და უფრო უბიძგებს წასაკითხავად. ბესიკ ხარანაული რომან „მთავარი გამთამაშებლის“ სადღაც, შუაგულში ასე მიმართავს მკითხველს : „რაც მიყრია, იმას ვფქვავ, სულ არ ვცდილობ, რული არ მოგგვაროთ“. ესეც ერთგვარი პოზაა, ისევ და ისევ მკითხველის „გადასაბირებლად“.

მწერლები ხანდახან ძალიან მკაცრებიც არიან მკითხველებთან. მოდერნისტები ცდილობდნენ მკითხველთა თავიანთი წრის შექმნას. სიმბოლისტი სანდრო ცირეკიძე წერილში „პოეტი და მკითხველი“ საგანგებოდ განიხილავს  ამ საკითხს. მისი აზრით, „კულტურა კონუსით შენდება; მეტი მაღალი მეტი ვიწროა და მწვერვალებზე დგომა  შეუძლიათ მარტო ერთეულებს“… ხელოვნება ხომ თქმაა_ თქმას მსმენელი უნდა. მსმენელები მრავლადაა კონუსის დაბლა ფენებში. მსმენელები ჯოგად მიჰყვებიან ეპიგონებს უკვე მიღწეულ სიმაღლეზე. კონუსი წვრილდება და ვიწროვდება რკალი მკითხველების. ევოლუცია ნელია და თანდათანი.  ევოლუციას ადვილად მიჰყვება ფართო აუდიტორია, მაგრამ რევოლუციონერს_ გულივერის დიდი ნაბიჯებით რომ ადის მაღლა ახალი ცის დასანახავად_ ბრბო ვერ გაჰყვება, ბრო გატკეცილი გზით მიდის. ოსტატ გენიოსს სჭირდება მკითხველი გენიოსი, რომელიც მისი თანაბარი იქნება.  პოეტ გენიოსს უნდა შეხვდეს მკითხველი გენიოსი“.

შარლ ბოდლერს აქვს მინიატურა „ძაღლი და ფლაკონი“, რომელშიც აღწერს, გოშიამ როგორ ატეხა ყეფა, როცა პატრონმა  სურნელოვანი ნელსაცხებელი დააყნოსვინა: „ჩემი ნაღვლიანი ცხოვრების უკუღმართო მეგობარი,  შენ ბრბოს ჰგავხარ, რომელსაც სათუთი არომატები როდი უნდა მიართვა, რაც მას აღიზიანებს, არამედ კარგად შერჩეული უწმინდურება“.  ამიტომაც იყო, რომ  შტეფან გეორგე, გერმანელი სიმბოლისტი, სხვადასხვა გზით აბრკოლებდა შემთხვევით მკითხველს, საგანგებო შრიფტს არჩევდა, მცირე ტირაჟით გამოსცემდა, მაღაზიებში არ გაჰქონდა გასაყიდად, ნაცნობ-მეგობრებს თვითონ ურიგებდა დანომრილს. „მისი რწმენით, უმეცარნი და პოეზიის გრძნობას მოკლებულნი რყვნიან და ბილწავენ ხელოვნებას, თვით უბრალო შეხებითაც კი“ (ნოდარ კაკაბაძის წერილიდან  „სიმბოლოზმი და გალაკტიონი“).

თანამედროვე პოსტმოდერნისტი მწერლისთვის, გივი მარგველაშვილისთვის, კი მკითხველი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას მხატვრულ ტექსტში „უშვებს“ და მოვლენებსაც კი აცვლევინებს. მაგლითად, მინიატურაში „წიგნის გმირების დროული გადასახლება“ მკითხველებს ჰეროდეს რისხვისაგან გადასარჩენად ყრმები მათეს სახარებიდან ლუკას სახარებაში გადაჰყავთ, რომელშიც არ არის აღწერილი ჩვილების დახოცვის ამბავი. მწერლის აზრით,  სამყაროსაც ჰყავს თავისი მკითხველები _ ღმერთი და ეშმაკი. მისთვის მკითხველთან ურთიერთობა მარადიული სიცოცხლის პირობაა, ამიტომაც წერს:

“მე წიგნის გმირი ვარ.

ჩემს წიგნში_

მე მას ჩემს ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ,

ზუსტად მიწერია ჩემი ბედისწერა.

იქ მატარებელივით მივიწევ წინ.

ჩემი ცხოვრების ხაზი

ამ წიგნის ყველა თავში უცვლელი რჩება.

დღე, როდესაც მავანი მკითხველი

ამ მარშრუტს აირჩევს,

ჩემი დაბადების დღეა”.

მკითხველის ტექსტში  „მოხვედრის“ საინტერესო ვარიაციები აქვს ვუდი ალენსაც, მაგალითად, ვგულისხმოთ მის მოთხრობას „კუგელმასის შემთხვევა“ ან ფილმს „შუაღამე პარიზში“.

ოთარ ჩხეიძე მკითხველის დონის მიხედვით განსაზღვრავდა მწერლობასაც: ,,მწერალი მკითხველი გახლავთ, ანუ მკითხველი განსაზღვრავს მწერლობის დონესა, მკითხველის მოთხოვნილება, მკითხველის გემოვნება, მკითხველის ერუდიცია განსაზღვრავს, ან თუ ასეც რო შეიძლება ითქვას, რის ღირსიცაა ხალხი, მწერლობაც ისეთი გააჩნია”.

ანატოლ ფრანსის აზრითაც, ლიტერატურულ შედევრებს მხოლოდ მკითხველები უხანგრძლივებენ სიცოცხლეს:  „ამჟამად „ილიადისა“ თუ „ღვთაებრივი კომედიის“ არცერთი ლექსი არ გვესმის ისე, როგორც ესმოდა ის მათ შემოქმედთ. სიცოცხლე ნიშნავს სახეცვლილებას, და ჩვენი აზრების სიკვდილშემდგომი სიცოცხლეც ამავე კანონს ემორჩილება: ისინი არსებობას აგრძელებენ მხოლოდ იმის წყალობით, რომ მიწყივ იცვლებიან და სულ უფრო და უფრო შორდებიან თავიანთ პირველსახეს, რომლითაც ჩვენს სულში იშვნენ. ის, რითაც ჩვენ განვაცვიფრებთ მომავალს, სავსებით უცხო იქნება ჩვენთვის“ (ანატოლ ფრანსი „ბატონ ჟერომ კუანიარის აზრები“).

მწერლისა და მკითხველისა ურთიერთობა რთული და მრავალწახნაგოვანი ფენომენია, ამ წერილში ჩვენ მხოლოდ რამდენიმე შტრიხი წარმოვაჩინეთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი