პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ზაირა არსენიშვილი – ავტოპორტრეტი თევზით

წაგიკითხავთ ზაირა არსენიშვილის წიგნები? ამ მწერლის სახელიც კი არ გამეგონა, სანამ მეგობარმა არ მირჩია „ვა, სოფელო“ რამდენიმე წლის წინ. თუ ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიულ ლექსიკონს ვენდობით, ოთხი წიგნის ავტორი უნდა იყოს, რომელთაგან ერთიც არ გამოუცია მეტ-ნაკლებად ცნობილ გამომცემლობას. დღეს წიგნის მაღაზიებში მათი ძებნა ამაო გარჯაა – საკუთარი ხარჯითა თუ ნაცნობ-მეგობართა დახმარებით გამოცემული წიგნები საპრეზენტაციო სივრცეებიდან მალევე ინაცვლებს მწერლის გულშემატკივართა თაროებზე. ვინც ავტორს იცნობდა და მის ხელიდან გამოსულ ახალ ტექსტს ელოდა, მოგებული რჩება – თაროები მნიშვნელოვანი შენაძენით გაამდიდრა, კარგმა ლიტერატურამ სიამოვნება კიდევ ერთხელ განაცდევინა.

ვიდეოჩანაწერებდან ნაცნობი სახე შემომყურებს. არ ვიცი, სად მინახავს – კავკასიურ სახლში? რომელიმე წიგნის პრეზენტაციაზე? „წითელი ზონაში“? საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული ეს ჩანაწერები, საბედნიეროდ, ყველასთვის ხელმისაწვდომია. დიდი ხალისითა და შთაგონებით მოსაუბრე ამ ქალის გულშიჩამწვდომი მონათხრობის დავიწყება წარმოუდგენლად მეჩვენება. მეტისმეტად მკაფიო სურათებია, ცოცხალი გმირებით. წარსული – ხელის გაწვდენაზე.

„რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ – ზაირა არსენიშვილის ეს წიგნი ორი დღის წინ დავამთავრე და ცხელ გულზევე მივწერე მეგობარს, რომელმაც მისი წაკითხვა მირჩია, ქართულ ლიტერატურას ასეთი წიგნები ძალიან აკლია-მეთქი. არ მახსენდება ქართული რომანი, რომელმაც საბჭოთა საქართველოს ყველაზე მძიმე წლებში დატრიალებული საშინელება მსგავსი სიმძაფრით განმაცდევინა. რეპრესირებულთა მოგონებებს, თვითმხილველთა მონაყოლს, დოკუმეტურ მასალას ნამდვილი ლიტერატურა ჩაენაცვლა, სწორედ იმ ძალით, რომელიც გაიძულებს, ფეხდაფეხ მიჰყვე გმირებს და მათი განსაცდელი შენს განსაცდელად აქციო, გვერდით დაუდგე სრული სასოწარკვეთისა თუ აღმაფრენის წუთებში.

წიგნის მთავარი გმირები მუსიკოსები არიან, განსხვავებული ეროვნების, რწმენისა და მსოფლმხედველობის ადამიანები, რომლებმაც მრავალნაირ ტანჯვა-წამებას გაუძლეს, საბჭოთა ქვეყნის არაერთი საშინელება საკუთარი თვალით იხილეს და საკუთარ ტყავზე გამოსცადეს, თუმცა კი ცხოვრებას აგრძელებენ – ეძებენ და პოულობენ, შრომობენ და ერთობიან. რაც უნდა უცნაური იყოს, ბევრსაც იცინიან. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი საკითხავი არ ეთქმის, ზაირა არსენიშვილის ამ წიგნში დიდი სილაღე და სიმსუბუქეა – დროდადრო გახუმრებას თვით სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულიც კი ახერხებს. ავტორი შორს არის მომაკვდინებელი სერიოზულობისაგან, სწორხაზოვანი განსჯისა და სხვების ერთმნიშვნელოვნად დადანაშაულების ვნებისაგან.

ახალგაზრდა მთხზველი ავტოპორტრეტს გვიხატავს – ცდილობს, ბევრიც არაფერი შეალამაზოს, იმაზე მიმზიდველი ან გონებამახვილი რომ არ გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. მკითხველისთვის თავის მოწონება მისი მიზანი ნამდვილად არ გახლავთ, არც სრულყოფილად გამართული ტექსტის შეთავაზება, მიზეზშედეგობრივი ბმებით და ლოგიკური გადასვლებით. მისი წიგნი ჯაზური კომპოზიციასავით იქმნება, აუცილებლობად ქცეული შემთხვევითობებით, სიუჟეტის წიაღში შობილი იმპროვიზაციული ჩიხებით, სხვადასხვაგვარი ვარიაციებით. ყველაზე ხშირად სწორედ მას ვხედავთ – მთხრობელს, რომელსაც სიტყვები არასდროს ელევა. პირიქით, თითქოს ყველაფრის ერთბაშად თქმა სურს, დასაწყისისა და დასასრულის ერთდროულად ჩვენება.

გასტრონომში შებოლილ ნოტოტენიას ყიდულობს. თავიდან სამასი გრამის ყიდვას აპირებს, მაგრამ სანამ რიგი მოუწევს, საბჭოთა ადამიანის სიხარბე და მომავლისადმი უნდობლობა თავისას იზამს – თევზის მოზრდილ ნაჭერს შეიძენს, კილოგრამსა და ორას გრამს რომ იწონის. ასე დადის ლენინგრადის ქუჩებში, ამ თევზიანად მიადგება უცნობ სახლს და უცნობ ქალს – ბლოკადაგამოვლილს, ერთიანად ჩამრგვალებულს, რომელიც მალევე აღიარებს: „სულ იმას ვფიქრობ, თუ ისევ შიმშილობა ჩამოვარდა, მსუქანი მაინც ვიყო, რომ აქლემივით საკუთარმა ქონმა მიშველოს-მეთქი. ჰოდა, რასაც მოვიხელთებ, მაშინვე პირისკენ უნდა გავაქანო“. ახალგაზრდა მთხრობელი მის დამშვიდებას ცდილობს, ამაში დასაძრახი არაფერიაო: „ჩვენ ყველა ხომ ერთ კალოზე ვილეწებოდით და ვილეწებით, ჩვენ ყველას ერთად დაგვატყდა, როგორც თქვენ იტყოდით, ღვთის წყრომა…“

კარგად მახსოვს საბჭოთა გასტრონომებიც და თევზის კონსერვების პირამიდებიც, ომგამოვლილთა თაობაც და მათი მოყოლილი თითქმის დაუჯერებელი ამბებიც. მაშინ ვფიქრობდი, რომ ყველაფერს აზვიადებდნენ – რასაც შიმშილობაზე ამბობდნენ, დევნასა და უმნიშვნელო მიზეზით დასჯაზე, დაპატიმრებისა და გადასახლების მუდმივ შიშზე, საყოველთაო უნდობლობაზე. გასული საუკუნის 80-იან წლებს უკვე ზღაპრად ექცია ყველაზე შემზარავი წლების სინამდვილე – წარსულის სიმახინჯეს გაზარმაცებული თვალი ვეღარ აღიქვამდა. ღვთის წყრომა სწორედ ეს გულგრილობა იყო, უმეცრება და თბილ ქვეშაგებში განაბვა.

ზაირა არსენიშვილის წიგნმა იმ წარსულში დამაბრუნა, რომელშიც არ მიცხოვრია; იმ ქალაქში, რომელიც თვალით არ მიხილავს; იმ ადამიანებთან, ვისი ბოლომდე გაგებაც შევძელი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი