ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

,,მიხშეული წედეგების ანგარიწი“, ანუ ძნელად აღსაზრდელი საზოგადოების შესახებ

 

ამ ბოლო დროს, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან გახშირდა დამნაშავეების უჩვეულო გზით გამართლების შემთხვევები. ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა? – მსხვერპლია დამნაშავე. მოკლეს ვინმე? – ალბათ მკვლელს მიზეზი ჰქონდა. საბავშვო ბაღის ფანჯრიდან აღსაზრდელი გადახტა? – აუტისტი იყო და ხომ იცით, როგორც ,,ასეთებს“ სჩვევიათ, ჩანაფიქრი წარმატებით ,,დააგვირგვინა“…

 

სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე საქართველოში საკმაოდ ბევრს წერენ, ითარგმნება მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა. აღნიშნულ თემას ხშირად აშუქებს მედია სივრცე და მაინც, როცა ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში აუტისტური სპექტრის აშლილობის, დაუნის სინდრომის, გონებრივი ჩამორჩენილობის თუ ეტლით მოსარგებლე ადამიანებს ვხვდებით, არ ვიცით, როგორ ვიურთიერთოთ მათთან და მიზანმიმართულად თუ ძალაუნებურად თავს ვარიდებთ.

 

ფაქტია, ინკლუზიური განათლება ზოგიერთ სკოლაში ჯერ კიდევ ლამაზი ფასადია, რომლის მიღმაც სიცარიელე იმალება. ან როგორ შეიძლება ასწავლო სხვას განსხვავებულობის მიმღებლობა, როცა თავადაც ვერ უსწორებ თვალს ნაიარევ სხეულს თუ სულს.

 

ჩემი აზრით, მოტივირებული მასწავლებელი აუცილებლად შეძლებს, თავის აღსაზრდელებს განსხვავებული შესაძლებლობები მრავალფეროვანი სიცოცხლის ერთ-ერთ ფორმად აღაქმევინოს და უმცირესობის წარმომადგენლებად  შერაცხული თანატოლების პატივისცემა ასწავლოს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს და რომელიმე მოსწავლემ თავად ჩაგიტაროს გაკვეთილი თემაზე – ,,ძნელად აღსაზრდელი საზოგადოება“. ერთი ასეთი გაკვეთილი ჩემი მოგონებების სკივრშიც ინახება.

 

ამას წინათ შევნიშნე, რომ ერთ-ერთი მოსწავლე გაკვეთილებზე მერხის ქვეშ ხშირად აპარებდა თვალს. როცა მიხვდა, რომ გამოიჭირეს, დარცხვენილმა სამალავიდან ავგუსტ პულმანის საოცარი ისტორია ამოაცოცა. მოგვიანებით ამ წიგნმა კლასის ყველა მერხის სამალავი მოიარა. აღსანიშნავია, რომ ,,უსახო ბიჭის“ მონათხრობი ჩემი აღსაზრდელებისთვის გასაქილიკებელ თემად კი არა, მათ დამაკავშირებელ რგოლად იქცა. წიგნის რიგში ბოლო ადგილი დავიკავე და მალევე მივხვდი, რატომ გახდა ,,საოცრება“ კლასის ფავორიტი. ავგუსტ პულმანის თავგადასავალი ფანტაზიის ფარდის მიღმა არსებულ სამყაროს კი არ აღწერს, არამედ რეალურ დროში, თანამედროვე მკითხველის მსგავსი მოზარდების თავს გადახდენილ ამბებს გვიყვება. ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც საზოგადოება განხვავებული ინდივიდების მიმართ უშვებს, სიბრალულია. ამიტომაც, ,,საოცრების“ ავტორი ბავშვებს სიბრალულის ნაცვლად მეტი სიკეთის გამომჟღავნებისკენ მოუწოდებს, თან საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ სიმახინჯე პირობითი ცნებაა და ხშირად ვიზუალურ მხარეს სულაც არ უკავშირდება. კვაზიმოდოს გაკვეთილები მკითხველს დიდი ხანია მიავიწყდა. იმედია, თანამედროვე საზოგადოების გამოცოცხლებას ,,ჩვენი დროის გმირი“ ავგუსტ პულმანი მაინც შეძლებს.

 

 

მოგვიანებით, კიდევ ერთ შესანიშნავ ნამუშევარს გავეცანი. ,,რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“ (მარკ ჰედონი) სსსმ პირების შესახებ დაწერილი წიგნებიდან ყველაზე დამაჯერებელ ისტორიად აღვიქვი, რადგან ქრისტოფერ ბუნი ისეთი პერსონაჟია, არასდროს რომ არაფერს ამლაშებს. მწერალი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას მაქსიმალურად იყენებს და ასპერგერის სინდრომის მქონე ბიჭის ცხოვრების სტილს მაქსიმალური სიზუსტით აღწერს.

 

კრიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მოზარდებს ზემოაღნიშნულ ტექსტში დასმული პრობლემის აღქმა გაუჭირდებათ. მე კი ვფიქრობ, რომ წიგნის მთავარ აუდიტორიას სწორედ მოზარდები უნდა წარმოადგენდნენ, რადგან კომუნიკაციის სირთულეებსა თუ სამყაროს განსხვავებულად აღქმის შემთხვევებს ყველაზე ხშირად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვხვდებით.

 

კრისტოფერ ჯონ ფრენსის ბუნი მათემატიკური ნიჭით და ბრწყინვალე მეხსიერებით დაჯილდოებული ბიჭია, თუმცა ვერ იტანს ტყუილს, ხმაურს, შეხებას და ყვითელ ფერს. მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო გამოძიებას ბიჭი ძვირფასი ადამიანის მიერ ჩახლართულ ადამიანურ ტყუილთან მიჰყავს, ის ნელ-ნელა სწავლობს ,,სუპერ ცუდ“ დღეებთან, ანუ რეალურ პრობლემებთან შეჭიდებას და ყველაზე მთავარი – ადამიანური გამოცდის ჩაბარებასაც ახერხებს. ბუნის მიერ განცდილი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, ადამიანური ტკივილები, თითქოს რადიო ტალღებს სუსტად იჭერსო, შიში(ნი)ს ფონზე იწერება და მკითხველი მხოლოდ ქრისტოფერისთვის გასაგებ, უჩვეულო აღქმის სამყაროში გადაყავს.

 

 

ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში რას გრძნობენ ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანები. ზემოაღნიშნული განვითარების დარღვევა პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა ჰანს ასპერგერმა აღწერა. ამ ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ კომუნიკაციის დამყარება და გამოირჩევიან ექსცენტრიული ქცევით, თუმცა მათი ინტელექტურალური შესაძლებლობები ხშირად საშუალოზე მაღალია. შემთხვევითი არც ისაა, რომ ასპერგერის სინდრომის მქონე პერსონაჟები ხშირად მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, რადგან აღნიშნული სინდრომი უმეტესად მამაკაცებში გვხვდება.

 

ქრისტოფერ ბუმის მსგავსად, ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობის გაბმა და შენარჩუნება. მათ არ შეუძლიათ დიალოგის წარმართვა, რადგან ვერ ახერხებენ სხვისი აზრებისა და ემოციების აღქმას. ასევე უძნელდებათ წაკითხულის გააზრება, მსჯელობა და დასკვნის გამოტანა. ცვლილებებისადმი შეუგუებლობა იწვევს ყოველდღიური რიტუალის ზედმიწევნით დაცვის მოთხოვნილებას, რაც ადამიანის პიროვნულ ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს. ამას გარდა, უჭირთ მეტყველების უნარის მიზნობრივად, სიტუაციის შესაბამისად გამოყენება, თუმცა მათთვის საინტერესო, აკვიატებულ საკითხებზე გაუთავებლად ლაპარაკობენ.

 

გააზრებული სამეტყველო კომუნიკაციის გარდა, ხარვეზები შეინიშნება მოტორული უნარების განვითარებაში. ამიტომაც, ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს არ უყვართ მოტორული თამაშები და წერითი სავარჯიშოები. ასევე ძნელად აღიქვამენ ,,ჟესტების ენას“ და თავს არიდებენ არავერბალურ კომუნიკაციას, რაც გამოიხატება თვალებით კონტაქტის არარსებობით, სახის გამომეტყველებით, სხეულის პოზით და სხვ.

 

აუტიზმს და ასპერგერს ხშირად ერთმანეთს ადარებენ, რადგან ორივე მათგანს სოციალური ურთიერთობების დეფიციტი ახასიათებს. მეცნიერთა ნაწილი ასპერგერს ფუნქციონირების მაღალი დონის აუტიზმს უთანაბრებს, თუმცა მკვლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი განმასხვავებელი ნიშნებიდან გამომდინარე, სინდრომთა იგივეობაზე საუბარი არამიზანშეწონილია. მაგალითისთვის, ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებს აქვთ მაღალი ვერბალური IQ, აუტისტებს კი – არავერბალური.  ორივე შემთხვევაში აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა, რათა აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანებმაც გაიაზრონ, თუ როგორ მუშაობს მათი ტვინი და ახლობლებმაც სწორი რჩევები მიიღონ მათთან კომუნიკაციის ეფექტურად დასამყარებლად.

 

ეჭვი მეპარება, მოზარდებმა სინდრომის ზემოაღნიშნული განმარტების საფუძვლიანად გააზრება შეძლონ. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი უნდა დაიწეროს  კრისტოფერ ბუნის მსგავსი ადამიანების შესახებ. ასეთი წიგნები განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობის შესანიშნავ სახელმძღვანელოს წარმოადგენენ.

 

 

ალბათ ერთხელ მაინც შეხვედრიხართ უბნის, სოფლის თუ ქალაქის ე.წ. კოლორიტებს – ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ასაკისთვის შეუფერებელი ქცევით გამოირჩევიან. თანამედროვე ,,ჩანჩურებს“ უჭირთ საკუთარი საზოგადოებრივი მდგომარეობის სრულფასოვნად აღქმა და მაინც, მთელი ძალით ცდილობენ, არსებულ სოციუმში რაიმე სახის, თუნდაც უმნიშვნელო ადგილი დაიკავონ.

გონებრივი ჩამორჩენილობა (ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმა) ადრეულ ასაკში ვლინდება და ადამიანის განვითარებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ახდენ გავლენას. მათი ინტელექტის კოეფიციენტი ნორმაზე დაბალია (70-ზე დაბალი IQ). გონებრივი ჩამორჩენილობა გამოიხატება, როგორც სწავლის უნარის, ასევე პიროვნული დამოუკიდებლობისა და სოციალურ პასუხისმგებლობის შეზღუდვით.

 

დღეს მოზარდები საკმაოდ ხშირად მიმართავენ ერთმანეთს სიტყვებით, –  ,,რა ვერ გაიგე, დებილი ხარ?!“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიმართვის ადრესატებად უმეტესად ნორმალური განვითარების ინდივიდები გვევლინებიან, მოზარდების უმეტესობამ არც კი იცის, რომ მართლა არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც,  ერთი შეხედვით, უმარტივესი ცნებები გაუვალი ბურუსითაა მოცული. ასეთ დროს ძალიან მინდა ბავშვებს დენიელ კიზის ჩარლი გორდონი (,,ყვავილები ელჯერნონისთვის“) გავაცნო. ჩარლი, რომლის მსგავსი ადამიანების ერთადერთ  ოცნებასაც გონებრივი ჩამორჩენილობიდან აზროვნების უმაღლესი მწვერვალისკენ სწრაფვა წარმოადგენს. თამამი ექსპერიმენტი და თვითგანვითარების დაუცხრომელი სურვილი მაინც ვერ აჩერებს შეუქცევად პროცესს და აღმართს დაღმართი მოსდევს. თუმცა დაბინდული გონება ელჯერნონის ერთადერთი მეგობრის პიროვნულ ღირსებებს მაინც ვერ ჩრდილავს. დაბალი IQ-ს მიუხედავად, ჩარლის დამცირებაზე მეტად ადამიანთა სიბრალული სტკივა და ,,თავისნაირების“ საზოგადოებაში ეძებს სიმშვიდეს. მე კი – მკითხველი, გულმოკლული დავჩერებივარ წიგნის ბოლო გვერდს და ვცდილობ, წარმოდგენის ძალით  მაინც დავანგრიო ყველა ,,განსაკუთრებული საჭიროების“ დაწესებულება და მის ნაცვლად ამოვიკითხო ,,ერთიანი საზოგადოება“, ყოველგვარი იარლიყის გარეშე.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი