აბოს თავისუფალი ნება

ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი, რა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ნაწარმოებები ეპოქების კი არა, თემების, პრობლემების მიხედვით ისწავლებოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლეს ნაწარმოებთა ასეთი თემატურ-პრობლემატური კავშირები ბევრად მეტს მისცემს, ვიდრე ქრონოლოგიური ხაზის მიყოლა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ ეპოქის ნაწარმოები არ დარჩეს მოსწავლისთვის მხოლოდ იმ ეპოქის ნაწილად, პრობლემად, საფიქრალად. აუცილებლად უნდა გავაცნობიერებინოთ მოსწავლეს, რომ ესა თუ ის ნაწარმოები იმიტომ უძლებს დროს, რომ ყოველთვის აქვს სათქმელი ყველაზე თანამედროვე მკითხველისთვისაც კი.

იმ სტატიაში თამაზ ვასაძის შედგენილი სახელძღვანელოებიც ვახსენე, რომლებიც ზუსტად ამ პრინციპითაა აწყობილი და არა ქრონოლოგიის მიხედვით. ამ ავტორის მე-10 კლასის სახელმძღვანელოში ,,წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი“ შესულია თავში ,, ადამიანი საზოგადოების პირისპირ“. იმავე თავში შედის ვაჟა- ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური“, ,,სტუმარ- მასპინძელი“, ქარჩხაძის ,,იგი“, კლდიაშვილის ,,შერისხვა“ და სხვები.

სწორედ ამ თემის ერთგვარი გამოხმაურებაა ეს ჩემი წერილიც. ოღონდ მინდა ვისაუბრო, არა პიროვნებასა და საზოგადოებაზე, არამედ თავისუფალი ნების, შინაგანი თავისუფლების ჩამოყალიბებაზე ადამიანში, გზაზე, რომელსაც გადის ადამიანი,რომ საკუთარი მე, საკუთარი თავისუფლება მოიპოვოს. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩანს ეს ,, აბოს ცხოვრებაში“ და ყველაფერი ალუდათი არ დაწყებულა.

,, გაგება თავისუფლებისა მნიშვნელობათა საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მხოლოდ სამს აღვნიშნავთ. პირველი – მეტაფიზიკურია, როცა თავისუფლებაში იგულისხმება კაცობრივი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური თვისება – ნების თავისუფლება, რომელიც გამოიხატება პიროვნების შინაგანი თვითგამორკვევით სიკეთისა და ბოროტების წინაშე. ნების თავისუფლება ისეთ თვისებას წარმოადგენს, რომლის დაკარგვას პიროვნება სრულ დეგრადაციამდე მიჰყავს. ქრისტიანული სწავლებით, ადამიანის ამ თავისუფლებაზე არავინ უფლობს: არც სხვა ადამიანი, არც საზოგადოება, არც კანონები, არც ნებისმიერი მთავრობა, არც დემონები, არც ანგელოზები და არც თვით ღმერთი.

მაგრამ, როცა პიროვნების ნების აქტის „მატერიალიზება“, განხორციელება გარეთ, სოციალურ გარემოში უნდა მოხდეს, იგი უამრავ შეზღუდვას აწყდება. ასე წარმოიქმნება ადამიანის გარეგანი თავისუფლებისა და უფლებათა პრობლემა, ანუ პრობლემა (კანონით, ჩვეულებებით, საზოგადოებრივი მორალით) ნებადართული საქციელისა გარემომცველ სამყაროში, საზოგადოებაში.

და მესამე კატეგორია – ეს არის სულიერი თავისუფლება. იგი ნიშნავს ადამიანის უფლობას თავის ეგოიზმზე, თავის ვნებებზე, ცოდვილ გრძნობებზე, სურვილებზე – თავისსავე თავზე. ასეთი თავისუფლება მოიპოვება მხოლოდ სწორი ქრისტიანული ცხოვრებით, რომლითაც ქრისტიანს ღმერთთან ურთიერთობის უნარი ენიჭება, ამიტომაც წერს მოციქული პავლე: … სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორ. 3, 17).“( ალექსი ოსიპოვი – ,,თავისუფლება ქრისტიანისა, თავისუფლება ეკლესიისა და რელიგიური თავისუფლება“)

ამ სამივე ტიპის თავისუფლების მომპოვებელი და მფლობელი გახდა აბო.

თავიდან სწორედ ძიებითა და თვითგამორკვევით დაიწყო.

17 წლის ბიჭის ურთულესი გზა მარტივად, სიყვარულითა და ინტერესით, დაიწყო. ეს უცნაურხელობიანი (მენელსაცხებლე) და სათუთხელებიანი ( ალბათ) ბიჭი ადგა და გამოჰყვა ვიღაც გადამთიელს ,, ქრისტჱს სიყუარულისათჳს“. ეს რელიგიურად რომანტიკული ავანტიურა მალე გვეცლება ხელიდან და თვალს ვადევნებთ, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, სრულიად გაწონასწორებულად და გააზრებულად შეიცნობს ეს ბიჭი საკუთარ თავსა და ქრისტეს ერთდროულად.

თავისი განსაკუთრებული თვისებებით თავიდანვე თავი შეაყვარა უცხოტომელმა, ალბათ, მაშინაც უცხოთმოძულე ქართველებს.

მერე ქართულის სწავლა დაიწყო, წერა-კითხვა ისწავლა და დაუბრკოლებლად საუბრობდაო.

მერე შეცნობის სხვა ეტაპი დადგა: ძველი და ახალი აღთქმის წიგნების შესწავლა დაიწყო,        ,, რამეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას“. მერე ეკლესიაში დაიწყო სიარული, სახარებასა და სამოციქულოებს უსმენდა. რჯულის მცოდნეებს ელაპარაკებოდა.შემეცნების უცნაური გზა ჰქონდა არჩეული: განგებ ეწინააღმდეგებოდა ხოლმე ზოგიერთს, კამათი უფრო ეხმარებოდა უცხო რჯულის შეცნობასა და გათავისებაში ( „მრავალთაგან შჯულის მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ. ხოლო რომელთამე რეცათუ ცილობით წინააღუდგებიან, არამედ მიზეზ სწავლისა ექმნებინ მას“). ასე სრულყო საკუთარი თავიც და ქრისტიანული მოძღვრების ცოდნაც.

მხოლოდ მერე უარყო ის რჯული (რომელიც ასევე ძალიან კარგად იცოდა) და თავიდან ფარულად ლოცვა იწყო. ნების თავისუფლების ერთგვარი გვირგვინი მისი მონათვლა იყო. თითქოს ესღა იყო საჭირო, მეორე გარეგანი თავისუფლებისთვის ანუ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლა. ეს ის გარეგანი თავისუფლებაა, აბოს რომ შეაცნობინებს, ის არდასამალი ნათელის მფლობელია და სხვებსაც უნდა მოჰფინოს.ლეონს ახსენებს მაცხოვრის სიტყვებს: არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა დადგიან, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთაო და მიდის უფლებების მოსაპოვებლად.

აბოს უფლება აქვს, უყვარდეს ყველა თავის გარშემო და თვითონაც უანგარო სიყვარულს იმსახურებდეს.

აბოს უფლება აქვს, აღფრთოვანდეს თავისი „ნაპოვნი“ ჭეშმარიტებით  და ამ პოვნის სიხარული სხვასაც გადასდოს, ამიტომაც არ იმალება, როცა აფრთხილებენ კეთილისმყოფელნი.

აბოს უფლება აქვს, არ ეშინოდეს არც გინების, არც მუქარის, არც მაცდურად ტკბილი სიტყვების.

აბოს უფლება აქვს, უარი თქვას ყველაზე არაძვირფას ოქრო-ვერცხლზე და იყოს სახიფათოდ თამამი მსაჯულის წინაშე.

აბოს უფლება აქვს, იყოს იმდენად მართალი და თავისუფალი თავის რწმენაში, რომ ცრუ მოძღვარნი იქმნენ ,,სირცხვილეულნი“.

აბოს უფლება აქვს და უნდა, მოკვდეს ქრისტესთვის, თუკი ქრისტესთვის სიცოცხლის უფლებას ჩამოართმევენ.

და სწორედ აქ ერწყმის აბოს გარეგანი თავისუფლება  მესამე, სულიერ თავისუფლებას, როცა ადამიანის სხეული დაცლილია ვნებებისაგან, სურვილებისაგან, ცდუნებებისაგან. და სულიერი თავისუფლების საოცარ გამოხატულებას აღწერს იოანე საბანისძე: ,, ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ხედვიდა თჳსსა მას გუამსა; და სულითა თჳსითა მოგზაურ ქმნული თჳთ იტყოდა ფსალმუნსა ამას ას და მეათრვამეტესა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა…“

აღესრულა აბო თავისუფალი და დაიმსახურა ნათელი ღვთისგან, ქება იოანე საბანიძისგან და ხსოვნა ქართველი ხალხისგან.

 

***

დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ჩემს მოსწავლეებს არ უჩნდებათ კითხვა: აბო რომ ქართველი ყოფილიყო, მოღალატე ხომ იქნებოდაო. პირველად რომ დამისვეს, მახსოვს, შევკრთი. ახლა ისე დარწმუნებით ვპასუხობ ხოლმე, იქით აკრთობთ ჩემი თავდაჯერება. არა, არ იქნებოდა! რადგან მოღალატეები რჯულს იცვლიდნენ საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ძლიერთა ამა ქვეყნისათა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, თუნდაც საკუთარი ტყავის გადასარჩენად (მოღალატე იყო ვარსქენი, რომელმაც მაზდეანობა მხოლოდ იმიტომ მიიღო, ,, რაითამცა სათნო ეყო მეფესა“ და ამით თავისი ძალაუფლება განემტკიცებინა). როგორ მოექცეოდნენ ქართველები? ზუსტად ისე, როგორც არაბები მოექცნენ აბოს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მართლები იქნებოდნენ. არც მაშინ და მით უმეტეს, ჩვენს ეპოქაში. მაშინ, როცა ჩვენი თანამედროვეობის, დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი სწორედ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებია და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

დიახ, აბომ მოიპოვა უფლება, 21-ე საუკუნეშიც ვკითხულობდეთ, ვფიქრობდეთ და განვიცდიდეთ მისი თავისუფლების ამბავს.

 

 

კომენტარები

comments